"მამა-შვილს შორის უფრო მეტი მსგავსება გაჩნდა, ნაიარევის სახით..." - გზაპრესი

"მამა-შვილს შორის უფრო მეტი მსგავსება გაჩნდა, ნაიარევის სახით..."

წელს პირველი შემთხვევა იყო, როცა ამიკო ჩოხარაძეს შიში შეეპარა, - იქნებ, შვილების საახალწლო სურვილების შესრულება ვერ შევძლოო? მიზეზი ის გახლდათ, რომ ამიკო მთელ დროს "ცეკვავენ ვარსკვლავებს" უთმობდა. გამოგვიტყდა, - ცოტა ფინანსური მოძლიერება მჭირდება, რადგან პროექტში მონაწილეობის განმავლობაში, სხვა საქმეს ვეღარ ვაკეთებდიო... ამიკოს ფინალამდე ვესაუბრეთ:

- ყველა "ლაივზე" მაქსიმუმს ვაკეთებდი, მაგრამ ნახევარფინალში უფრო მეტად მონდომებული ვიყავი, რადგან როგორც ყველა მონაწილეს, მეც მინდოდა, ფინალში აუცილებლად გადავსულიყავი. ჯულიც ძალიან მონდომებული იყო. ერთმანეთს ვეუბნებოდით, - მგონი, მოვდუნდით-თქო, მაგრამ რომ დავფიქრდით, ფაქტობრივად, დღე-ნახევარში 2 ცეკვა დავდგით.

- სეზონის დასაწყისში იფიქრებდი, რომ შენი და ჯულის წყვილი ფინალამდე მიაღწევდა?

- საერთოდ, ცხოვრებაში მაქსიმალისტი ვარ. იშვიათად ხდება, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყო. როდესაც პროექტში მონაწილეობას დავთანხმდი, რა თქმა უნდა, იმის განწყობა მქონდა, რომ ფინალში აუცილებლად ვიცეკვებდი. ასეთი მონდომება, სურვილი და განწყობა დღემდე მაქვს. არ ვდუნდები. შეიძლება, ფინალში ვერც გადავსულიყავი, ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული. მე და ჯულის რაც შეგვეხება, მაქსიმუმს ვაკეთებთ და კარგადაც ვცეკვავთ - ხალხი კმაყოფილია, რაც ძალიან გვიხარია.

GzaPress- რას ფიქრობ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულს როგორი განცდა ეუფლება?

- არ ვიცი, ვერ გეტყვი (იცინის). ალბათ, ეს ჯულის უფრო ეცოდინება, რადგან ის წინა სეზონის გამარჯვებულის მეწყვილე იყო. სავარაუდოდ, ძალიან მაგარი განცდა იქნება, რადგან ჯერ ერთი, გამარჯვებული ხარ და მეორე - პროექტი დასრულდება და დასვენება მოგვიწევს. 2019 წელს ენერგიულად, ჯანმრთელად, ძალიან კარგი განწყობით უნდა შევხვდეთ.

- საახალწლო განწყობა გაქვს?

- პროექტში იმ დონეზე ვართ ჩართულები, რომ ვერც ვგრძნობთ, თუ ახალი წელი დგება. დიდი სიხშირით ქალაქშიც არ ვმოძრაობთ. სამეგობრო წრესაც ნაკლებ დროს ვუთმობთ - იძულებული ვართ, ასე მოვიქცეთ.

- ახალი წლის დღესასწაულს როგორ ხვდები ხოლმე?

- დაახლოებით 4 წელია, რაც ოჯახთან ერთად ვხვდებოდი. მანამდე ყოველთვის გადაღება, კონცერტი მქონდა. ახლა უკვე ტელეეთერში დავბრუნდი და სავარაუდოდ, ახალი წლის გატარება კამერების წინ ან სადმე კონცერტზე მომიწევს.

- შენ სად გირჩევნია?

- რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად. საახალწლო ზეიმი 30 დეკემბერს ან პირველ იანვარს რომ გადაიტანონ, უკეთესი იქნება, მაგრამ 31 დეკემბერს აუცილებლად იმ ადამიანების გვერდით უნდა ვიყო, ვისაც ჩემი დანახვა და მოსმენა უხარია.

- შენს ოჯახში საახალწლო განწყობა როდის დგება?

- ფაქტობრივად, ჩვენთან ახალი წელი იმ დღიდანვე იწყება, როდესაც მთავრდება, რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ (იცინის). უნდათ, რომ ახალი წელი კიდევ იყოს და თოვლის პაპამ საჩუქრები მოიტანოს. ჩემი და ჩემი მეუღლის საახალწლო განწყობა დეკემბერში იწყება, რადგან ძალიან გვიყვარს ნაძვის ხის მორთვა, კერძების მომზადება და საერთოდ, საახალწლო სამზადისი. შესაბამისად, როცა შინ ვარ, განწყობაც ძალიან ამაღლებული გვაქვს და ახალ წელს ველოდებით.

- თოვლის პაპის არსებობის ალბათობაზე რას გვეტყვი?

- დღესდღეობით, ცხოვრებაში იმდენ სასწაულს (რელიგიურს არ ვგულისხმობ) ვხედავთ - თავად შევსწრებივართ ან ვინც შეესწრო, მას უთქვამს ჩვენთვის, რომ თოვლის პაპის არსებობას არ უნდა გამოვრიცხოთ. მაგალითად, უცხოპლანეტელები არავის გვინახავს, მაგრამ იმის თეორიული შანსები არსებობს, რომ ჩვენ გარდა, სადღაც კოსმოსში სხვა რაღაც არის. მოკლედ, ზუსტ პასუხს ვერ გეტყვი, მაგრამ მჯერა, ვიღაც კეთილი ადამიანი არსებობს, ვინც საახალწლოდ ბავშვებზე ზრუნავს. იქნებ, ერთხელ უფროსებსაც მოგვიტანოს საჩუქრები, რომ სანტა კლაუსის არსებობა დავიჯეროთ (იცინის)?

- შენს შვილებს სჯერათ?

- სჯერათ, რა თქმა უნდა. ძალიან ვცდილობ, რომ მათ ეს ფანტაზია არ მოვუკლა, მაქსიმალურად გავუმდიდრო. რეალობას ნელ-ნელა ვაგუებ, მაგრამ ჯერ პატარები არიან და მინდა, ზღაპრულ სამყაროში იყვნენ.

- თოვლის პაპის ამპლუაში მყოფი რომელიმეს ხომ არ ამოუცნიხარ?

- არა, თოვლის პაპის პაროდიას საკმაოდ კარგად ვასრულებ (იღიმის).

- ოდესმე გიმუშავია სერვისში - "თოვლის პაპა გამოძახებით"? ოჯახის გარდა, სადმე თოვლის პაპის როლი შეგისრულებია?

- არა, მაგრამ ერთ ახალ წელს დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი და ბევრ ბავშვს გავახარებდი. ბავშვები მიყვარს და ძალიან მიხარია, როცა მათ უხარიათ...

- თავად შენი სურვილების ასრულებაზე ვინ ზრუნავს?

- მეუღლე. ბავშვობაში დედ-მამა ზრუნავდნენ ისე, როგორც ახლა მე ვზრუნავ ჩემს შვილებზე. ისინიც ცდილობდნენ, თოვლის პაპის არსებობა დამეჯერებინა, ნაძვის ხის ქვეშ ტკბილეული დამედო. ჩემი შვილებიც ასე იქცევიან: ნაძვის ხესთან ტკბილეულს ტოვებენ. ფიქრობენ, თოვლის პაპა მოვა და თუ "პეჩენიას" მოკბეჩს, საჩუქარს დაგვიტოვებსო. სწორედ მშობლების დამსახურებაა, რომ ბავშვობაში ფანტაზიის დიდი უნარი მქონდა და ისინი ამას არ მიკარგავდნენ. ჩემი პატარა სამყარო მქონდა, სადაც ზღაპრის პერსონაჟები (მათ შორის - "მარველის" ყველა გმირი) არსებობდნენ.

- ახლობლები მათთან მეკვლედ მისვლას გთხოვენ?

- "აუ, მეკვლე შენ იყავი" და მსგავსი რაღაცები, მაგალითად, ბათუმში არ გვჩვევია. სამეზობლოში ძალიან შინაურული სიტუაციაა. ერთ სადარბაზოში, თითქმის ყველა მცხოვრებელს ერთმანეთთან ნათელმირონობა გვაკავშირებს - ძალიან ახლო და გულთბილი ურთიერთობა გვაქვს. მეკვლე ვინ იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთმანეთი ისე ძლიერ გვიყვარს, რომ ყველას "ფეხი" კარგია.

GzaPress- ტრადიციული საახალწლო სუფრიდან ყველაზე მეტად, რომელი კერძი გიყვარს?

- კონკრეტულს ვერ გამოვყოფ. გააჩნია, იმ დროს როგორ მშია (იცინის).

- სადღესასწაულო სუფრის სამზადისში მონაწილეობ?

- რა თქმა უნდა. შეიძლება, სამზარეულოში არ ვტრიალებდე, რადგან საახალწლო განწყობას ქალები (მეუღლე, დედა, ბებია...) უფრო ქმნიან, მაგრამ როცა მარტო ვარ, კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარს. გემრიელი კერძები გამომდის... ახალ წელს მამასთან ერთად ღვინო მომაქვს, ბოციდან დოქებში ვასხამ... ოჯახის წევრებს სუფრის გაწყობაშიც ვეხმარები.

- უგონოდ დამთვრალხარ? ამის გამო, მეორე დღეს გინანია?

- კი, დავმთვრალვარ. ცუდი არაფერი გამიკეთებია. საერთოდ, ძალიან თუ დავთვერი, სიყვარულის ბუშტი მისკდება და ოჯახის წევრებს ვეხუტები. ხმაურიანი და შარიანი არ ვარ. ერთადერთი, როცა ვინანე, რატომ დავთვერი-მეთქი, ის შემთხვევა იყო, როცა შვილის დაბადების დღეზე ძალიან ბევრი დავლიე. სახლში რომ მოვდიოდი, ჩემი ბიჭი ხელში აყვანილი მყავდა. კიბეზე წავიქეცი და მამა-შვილმა კიბეს თავი დავარტყით - წარბები ერთნაირად გვქონდა გახეთქილი. მეორე დღეს ჩემი საქციელი ვინანე - კიდევ კარგი, რამე სერიოზული არ მოხდა-მეთქი, მაგრამ შემდეგ ეს ამბავი სიცილში გადავიტანეთ: მამა-შვილს შორის უფრო მეტი მსგავსება გაჩნდა, ნაიარევის სახით...

- ოდესმე იმის გამო გული დაგწყვეტია, რომ შვილებისთვის საახალწლო სურვილების ახდენის ფინანსური შესაძლებლობა არ გქონია?

- აქამდე ასეთი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ ახლა ამის შიში უკვე მაქვს, რადგან პროექტში ისე ვარ ჩართული, სხვა საქმეს ვერ ვაკეთებ, სხვაგან ვერ ვმუშაობ. ფინანსურად ცოტათი გაძლიერება მჭირდება, რომ ბავშვების სურვილები დავაკმაყოფილო. ახლა ასაკიც მოემატათ და მადაც გაეზარდათ. შესაბამისად, უფრო ძვირად ღირებული საჩუქრები მოინდომეს. რაღაცნაირად, მეც მინდა, რომ "გავუსწორო" და ვუყიდო (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი