უხილავი ზღვარი და კითხვის ნიშნები - გზაპრესი

უხილავი ზღვარი და კითხვის ნიშნები

2019 წლის დასაწყისში მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე ტელემაყურებელთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა: სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გაირკვა, რომ ირაკლის პერსონაჟმა, დეტექტივმა აკაკი შუკაკიძემ 2 წლის წინ მომხდარ ტრაგედიასთან - ცოლ-შვილის დაღუპვასთან შეგუება ვერ შეძლო და დღემდე ილუზიაში ცხოვრობს... სიუჟეტის ასეთ განვითარებას თავად მსახიობიც არ ელოდა.

- ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ასეთ "მოსახვევს" არ ველოდი. ძალიან საინტერესო გამოდგა. კითხვის ნიშნები ყოველთვის მქონდა, რადგან ჩემს პერსონაჟს მეუღლესთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა. იდეალურ სიტუაციასთან ერთად, ცოლ-ქმარს შორის რაღაც უხილავი ბარიერიც არსებობდა, ეს იგრძნობოდა. ამ 2 ადამიანთან დაკავშირებით, სულ იყო მითქმა-მოთქმა - რა სჭირთო?!. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაირკვა და ეს ამბავი ლოგიკური აღმოჩნდა. ალბათ, მაყურებელმა ასე კარგად ამიტომაც მიიღო. წინა ეპიზოდებს თუ გადავხედავთ, ყველაფერი ემთხვევა, მაგრამ მთავარი მაინც უხილავი ზღვრის არსებობა იყო. თურმე, ეს ზღვარი ის გახლდათ, რომ ჩემი პერსონაჟის ცოლი და შვილი ცოცხლები არ ყოფილან.

- ამ უხილავი ზღვრის მაყურებლებისთვის ჩვენება რთული არ იყო, როცა თქვენც არ იცოდით, თუ რა ხდებოდა აკაკის თავს?

- როდესაც პირველ სცენაში ვითამაშეთ, შეკითხვა მაშინვე გამიჩნდა - პირველსავე დღეს უხილავი ზღვარი "გამოჩნდა", მაგრამ ამის შესახებ რომ ვიკითხე, მიპასუხეს, - ზუსტად ეს არის საჭიროო და მირჩიეს, ჩემი როლისთვის არაფერი მომეკლო ან დამემატებინა. სცენარისტმაც და რეჟისორმაც შესანიშნავად იციან, რა არის საჭირო. უბრალოდ, მათ ვენდე. აღარ დავიწყეთ "გამოჩიჩქნა", შეკითხვები აღარ დამისვამს.

- როცა გაირკვა, რომ თქვენი გმირი ახალი წლის დღესასწაულს ცოლ-შვილთან ერთად საკუთარ წარმოსახვაში აღნიშნავდა, ამ ეპიზოდმა მაყურებლებზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა. გვიამბეთ, ამ სცენაზე როგორ იმუშავეთ?

- როგორც კი სცენარი მომივიდა და წავიკითხე, მაშინვე ისეთი ემოცია დამეუფლა, რომლის შენარჩუნებაც გადაღების ბოლომდე ვცადე. ამ ემოციას ვამუშავებდი. გადასაღებ მოედანზე უკვე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ მეც და მთელმა გადამღებმა ჯგუფმაც. მთელ "ფორმულა კრეატივს" დიდ მადლობას ვუხდი - ძალიან მაგრები არიან, შედეგი სახეზეა...

GzaPress

- ალბათ, ბევრი ქათინაური მიიღეთ... - დიახ, კარგი რაღაცები მითხრეს. კარგი გამოხმაურებები სასიამოვნოა.

- ხშირად მაყურებლები პერსონაჟს მსახიობთან აიგივებენ. ამ მხრივ, თქვენი სიტუაცია როგორია?

- თავდაპირველად, საკუთარ თავს ჩემს გმირთან რაღაც საკითხებში ვაიგივებდი. მერე და მერე, ამ გმირის "ხაზი" ისე განვითარდა, რომ უბრალოდ, ახლა ის ძალიან მიყვარს, რადგან მისი აბსოლუტურად მესმის. ძალიან დავუახლოვდი. პერსონაჟთან დაახლოების პროცესი მანამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ ამბის მოულოდნელმა განვითარებამ ჩემთვის ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი და გასაგები გახადა, მასთან უფრო მეტად დამაახლოვა. ყველაფერში გავუგე. ამ მხრივ, კარგ ეტაპზე ვარ და იმედია, კარგად გაგრძელდება...

მაყურებელს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მსახიობსა და პერსონაჟს აიგივებს, მაგრამ ალბათ, ნელ-ნელა მიეჩვევა, რომ მე მსახიობი ვარ და არა ესა თუ ის პერსონაჟი, რომელსაც ვასახიერებ. ჩემი გმირი მაყურებლისთვის თუ საინტერესო გახდა, ეს ფრიად სასიამოვნოა.

- ერთ-ერთ სცენაში (როგორც შემდეგ გაირკვა - წარმოსახვაში), აკაკი ცოლს გამოუტყდა, რომ თანამშრომელმა სიყვარული აუხსნა. რეალურად, ასეთ ფაქტზე მეუღლის მშვიდი რეაქცია ბუნებრივად მიგაჩნიათ?

- ასე ვერ განვაზოგადებ. ჯერ ერთი, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. არ შეიძლება, სტერეოტიპულად ვთქვათ - მეუღლე ასეთი უნდა იყოსო. ყველა სხვადასხვანაირია და სხვადასხვანაირად ცხოვრობს. ამიტომ არის საინტერესო. ეს გოგო - აკაკის ცოლი ასეთია. მეორეც: თუ ეს ილუზია იყო, მაშინ სავსებით გასაგებია გოგოს ასეთი მოქცევა ქმართან, რადგან ფაქტობრივად, ცოლი ჩემი გმირის გონებაში დარჩენილი, მოგონილი პერსონაჟია.

- ჰარმონიული ოჯახი როგორ წარმოგიდგენიათ?

- ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგად უნდა იცნობდე და გესმოდეს მისი, ვისაც შენი ცხოვრების მეგზურად აირჩევ. ისიც კარგად უნდა გიცნობდეს და შენი ესმოდეს. ერთმანეთი ყოველთვის უნდა გიყვარდეთ და გიზიდავდეთ, რამდენი დროც უნდა გავიდეს.

- ძლიერად გყვარებიათ?

- კი, მყვარებია, როგორ არა!

- ქალის მხრიდან რომანტიკული ურთიერთობის ინიციატივა თქვენთვის მისაღებია?

- სიტუაციას გააჩნია: ინიციატივასაც ხომ აქვს თავისი ფორმები? ქალის მიერ გამოჩენილი ინიციატივა აბსოლუტურად ნორმალურია.

- თქვენს ყურადღებას როგორი გოგონები იქცევენ?

- კარგი გოგონები (იცინის).

- მაშინ გვითხარით - ცნობილი ქართველი ქალებიდან, ყველაზე სექსუალურად, სასურველად ვის მიიჩნევთ?

- ჩვენს ქვეყანას ძალიან სექსუალური, ულამაზესი გოგონები ჰყავს. რა თქმა უნდა, გოგონები ყველა ქვეყანაში ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ ქართველები გამორჩეულად სხვანაირები - ეშხიანები მგონია. გოგონების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ასეთია. მე ვის გამოვარჩევ, ამ ინფორმაციას ჩემთვის დავიტოვებ (იცინის).

- სიყვარულის გამო, სულელურ სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- ბევრჯერ. თან, ბავშვობის ასაკში ადამიანი დაბნეული დადიხარ, მით უმეტეს - თუ პირველი სიყვარული გეწვევა. მერე ნელ-ნელა დინჯდები. როგორც ყველა ადამიანი, სულელურ სიტუაციებში მეც აღმოვჩენილვარ, მაგრამ ეს უმნიშვნელო წვრილმანები იყო.

- რომანტიკული ხართ?

- გარკვეული დოზით. რაც დრო გადის, მით უფრო რომანტიკული ხდება ყველაფერი. პროფესიაც უფრო მეტად გიყვარდება ადამიანს...

- მოზარდობის პერიოდში, გოგონებში პოპულარული ბიჭი იყავით?

- ძალიან არა: ვერ ვიტყვი, ჩემზე "ბუმი" იყო-მეთქი.

- შეგიძლიათ, პირველი პაემანი გაიხსენოთ?

- ეს ძალიან სპონტანურად მოხდა: მივდიოდი და გზაში უცებ გადავწყვიტე მეთქვა, - წამო, გავისეირნოთ-მეთქი (იცინის). სულელური და თან ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო. შემდეგ ბევრი პაემანი გახლდათ...

- ცალმხრივად გყვარებიათ?

- კი, პატარ-პატარა პერიოდები ყოფილა, როცა ცალმხრივად მიყვარდა, თუმცა ჩემი აზრით, ეს გატაცება უფრო იყო, ვიდრე სიყვარული.

- სიყვარული რა არის?

- ზოგი ამბობს, გრძნობა არ არისო... სიყვარულია, როცა ერთი ადამიანის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გიჩნდება.

- სიყვარულის გამო, დეპრესიაში ყოფილხართ?

- არა, არ ვყოფილვარ. დეპრესიული ხასიათი არ მაქვს. პატარ-პატარა "შემოტევები" ყოველთვის არის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დეპრესიული ვარ.

- სტრესს როგორ უმკლავდებით?

- ვცდილობ, სხვა რამეზე გადავერთო. ამაში პროფესია მიწყობს ხელს: ხან რეპეტიციაზე ვარ, ხან - სპექტაკლში ვთამაშობ, გადაღება მაქვს... ასეთ დროს ადამიანს პრობლემები გავიწყდება - მთლიანად საქმეში ხარ ჩართული. ეს სტრესის დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ასევე, ვცდილობ, უფრო მეტად დავისვენო, ჯანსაღად ვიცხოვრო, მაგალითად - ვვარჯიშობ, მუსიკას ვუსმენ, ვსეირნობ და რა თქმა უნდა, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ვურთიერთობ.

- როგორც ვიცი, 28 კილოგრამის დაკლება მოახერხეთ...

- კი, სამ წელიწადში: ვარჯიში დავიწყე და ნელ-ნელა სხეულის სასურველი ფორმები მივიღე.

- წონის დაკლებისკენ რამ გიბიძგათ?

- მინდოდა, ჯანსაღად ცხოვრება დამეწყო და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან წონა ძალიან მაწუხებდა... ნუ, როგორც ხდება ხოლმე.

- საახალწლო დღესასწაულებს როგორ გაუმკლავდით?

- ერთ სუფრასთანაც კი არ ვმჯდარვარ. მეგობრების წრეში ცოტ-ცოტას, მსუბუქად ყველაფერს გეახელით.

- ზომიერების დაცვა არ გიჭირთ?

- ყოველთვის ვცდილობ, ნებისყოფას "ჩავარტყა" - გამოვაფხიზლო. ამიტომ, რაღაცებს ვიკლებ ხოლმე...

- 2018 წელს როგორ შეაფასებთ, თქვენთვის როგორი იყო?

- ბევრი საინტერესო რამ მოხდა, რაღაცებში - ბევრი გარდატეხა... 2018 წელი ჩემთვის საინტერესო იმითაც იყო, რომ თეატრში პრემიერები მქონდა, გადაღებებში ვმონაწილეობდი... ზაფხულში საზღვარგარეთ ვიყავი და ცოტა ხნით დავისვენე... დასვენების შემდეგ ისევ საქმეს შევუდექი. ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადამხდა. ნაყოფიერი წელი მქონდა, რისთვისაც მადლიერი ვარ. 2019 წელს რაც შეეხება, ძალიან კარგად და საინტერესოდ დაიწყო. იმედია, ასევე საინტერესოდ გაგრძელდება...

ეთო ყორღანაშვილი