მარკუს მეტრეველის მოგზაურობა "სამოთხეში" - გზაპრესი

მარკუს მეტრეველის მოგზაურობა "სამოთხეში"

"მოგეხსენებათ, პროფესიით დიზაინერიც ვარ და ჩემი პირველი კოლექციის ჩვენება მილანში მქონდა, სადაც 30 ლუქი ჩავიტანე. მოვახერხე და საქმიან ვიზიტს კარგი დასვენებაც შევუთავსე"... - ცნობილი მომღერალი, მარკუს მეტრეველი საკუთარ გემოვნებაზე გულახდილად გვესაუბრა...

- თქვენი დაკვირვებით, რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- ვფიქრობ, გემოვნების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ ბავშვობიდან ხდება. ყველაზე დიდი გავლენა აქვს იმ გარემოს, სადაც იზრდები - ოჯახს, სოციუმს, კულტურას, ტრადიციებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუ სად, როგორი განათლება მიიღე.

- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნები გირჩევნიათ - თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაროკოში მოგზაურობამ. ამ ქვეყნის თითქმის ყველა, 18 ქალაქში ვარ ნამყოფი. 2001 წელს ვიყავი კონცერტებით ჩასული და საოცრად შთამბეჭდავი იყო ყველაფერი... რაც შეეხება ევროპას, გასულ წელს იტალიაში ვიმყოფებოდი და ვენეცია ჩემთვის ზღაპრული ქალაქია. ფიქრებში რომეო და ჯულიეტას რომანთან ასოცირდება.

- საბერძნეთში დიდხანს ცხოვრობდით...

- საბერძნეთი ჩემი მეორე სამშობლოა. ამ ქვეყანას ულამაზესი კუნძულები აქვს, მსოფლიოში ერთ-ერთი შეუდარებელი... რაც შეეხება თანამედროვე მეგაპოლისებს, 2017 წელს ჰონკონგში ვიყავი მიწვეული მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსზე და გაოგნებული დავრჩი ამ ქალაქის გრანდიოზულობით. მეგონა, უცხო პლანეტაზე ვიმყოფებოდი, იმდენად განსხვავებულია იქაურობა. განვითარებითა და მიღწევებით ჰონკონგს საოცრებათა ქვეყანას ვუწოდებ. იქ ვერსად ნახავ უგემოვნოდ აშენებულ ნაგებობას. ჩვენი ქალაქი კი ამ მხრივ, სამწუხაროდ, ძალიან დამახინჯებულია...

ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ გაგიკვირდებათ და განსაკუთრებულად ჩვენი მეზობელი ქვეყანა და მისი დედაქალაქი - ბაქო მომწონს. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ამ ქვეყანამ ბევრად გვაჯობა. უმაღლეს დონეზეა აყვანილი არქიტექტურა, განსაკუთრებული სისუფთავეა ირგვლივ. ხალხს ეტყობა, რომ თავიანთი ქვეყანა ძალიან უყვართ.

- თბილისი რა არის თქვენთვის?

- ჩემთვის თბილისი და საქართველო არის უპირველესი! დედამიწის ზურგზე არც ერთ ქვეყანას არ ვამჯობინებ! თბილისი ჩვენივე ხალხისგან არის ძალიან დამახინჯებული, მაგრამ ჩემი სახლია და მიყვარს! მინდა, ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული იყოს!

- ეთანხმებით გამოთქმას, რომ მსოფლიოში მოდა გაიყინა?

- მოდა გაიყინა კი არა, "ბუქსაობს"! ახალი არაფერი იქმნება! მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენმა უნიჭიერესმა და კრეატიულმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ ძველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოდა წაიღო, გააცოცხლა და თანამედროვეობაში ახალი ელემენტები შეიტანა! თუმცა, ჩემთვის ეს ყველაფერი სიახლე არ არის. რაღაც სიახლე მაინც გვაკლია და აქვე ვსვამ კითხვას: რაღა უნდა შექმნას ისეთი დიზაინერმა, მთელ მსოფლიოს რომ გააოცებს? ყველაფერი შექმნილია! ახლა მარსზე თუ მოაწყობენ მოდების ჩვენებას, შეიძლება ეგ იყოს რაღაც ახლის აღმოჩენა! აღარც ეგ არის რეალობიდან შორს - ვიცით, რომ სხვა პლანეტებზე უკვე სასტუმროებს აშენებენ.

- მილანში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდით...

- დიახ... მოგეხსენებათ, რომ პროფესიით ასევე დიზაინერიც ვარ - ამ მიმართულებით განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მაქვს მიღებული და შემდეგ მასტერკლასები ევროპაში გავიარე. ჩემი პირველი კოლექცია მილანში წარვადგინე, სადაც 30 ლუქი ჩავიტანე. იტალიის ორ ქალაქში მქონდა ჩვენება. საქმიან ვიზიტს კარგი დასვენებაც შევუთავსე და მართლაც, დაუვიწყარი დრო გავატარე... ისე, გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ მილანში ცოტა სნობები არიან. აღიარებენ მარკებს და ბრენდებს. ჩემთვის კი მთავარია, სამოსი გემოვნებით შეკერილი, მოდური იყოს და რა იარლიყი ეკერება, სულერთია! იტალიელებისთვის კი ჯერ არმანი, ვერსაჩეა და მერე სხვა დანარჩენი...

სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვეს იტალიელმა მოდელებმა. ჯერ იტალიური ენა იმდენად მიყვარს, მათი საუბარი რომ მესმის, "კომა" მემართება და მოდელებს ვეუბნებოდი, - გეხვეწებით, არ გაჩერდეთ, საუბარი გააგრძელეთ, ძალიან მიხარია მოსმენა-მეთქი... არ დავმალავ, იტალიური აღმაგზნებს... თან იქ საოცარი მანდილოსნები ჰყავთ, ხორბლისფერი კანით, მწვანე თვალებით...

- იტალიელ ქალზე ხომ არ ხართ შეყვარებული?

- დიახ, ერთბაშად ბევრი შემიყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამომივიდა, რადგან ცოტა ხნით ვიყავი. მომავალში არ გამოვრიცხავ, სურვილი ავისრულო... იტალიის ზღვისპირა ქალაქში ყველა საცურაო კოსტიუმით დადიოდა, შემოხვეული ჰქონდათ ჰაეროვანი პირსახოცები, ყველა მაღალ ქუსლებზე, მაკიაჟით იყო და საოცარ სურნელს აფრქვევდნენ ირგვლივ...

ჩემი პროფესია საბედნიეროდ, მოგზაურობას მოიცავს და მარტში ამერიკაში მომიწევს წასვლა, ჯერ ნიუ-იორკში და შემდეგ ლას-ვეგასში. ვფიქრობ, ჯადოსნური მოგზაურობა მელის. მანამდე თურქეთში, სტამბოლში ვარ მიწვეული, საუკეთესო მოდელების კონკურსის გახსნაზე.

GzaPress- თქვენთვის რომელი ცნობილი ქართველი ქალია განსაკუთრებით გემოვნებიანი?

- მისაბაძად გემოვნებიანი, ეტალონი და დივა ჩემთვის არის ნანი ბრეგვაძე! იმდენად მაღალ დონეზე აქვს აყვანილი ესთეტიკა, ვიზუალი, იმიჯი, სასცენო კულტურა, რომ ვფიქრობ, ზუსტად ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ვარსკვლავი! სცენის მიღმაც ბევრჯერ მინახავს და ყველასგან გამორჩეულია!.. უფრო განსხვავებული იმიჯი აქვს, მაგრამ ასევე მომწონს ლელა წურწუმია. გემოვნებიანი ქალბატონია, კარგად იმოსება, ყოველთვის კარგი მაკიაჟი აქვს და სამკაულებსაც სწორად ირჩევს... მომწონს ია ფარულავა, მაკა ასათიანი, თაკო ჩხეიძე... ძალიან მიყვარდა და მომწონდა ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე. საბედნიეროდ, ქართველებს ბევრი საამაყო ქალი გვყავდა და გვყავს! რაც შეეხება მამაკაცებს, ჩემი თაობიდან რატი დურგლიშვილს გამოვარჩევ.

- ამბობენ, თბილისში თბილისური მოდა დაიკარგაო...

- იმიტომ დაიკარგა, რომ აქ ნამდვილი თბილისელები ძალიან ცოტანი დავრჩით. ინტეგრაციას მივესალმები, მაგრამ თბილისმა თავისი პეწი და სილამაზე უნდა შეინარჩუნოს! თბილისელები სხვა ქვეყნებში წავიდნენ და მათი ადგილები ჩამოსულებმა დაიკავეს... მე პროვინციალიზმს ლოკაციის მიხედვით არ გამოვარჩევ. პროვინციალიზმი უფრო მეტად სიახლის მიუღებლობაა ჩემთვის. ძალიან ბევრი სოფლელი მინახავს იმდენად კარგად მოაზროვნე და "წინ წასული", რომ ბევრი თბილისელი ვერ შეედრება! ეს ყოველთვის ასე იყო და მაგალითად, ვაჟა-ფშაველაც გვეყოფა, რომელიც ჩარგალში გაიზარდა, მაგრამ იმდენად დიდი ინტელექტუალი იყო, მსოფლიოში გაითქვა სახელი!

რაც შეეხება თბილისურ მოდას, მთლად არ დაკარგულა! ერთეულები მაინც გამოირჩევიან, თუნდაც ახალ თაობაში და ბევრი უცხოელი მოდის სამყაროს წარმომადგენელი აღფრთოვანებულა ქართველი დიზაინერების მიღწევებით. ვფიქრობ, ქართული მოდა ძალიან მაღალ საფეხურზე ავა... ასე რომ, არაფერიც არ დაკარგულა, ყველაფერი ახლა იწყება!

- თქვენ თვითონ როგორი ჩაცმულობა გიყვართ?

- ადამიანში უპირველესად ინდივიდუალიზმს ვაფასებ. რაც შეეხება ყოველდღიურობას, უფრო ქეჟუალ სტილი მაქვს. თუ სერიოზული შეხვედრა ან კონცერტია, უპირატესობას განსხვავებულ, ლაქშერ სტილს ვანიჭებს... როცა სცენაზე დგახარ, უნდა იცოდე, რომ ჯერ სასცენო იმიჯს აკვირდებიან და შემდგომ ისმენენ შენს შემოქმედებას! ყველაფერი სასიამოვნოდ უნდა იყოს ერთმანეთთან შერწყმული.

- რომელი ფერები, როგორი აქსესუარები გიყვართ?

- თეთრ და შავ ტონალობას გამოვარჩევდი. ძალიან მომწონს წითელი, ცისფერი, ხაკისფერი და ვარდისფერი... ჩემი განუყოფელი აქსესუარია საათი, სამაჯური, ჯვარი, სათვალე და ქუდი... ამ აქსესუარების გარეშე თითქმის არასდროს გავდივარ სახლიდან, რადგან თავს თითქოს დაუცველად ვგრძნობ. ათი წელია, ეს იმიჯი მაქვს შერჩეული და ჩემთვის ძალიან კომფორტულია!

- ქალი მუდმივად ფორმაში უნდა იყოს?

- მე ყოველთვის ამის მომხრე ვიყავი, ქალი ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს! ამით ჯერ საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი და მერე სხვას! არ მივესალმები იდეას, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში უნდა იყოს. ჩემთვის ცოლი არის მეგობარი, რომელიც ხშირად ჩემ გვერდით უნდა იყოს.

- სახლი, სადაც ცხოვრობთ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი?

- სახლი ჩემთვის წმინდა ტაძარია, თავშესაფარი... ყველაზე დიდ დროს სახლში ვატარებ და შესაბამისად, იქ ძალიან დაცულად, კომფორტულად უნდა ვგრძნობდე თავს! ვერ ვიტან მოუწესრიგებელ და დაულაგებელ სახლებს! შინაგანად დაწყნარებული ვერაფრით ვიქნები, თუ სახლში მაქსიმალური წესრიგი არ სუფევს!

- არადა, ხელოვანებზე ამბობენ, უწესრიგობა მათი სტილიაო...

- დიახ... თუ გადავხედავთ ჩემი კოლეგების სახლებს, ყველაფერი თავზე აყრიათ და ოდნავადაც არ ენაღვლებათ. მათი სიმშვიდის ზოგჯერ მშურს კიდეც... მე ჯერ ყველაფერი უნდა მოვაწესრიგო და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია დავჯდე, დავისვენო... რაც შეეხება ინტერიერს, მინიმალიზმი მხიბლავს! მიყვარს სახლის თეთრ და შავ ფერებში გადაწყვეტა, ასევე პასტელის ფერები... ადრე მუქი და მკვეთრი ფერები მიყვარდა, მაგრამ დღეს უარს ვამბობ ამაზე და ღია ფერებს ვანიჭებ უპირატესობას.

- დასასვენებლად მთა გირჩევნიათ თუ ზღვა?

- ჩემი სამშობლო იმდენად ლამაზი და მრავალფეროვანია, არჩევანი ძალიან დიდია! აქ თავისუფლად შეგიძლია იდეალურად დაისვენო მთაშიც და ზღვაზეც... ამ ეტაპზე მთაში დასვენებას ვამჯობინებ, თითქოს ასე ღმერთთან უფრო ახლოს ვარ. ბავშვობაში დიდი დრო მაქვს ზღვაზე გატარებული და თითქოს მომბეზრდა, ამიტომაც, გული მთისკენ მიმიწევს. პირველ ადგილზე რაჭას ვაყენებ, შემდეგ ბაკურიანსა და გუდაურს. რა თქმა უნდა, ულამაზესია სვანეთი და ყაზბეგი... ჩემი ახალი კლიპი ყაზბეგში, გუდაურსა და ბაკურიანში გადავიღე. იმდენად საოცარი ადგილი აღმოვაჩინე, რომ ვფიქრობ, ნამდვილად სამოთხეში ვიმოგზაურე.

მანანა გაბრიჭიძე