პატარა ირინკას აღმოჩენა და დასრულებული ტრადიცია - გზაპრესი

პატარა ირინკას აღმოჩენა და დასრულებული ტრადიცია

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალამდე, ირინკა კავსაძეს ვესაუბრეთ, რომელიც გამოგვიტყდა - ცოტათი დაძაბული ვარ და ახალი წლის დღესასწაულზე ჯერ ვერ ვფიქრობო...

- 15 წლის მერე, საქართველოში ახალ წელს პირველად ვხვდები, ამიტომ ცოტათი განსხვავებულად ვემზადებით.

- საერთოდ, ახალი წლის დღესასწაულს როგორ ხვდები?

- ძირითადად, ოჯახთან ერთად. როგორც ადამიანების უმრავლესობა, ტრადიციულად, ახალ წელს ჩვენც შინ ვხვდებით, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად სახლიდან გავდივართ.

- განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვს?

- არა. ახალი წელი ახლის მომტანია და ველოდებით, მაგრამ - ახალ წელს ბაბუაჩემი გარდაიცვალა. ამიტომ ამ დღესასწაულს ცოტა ტკივილი მაინც ახლავს. ვიდრე ახალ წელს შევხვდებით, ბაბუას ვიხსენებთ, მასზე ბევრს ვლაპარაკობთ... სხვათა შორის, ამერიკაში ამ დღესასწაულს დიდად არ აღნიშნავენ. ნიუ-იორკში დიდი ზეიმია, მაგრამ ვაშინგტონსა და სხვა ქალაქებში ძირითადად, სიჩუმეა, თან - ისეთი, რომ როცა მეზობლებისთვის საჩუქრები მიგვაქვს, ზოგჯერ უკვე სძინავთ. იქ შობას უფრო დღესასწაულობენ, ვიდრე ახალ წელს.

GzaPress- ახალი წლის დღესასწაულის ჯადოსნურობის გჯერა?

- ამ დღეს ჯადოსნურობა ნამდვილად აქვს. მგონი, ყველა რაღაც ახალს, იმედიანს ელოდება - ფიქრობს, რომ გასული წლის სირთულეებს გადალახავს და ახალი წლისგან ბევრ სასიამოვნოს მიიღებს. ამას ყოველთვის ვგრძნობ.

- შეგიძლია, განსაკუთრებული ახალი წელი გაიხსენო?

- დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როცა დიდი "აღმოჩენა" გავაკეთე: მივხვდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, რადგან კიბეზე ბაბუაჩემი (კახი კავსაძე. - ავტ.) დავინახე. 12 საათზე თოვლის ბაბუას ველოდებოდი. იმ ღამით კართან ისე სწრაფად გავიქეცი და გავაღე, რომ ბაბუამ გაქცევა ვერ მოასწრო და კიბეზე მისი ფეხები დავინახე. ჰოდა, მივხვდი, რომ თურმე საჩუქრებს ბაბუა მიტოვებდა ხოლმე.

- როგორი ემოცია დაგეუფლა?

- მესიამოვნა, თურმე, ჩემზე ბაბუა ზრუნავდა და საჩუქრებს ის მიტოვებდა.

- ოჯახში შენი აღმოჩენის შესახებ განაცხადე?

- იმწამსვე - არა, მაგრამ მშობლებს მალევე ვუთხარი. ისინიც მიხვდნენ, რომ ყველაფერს მივხვდი და თოვლის ბაბუის მიერ საჩუქრების დატოვების ტრადიციაც დასრულდა.

- თქვენს ოჯახში ნაძვის ხეს ვინ რთავს?

- ძირითადად, მე და ჩემი და. ასეთი ტრადიცია გვაქვს: შინ ნაძვის ხე მოგვაქვს, კომპიუტერში საახალწლო, საშობაო სიმღერებს ჩავრთავთ - ეს სიმღერები მთელ სახლში ისმის, მე და ჩემი და კი მთელი დღე ვშრომობთ, რომ სახლი მოვრთოთ და გავალამაზოთ.

- თუ ითვალისწინებ რჩევებს, ახალი წლის ღამეს როგორი ფერის სამოსით უნდა შეიმოსო?

- ძირითადად, ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. პირადად მე, ვერცხლისფერი, ოქროსფერი მიყვარს, რადგან ახალი წელი ბრჭყვიალა ფერთან ასოცირდება.

- ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების შერჩევაზე ბევრს ფიქრობ?

- ვგრძნობ, ოჯახის ყველა წევრი ისე კარგად მიცნობს, რომ იციან, რა მესიამოვნება. თავადაც ასე ვსაზღვრავ, როცა საჩუქრებს ვყიდულობ: ყოველთვის იმ ადამიანებზე ვფიქრობ, ვისთვისაც საჩუქრებს ვარჩევ.

- ვინმეს მეკვლე ყოფილხარ?

- არა, ამ ტრადიციას არ მივდევ, არაფერი მახსენდება.

- კარგი. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებას ელი?

- რა თქმა უნდა, ამაზე თავისთავად მეფიქრება, რადგან ბევრი დრო გავიდა, რაც პროექტში ვმონაწილეობ, ამ საქმეში უამრავი შრომა "ჩავდეთ", ოფლი ვღვარეთ... გამარჯვება გვინდა. თუმცა, ეს მაყურებელზეა დამოკიდებული. დიდი იმედი გვაქვს, მხარს დაგვიჭერენ.

GzaPress

- ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ? - დიდ სიყვარულს და მხარში დგომას ვგრძნობ, რაც ძალიან მიკვირს. ხალხისგან ამხელა სიყვარულს არ ველოდი, რადგან საქართველოში რომ ჩამოვედი, საზოგადოება არ მიცნობდა. ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ასე შეგვიყვარეს.

- შენი აზრით, "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულის სტატუსი რას ნიშნავს? გამარჯვებულის განცდა როგორია?

- თუ ეს ტიტული ჩვენი გახდება, ყოველთვის გამახსენდება - მასში რამდენი დრო, მონდომება და შრომაა "ჩადებული".

- ახალ წელს რა გეგმები გაქვს?

- მამა აქ არის. სამწუხაროდ, დედა ვერ ჩამოვა. დიდი იმედი მაქვს, ახალი წლის საღამოს "ცეკვავენ ვარსკვლავების" პარკეტზე ვიქნები, შემდეგ - ოჯახთან ერთად გავატარებ დროს. 15 წელი ისე გავიდა, რომ მე და ბაბუა ახალ წელს ერთად ერთხელაც ვერ შევხვდით. იმედია, ამჯერად მაინც ერთად შევხვდებით და ჩვენს ოჯახში დიდი სითბო იქნება...

ეთო ყორღანაშვილი