"სამედიცინო ბაზარზე არის თამაშის წესები, კონკურენცია..." - გზაპრესი

"სამედიცინო ბაზარზე არის თამაშის წესები, კონკურენცია..."

კარგია, როცა ქალი წარმატებული და მომხიბვლელი ხარ, თუმცა თუ პროფესიად ექიმობა აირჩიე, შესაძლოა, მომხიბვლელმა გარეგნობამ პრობლემაც კი შეგიქმნას... კარდიოლოგ და ტელეწამყვან ნინო ნადირაძე-კუზანოვას ვესაუბრეთ, როგორც საქმიან ქალს, რომელიც არ მიიჩნევს, რომ საპასუხისმგებლო საქმიანობის გამო, თუნდაც სოციალურ მედიაში, საკუთარ თავს შეზღუდვები უნდა დაუწესოს: ფიქრობს, რომ ადამიანი რაც უფრო "ღიაა", არ თამაშობს და თავის ცხოვრებას არ მალავს, მით უფრო სანდოა...

- როდესაც კარდიოლოგად მუშაობა დავიწყე, პირველი ჰონორარიც მაშინ ავიღე - ჩემი საექიმო საქმიანობისთვის. მას შემდეგ სულ ვმუშაობ და საკუთარი შემოსავალი ყოველთვის მაქვს.

- ამ ხნის განმავლობაში, ყოფილა შემთხვევა, როცა ფინანსური კრიზისი შეგქმნიათ და ფინანსურად სხვაზე დამოკიდებული ყოფილხართ?

- ვერ ვიტყვი, საჭმლის ფული არ მქონია-მეთქი. ყოფილა შემთხვევა, იმხელა შემოსავალი არ მქონია, რამდენიც მინდოდა. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, გუგა (მეუღლე) ყოველთვის მხარში მიდგას. თუმცა, იყო პერიოდი, როცა ამ მხრივ, გუგას მე ვედექი მხარში, სანამ ქირურგად ჩამოყალიბდა. ჩემი სპეციალობის გამო, ჰონორარების აღება მე უფრო ადრე დავიწყე: ქირურგად რომ შედგე, უფრო დიდი ხანია საჭირო.

- ამის გამო, ოჯახში უხერხული სიტუაცია არ შექმნილა?

- არა. ამ მხრივ, გუგას მამაც უმაგრებდა ზურგს - გვეხმარებოდა. ამ თვალსაზრისით, არასოდეს "დავხურდავებულვარ": თუ ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე მაქვს პრეტენზია და შემიძლია, რაღაც გავაკეთო, რატომაც არა? რომ მენახა, გუგა მხარ-თეძოზე იყო წამოწოლილი და "ბირჟაზე" ლუდს სვამდა, მაშინ, რა თქმა უნდა, პრობლემა მექნებოდა, მაგრამ ვხედავდი პოტენციალს, რისთვისაც მას უნდა მიეღწია და ვიცოდი, რა უნდა გაეკეთებინა, რომ კარგი ექიმი დამდგარიყო. ამას დრო სჭირდებოდა - მე ეს მშვენივრად ვიცოდი.

- მედიცინის სფეროში თავის დამკვიდრება რთულია?

- ძალიან. სამედიცინო ბაზარზე არის თამაშის წესები, კონკურენცია, რაც თავის დასამკვიდრებლად, სირთულეებს ქმნის.

- ინტრიგები არის?

- როგორც ყველგან! ინტრიგები ნებისმიერ სფეროშია.

GzaPress- სხვა პროფესიის არჩევაზე გიფიქრიათ?

- კი. ბავშვობაში მათემატიკოსობა ან მხატვრობა მინდოდა, მერე სამედიცინო მიმართულებით "წავედი".

- რატომ? თქვენს პროფესიულ არჩევანზე ზეგავლენა რამ მოახდინა?

- მიმაჩნდა, რომ ცუდი ექიმი არ გამოვიდოდი. ადამიანებზე ზრუნვა ბავშვობიდან მახასიათებდა. ხასიათის ასეთი თვისებები ჩემმა მშობლებმა კარგად დაინახეს. სკოლაში ტექნიკურ საგნებს ყოველთვის არაჩვეულებრივად ვფლობდი. მამაჩემი მათემატიკოსი იყო. მაშინ მათემატიკოსობა იმას ნიშნავდა, რომ ან პედაგოგი უნდა ყოფილიყავი, ან უმაღლეს სასწავლებელში კათედრაზე გემუშავა. მამამ მითხრა, რომ ჩემი (როგორც მათემატიკოსის) შემოსავალი ძალიან მწირი იქნებოდა ან მის მსგავსად, ძალიან მაღალანაზღაურებადი რეპეტიტორი უნდა ვყოფილიყავი, რომელთანაც რიგი იდგა, მაგრამ ეს არანორმალურ, 24-საათიან შრომას გულისხმობდა. მამას ამისთვის შევებრალე... დავსხედით, ავწონ-დავწონეთ და ექიმობა გადავწყვიტე. დაუშრეტელი ფინანსები არც ექიმის პროფესიაშია, მაგრამ ჩემი ხასიათისა და ტვინის გამო, მამამ მირჩია, კარგი ექიმი გამოხვალო და მგონი, არ შემცდარა - მას არასოდეს არაფერი ეშლებოდა...

- როგორ ფიქრობთ, ახლა თქვენი კარიერის პიკია? თქვენი პროფესიული მიზანი რა არის?

- როგორც ჩემი ერთი ძალიან ჭკვიანი მეგობარი, ჩემი ჯგუფელი - ქეთი მამაცაშვილი მეტყოდა, კარიერული წინსვლა ის არის, როცა ცოტას მუშაობ და ბევრს გიხდიან (იცინის). მე ასეთი კარიერული წინსვლა არ გამომივიდა. საერთოდ, კარიერულ წინსვლაზე არასოდეს მიზრუნია. არც პოპულარობის მოსაპოვებლად მიმიმართავს დამატებითი სამუშაოებისთვის. უბრალოდ, ყოველთვის ის ვიყავი, ვინც ვარ და ის მივიღე, რაც მაქვს. არ ვიცი, მომავალში რას ვიზამ და როგორ შედეგს მივიღებ.

- საქმე მოვალეობად იქცა თუ კვლავ ძველებურ სიამოვნებას განიჭებთ?

- გარკვეული ასაკის შემდეგ, ადამიანი სიამოვნებას ოჯახში უფრო იღებ, როცა მაგალითად, შვილებს უყურებ... ალბათ, სამსახურში ავტომატურ რეჟიმზე ხარ გადართული და საქმეს მექანიკურად მიჰყვები. პირადად მე, საქმე ისეთ ავტომატურ რეჟიმში მაქვს, რომ აღარ ვიცი - მსიამოვნებს თუ არა.

- ტელევიზიაში მუშაობა სიამოვნებას განიჭებთ?

- კი, ეს საქმე შედარებით ახალია და მსიამოვნებს. "პრაიმ შოუმდე" სამედიცინო გადაცემის წამყვანიც გახლდით. ახლა რადიკალურად განსხვავებულ ამპლუაში ვარ, ახალი რაღაც კი ადამიანს ყოველთვის სიამოვნებას გგვრის - ასე მგონია. თან, სტრესული სამუშაოს შემდეგ, ტელევიზია, ბრჭყვიალა გარემო ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა.

- საქმეში ქალური მომხიბვლელობა დაგხმარებიათ?

- კი, ბევრჯერ, თუმცა მედიცინაში მუშაობის დასაწყისში პირიქით - ხელი შეუშლია - ვაიმე, ეს არის ექიმიო?! მახსოვს, პირველი პაციენტი რომ მომივიდა, ლოყაში ხელი შემოირტყა, - ნენა, შენა ხარ ექიმიო?! - და გატრიალდა. თავდაპირველად, სათვალე გავიკეთე და სამსახურში შარვალსა და კოსტიუმში გამოწყობილი დავდიოდი. მერე, როცა რაღაც სახელი დავიმკვიდრე, ისეთივე ნინო ვიყავი, როგორიც ვარ: ხან პიჯაკში გამოწყობილი, ხან კი მოკლე სარაფანში. ისე, ქალური მომხიბვლელობა რაღაც საქმეების მოგვარებაში გამომდგომია.

- საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან?

- სულერთია. რაღაცნაირად, ქალბატონებთანაც და მამაკაცებთანაც კომუნიკაცია ადვილად გამომდის. როგორც წესი, ქალური შური ხომ არსებობს? როცა ქალბატონი ცხოვრებაში რაღაც წარმატებას აღწევს, მას სხვა ქალის მიმართ შური ნაკლებად აქვს, პირიქით - სიამოვნებს, რომ თავის მსგავს ძლიერ პიროვნებასთან ურთიერთობს.

- თქვენი აზრით, საქმეში წარმატებისთვის აუცილებელი რა არის?

- რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იფიქრო კარიერასა და წარმატებაზე, ბევრი იშრომო, იკითხო, თავმდაბალი იყო, გახსოვდეს ადამიანები და სხვას ისე არასოდეს მოექცე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგექცნენ. ჰოდა, მერე ყველაფერი თავისით მოვა...

ეთო ყორღანაშვილი