"რომანტიკული ურთიერთობებისთვის დრო არ გვაქვს" - გზაპრესი

"რომანტიკული ურთიერთობებისთვის დრო არ გვაქვს"

პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოცეკვავე იაკობ ყუფუნიას "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ძლიერი პარტნიორი ჰყავს, თუმცა ნახევარფინალში პირველად მოხვდა. იაკობის და რუსკა ქარქაშაძის წყვილის ძლიერების შესახებ ჟიურის წევრები ხშირად აღნიშნავდნენ, მაგრამ პროექტი ფინალს მიუახლოვდა და ნიჭიერ კონკურსანტებს შორის არჩევანის გაკეთება გართულდა...

- თავდაპირველად, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონში, ნინი ცნობილაძესთან ერთად ვცეკვავდი, მაშინ 16-17 წლის ვიყავი. სხვათა შორის, პროექტში მონაწილეობას არ ვაპირებდი, რადგან სულ ტურნირებით, შეჯიბრებებით ვიყავი დაკავებული, მაგრამ რატომღაც, მერე მონაწილეობა გადავწყვიტე.

- ანუ პროექტიდან შემოთავაზება თავიდანვე გქონდა?

- პროექტის არსებობის განმავლობაში, მთელი საქართველოს მოცეკვავეებისთვის, კასტინგი ერთხელ გაიმართა. როგორც ჩანს, ძალიან გამიმართლა და პროექტში მოვხვდი... კიდევ, მე-6 სეზონში ნინი წიკლაურთან ერთად ვცეკვავდი, მეშვიდეში - ნუცა ბუზალაძესთან, ახლა კი რუსკა ქარქაშაძის პარტნიორი ვარ.

- რას ნიშნავს შენთვის ეს პროექტი?

- სიმართლე გითხრათ, უკვე ოჯახივითაა, რადგან დიდი ხანია, აქ ვარ. პროდიუსერები, ქორეოგრაფები, მოცეკვავეები, მონაწილეები ჩემთვის ახლობელი ადამიანები არიან. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. აქაურობა ძალიან მიყვარს.

- ნახევარფინალში პირველად მოხვდი. როგორი შეგრძნება გაქვს?

- ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა, რადგან ფინალამდე 1 ნაბიჯი გვაკლია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფინალში მოვხვდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული - ხალხის გადასაწყვეტია. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ხარისხიანი ცეკვა შევასრულოთ, ამას ვაკეთებთ. ვცდილობ, რუსკამ მაყურებლებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს. 15 წლის გოგოსთვის ამ პროექტში მონაწილეობა რთულია: მოკლე დროში 2-2 ცეკვის მომზადება დიდი სტრესია. ჯერჯერობით, თავს ართმევს.

- რეპეტიციებზე ბავშვურ სიჯიუტეს ავლენს?

- რა თქმა უნდა, რადგან წარმოიდგინეთ, ყოველდღე თითქმის 24 საათს დარბაზში ვატარებთ. ცოტა დრო გვაქვს - ცეკვის მომზადებას ვერ ვასწრებთ, რაც ხასიათზე მოქმედებს. შესაბამისად, ასეთ დროს ვლინდება ბრაზიც, სიჯიუტეც, პატარა ჩხუბიც, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი მშვენივრად არის - ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და წინ მივიწევთ. ფინალში გადასვლის იმედი გვაქვს.

GzaPress- ნომრის შესრულების შემდეგ, რუსკასთვის გისაყვედურია, როცა რაიმე ილეთი ისე არ გამოსვლია, როგორც საჭირო იყო?

- ასეთი რამ რეპეტიციებზე უფრო ხშირად ხდება, ვიდრე "ლაივის" მერე, რადგან რუსკას ასეთი რამ ახასიათებს: პირდაპირ ეთერში ყველაფერს იხსენებს და აკეთებს. ცხადია, რაღაც მინუსები არის, მაგრამ ის ხომ პროფესიონალი არაა? პროფესიულ დონეზე ცეკვა არ მოეთხოვება, თუმცა ძალიან კარგად ცეკვავს, ნიჭიერი გოგოა. ჩემი აზრით, ის ფინალში ყოფნას იმსახურებს, მაგრამ ხალხი რას ფიქრობს, ეს არის გადამწყვეტი.

- ჟიურის წევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან კარგი წყვილი ხართ და თქვენ შორის რომანტიკული ურთიერთობის არსებობასაც ვარაუდობენ...

- სიმართლე გითხრა, საოცრად დატვირთულები და ცეკვაზე ორიენტირებულები ვართ. წარმოიდგინეთ, შეიძლება 3 დღეში 2 ცეკვის დადგმამ მოგვიწიოს. პრინციპში, ჩემთვის ეს სტრესი არ არის, რადგან ვფიქრობ, თუ ვინერვიულებ, ვერაფერს მოვასწრებ. ადამიანმა იმაზე უნდა იფიქრო, რომ მოასწრო, ხარისხი "დადო" და წინ წაიწიო. მოკლედ, რეალურად, რომანტიკული ურთიერთობებისთვის დრო არ გვაქვს.

- ანუ შეიძლება, პროექტის მერე შენს მეწყვილეს "სხვა თვალით" შეხედო?

- (იცინის) ეს ისეთი კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც შეუძლებელია, რადგან არასდროს არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. მე და რუსკა ძალიან ახლო მეგობრები ვართ და ჩვენ შორის ყველაფერი კარგად არის.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ვერ ვიტყვი, რომ სერიოზული ურთიერთობა მაქვს, მეორე ნახევარი ვიპოვე და მთელი ცხოვრების გატარება მასთან ერთად გადავწყვიტე-მეთქი. ჯერჯერობით, ასეთი ურთიერთობა არ მაქვს.

- ცეკვის სფეროში როგორ მოხვდი?

- თავდაპირველად, ქართული ცეკვები უფრო მიზიდავდა, ვიდრე ლათინური. შემდეგ ჩემმა დამ ლათინური ცეკვების შესასწავლად "შემიტყუა" (თავად მოყვარულის დონეზე ცეკვავდა. მოსწონს, როცა ბიჭი ცეკვავს). მითხრა, - მოდი, იცეკვეო. შესწავლა დავიწყე... მერე შეჯიბრებაზე გასასვლელად "შემიტყუეს". პირველ შეჯიბრებაზე გამარჯვებას გემო რომ გავუგე, დავინტერესდი და დავრჩი... საერთოდ, როდესაც რაიმე საქმეს ხელს მოვკიდებ, ბოლომდე უნდა დავიხარჯო და შესაბამის დონეზე უნდა ვიყო ერთეულებს შორის ან საერთოდ არ ვიყო იმ სფეროში და სხვა საქმეს მოვკიდო ხელი, სადაც წარმატებული ვიქნები.

- შენს სამუშაო სფეროში რა მიღწევები გაქვს?

- მცირე ასაკში მაქვს მიღწევები, საქართველოს ჩემპიონიც გავხდი. 2014 წელს უკვე ზრდასრულების კატეგორიაში გავხდი ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი - ანი ჯაჯანიძესთან ერთად ვცეკვავდი. უცხოეთში "გასვლებიც" მაქვს. ამჟამად, სამწუხაროდ, მეწყვილე არ მყავს. იდეაში, არსებობს ადამიანი, ვისთან ერთადაც, პროექტის დასრულების შემდეგ, ვარჯიშს დავიწყებ და სავარაუდოდ, ტურნირებზე ძალიან მალე გავალ. ამჟამად, თეა გობეჯიშვილის ცეკვის აკადემიაში - "ვერნისაჟში" ძალიან საყვარელ, უძლიერეს ბავშვებს ვასწავლი. კომფორტული და სასიამოვნო სამუშაო გარემოა.

- მკაცრი მასწავლებელი ხარ?

- საერთოდ, ძალიან მომთხოვნი ვარ. ვცდილობ, ბავშვმა მაქსიმალური ისწავლოს და სწორი გზით წავიდეს. ჩემი მიზანი ეს არის. ჩემი ასეთი სიმკაცრე ბავშვებს უყვართ, რადგან ისინი ამაში შედეგს ხედავენ. ვიცი, რა დოზით ვიყო მკაცრი და რა დოზით - გულთბილი. თუ მოსწავლე ნიჭიერია, 10-ჯერ მეტად ვცდილობ, ეს ნიჭი არ დაიკარგოს და მაქსიმალურად მაღალ ეტაპზე ავიდეს.

- შენი ოჯახის წევრებიდან მოცეკვავე კიდევ ვინმე არის?

- კი, ჩემი ძმა ქართული ცეკვების შემსრულებელი გახლავთ. საზღვარგარეთ მუშაობს. პარიზში ხშირადაა. უცხოეთში მოგზაურობს - სულ შოუები აქვს. თავისი ჯგუფი, აგენტები ჰყავს, კონტაქტები აქვს...

- იაკობ, აუტსაიდერებს შორის დგომა შენთვის სტრესულია?

- რა თქმა უნდა, ცუდი განცდაა, რადგან არ იცი, ხალხი მხარს დაგიჭერს თუ არა - წამის მეასედებში ხვდები, პროექტში დარჩები თუ გავარდები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემზე ეს არ მოქმედებს - შეჩვეული ვარ. უბრალოდ, ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ძალიან რთულია, აუტსაიდერებს შორის იდგე და არ ინერვიულო, როცა ფინალამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. მოხარული ვიქნები, თუ ფინალში გადავალთ. მნიშვნელოვანია, ვინ მოიგებს, მაგრამ ფინალში მოხვედრილი ორივე წყვილი გამარჯვებულად მიმაჩნია.

- პროექტში მონაწილეობისას, ექიმის დახმარება ხშირად გჭირდება?

- როცა დაჭიმულობა გაქვს, საჭიროა კუნთის მოდუნება, ცოტათი გახურება და ა.შ. ელემენტარული რაღაცები გვჭირდება. ამ მხრივ, რთულად რომ იყოს საქმე, ვეღარ ვიცეკვებთ. ვცდილობთ, სეზონი და საერთოდ, კვირიდან კვირამდე მუშაობა ნაკლებად ტრავმული იყოს.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ყველაზე მეტად, რომელ პარტნიორში გაგიმართლა?

- რეალურად რომ ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, ახლა გამიმართლა, რადგან ნახევარფინალში ვართ. მანამდე ნახევარფინალში არ მოვხვედრილვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი სხვა მეწყვილეები სუსტები იყვნენ. ნუცა ბუზალაძე ძალიან ძლიერი პარტნიორი იყო, ასევე - ნინი წიკლაური (რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ და ერთმანეთზე ვგიჟდებით). ნინი ცნობილაძეც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რუსკა ძლიერია. იმედი მაქვს, ახალ წელს სცენაზე (ფინალში) შევხვდებით...

ეთო ყორღანაშვილი