ლადო კახაძის ცხოვრების გზა - გზაპრესი

ლადო კახაძის ცხოვრების გზა

ექიმი, პოლიტიკოსი, ქორეოგრაფი, ღირსების ორდენის მფლობელი საქართველოში ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დანერგვისა და დამკვიდრებისთვის გინეკოლოგიაში, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, წერს ლექსებს და 2018 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. ლადო კახაძე განვლილი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებსა და საახალწლო ოჯახურ ტრადიციებზე მოგვითხრობს.

- ბატონო ლადო, ტრადიციულად, როგორ აღინიშნება ახალი წელი თქვენს ოჯახში და რა მოგონებები გაკავშირებთ ამ დღესასწაულთან?

- ბავშვობისას ერთ სახლში, რამდენიმე თაობა ვცხოვრობდით, მაგრამ ცხოვრება მაინც თავისას შვრება და შვილები ახლა ცალ-ცალკე არიან თავიანთ ოჯახებში, მე და რუსუდანი კი ერთად. ოჯახში საახალწლო სამზადისი ჩვეულ რეჟიმში მიდის ხოლმე, გოზინაყს რუსუდანი აკეთებს და მერე ვანაწილებთ. ნაძვის ხეების სათამაშოებით მორთვაც მათი გემოვნებით ხდება, მე და რუსუდანიც ვრთავთ ხოლმე, ოღონდ უფრო მოკრძალებული ნაძვის ხე გვიდგას, ნაკლებად დატვირთული. ბავშვობაშიც და ახლაც, გოზინაყის თაფლის მორევაში უფრო ვმონაწილეობ - დიდ ჯამში ხის კოვზი დევს და მთელი დეკემბერი უნდა ურიო და ურიო, სულ უნდა გათეთრდეს. საჩუქრების შერჩევისა და ყიდვის გენერალისიმუსი ყოველთვის რუსუდანია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მე ახალ წელს ქვეყნის გარეთ შევხვდი, სულ თბილისში, ყოველთვის ჩემს სახლში ვხვდები და მერე მივდივარ სადმე. ჩემს უფროს ქალიშვილს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ ტყუპი შეეძინა - იოანე და ანასტასია და ახლა, 12 საათზე ყველანი მასთან ვიკრიბებით და მერე ვნაწილდებით ჩვენს სახლებში.

დაახლოებით 50 წლის წინ, როცა სკოლის დამამთავრებელ ასაკში ვიყავით, ახალ წელს გასტროლზე რიგაში წავედით. საბჭოთა კავშირის დროს, მთელი მსოფლიო მოვიარე ცეკვით, ემიგრანტები ჩვენს კონცერტებზე ტიროდნენ და ჩვენი ჩოხის კალთებით ცრემლს იმშრალებდნენ. მოკლედ, პირველი იანვარი თენდებოდა და რიგაში, ამ დისციპლინებულ ქალაქში, უცებ, კავკასიური დიდი ტალღა შემოდის - ჩვენი ანსამბლის ბიჭებისა და გოგონების მამებს გადაუწყვეტიათ, რომ ის ახალი წელი შვილებისთვის მიელოცათ და რიგაში ჩამოგვაკითხეს! არასდროს დამავიწყდება ეს ემოცია. ის სასტუმრო, სადაც ჩვენ ვიყავით დაბინავებულები, უცბად საქართველოდ გადაიქცა! საოცარი მუხტი შემოიტანეს. კარგი ტრადიციები იყო - ჩიჩილაკი, ტიკით ღვინო, ჩურჩხელა, ფორთოხლები - ყველაფერი უხვად იყო. მაშინ ხალხს შეძლებაც მეტი ჰქონდა. საშუალო ფენა ხელგაწვდილი არ იყო.

GzaPress

- მეკვლეობა თუ გიწევდათ ხოლმე? - ჩვენს ოჯახში მეკვლეობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არ მახსოვს ერთი ახალი წელი მაინც, რომ ბებიაჩემს მე არ ვყოლოდი მეკვლედ. ჩემი ფეხი უნდა დაჰბედებოდა. ეს დიდხანს გაგრძელდა, მერე ჩემს შვილიშვილებთან ერთად გავდიოდი და შემოვდიოდი ხოლმე. ტრადიცია თუ გამძიმებს და ამას მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებ, ის ტრადიცია არ არის. უნდა გიხაროდეს. ყოველთვის ვამბობ, რომ ხვალინდელ დღეს ბავშვის თვალებით ვუყურებ-მეთქი და მით უმეტეს, ახალ წელს, როცა ყველა მაინც ერთიანია.

- თქვენს ოჯახზე, მეუღლეზე გვიამბეთ.

- ჩემი მეუღლე რუსუდანი ჩემს ცხოვრებაში საერთოდ ცალკე თემაა. მასთან ერთად არ დავბადებულვარ, თორემ ნახევარი საუკუნეა თითქმის ჩემთან ერთადაა. სკოლაც ერთად დავამთავრეთ და უმაღლესი სასწავლებელიც. მე ადვილი "მოსანელებელი" კაცი არა ვარ, რადგან სულ სადღაც ვიყავი - გასტროლი, ცეკვა, ქეიფი, ღვინის დალევა, პოლიტიკა, მედიცინა, ღამის თევა და ა.შ. ახალგაზრდა რომ ვიყავი, დღესა და ღამეს ვერ ვარჩევდი, სამშობიარო სახლში ვინ მოგცემს ამის შესაძლებლობას? მშობიარობა რომ იწყება, შენ იქ უნდა იყო, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროა? თან მუდმივად ახალი მეთოდების საქმის კურსში უნდა იყო, დანერგო. რუსუდანი ყოველთვის მენდობოდა, არასდროს ზედმეტი კითხვა არ დაუსვამს.

- როგორ ფიქრობთ, არაფერი სწყინდა?

- რა გითხრათ, რუსუდანი ისეთია, ვერ აწყენინებ. ოღონდ რამე გინდოდეს და ყველაფერს გაგიკეთებს, სუსტ ადგილს ვერ მოუძებნი. ჩვენი ურთიერთობა ხომ მეგობრობით დაიწყო, სკოლიდან მოყოლებული. პირველად რომ დავინახე, დავმალე, რომ მომეწონა, ხმამაღლა ვერ ვიტყოდი, 7 წლის შემდეგ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი. ის ჩემი მეგობარია, მესაიდუმლე. საერთოდ, უამრავი ადამიანის, ოჯახების, შეყვარებულების საიდუმლოები ვიცი, დასანგრევი ან რომ არ შეიქმნებოდა, ისეთი ოჯახები გამიერთიანებია, მიხარია, რომ მათ დღეს ბევრი შვილი ჰყავთ. ჩემთვის კი რუსუდანია დიდი ფარი, მასთან ურთიერთობა. თუ ვაწყენინებდი, ალბათ მეტყოდა კიდეც. ქეიფი ძალიან მიყვარს, ჩემს მეგობრებთან ერთად, ზოგჯერ კახეთში რომ დავიწყებდით ქეიფს, სამეგრელოში აღმოვჩნდებოდით, მაშინ მობილურები სად იყო და მეორე დღეს დამირეკავს რუსუდანისთვის. თვითონაც ისეთი ტიპია, ყველაფერში მომყვებოდა. მითქვამს, მოდი, მოსკოვში ან ლენინგრადში წავიდეთ-მეთქი და უცებ ამყვებოდა, ვსხდებოდით თვითმფრინავში და მივდიოდით. ერთხელ, პირდაპირ მეგობრის ქორწილიდან წავედით. არ "გამიტეხავდა", ასეთი გოგოა. - შენს ჯანმრთელობას გაუფრთხილდიო, ერთადერთი, ამას მეუბნება ხოლმე. რაც დავბერდი, უფრო დამთმობი გავხდი, თორემ, მიყვარდა ღვინის დალევა და კარგადაც ვიტანდი. რუსუდანს ეს არასდროს დაუყვედრებია. ცოლებმა რომ იციან ხოლმე - სადაც დათვერი, იქ დარჩენილიყავი და გაგისკდა მუცელიო (იცინის), არაფერი მსგავსი. ჩვენი შვილები, თინა და ეთუნა არიან, დედაჩემის სახელი ჰქვია - თინათინი, ეთუნას კი რუსუდანის დედის - ეთერის. შვილიშვილები მყავს - ნიკოლოზი, ანდრია, იოანე, ანასტასია და ვარ მათთან ტკბილად. შესანიშნავი და-ძმა მყავს, ჩვენ დიდ ტკივილს ვატარებთ, 15 წლის დისშვილი ავარიაში დაგვეღუპა და ის სიმძიმე მუდამ დაგვყვება. ცხოვრება ასეა, მხოლოდ კარგი ამბები ვერ იქნება, ცუდიც ხდება და ამას ერთად მონელება უნდა. ცხოვრება გამოწვევაა, რისკებში იბადები, დედასთან დამაკავშირებელი ჭიპლარი გადაიჭრება თუ არა, უკვე რისკებში ხარ. ბევრი რამაა სალაპარაკოდ იოლი, მაგრამ შესასრულებლად, არცთუ ისე იოლია.

GzaPress- საინტერესო სამედიცინო, ქორეოგრაფიულ და პოლიტიკურ ბიოგრაფიას თან თქვენი პოეზიაც დაჰყვება ფონად. რას ნიშნავს თქვენთვის ეს მიმართულება?

- ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ჩემი ლექსების პირველი შემფასებელი რუსუდანი იყო და ახლაც ასეა, თუმცა, ნაკლებად ვწერ, ალბათ ამასაც თავისი დრო აქვს. ზოგჯერ რაიმე ტკივილს რომ დავინახავ, ჩავიხედავ ხოლმე და თურმე, ეს ადრე უკვე დაწერილი მაქვს, 20 წლის წინ და დღევანდელ დღეს ემთხვევა. ავიღებ და სოციალურ ქსელში დავდებ ხოლმე. სკოლის დროსაც ვწერდი ბევრს, თუმცა, არ გამომიქვეყნებია, ადრეულ ახალგაზრდობაშიც. დღეს, როდესაც რაიმე დილემის წინაშე აღმოვჩნდები ან ოპონენტებს ერთმანეთთან ვერ ვარიგებ, ჩემს ერთ ლექსს ვეუბნები ხოლმე - "ცუდი და კარგი ერთი ბარგია, რადგან ზოგისთვის ცუდი კარგია, ჩემი სიკეთე ვის რად არგია, რადგან მას ჰყოფნის მისი დარდია".

როცა ლექსი პირველად დავწერე და ოჯახის წევრებს წავაკითხე, ხომ შეიძლებოდა გაეცინათ? მაგრამ არა, მახსოვს, როგორ წამახალისეს. ოჯახში ლექსისა და სიმღერის დიდოსტატები მყავდა. ბაბუაჩემი შესანიშნავი ლიტერატორი, კრიტიკოსი იყო, ორგზის ორდენი ჰქონდა მიღებული. დედა და ბებიაც შესანიშნავად წერდნენ, მამაჩემის ლოგიკის მეათასედი არ მაქვს მე. ორმეტრიანი კაცი იყო და მარტო სიტყვა რომ ეთქვა ხმამაღლა, დაგაზანზარებდა, მაგრამ ის ლოგიკით ამარცხებდა ყველას.

დედაჩემი ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. ძალიან დიდ პატივს ვცემ სურათს, განსაკუთრებით, შავ-თეთრს, ისტორიას აცოცხლებს, წამია და ასეთი ლექსი დავწერე - "გახსოვდეს, სურათი მომავალს უნახავს, თუ სადმე ყოფილხარ და რამე გინახავს, ის კაცი მადლს შვრება, ქედს უხრის წინაპარს, ვინც სურათს იღებს, იღებს და ინახავს". რამდენი ფოტოგრაფი არსებობს და შენი ტვინი თვალის მეოხებით რამდენ რამეს იღებს და ინახება...

დედობა უდიდესი რამაა. კლინიკაში, ჩემს ოთახში გამოკრულია - "უარი აბორტს! "არა" აკრძალვას ნიშნავს, გაშინებ, უარს კი შენ თვითონ ამბობ". ადამიანი ხომ სასწაული ქმნილებაა. უფლის ნებით, პატივი გერგო, დედა გახდე და მამად შეიქნა, შენ კი... დედობაზე, მშობლობაზე მაღლა არაფერი დგას! შვილმა კი უდიდესი პატივი უნდა სცეს, დააფასოს, მის გამო რამდენი რამ გადაიტანა.

- სკოლის, უნივერსიტეტის პერიოდი ალბათ ძალიან საინტერესოდ განვლეთ, რა გაგონდებათ გამორჩეულად?

GzaPress- საოცარი პედაგოგები მყავდა. სულ ვამბობ, ახლანდელი პირობები, ეს შესაძლებლობები, რაც დღესაა და ის მასწავლებლები, მათი მონდომება, გენიალური შერწყმა იქნებოდა! სკოლაში აბსოლუტური ფრიადოსანი ვიყავი, ოქროს მედალზე დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტი - წითელ დიპლომზე. ლენინური სტიპენდიანტი ვიყავი, მაშინ ეს ბევრს ნიშნავდა. 6 ათასი სტუდენტი სწავლობდა და ლენინურ სტიპენდიას მხოლოდ ერთი იღებდა. რაც თავი მახსოვს, სულ ვცეკვავდი, მერე პროფესიულ სცენაზეც გადავედი, ფეხბურთის თამაშიც მიყვარდა, კინოსა და თეატრში სიარული, ახლა სულ მიკვირს, როგორ ვასწრებდი. მაშინ ინფორმაციის მოძიების ამდენი საშუალებაც სად იყო? თუ ოჯახის ბიბლიოთეკა არ იყო საკმარისი, საჯარო ან საუბნო ბიბლიოთეკაში უნდა წასულიყავი, მასწავლებელთან ან უცხოეთში დაგებარებინა ვინმესთვის. დრო იწელებოდა. თუმცა, ზეპირსიტყვიერად უფროსები მეტ დროს ხარჯავდნენ ჩვენთან, ოღონდ კი მათთვის რაიმე გეკითხა. მეც ველოდები, ჩემი შვილიშვილები როდის რას მკითხავენ ხოლმე, რომ ავუხსნა. ნიკოლოზი XI კლასშია, ანდრია -მერვეში. დიდი სურვილი მაქვს, მედიცინით დაინტერესდნენ, ამ რთულ გზას შეუდგნენ, ოღონდ ახლა მოუმზადებლად რომ შევიპატიჟო და ხათრით დამთანხმდნენ, ასე არ მინდა. სკოლაში საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა, ცოცხალი ურთიერთობები - იოსებ გრიშაშვილის, ილია ვეკუას კოცნა მახსოვს თავზე, მოდიოდნენ ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ირაკლი ციციშვილი, კოტე წერეთელი და რომელი ერთი ჩამოვთვალო? ჩვენი სკოლა თავისი ცეკვის ანსამბლით იყო ცნობილი, თამაზ გოგოტიშვილი ხელმძღვანელობდა, მან გაგვზარდა. "ოქროს ანსამბლმა" 1966 წელს დედაქალაქს პირველი ადგილი დაუბრუნა, ბათუმს მოუგო. დღეს შთამომავალ-მემკვიდრეებს კონკურენციით ზრდიან, ჩვენ კი თუ რამე ვიცოდით, ერთმანეთისთვის უნდა გვეწილადებინა, გამოცდაზე გვიკარნახია, რომ არ ჩაჭრილიყო. საოცრად ნიჭიერი თანაკლასელები, პარალელურკლასელები მყავდა, გონიერი, განათლებული ბიჭები, დღემდე მეგობრები ვართ. ერთხელ არ გვიღალატია იმ ფიცისათვის, რაც ბავშვობისას ვუთხარით ერთმანეთს. ამ ჩვენს მეგობრობას კი ანსამბლი, თამაზ გოგოტიშვილი კრავდა მშობლებისა და ბებია-ბაბუების დონეზე. ოპერისა და სხვა თეატრების სცენა ჩვენი სახლი იყო. მედიცინა საოცრად საინტერესო სფეროა, დიდი პასუხისმგებლობაა. სამედიცინო უნივერსიტეტში სასწაულ კათედრაზე გავიზარდე, ეპოქალურ რექტორებთან ვურთიერთობდი პეტრე გელბახიანთან, ოთარ ღუდუშაურთან, კონსტანტინე ვირსალაძესთან, არჩილ ასათიანთან. მიხეილ გიგინეიშვილი მამად მიმაჩნია, მან გამზარდა, ვინც გინეკოლოგიაში ულტრაბგერას დაუდო დასაბამი. ღირსების ორდენი მივიღე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დანერგვის, აპრობირებისა და პოპულარიზაციისთვის, ეს გიგინეიშვილის ჯილდოდ ითვლება. ის აპარატი პირველმა მე ჩავრთე კათედრაზე, მაგრამ საფუძველი მან დაუდო. 40 წელი უსრულდება ამ მეთოდის დანერგვას საქართველოში, მეანობა-გინეკოლოგიაში. მერე განევრცო მუცლის ღრუ და ა.შ. მედიცინა ნდობის ფაქტორზეა აგებული, ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. თუ ეს აეწყო, დაავადება უკან იხევს. პოლიტიკაშიც ასეა, წესიერი პოლიტიკოსი საზოგადოების მკურნალი უნდა იყოს, მის პრობლემებს უმკურნალოს.

GzaPress

- 90-იანების ბოლო, საკრებულოს თავმჯდომარეობა, - რა როლი შეასრულა ამ პოლიტიკურმა ნაწილმა თქვენს ცხოვრებაში? - ყველაზე მაგარი! პოლიტიკურ მორევში ვერ ჩამითრია! პოლიტიკური ნიშნით ადამიანები ვერ შემაძულა, მათი შეფასება ამ კუთხით არასდროს დამიწყია. პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ. პირველი მოწვევის საკრებულოში შვიდი პარტია იყო, სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელი, შვიდივე თავისი პერსონალიებით იყო წარმოდგენილი, ყველა ღირსეული წარმომადგენელი როგორც პოლიტიკური, ისე ბიოლოგიური ოჯახების და უდიდესი გამოცდილების მქონე, 54 დეპუტატი. გვიკამათია, მაგრამ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიგვიყენებია, პატივს ვცემდით და დღესაც ასეა. პოლიტიკურ ცხოვრებაში მეც ბევრი რამ ვისწავლე. მათთან შეთანხმების, მათი აზრის გათვალისწინების გარეშე, არც ერთი საკითხი არ გადამიწყვეტია. ჩაწერის დღეები არ მქონდა, ჩემი კარი არასდროს დაკეტილა, სულ ღია იყო. მედიცინაშიც ასეა, არ არსებობს "ხვალ მოდი" და პოლიტიკაშიც ასე უნდა იყოს - დღეს გჭირდები? დღეს უნდა ვიყო ადგილზე. მაშინ ბევრი დადებითი ცვლილება განვახორციელეთ და ბევრ რამეს ჩაეყარა საფუძველი.

როგორი ოპონენტიც უნდა მყავდეს, მტრად არც ერთი მთვლის. წლებმა ეს მომიტანა. ლანძღვა, გინება, ბილწსიტყვაობა არ მიყვარს სტადიონზეც კი. წამომცდენია, ანგელოზი არ ვარ, მაგრამ არ მიყვარს, დამცრობა მგონია. მიმტევებლობა, დათმობა მირჩევნია. დათმენა, დათმობა, მოთმინება ყველაზე დიდი ნიჭია, მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ. ორი რამ ვერ ეტევა ადამიანში - სიკეთე და ცოდნა. როცა კარგ ხასიათზე ხარ, ერთი სული გაქვს, სამყაროს მოეფერო, რამე თუ იცი - ეს ცოდნა ვიღაცას გაუზიარო...

ბებიაჩემი მარიგებდა, ეს ფრაზა კარგად დაიმახსოვრეო - "ქვეყნად უცვლელი მხოლოდ ის არის, რომ ყველაფერი ცვალებადია". მუდმივად ცვალებად სამყაროში შენი ადგილის მოპოვება ღირსეულად უნდა შეძლო. ამაზე მეტი რა უნდა გითხრას საგზლად? კი ვცხოვრობ, 66 წელიწადია.

თამთა დადეშელი