"დიდების სამყარო ხშირად ძალიან მღლის" - გზაპრესი

"დიდების სამყარო ხშირად ძალიან მღლის"

პატარები გაფართოებული თვალებით აკვირდებიან "პრეზიდიუმს", სადაც რამდენიმე ქალბატონის გვერდით გამხდარი, ხვეულთმიანი მამაკაცი ზის მორიდებით. მამაკაცის თვალები სიყვარულსა და მოკრძალებას გამოხატავს. ის ნატიფი, არტისტული თითებით აწვალებს ნაბეჭდ ფურცლებს... ეს ადამიანი ვასო გულეურია, რომელიც, როგორც კომპეტენტური ადამიანები ამბობენ, გამორჩეული საბავშვო პოეტია.

- ჩემი ბავშვობის ყველა მოგონება გორს უკავშირდება, სადაც დავიბადე და გავიზარდე. კარგა ხანს ვფიქრობდი, რომ გორის გარდა, ვერსად ვიცხოვრებდი... სიყვარულით ვიხსენებ ხიდისთავს, გორთან ახლოს მდებარე სოფელს, რომელიც ჩემი დედულეთია. ამ სოფელშია დაბუდებული ჩემი ბავშვობის ლამაზი მოგონებები. ზაფხულს თითქმის სულ იქ ვატარებდი, წლის დანარჩენი დროის შაბათ-კვირასაც. ვენახსა და ბაღში მუშაობაც მიწევდა, ვეხმარებოდი ბაბოს ხან კარტოფილის ამოღებაში, ხან - ლობიოსა და სიმინდის დათესვაში, ხანაც - ყურძნის კრეფაში, ზოგჯერ დაბარვასა და მორწყვაში. სოფელში, ჩვენს უბანში, ბევრი თანატოლი იყო. ზაფხულში ათასგვარ გასართობს ვიგონებდით. წარმოდგენებს ვდგამდით, კონცერტებს ვაწყობდით, აი, "იმერულ ესკიზებში" რომაა, დაახლოებით ეგრე. ვთამაშობდით უამრავ რამეს... ვკითხულობდით და მერე ერთმანეთს ვუზიარებდით წაკითხულის შესახებ ჩვენს აზრებს.

- როგორი იყო შენი ბავშვობის ზამთარი?

- დიდი თოვლი მოდიოდა ზამთარში. მახსოვს, გორში სკოლაში რომ მივდიოდი, წელამდე მივკვალავდი თოვლს. ჩვენი ქუჩის კუთხეში ერთი სანახევროდ გამხმარი ხე იდგა. ზამთარში ყინვისაგან საოცრად იმოსებოდა - დიდი ყინულის ფენა ეკვროდა მის გამხმარ ნაწილს, ზემოდან კი თოვლი იდო... ჩვენს სახლს დიდი აივანი აქვს და იქაც დიდი თოვლი იყო ხოლმე. გადავხვეტდი ამ თოვლს და დავტოვებდი იმდენს, რომ თოვლის პაპა გამეკეთებინა. იდგა ეს თოვლის პაპა, ნახშირის თვალებითა და სტაფილოს ცხვირით, თავზე ვედროთი და ხელში ცოცხით, ხშირად გაზაფხულამდე.

GzaPress

- რა იყო შენი ყველაზე დიდი ნატვრა? - ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა და ან ძმა იყო. ვეხვეწებოდი მშობლებს, მიყიდეთ ერთი და ან ძმა-მეთქი, მაგრამ არასოდეს იყო საკმარისი ფული...

- ორიოდე სიტყვა მშობლებზეც მითხარი...

- დედის სიყვარულს ყოველთვის განსაკუთრებულად გამოვხატავდი. დაბადების დღე იყო თუ რვა მარტი, ყოველთვის მინდოდა, განსხვავებულად მიმელოცა, ჩემი დახატული მისალოცებითა თუ დაწერილი ლექსებით. მახსოვს, ერთხელ მამამ ხუმრობით მისაყვედურა, ერთხელ მეც დამიწერე ლექსიო. საახალწლოდ დავუწერე და თოვლის პაპას გავატანე მასთან. მამა გარეგნულად არ გამოხატავდა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი მის სითბოს. მას დავყავდი თეატრშიც, ცირკშიც, კინოშიც... ის კი არა, ჩემი თბილისელი დეიდაშვილებიც გორში უფრო ხშირად დადიოდნენ თეატრსა და ცირკში, ვიდრე თბილისში. მშობელთა კრებაზეც ხშირად დადიოდა მამა და მახსოვს, ზოგჯერ მარტო ის იყო ხოლმე მამებიდან.

დავდიოდი სამხატვრო სკოლაში და როგორც ბევრი ჩემი თანატოლი, მუსიკალურ სკოლაშიც, ფორტეპიანოზე. თავიდან მიყვარდა მუსიკა, მაგრამ მერე ამიცრუვდა გული. შეიძლება იმიტომაც, რომ მთელ სკოლაში მარტო მე ვიყავი ბიჭი. ხატვა მიყვარდა და ერთხანს სამხატვრო აკადემიაშიც ვფიქრობდი სწავლის გაგრძელებას, მაგრამ მერე არქიტექტურისკენ გამიწია გულმა. ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა და მიუხედავად იმისა, რომ სპეციალობით მუშაობა არ გამიგრძელებია, არასოდეს მინანია, რომ არქიტექტურა ვისწავლე. უპირველესად კი, სწორი ხედვა მასწავლა და ვფიქრობ, მწერლობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- როდიდან "დაუმეგობრდი" მწერლობას?

- საბავშვო ლიტერატურაზე არც ვფიქრობდი. სტუდენტობის დროს მხატვრულმა თარგმნამ გამიტაცა. პირველად ჰერი ლონგფელოს "წვიმიანი დღე" და ედგარ პოს "ელდორადო" ვთარგმნე, როცა ინგლისურში დავალებას ვასრულებდი. ცხადია, ლექსის თარგმნა შინაარსობრივად გვქონდა დავალებული, მე კი მომინდა, ლექსადვე მეთარგმნა. ასეც მოვიქეცი. ჩვენს პედაგოგს, მანანა ქველაძეს იმდენად მოეწონა, რომ გამგზავნა ლიტერატურული გაზეთების რედაქციებში, სადაც დაიბეჭდა კიდეც ორივე თარგმანი. ეს იმდენად დიდი ემოცია და სტიმული იყო ჩემთვის, რომ თარგმანში გადავეშვი. იმ პერიოდში განსაკუთრებით მიყვარდა ნიკოლაი გუმილიოვის პოეზია და ბევრი ლექსი ვთარგმნე.

- როდის მოვიდა საბავშვო ლიტერატურის დრო?

- საბავშვო ლიტერატურა მოგვიანებით მოვიდა, როცა მამა გავხდი. შვილის დაბადება იმდენად ძლიერი, სრულიად ახალი ემოცია იყო, რომ სურვილი მომეძალა, შვილებისთვის დამეწერა რამე. ეს "რამე" თავიდან მათთვის და მათზე დაწერილი ლექსები იყო, მაგრამ მერე იმდენად კარგად ვიგრძენი თავი საბავშვო ლექსების წერის დროს, რომ მივხვდი, ეს მეც მჭირდებოდა. როცა პირველი ლექსი ჟურნალ "დილაში" დაიბეჭდა, ამან კიდევ უფრო გააძლიერა ჩემი მოტივაცია. საბავშვო ლექსების წერის დროს განსაკუთრებულ სამყაროში ვარ. ერთხელ ვთქვი, საბავშვო ლიტერატურა ჩემი თავშესაფარია დიდების სამყაროდან-მეთქი და მართლაც ასეა. დიდების სამყარო ხშირად ძალიან მღლის. იმდენი სიყალბე, ღვარძლი, შური და ცუდი რამ მხვდება, რომ ბავშვებთან გავრბივარ, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებითაც: ან ვწერ მათთვის, ან ვხვდები მათ და ვსაუბრობთ ყველაფერზე. განსაკუთრებით გვიყვარს მეც და ბავშვებსაც შაბათის შეხვედრები მწერალთა სახლში. უკვე იმდენი ბავშვი გავიცანი, დავმეგობრდით, ზოგი უკვე გაიზარდა, ზოგი ახლა შევიდა სკოლაში, ჩვენ კი სულ გვაქვს ურთიერთობა, ზოგჯერ უკვე ტელეფონითაც, სოციალური ქსელითაც... ამის გამო ვიკავებ თავს და არ ვტოვებ "ფეისბუკს".

- ვინ "ტესტავს" შენს ლექსებს?

- საბავშვო ლექსების პირველი შემფასებლები ბავშვები არიან. ჩემს შვილებს ვუკითხავდი და მათი რეაქციით ვიგებდი, გამოვიდა თუ არა ღირებული ლექსი. ბავშვები არასოდეს ტყუიან ემოციებისა და გრძნობების გამოხატვაში, უფროსებისგან განსხვავებით.

GzaPress- გაიხსენე პირველი გულისტკენა, რომელიც მწერლობის გამო მოგაყენეს.

- ერთ-ერთ პოეტურ კონკურსზე მეორე ადგილი ავიღე. მახსოვს, ბევრი უკმაყოფილო იყო. აქაოდა, ასეთ სერიოზულ, "დიდურ" ლექსებს შორის საბავშვო როგორ მოხვდაო. არადა, ავიწყდებათ, რომ სწორედ საბავშვო ლიტერატურაზე გადის ის გზა, რომელმაც ადამიანი მკითხველად უნდა ჩამოაყალიბოს... ასევე, სწორედ ლიტერატურის დახმარებით უყალიბდება ბავშვს ადამიანური თვისებები, თანაგრძნობის უნარი. საბავშვო ლიტერატურა ბავშვისთვის ახალი აღმოჩენების, სამყაროს შემეცნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. თანამედროვე ქართულ საბავშვო ლიტერატურას სათანადო თანადგომა არ აქვს არც გამომცემლობების მხრიდან, არც სახელმწიფო სამსახურებიდან. გამომცემლობები ამჯობინებენ უცხოურის თარგმნას და გამოცემას, ან საბავშვო კლასიკას. თანამედროვე ქართველ ავტორებს არცთუ ისე ხშირად სწყალობენ. არადა, დღეს ბევრი საშუალებაა, რომ ქართველი ავტორები გავაცნოთ უცხოელ მკითხველსაც. იმედი მაქვს, რომ თანდათან დაიძვრება ყინული.

- საბავშვო ლიტერატურის წასახალისებლად თუ არის ნომინაციები?

- საბავშვო ლიტერატურის ნომინაციები თითქმის არ არსებობს. ესეც იმ აგდებული დამოკიდებულების გამოხატულებაა, რაც აქვს ზოგიერთ უფროს ადამიანს. სასიხარულოა, რომ გამოჩნდა ცალკე პრემია საბავშვო ლიტერატურაში, იაკობ გოგებაშვილის სახელობისა. თუმცა, ამ პრემიას ხელშეწყობა უნდა გამომცემლობების მხრიდან. თუ არ გამოსცემენ თანამედროვე ავტორებს, პრემიაც ვერ იარსებებს.

- რას მოაქვს ყველაზე დიდი ბედნიერება შენთვის, როგორც საბავშვო მწერლისათვის?

- ჩემი ყველაზე დიდი სიხარული ბავშვებთან ურთიერთობაა. ხშირად მიხდება შეხვედრები სკოლებში, ბაღებში. განსაკუთრებით კი მწერალთა სახლის პროექტი მიყვარს, რომელსაც ჰქვია "ბავშვები მწერალთა სახლში". ამ არაჩვეულებრივ გარემოში ყოველ შაბათს ვხვდებით და ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, მწერლებზე, ხელოვნებაზე და კიდევ ათას თემაზე, რაც ბავშვებს აინტერესებთ.

- მახსოვს აჟიოტაჟი შენს შემოქმედებაზეც...

- "ვინ უპასუხებს ირაკლის" - ცოტა ხნის წინ ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, რომ კარგა ხანს გაოგნებული ვიყავი. თავი დავანებოთ იმას, რომ ვიღაცამ ლექსიდან ამოგლეჯილი ნაწყვეტით ვერ გაიგო შინაარსი ან არ მოეწონა. შეიძლება რაღაც არ მოგეწონოს, მაგრამ ხომ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოხატავ აზრს? ისეთი ლანძღვა, გინება და წყევლა-კრულვა მოჰყვა ამ ლექსს და პირადად ჩემი მისამართით, რომ რეაქციის უნარიც კი დავკარგე. მაშინ კიდევ ერთხელ დავინახე, თუ როგორ ცუდად გვაქვს საქმე, რამდენი ღვარძლი და ნეგატიური ემოციაა დაგროვილი ირგვლივ. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ ის არის, რომ ამ ადამიანებს ბავშვობაში წიგნები არ წაუკითხავთ, სხვისი სიხარულით არ გაუხარიათ და სხვისი ტკივილი არ სტკენიათ... საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ნაწილია და უამრავი ადამიანია, ვისგანაც მიგრძნია სიყვარულიც, სითბოც... განსაკუთრებით კი ბავშვებისგან მახარებს. მათი მოწერილი წერილები, ნახატები ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.

- რომელიმე ბავშვის წერილი ეგებ გაიხსენო, რომელმაც სიხარული და ბედნიერება მოგანიჭა...

- სწორედ ახლახან, ერთმა არაჩვეულებრივმა გოგონა ელისაბედმა, რომელიც მწერალთა სახლის შეხვედრებზე დადის ხოლმე, ასეთი წერილი მომწერა: "ვასო, მიყვარხარ ძალიან. რომ გავიზრდები, დიდ სახლს ავაშენებ, რომ შენ ბავშვებს სითბო აჩუქო და წაუკითხო ლამაზი ამბები. მე მიყვარს თოვლის ბაბუა და შენ. თოვლის ბაბუა საჩუქრებს გვჩუქნის, შენ კი სითბოს. რომ მოხუცდები, ბევრ კანფეტს მოგიტან, მოხუცებს ხომ ტკბილი უყვართ". აი, ასეთი წერილის მერე როგორ არ იქნები ბედნიერი?

როლანდ ხოჯანაშვილი