ღამის ცხოვრება - "დეტექტივის" სისუსტე - გზაპრესი

ღამის ცხოვრება - "დეტექტივის" სისუსტე

29 წლის მარიამ ცქიფურიშვილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში", საკუთარ დაოჯახებულ ბოსზე შეყვარებული დეტექტივი გოგონას როლს ასრულებს. როგორც მსახიობი ამბობს, მისი პერსონაჟი ქალების იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომელიც თვითშეფასების ასამაღლებლად, სხვებს ოჯახებს უნგრევს... რეალურად, მარიამს საინტერესო ცხოვრება აქვს: სწავლობდა ტურიზმის მენეჯმენტს, მაგრამ მაინც რთული, თუმცა საყვარელი საქმის კეთება არჩია; იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, დაინტერესებულია ფსიქოლოგიით, უყვარს კლუბური ცხოვრება... ღამის ცხოვრებას და მის ჰაბიტუსს გარშემო მყოფები ერთმანეთს ვერ უკავშირებენ. ამიტომ, მარიამის გართობის სტილი ბევრს უკვირს კიდეც...

- რამდენიმე წლის წინ, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" კასტინგი იყო გამოცხადებული. როგორც ყველა მონაწილეს, მეც ფოტო გადამიღეს. მას შემდეგ არავინ შემხმიანებია... პროფესიით მსახიობი ვარ. თეატრში, სპექტაკლებში ვმონაწილეობდი და შეიძლება, ვინმემ სცენაზე მნახა - სერიალში როლისთვის განსაკუთრებული სინჯი არ გამივლია. კასტინგის მენეჯერი დამიკავშირდა და აკაკი შუკაკიძის თანამშრომლის როლი შემომთავაზა. რამდენიმე სერიის ეთერში გასვლის შემდეგ, ნელ-ნელა ჩვენი "ხაზი" უფრო გაღრმავდა და განვითარდა.

- სერიალში თქვენს პერსონაჟზე რას გვეტყვით, როგორი გოგოა?

- რაღაცებით ძალიან მგავს. როცა სცენარს მიგზავნიან, ვფიქრობ - საიდან გაიგეს, რომ მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი, მეც მაქვს მსგავსი თვისება-მეთქი? რაღაცებით განვსხვავდებით კიდეც... ჩემი პერსონაჟი ერთი ჩვეულებრივი გოგოა, რომელიც მხიარულია, სულელის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ არის - შეიძლება, გარკვეულ საკითხში სხვაზე მეტად ჭკვიანი იყოს. ხალისიანი იმიჯი აქვს.

- რომელ სიტუაციებს გულისხმობდით, როცა თქვით - მეც ასე მოვიქცეოდიო?

- მაგალითად, ჩემი გმირი აკაკის სიყვარულს უხსნის. ეს არასტანდარტული საქციელია, ხომ? ბევრი გოგო ბიჭს სიყვარულს არ უხსნის - პირიქით ხდება ხოლმე. მე სიყვარული არავისთვის ამიხსნია, მაგრამ მგონია, რომ თუკი გინდა, შენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს, აუცილებელი არ არის, ელოდებოდე, ეს როდის მოხდება, ამისთვის ნაბიჯები უნდა გადადგა.

- თქვენმა პერსონაჟმა, იმის გამო, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო, საყვარელ ადამიანს სიყვარულის ახსნით დისკომფორტი შეუქმნა - აკაკის ცოლი ჰყავს...

- ჰო, ცოლის ფაქტორი უკვე სხვა საკითხია. ეს ჩემთვის მიუღებელია. გაცვეთილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფრაზაა: სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ აიწყობ. ცხოვრების კანონი ასეთია... არ ვისურვებდი, ასეთი რამ დამმართოდა, თუმცა შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. თან, ჩემი პერსონაჟი "ამხევი" ქალი არ არის, რომელიც სხვისთვის ცოლის წართმევაზე "ჩალიჩობს". მას თავისთვის უყვარს, არაფერს ითხოვს. ერთ-ერთ ეპიზოდში ისიც კი თქვა, - ცოლიანად მიყვარსო და გამეცინა. მისი სიყვარული უფრო პლატონურია, ვიღაცას ოჯახს არ დაუნგრევს... ეს ყველაფერი აკაკისთვის დისკომფორტია, მაგრამ გარკვეულწილად, შეიძლება, სასიამოვნოც იყოს. საბოლოო ჯამში ხომ ბიჭსაც და გოგოსაც სიამოვნებს, როცა სიყვარულს უხსნიან.

GzaPress- როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ისეთი გოგოს არსებობა, რომელსაც ბიჭი "თავისი ცოლიანად" უყვარს?

- რა თქმა უნდა, ეს სერიალში უფრო გაბუქებულად არის წარმოჩენილი, მაგრამ ჩემი აზრით, შესაძლებელია: ბავშვობაში ერთი ბიჭი მიყვარდა (პლატონურად). წერილებს ვუწერდი და მთელი ამბები... შემდეგ შევიტყვე, რომ ამ ბიჭს შეყვარებული ჰყავდა. ის გოგოც მომწონდა. როცა ადამიანი ცალმხრივად გიყვარს, მის გვერდით ყოფნას ნატრობ, ოცნებობ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში აღარ "მიჰყვები"... როცა ასაკი გემატება, რაღაცებს სხვაგვარად აფასებ, მაგრამ ალბათ, მაშინ ცოტათი მინდოდა კიდეც, რომ ისინი ერთად ყოფილიყვნენ. როცა რომანტიკულ ფილმს უყურებთ, ხომ წყვილის მხარეს ხართ? დაახლოებით ასეთი სიტუაციაა... მგონი, ასეთი ადამიანები არსებობენ, თან - ბევრნი. უბრალოდ, ამას არ აღიარებენ, არ გამოხატავენ...

- რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი გულღია ხართ? თქვენს პირად განცდებს, გულის ნადებს გარშემო მყოფებს ანდობთ?

- არ მინდა, ჩემს თავზე ძალიან დადებით კონტექსტში ვილაპარაკო, როგორი გულღია ვარ-მეთქი, თუმცა გულღიაობა გარკვეულწილად, კარგი თვისება არ არის - არ შეგიძლია, ადამიანმა საკუთარ თავში რაღაც დაიტოვო. ამას ისე აღვიქვამ, როგორც პრობლემას. ორი უკიდურესობა არსებობს: ზოგი ადამიანი ყველაფერს გულში იტოვებს, ზოგი კი - პირიქით. მე მეორე უკიდურესობას მივეკუთვნები. ჩემთვის ეს თერაპიაც არის და გარკვეულწილად - საზიანოც. მაგალითად, როცა ადამიანი პარიზში მარტო მიდიხარ, გიჩნდება სურვილი, ეიფელის კოშკის ნახვით მიღებული შთაბეჭდილება ვინმეს გაუზიარო, თუმცა ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც მარტოც კარგად გრძნობენ თავს. მე კი მინდება, ახალი შთაბეჭდილება, გამოცდილება, სევდა თუ ტკივილი სხვასაც გავუზიარო და მისი აზრიც მოვისმინო.

- რეალურად, გყავთ გულის სწორი?

- საერთოდ, ცოცხალი ცხოვრება მიყვარს. მგონია, რომ სიყვარულის, ფლირტის გარეშე ცხოვრება მოსაწყენი, რუტინული ხდება. ვერ გეტყვით, საქმრო მყავს-მეთქი - ამ ეტაპზე, ეს ასე არ არის, თუმცა პატარ-პატარა, ჩემთვის მხიარული ამბები ხდება. მინდა, ცხოვრებაში გარკვეულ ეტაპს მივაღწიო - საკუთარი თავი განვავითარო, შემდეგ კი უკვე სერიოზული ნაბიჯის გადადგმაზე დავფიქრდები. მანამდე ალბათ, ისე ვცხოვრობ, როგორც ჩვეულებრივი გოგო, რომელიც იპრანჭება, "პაკლონიკები" ჰყავს, თვითონაც მოსწონს ბიჭები და ა.შ. თავისუფალი ადამიანი ვარ, რომელიც ბევრს იპრანჭება (იცინის).

- პაემანზე წასასვლელად რამდენ ხანს ემზადებით?

- შეიძლება, ასჯერ გავიხადო, ჩავიცვა, ვიტირო, ვიკივლო, ვიცინო... შემდეგ სახლიდან მაინც უკმაყოფილო გავდივარ. შეიძლება, მეგობრის სანახავად გავიდე და დაუგეგმავად შევხვდე ბიჭს, რომელთანაც რაიმე ურთიერთობა მაქვს, ჩემი თავი არ მომწონდეს, მაგრამ პირიქით - ყველაზე კარგი დღე მქონდეს. მერე მიფიქრია, რამდენჯერ ტყუილად გამიტარებია დრო სარკესთან, როცა შეიძლება, ყველაფერი ასე ადვილად მოხდეს-მეთქი...

- სერიალში მონაწილეობის გარდა, რას საქმიანობთ?

- რუსთაველის თეატრის მსახიობი ვიყავი. გარკვეული თვალსაზრისით, თეატრის მსახიობი ვარ, რადგან ცოცხალი პროცესი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თეატრი მენატრება. გეგმები მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით, თეატრში არ ვარ დაკავებული... კიდევ, ფსიქოლოგიით დავინტერესდი - ლექციებზე დავდივარ, ვერთობი მეგობრებთან ერთად და ა.შ.

- რუსთაველის თეატრში როგორ მოხვდით და იქ რა პერიოდი გაატარეთ?

- კასტინგის მეშვეობით მოვხვდი: ბატონ რობიკოს ახალგაზრდა თაობის რამდენიმე მსახიობი უნდა აეყვანა. ორივე ტური გადავლახე და ამიყვანეს. რუსთაველის თეატრში წელიწად-ნახევარი გავატარე... რომ არ მოგატყუოთ, იქ გამოცდილების მიღების საშუალებაც არ მომეცა, რადგან ამ თეატრის მსახიობი, მისვლიდან მალევე აღარ ვიყავი. მხოლოდ საახალწლო სპექტაკლში ვმონაწილეობდი.

- თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა ისე, რომ დღეს რუსთაველის თეატრის მსახიობი არ ხართ?

- მეც გაურკვეველი სიტუაცია მაქვს. ამის შესახებ დიდად არ ვლაპარაკობ, რადგან არ ვიცი, რა მოხდა და არც არავის უთქვამს. მეც აღარ მივსულვარ, ისეთი გაურკვეველი ამბავი იყო... ბატონმა რობიკომ სპექტაკლში დამაკავა, კარგი როლი მომცა. მთელი ენთუზიაზმით ვმუშაობდით. მოკლედ, სპექტაკლზე მუშაობა ახალი დაწყებული გვქონდა, როდესაც მოულოდნელად შემცირებაში მოვხვდი. მერე, რაკი მიზეზი არავის უთქვამს, დავფიქრდი და დავასკვენი: ბევრ საკითხზე განსხვავებული აზრი გვქონდა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. "ამოფეთქებები" მახასიათებს. შეიძლება, ამის გამო მოხდა, რაც მოხდა...

- უცნობი ადამიანები საჯარო ადგილებში გცნობენ?

- ამ მხრივ, ძალიან სასიამოვნო სიტუაციაში ვარ. ვერ ვიტყვი, ჩემი ცხოვრება მასშტაბურად შეიცვალა და ყველა ავტოგრაფს მთხოვს-მეთქი, მაგრამ მიღიმიან, ეტყობა მცნობენ. ეს ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა. განსაკუთრებით, ბავშვები გულწრფელები არიან, ემოციებს ღიად გამოხატავენ, ზოგი მათგანი მკოცნის...

- თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

- დედა და დეიდა არქიტექტორები არიან, ძმა - დრამატურგი. მამა 6 წლის წინ გარდამეცვალა... თავდაპირველად, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი, ჩემს ძმას არ უნდოდა, - ამ სფეროში მუშაობას ბევრი შრომა სჭირდება და ნაკლები დაფასება გექნება, თავს კარგად არ იგრძნობო. თეატრალურში ჩაბარებამდე, ათენში, ტურიზმის მენეჯმენტს ვსწავლობდი, რადგან ძმის აზრს დავემორჩილე. შემდეგ მივხვდი, რომ იმ საქმის კეთებას, რომელიც დიდად არ მიყვარს, ჯობდა, საქართველოში ჩამოვსულიყავი და საყვარელი საქმე მეკეთებინა - ამის შანსი ხომ ერთხელ გვეძლევა?

- გართობის როგორი სტილი გიზიდავს?

- კლუბური, ღამის ცხოვრება ძალიან მიყვარს, თუმცა ჩემ გარშემო მყოფებს ხშირად უთქვამთ, რომ კლუბური ცხოვრების მოყვარულს არ ვგავარ, რადგან შეიძლება, მარგალიტის საყურე მეკეთოს, თეთრი კაბა მეცვას და ასეთი ჰაბიტუსის მქონე ადამიანი ღამის კლუბში - ძალიან უცნაურია (იცინის). მეგობრები სპექტაკლებსაც ვესწრებით, ერთმანეთს შინაც ვსტუმრობთ, ჩემი ერთ-ერთი სისუსტე კი ღამის ცხოვრებაა.

- 2018 წელს როგორ შეაფასებ - შენთვის როგორი იყო?

- 2018 წელი ჩემთვის იდეალურთან მიახლოებული იყო. არასასიამოვნო რაღაცებიც მოხდა, თუნდაც - თეატრის დატოვება, მაგრამ ბევრი კარგიც იყო, თუნდაც - "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენა, პირად ცხოვრებაში სიახლე... როგორი ცვალებადიც ცხოვრებაა, ზუსტად ასეთი "თანაბარი" წელი მქონდა. შეცდომებზე ვისწავლე, რაღაცები დავაფასე და საერთო ჯამში, კარგი წელიწადი გამოვიდა, თუმცა მინდა, 2019 უკეთესი იყოს... ახალი წლის დღესასწაული ძალიან მიყვარს. ყველა ოჯახი, შეძლებული თუ ნაკლებად შეძლებული, ცდილობს, გარემო გააბრჭყვიალოს, საყვარელი ადამიანები გაახაროს... ერთიანობის შეგრძნება სუფევს, რაც ძალიან მომწონს! ყველას ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი