"მამა-შვილის" საახალწლო განწყობილება - გზაპრესი

"მამა-შვილის" საახალწლო განწყობილება

"კომედი შოუს" სკეტჩებში 9 წლის თიკო ბულიას და ნიკა არაბიძის ტანდემი განსაკუთრებულ მხიარულებას იწვევს. აღმოჩნდა, რომ "კომედი შოუს" ორივე მსახიობს საქმით დატვირთული ახალი წელი ჰქონია. თურმე, 9 წლის თიკო მხოლოდ "კომედი ჯგუფში" არ მუშაობს, სხვა საქმიან შემოთავაზებებსაც იღებს. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ამ ორმა საქმიანმა და შეხმატკბილებულმა ადამიანმა სასაუბროდ დრო დაგვითმო...

ნიკა:

- თიკო პირველად "გააცინე და მოიგეში" ვნახე: მოვიდა, წამღლიტა ფული და წავიდა.

თიკო:

- იმ ფულით მე და ჩემი ძმა "ჩავიზმანეთ"... მანამდე ნიკა ტელევიზორში ბევრჯერ მინახავს. ჩემი სურვილი იყო, "კომედი შოუში" მოვხვედრილიყავი. მეორე დღეს დედაჩემმა მითხრა: ოცნება აგიხდა - "კომედი შოუდან" დამირეკესო.

ნიკა:

- თიკო მართლა ჩვენი შვილივით არის: აქ რომ მოდის, ძალიან გვიხარია. ჩვენი რეჟიმით ვერ ცხოვრობს, მაგრამ როცა გვჭირდება, ვურეკავთ და მობრძანდება. აქაურობას აცოცხლებს: დარბის, ყიჟინებს... ვეუბნები - როგორ არ იღლები-მეთქი?! სკეტჩების რეპეტიციას რომ მოვრჩებით, ის მაინც დარბის. ასეთი ბავშვები მომწონს.

თიკო:

- ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. როცა სკეტჩებს ვიღებთ, მაშინაც ვცელქობ.

- ბევრი დუბლის გადაღება გჭირდება?

- "ჩაგძვრა ტრიკოს" რომ ვიღებდით, ბევრი დაგვჭირდა.

GzaPressნიკა:

- (იცინის) იმიტომ, რომ ეცინებოდა. მისი თანდასწრებით ასეთ კომპლიმენტებს არ უნდა ვამბობდე, მაგრამ სხვათა შორის, როცა აუხსნი, რა და როგორ უნდა გააკეთოს, ზუსტად აკეთებს. კარგი მსახიობი გახლავთ - მცირე ასაკის მიუხედავად, ყველანაირად ჩამოყალიბებულია. ერთმანეთს კარგად ვეწყობით. ეს ხალხმა უნდა შეაფასოს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სკეტჩებში ერთად თამაში კარგად გამოგვდის.

- ერთმანეთის უარყოფით თვისებებზე რას გვეტყვით?

თიკო:

- მე უარყოფითი თვისებები არ მაქვს. ვერც ნიკაში ვხედავ რაიმე უარყოფითს.

ნიკა:

- ხედავ? ორივე ასეთი უნივერსალურები ვართ.

- კარგი. მაშინ თიკო, ნიკას რა დადებითი თვისებები აქვს, ეგ გვითხარი.

თიკო:

- რა ვიცი, ღიპუცა რომ არის, ეგ მომწონს. კიდევ, ძალიან მეგობრულია.

ნიკა:

- ჩვენი პატარა მეგობარიც ძალიან კონტაქტურია. ვეხუმრები ხოლმე - შენ ჯერ ენა დაიბადე და მერე გამოგება ხელ-ფეხი-მეთქი. ძალიან კარგი გოგოა. ბავშვს რა კარგი თვისებებიც უნდა ჰქონდეს, თიკოს ყველაფერი აქვს. ასე არ არის, მამა?

- როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო პოპულარული ხართ?

თიკო:

- ნიკა.

ნიკა:

- არა, კაცო... სხვათა შორის, ეკრანზე თიკოს გამოჩენას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა მეკითხება, - ეს ბავშვი სად იპოვეთო? აღფრთოვანებას გამოხატავენ. ძალიან გვიხარია, რომ თიკო ჩვენთან ასე "უდაჩნად" მოვიდა და თავისი სათქმელი თქვა. კიდევ ბევრს იტყვის. ასე არ არის, მამა?

- ერთმანეთს შენიშვნებს აძლევთ?

თიკო:

- ხუმრობით არ გამოვრიცხავ.

ნიკა:

- ხანდახან ძაღლი და კატასავით ვართ. ვეუბნები ხოლმე: რა ხდება, გოგო? შენი ხმა არ გავიგონო-მეთქი! ერთმანეთს ხუმრობით ვეკამათებით. თიკოს ხუთჯერ გამეორება არ სჭირდება, სკეტჩში როგორ ითამაშოს, როგორი ხასიათი მოირგოს, ხუმრობაში აქცენტი რაზე გააკეთოს... ეს მსახიობისთვის ძალზე კარგი თვისებაა.

- თიკო, 9 წლის ბავშვს საკუთარი შემოსავალი რომ გაქვს, როგორი განცდაა?

- დედა სულ მეუბნება, - თავში არ აგივარდეს, არასდროს იტრაბახო, ჩვეულებრივი ბავშვივით იყავიო. ჰოდა, რა ვიცი, მეც ასეთი ვარ.

- შენს ფინანსებს როგორ განკარგავ?

- პირველ რიგში, სასუსნავებს ვყიდულობ, დანარჩენს - ვინახავ.

- რისთვის ინახავ, უკვე ხომ არ დაგიგეგმავს?

- გააჩნია, რამდენს მოვაგროვებ.

- ნიკა, 9 წლის როგორი ბავშვი იყავით, რას აკეთებდით, რაზე ფიქრობდით და ოცნებობდით?..

- თიკოს ასაკის რომ ვიყავი, სილაში ვთამაშობდი. ახლანდელი ბავშვები კომპიუტერში და ტელეფონში თამაშობენ... რომ გითხრათ, 9 წლისა იმაზე ვოცნებობდი, რასაც ახლა ვაკეთებ-მეთქი, ნამდვილად არ ყოფილა ასე: ამ საქმისადმი ჩემი ინტერესი მე და ჩემმა მასწავლებლებმა უფრო მეშვიდე-მერვე კლასში აღმოვაჩინეთ, როცა სასკოლო ღონისძიებებს ვატარებდით. ჩემი პირველი როლი კირილე მიმინოშვილი იყო (ნაწარმოების პატარა მონაკვეთი დავდგით).

GzaPressთიკო:

- მე "პატარაობიდანვე" მსახიობობაზე ვოცნებობდი, ეს გადაწყვეტილება არ შემიცვლია.

- თიკო, სკეტჩებში ძალიან ცელქი, ოინების მოყვარული ბავშვის როლს ასრულებ. რეალურად, შენს თანამშრომლებსაც ხომ არ უწყობ ოინებს?

- იშვიათად. ძირითადად, ვერ ვისვენებ ხოლმე.

ნიკა:

- თიკოს ყველგან ნახავთ, სადაც უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, აქაც დაგხვდება და რომ გაიქცე, იქაც თიკო იქნება.

- ყველაზე უცნაურ ადგილას, სად გიპოვიათ?

- ხან - გარდერობში, ხან - კარადაში შემძვრალი. ჩვენი თანამშრომლის ბავშვი მოდის ხოლმე, რომელიც თიკოს ტოლია. ორივე ერთად თუ არიან, აქაურობა აკლებული აქვთ - დარბიან ზევით-ქვევით...

- ახალი წლისთვის როგორ ემზადებოდით?

- 18-ში ბათუმში გავემგზავრე - სპექტაკლი მქონდა. გასართობ ცენტრშიც დავდივარ - ანიმატორთან დიალოგი მაქვს. საქმიანი წინადადებით სენაკიდანაც დაურეკეს დედაჩემს...

ნიკა:

- მარტო ჩვენთან კი არ მუშაობს, შემოთავაზებებიც აქვს. შრომობს უკვე. ცოტა ხანში, საცხოვრებლად ცალკე გადავა (იცინის). ორივეს რთული ახალი წელი გვქონდა: სულ "გადარბენებზე" ვიყავით. ნაახალწლევს დავისვენებთ და კარგად გამოვიძინებთ.

- თიკო, ვიცი, რომ თოვლის ბაბუას შენთვის საჩუქრები მოაქვს ხოლმე. ნიკა, თქვენს თოვლის ბაბუაზე რას გვეტყვით?

ნიკა:

- საკუთარი თავის თოვლის ბაბუა ვარ. რაღა დროს ჩემი თოვლის ბაბუაა?!

- თიკო, როგორ ფიქრობ, თოვლის ბაბუები ადამიანთან რა ასაკამდე მოდიან?

- არ ვიცი, მაგრამ მჯერა, რომ არსებობს. ლაპლანდიაში რომ არის, ეგ ვიცი, მაგრამ არ მჯერა, რომ აქ ჩამოდის.

- აბა, შენს წერილებს როგორ კითხულობს?

- არ ვიცი, წერილებს ნაძვის ხის ქვეშ ვდებ ხოლმე.

- საბოლოოდ, 2018 წელი თქვენთვის როგორი იყო?

თიკო:

- მხიარული და წარმატებული.

ნიკა:

- ჩემი აზრით, თიკოსთვის ძალიან წარმატებული წელი იყო, რადგან ჯერ ერთი, რაზეც ოცნებობდა, აუხდა; თან, ადამიანი შეიძლება, ოცნებობდეს, მაგრამ საქმეს თავს როგორ გაართმევს, ეს სხვა საქმეა. თიკოს შემთხვევაში ოცნება და შესრულებული საქმე იდეალურად დაემთხვა ერთმანეთს. ეს ძალიან კარგია. ასე რომ, 2018 ორივესთვის წარმატებული წელი იყო, თიკოსთვის კი - განსაკუთრებულად. იმედია, 2019 უკეთესი იქნება. შემთხვევით ვისარგებლებ და მთელ საქართველოს - თქვენს მკითხველებს, ჩვენს მაყურებლებს ახალ წელს მივულოცავ! ვისურვებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი დალაგებულად იყოს!..

ეთო ყორღანაშვილი