ადამიანები, რომლებმაც 2018 წელს თავი გამოიჩინეს - გზაპრესი

ადამიანები, რომლებმაც 2018 წელს თავი გამოიჩინეს

საბედნიეროდ, რთულია ყველა ქართველის შესახებ გიამბოთ, ვინც 2018 წელს წარმატებას მიაღწია. იმედია, მათი რაოდენობა 2019 წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, მანამდე კი 2018 წლის წარმატებულ ადამიანებს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით და მათი მიღწევებიც მიმოვიხილეთ...

"იმედის პატარა ნაპერწკალი სადღაც მაინც იყო"

სოფო ბათილაშვილი მუსიკალური პროექტის - "მხოლოდ ქართულის" პირველი გამარჯვებული გახლავთ. კონკურსში მონაწილეობის პერიოდში, სოფომ მაყურებლებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა - მის მიერ შესრულებული სიმღერები საზოგადოებამ მალევე აიტაცა...

- "მხოლოდ ქართულის" შემდეგ, ჩემთვის სრულიად სხვა ცხოვრება დაიწყო, მთლიანად საყვარელ საქმეს - მუსიკას ვემსახურები. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი სიახლეები მაქვს, მოულოდნელი რაღაცებიც მოხდა... მახსოვს, 2018 წელს, ახალი წლის დღესასწაულს ჩვეულებრივად შევხვდი. უიმედოდ განწყობილი ვიყავი, რადგან მუსიკისთვის დრო საერთოდ არ მრჩებოდა. მოკლედ, არცთუ ისე ბედნიერი გახლდით. 2019 წელს რადიკალურად განსხვავებულად შევხვდი. უკვე უამრავი ჩანაფიქრი, გეგმა მაქვს. ჯერ ვერ გავამხელ, მაგრამ მალე აუცილებლად ვიტყვი.

- 2018 წელს სირთულეებიც ხომ არ შეგქმნია?

- რა თქმა უნდა, სირთულეები ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც შემექმნა, რადგან ამდენი კონცერტი, გადაღება, ძალიან აქტიური რეჟიმი ჩემი ორგანიზმისთვის შოკი აღმოჩნდა. ახლა ბევრად უკეთ ვარ. ახალი ცხოვრების რიტმს ვეჩვევი.

- საერთოდ, ახალი წლის დღესასწაულს როგორ გარემოში ხვდები ხოლმე?

- ყოველთვის ოჯახთან ერთად ვხვდებოდი - ეს ჩვენი ტრადიცია იყო. წელს პირველად მოხდა, რომ ახალ წელს გარეთ შევხვდი. პრინციპში, ამ დღეს ყველასთან ერთად ვიყავი: მაყურებლებთან, ოჯახის წევრებთან... მართალია, ვამბობდი, - 2018 წელს უიმედოდ განწყობილი ვიყავი-მეთქი, მაგრამ იმედის პატარა ნაპერწკალი სადღაც მაინც იყო. მაშინ ჯანსაღი და ნამდვილი წელიწადი ვისურვე. ახლაც მინდა, ყველას ჯანსაღი და ნამდვილი ახალი წელი ვუსურვო, რადგან ამის გარეშე არც წარმატება და არც სხვა სასიკეთო რამ არ მოდის... ყველას ვულოცავ!.. რაც უფრო კარგი იდეებით დამუხტულები ვიქნებით, მით უფრო უკეთესი წელიწადი გვექნება!..

"12 წელიწადში ერთხელგვაქვს ასეთი მაგარი წელი"

ნინი შერმადინი: GzaPress- 2018 წლით კმაყოფილი ვარ: ბევრი სიახლე, წარმატებული მოვლენა ერთბაშად მოხდა. გასულ წელს სირთულეებიც ახლდა, მაგრამ საინტერესო იყო: 2 კლიპი გადავიღე, რამდენიმე საავტორო სიმღერა ჩავწერე, ბევრი გასვლითი კონცერტი მქონდა, მაგალითად - საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში, ჩინეთში, ამერიკაში... საქართველოშიც თითქმის არ შემისვენია - ბათუმსა და თბილისში კონცერტები მქონდა. მიწვევდნენ ტელევიზიებში, ხელოვანს კი რა უხარია, თუ არა ეს? სწორედ 2018 წელს გავხდი "მისის პლანეტა". ამ კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო და ძალიან მიხარია, რომ წარმატებით დასრულდა.

- შარშან ახალ წელს რა სურვილი ჩაიფიქრე, გახსოვს?

- მართლა არ მახსოვს. ისიც კი არ მახსოვს, 12 საათზე რამე ჩავიფიქრე თუ არა, რადგან სცენაზე ვიდექი. ძირითადად, ახალ წელს ყოველთვის სცენაზე ან გზაში ვხვდები. ჩემთვის განსაკუთრებული ახალი წელი ახლა იყო, რადგან ამდენი წლის მერე, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდი, მართალია - ბათუმში და ისევ - კონცერტზე, მაგრამ - ჩემს ქვეყანაში.

- 2019 წლის გარდა, ოჯახთან ერთად ახალ წელს ბოლოს როდის შეხვდი?

- 2011 წელს. მაშინაც კონცერტი მქონდა.

- საახალწლო სუფრის სამზადისში მონაწილეობ?

- მხოლოდ გოზინაყს ვამზადებ - აქაც და ამერიკაშიც. ძალიან გემრიელი გამომდის. თან, რატომღაც, ჩემ მიერ გოზინაყის მომზადება ახლობლებს კარგად აქვთ დაცდილი... სხვა მხრივ, სუფრის სამზადისში ვერ ვმონაწილეობ, რადგან 31 დეკემბერს, დილით შინიდან რომ გავდივარ, პირველი იანვრის დილას ვბრუნდები. მეკვლეც მე ვარ, რადგან ძალიან "კარგი ფეხი" მაქვს.

- ამერიკაში როგორ ხვდები ხოლმე ახალ წელს?

- ალბათ, საშობაო და საახალწლო განწყობა ყველაზე მეტად ამერიკაში იგრძნობა, რადგან ყველაფერი მორთულია, სადღესასწაულო სიმღერებია ჩართული, ქუჩაში სანტები დადიან... წარმოუდგენელია, რომ ადამიანს განწყობა არ აგიმაღლდეს. ახალ წელს იქაც რესტორანში ვხვდებოდი. სუფრასთან იმ მიზეზის გამო ვერ ვიჯექი, რომ სცენაზე ვიდექი.

- 2019 წელს რა გეგმები გაქვს?

- კარიერასთან დაკავშირებული უამრავი გეგმა მაქვს: 13 იანვარს იტალიაში მივდივარ, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი მაქვს. მე და რობერტო (იტალიელი მომღერალი) დუეტს ვწერთ - მოლაპარაკება უკვე შედგა. შემდეგ ჩინეთში გავემგზავრები, სადაც ისევ კონცერტზე ვიმღერებ. 30 იანვარს ამერიკაში მივდივარ, მერე ისევ საქართველოში ჩამოვალ... ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანი ვარ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ ნიშნით დაბადებულთათვის 2019 წელი ძალიან წარმატებული იქნება - 12 წელიწადში ერთხელ გვაქვს ასეთი მაგარი წელი. განწყობაც შესაბამისი მაქვს. მინდა, თქვენს მკითხველებს და სრულიად საქართველოს, ქართველ ემიგრანტებს ახალი წელი მივულოცო: ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ხვავს, ბარაქას გისურვებთ! 2019 წელი თქვენთვის ყველაფერი საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს. ძალიან მიყვარხართ!..

"ისეთი განწყობა მაქვს, რომ წარმატებას კიდევ მივაღწევ" GzaPress2018 წლის მიწურულს, ახალი წლის ღამეს ამიკო ჩოხარაძემ მეგა შოუში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიმარჯვა. მას მეტოქეობას ძლიერი კონკურსანტი - ირინკა კავსაძე უწევდა. გამარჯვებულის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელი იყო. ამიკოს საკუთარი წარმატების სჯეროდა:

- პროექტში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და წარმატებას მივაღწიე. "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" ბევრ სამყაროში მამოგზაურა: წარსულშიც, მომავალშიც, მულტფილმშიც, ფილმშიც... მოკლედ, ბევრი სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოვირგე. კმაყოფილი ვარ, რომ 2018 წლის ბოლოს ასეთ პროექტში ვმონაწილეობდი, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა. მიხარია, რომ გვერდით ისეთი კარგი ადამიანი მყავდა, როგორიც ჯულიანა ბარ-გნარია. ის "ორთაბრძოლაში" მხარში ამომიდგა. მაძლიერებდა, მამხნევებდა, მასწავლიდა "ჩაჩას", "რუმბას", "სამბას" და ა.შ. რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი - ჩემი გამარჯვება მათი დამსახურებაა.

- 2018 წელი შენთვის როგორ დაიწყო? რა ჩანაფიქრი, რა გეგმები გქონდა?

- საერთოდ, მიზანდასახული ადამიანი ვარ: თუ რაღაც ამოვიჩემე, აუცილებლად უნდა მივაღწიო. ღვთის წყალობით, დღემდე ასე ვარ. ზუსტად აღარ მახსოვს, 2018 წელი როგორ დაიწყო, მაგრამ მთელი წელი იმის განცდა მქონდა, რომ აუცილებლად რაღაც წარმატებისთვის უნდა მიმეღწია. ეს ჩანაფიქრი ახდა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალს სკანდალი მოჰყვა: ერთ-ერთი სპონსორი კომპანიის წარმომადგენელს მეორე ადგილზე გასულის ვინაობა მანამდე წამოსცდა, ვიდრე გამარჯვებულს დაასახელებდნენ...

- სავარაუდოდ, ეს იმიტომ მოხდა, რომ უბრალოდ, სპონსორებმა ჩემი და ირინკას ხმების რაოდენობას შორის სხვაობა იცოდნენ, თორემ კონკურსი ჯერ დასრულებული არ იყო. ხმების რაოდენობას შორის დიდი სხვაობა იყო.

- გამარჯვების შემდეგ, მონატრებული ცოლ-შვილი თუ ნახე?

- მეუღლე და ბავშვები ჯერ არ მინახავს (იცინის). ისინი ძალიან მენატრება. რამდენიმე დღეში ბათუმში უნდა გავემგზავრო. მანამდე სამტრედიაში, კონცერტის წამყვანი ვიქნები.

- ამდენი ხნით განშორების გამო, მეუღლეს უკმაყოფილება ხომ არ გამოუხატავს? თან, ახალი წლის დღესასწაულსაც შენ გარეშე შეხვდა...

- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა, რადგან რაც ერთად ვართ, ხშირად მომხდარა ისე, რომ ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ: ან კონცერტში ვმონაწილეობ, ან წამყვანი ვარ... რა თქმა უნდა, შინ ყოფნა უფრო მიხარია: ახალი წლის დღესასწაულის ოჯახთან ერთად შეხვედრა ძალიან კარგია...

- 2019 წლის მიზნები, გეგმები უკვე ჩამოაყალიბე?

- ჩამოყალიბების პროცესში ვარ. სხვათა შორის, ისეთი განწყობა მაქვს, რომ წარმატებას კიდევ მივაღწევ...

2018 წლის წარმატებულ ადამიანებს შორის ქართველი სპორტსმენები აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ - მათ ჩვენი ქვეყანა ასახელეს. ძალოსან ლაშა ტალახაძისგან წარმატებები აღარც გვიკვირს: ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ოლიმპიური ჩემპიონის ტრიუმფით დასრულდა. აკვრასა და ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძემ საქართველოს რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს 2 რეკორდი გააუმჯობესა. სპორტსმენის მიერ დაფიქსირებული შედეგები მსოფლიოს რეკორდად არ ჩაითვალა, რადგან საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობის საერთაშორისო კალენდარში არ შედის. ლაშა ტალახაძეს ახალი რეკორდების დამყარების შესაძლებლობა 2018 წლის ჩემპიონატზე (თურქმენეთი, აშხაბადი) ჰქონდა, სადაც მან 474 კგ დასძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. 25 წლის ლაშა ტალახაძე კვლავ მსოფლიოს ყველაზე ღონიერი ადამიანია!

GzaPressჩვენი ქვეყანა ასახელა პარასპორტსმენმა - ირმა ხეცურიანმაც: პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფურ ეტაპზე მან ბერძენი, იტალიელი, ფრანგი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა და ოქროს მედალის მფლობელიც გახდა...

2018 წელი წარმატებული იყო წიგნის - "შემოვალ ეტლით" ავტორ შორენა ხუხუასთვისაც. მწერლობაში მისი წარმატება 2017 წელს დაიწყო, როცა ლიტერატურულ კონკურსში - "გახდი ბესტსელერის ავტორი" - ხალხის რჩეული გახდა. შორენა ლიტერატურათმცოდნეა. თბილისში ცხოვრობს და მარნეულში მუშაობს: სკოლის მასწავლებელი და დირექტორია. 10 წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სერიოზული ტრავმის დაძლევის მერე მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე, შორენა ინკლუზიურ განათლებას ყოველდღიურად ხელს უწყობს. აღნიშნავს, რომ მისი ცხოვრება ყველაზე აქტიური მაშინ იყო, როცა ეტლით მოსარგებლე გახლდათ:

- ჩვენ ვიცნობთ შშმ პირებს, რომლებიც ლიტერატურულ ნაწარმოებებს ქმნიან, მაგრამ საკუთარი სამყაროს შესახებ რატომ არ წერენ, არ ვიცი. შესაძლოა, ამის გამომზეურებისგან თავს იკავებენ. შეიძლება, მე ეს წიგნი - "შემოვალ ეტლით" იმიტომ დავწერე, რომ უკვე ფეხზე დავდექი. გამოვიარე ის პერიოდი, როცა 10 წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, 6 თვე ზურგზე გაუნძრევლად ვიწექი, ვიყავი ეტლით მოსარგებლეც, შემდეგ ყავარჯნით და ხელჯოხის დახმარებითაც დავდიოდი... რეაბილიტაციის რთული პერიოდის შემდეგ ხელახლა დავიწყე სუნთქვა. თუკი დღეს ძლიერი და წარმატებული ვარ, ამაში ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დიდი როლი შეასრულა. ალბათ, ამიტომ გავბედე იმ თემას შევხებოდი, რომელიც ჩემი ნაწილი იყო. ვიცოდი, სამყაროსთვის რა და როგორ მეთქვა. საზოგადოებას წარვუდგინე ეტლით მოსარგებლე სასურველი ქალი და მამაკაცი. მინდოდა, მათთვის მეჩვენებინა, რომ "ბორბლებზე მდგარი" ადამიანი თავისი ინდივიდუალურობით ფასობს. მასაც ისევე უყვარს, უხარია, დარდობს, როგორც - ფეხით მოსიარულეს... ვინც ნაწარმოებს ქმნის, მას საკუთარი ნაშრომი ყოველთვის ეძვირფასება, მაგრამ არ მიფიქრია, თუ ჩემი წიგნი ლიტერატურულ ჯილდოს, სახელმწიფო პრემიას აიღებდა. ჩემთვის მოულოდნელი იყო, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ "ლიტერას" კონკურსანტთა მოკლე სიაში ვიყავი. გულწრფელად გეტყვით: ამ კონკურსის არსებობის შესახებ არც ვიცოდი. "დავგუგლე" და აღმოჩნდა, რომ ლიტერატურული კონკურსის ოთხეულში მოვხვდი...

მერე ჩემი წიგნი ლაიფციგის ბაზრობაზე გაიყიდა - ავსტრიულმა გამომცემლობამ იყიდა. გერმანულ ენაზე ითარგმნა, რომ 3 ქვეყანაში - შვეიცარიაში, გერმანიასა და ავსტრიაში გაყიდულიყო. შემდეგ, ავსტრიული გამომცემლობისა და "პალიტრა L"-ის დამსახურებით, ფრანკფურტშიც მოვხვდი: "პალიტრა L"-მა ჩემი ხარჯები სრულად დაფარა, ავსტრიულმა კომპანიამ კი პრეზენტაცია ჩაატარა. მე, რომელმაც ქართულ მწერლობაში გუშინ შემოვდგი ფეხი, 50-მდე მწერალს შორის ვიდექი. მაშინ გავიაზრე და ვიგრძენი, რა დიდი გამარჯვება იყო ჩვენი ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის, რომ იმ საზოგადოების გვერდით ვიყავი, რომელიც მთელი ცხოვრება წერს და თავის ლიტერატურულ კარიერას ყოველდღიურად ქმნის... ეტლით მოსარგებლე გერმანელებიც მოვიდნენ. გერმანულ ენაზე გამოცემული ჩემი არც ერთი წიგნი გაუყიდავი არ დარჩენილა. ევროპული დაინტერესება ჩემთვის მოულოდნელი იყო... შემთხვევით ვისარგებლებ და ყველას, ვინც ახლა ჟურნალს კითხულობს, გულდაუწყვეტელ წელს ვუსურვებ!..

GzaPress2018 წელს, ქვეყნის მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა - სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვა და საქართველოს პრეზიდენტი გახდა. წინასაარჩევნო პერიოდში, ის, ცოტა არ იყოს, კომიკურ პერსონად იქცა, რისი მიზეზიც ქალბატონი სალომეს მიერ ქართული ენის არასრულყოფილად ფლობა გახლდათ - მოგეხსენებათ, ის საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. ამის გამო, პრეზიდენტობის კანდიდატი უნებურად, საკმაოდ უხერხულ ფრაზებს ამბობდა, რომელსაც საზოგადოება სოციალურ ქსელში აზიარებდა. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის უცნაური ფრაზები: "სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია, გათხარო", "ეს ყველაფერი ერთად უნდა შევტყნათ" და ა.შ. ყველაზე სკანდალური, რომელიც ქართველ ერს სასაცილოდ ნამდვილად არ მოსჩვენებია, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მისი განცხადება - ომი საქართველომ დაიწყო, - გახლდათ, თუმცა მოგვიანებით, ქალბატონმა სალომემ განმარტა, რომ როცა ამბობს, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, არ გულისხმობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო ომი და რუსეთი ოკუპანტი არ არის. შემდეგ, წინასაარჩევნო პერიოდში, ქალბატონი სალომე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცშიც გახლდათ. მან განაცხადა, - მომავალმა პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზის მოშლაზე უნდა იზრუნოსო... იმედია, აწ უკვე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვის ტექსტში გამოთქმულ სურვილს - ყველას გისურვებთ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სულიერი დამშვიდების, შემწყნარებლობის, გაერთიანების წელი და გამთლიანების საწინდარიო, მისი მხრიდან რეალური ნაბიჯები მოჰყვება და საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების გამო მუდმივი შიშის ქვეშ მცხოვრებ ქართველებს და სრულიად საქართველოს მშვიდი, სამართლიანი ცხოვრება ექნებათ...

ეთო ყორღანაშვილი