რატომ თქვა სანათესავოს მეკვლეობაზე უარი მსახიობმა - გზაპრესი

რატომ თქვა სანათესავოს მეკვლეობაზე უარი მსახიობმა

პირველად ბუმბერაზი მსახიობები სცენაზე 16 წლის ასაკში ნახა. ქუთაისში გასტროლებზე იყო მარჯანიშვილის თეატრი და მის თვალწინ იმ მსახიობების სახეები გადაიშალა, რომლებიც მხოლოდ ტელევიზიით ჰყავდა ნანახი. ესენი იყვნენ: თენგიზ არჩვაძე, კოტე მახარაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, სოფიკო ჭიაურელი, თამარ სხირტლაძე... მსახიობი ონისე ონიანი იხსენებს, რომ ამ ხალხის დანახვისას ფაქტობრივად, ენა გადაყლაპა, რადგან მანამდე მათი ცოცხლად ნახვის საშუალება არ ჰქონდა.

- იმ პერიოდში სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა და ქუთაისის თეატრში სცენის მუშა ვიყავი. მარჯანიშვილის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლები: "მგზავრის წერილები", "პროვინციული ამბავი", "ოთარაანთ ქვრივი". დილით რეპეტიციაზე რომ მოვიდნენ, დავინახე - თენგიზ არჩვაძის გვერდით ადგილი დარჩა. გავქანდი და დავჯექი. ჩემი მეგობარი, ისიც იქ მუშაობდა, მეძახის: ჩქარა ადექი და გამოდი, სირცხვილიაო. არაფერი დამიშავებია, მაგრამ ჩვენთვის ის მსახიობები სხვა განზომილებაში იყვნენ და ამიტომ მიუღწეველს მაშინ ასე მივაღწიე. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს სპექტაკლის შემდეგ თეატრის ულამაზეს, მაგნოლიებით სავსე ეზოში შევხვდი. გავიდა დრო და ჩემდა საბედნიეროდ, ვინც ჩამოვთვალე და კიდევ ბევრი დიდი მსახიობის გვერდით ვიდექი სცენაზე. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სიმდიდრე.

- თეატრალურში სწავლის დროს დიდი მსახიობებიდან ვის შეხვდით?

GzaPress- გურამ საღარაძე მოდიოდა ხშირად მეტყველების კათედრაზე და არაჩვეულებრივად კითხულობდა. მისი ხმა და სიტყვები ახლაც მახსოვს. სხვათა შორის, ბატონი გურამი გახლდათ ჩემი თეატრალური ნათლია, როცა პირველკურსელი გავხდი. ჩემი პედაგოგი იყო საოცარი ადამიანი გივი სარჩიმელიძე. თუ რამე ვისწავლე სტუდენტობის დროს, ყველაფერი მისი დამსახურებაა. ასევე, მთელი ენერგია ჩადო ჩვენში მეტყველების პედაგოგმა მზია მაღლაკელიძემ, რომელიც დედობასაც გვიწევდა.

- სტუდენტობის დროინდელი ახალი წლები გაიხსენეთ.

- სტუდენტი 1989 წელს გავხდი. ალბათ, ყველა დამეთანხმება იმაში, რომ როცა სტუდენტი ხარ, ცოტა თავში გიქრის და მთელი სამყარო შენი გგონია. 90-იანი წლების პრობლემებსა და სიდუხჭირეს ყურადღებას არ ვაქცევდით, ლაღად ვცხოვრობდით. ახალ წელს ჯერ ოჯახში და მერე მეგობრებთან ერთად ვატარებდით.

ერთ ეპიზოდს ბავშვობიდან მოგიყვებით: 10-11 წლისა ვიქნებოდი, ახალ წელს ლამის სახლი გადავწვი. დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა, მე და ჩემი და ნაძვის ხეს ვრთავდით. მაშინ მინის საკმაოდ ლამაზი სათამაშოები გვქონდა. თუმცა ისინი ადვილად იმსხვრეოდა. ნაძვის ხის თავზე აუცილებლად კომუნისტური ვარსკვლავი უნდა დაგვემაგრებინა - ეს პერიოდი ყველას გვახსოვს. ჩემზე 2 წლით უფროსმა მარიკამ ცოტა ხნით ყურადღება მოადუნა, ოთახიდან გავიდა და მე შუშხუნები ავანთე. მისი ნაპერწკლები ნაძვის ხის ქვეშ გაფენილ ბამბას მოეკიდა (ვითომ თოვლი რომ იყო) და ცეცხლი მერე ნაძვის ხეს წაეკიდა (იცინის). მოკლედ, დედაჩემი დარბოდა ინდაურით ხელში და ცეცხლს აქრობდა.

- თქვენს ოჯახში ნაძვის ხეს ვინ აწყობს?

- ჩვენთან ყველას უყვარს ახალი წელი და ნაძვის ხე, მაგრამ დაახლოებით ბოლო 5 წელია, რატომღაც არავის უნდა მისი მორთვა, თითქოს ყველას ეზარება. ამიტომ ეს საქმე, გოზინაყის მომზადებასთან ერთად, საკუთარ თავზე ავიღე. ჩვენ ძალიან ადრიანად, პირველ დეკემბერს ვდგამთ ნაძვის ხეს. ასეთი ტრადიცია გვაქვს, გვინდა ცოტა დიდხანს ვუყუროთ, დიდი ხნით უმზეოდ შენახულ ნაძვის ხეს, თოვლის ბაბუასა და სათამაშოებს. თუმცა, მთელი თვის მანძილზე რამდენჯერმე მიწევს გადახალისება, რადგან ხან ვინ კიდებს ხელს და ხან - ვინ. ზოგჯერ, ბავშვიანი სტუმარი მოვა და "დაანგრევენ"... ასე რომ, ისევ მიწევს აწყობა.

- თქვენეული გოზინაყის რეცეპტი გააცანით მკითხველს.

- ძალიან გვიყვარს გოზინაყი მეც და ოჯახის თითოეულ წევრს. გოზინაყს არავის ვაკარებ, აუცილებლად მე ვამზადებ და ძალიან კარგი გამომდის. თაფლისა და ნიგოზის პროპორციებს თვალის ზომით ვიღებ. ნიგოზს თხლად და გრძლად დავჭრით, მოხალვა არ სჭირდება. თაფლი წამოდუღდება, ფუშფუშს დაიწყებს და როცა შეფერადდება, მაშინ მოვაფრქვიოთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, რომ გოზინაყი კრატუნა და ხრაშუნა გამოვიდეს. მერე ჩავყრით ნიგოზს, მოვურევთ და კარგად მოვშუშავთ, სანამ ფერს ოდნავ ტონი არ მოემატება. ცხელი მასა ფიცარზე გადმოვასხათ, სისქე მივცეთ სურვილის მიხედვით, როგორც გაგვიხარდება. გოზინაყს არ უნდა მაშინვე დაჭრა, შეგიძლიათ გააჩეროთ, მერეც კარგად იჭრება და ასაღებადაც იოლია.

- ორჯერ ახალი წლის აღნიშვნაზე რა აზრისა ხართ?

- პირველ იანვარს ყველანი პომპეზურად აღვნიშნავთ, ყველა რესურსს ამ დღისთვის ვხარჯავთ. მაშინ გვემღერება, გვეცეკვება და კონცერტებიც ამ დროს ტარდება. მოდის 13 იანვარი და ყველა დაღლილია, ყველას ნაღვლის ბუშტი სტკივა, ყველას თვალებში შიშია. სხვათა შორის, ძველი ახალი წელი ფეიერვერკებითაც არ გამოირჩევა. ეს ყველაფერი ძალიან მწყინს და გულს მტკენს. ყოველთვის ვფიქრობ, - მოდი, ერთი ავირჩიოთ და მეორეს თავი დავანებოთ, მაგრამ რა ვუყოთ ძველი ახალი წლის ტრადიციას? ჩემი ბებია-ბაბუები გამოიტანდნენ ხოლმე მოხარშულ ღორის თავს (რაჭაში ღორები იკვლებოდა), ლობიანებს, შემწვარ-მოხრაკულს... საოცარი სანახავია სოფელში ძველი ახალი წელი და ნებისმიერი ადამიანი, ერთხელ მაინც უნდა შეხვდეს ამ დღეს რაიონში.

GzaPress- საახალწლო სპექტაკლში მონაწილეობა ბავშვობაში გაბრუნებთ?

- რისი მსახიობები ვართ, თუ არ დავიჯერეთ და სხვა ცხოვრებაში არ გადავედით. საახალწლო სპექტაკლს ჩვეულებრივად ვთამაშობთ, ბავშვობაში დაბრუნების კუთხით არ შემიხედავს. მაგრამ როდესაც გვინდა ბავშვებს სიამოვნება მივანიჭოთ, რა თქმა უნდა, ჩვენში ბავშვური გულწრფელობა გამოსჭვივის.

- მეკვლე ან თოვლის ბაბუა ხშირად ყოფილხართ?

- ამბობენ, "კარგი ფეხი" გაქვსო, ამიტომ სანათესავოში ყველას მეკვლე ვარ. წელსაც, ისევ რომ მთხოვეს მეკვლეობა, მათ ვუთხარი: თავი დამანებეთ, თქვენ თვითონ შედით წრფელი და კეთილი გულით საკუთარ სახლებში და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ჩემს სახლში მეკვლე დღემდე ვარ. ახალი წლის დადგომამდე 5 წუთით ადრე გარეთ გამოვდივარ. ოჯახის წევრები შამპანურით ხელში ხვდებიან ბათქაბუთქს, მე თავზე ფეიერვერკების მტვერი მეყრება. მერე მე და ჩემი ძაღლი როკი ერთად შევდივართ სახლში.

მგონი, ახლა შეიძლება ამის თქმა. 5 წლის მანძილზე მთაწმინდაზე მთავარი თოვლის ბაბუა - ბავშვების ოცნებების ამსრულებელი ვიყავი. 25 დეკემბრიდან ძველ ახალ წლამდე, 12 საათიდან ოთხამდე, იქ ვიჯექი და ბავშვებს საჩუქრებს ვაძლევდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია ბოლო წლებში აღარ არის, ჩემს თავზე არ ვამბობ, სხვა ვინმე იყოს თოვლის ბაბუა. აუცილებელია, რომ ბავშვებმა თავიანთი სურვილები აისრულონ, ეს უფროსებისთვისაც სასიამოვნო ფაქტია.

ნანული ზოტიკიშვილი