ქართველი დიზაინერის სამოსი ანდრეა ფეჯიკმა მოირგო - გზაპრესი

ქართველი დიზაინერის სამოსი ანდრეა ფეჯიკმა მოირგო

ამჯერად მისი სამოსით ტრანსგენდერი მოდელი - ანდრეა ფეჯიკი დაინტერესდა. მოდელს თაკო მექვაბიძის ახალი კოლექციიდან შერჩეული სამოსი მარკ ჯაკობსის ჩვენებაზე ეცვა... რა თქმა უნდა, ქართველ დიზაინერს დავუკავშირდით და ინფორმაცია გადავამოწმეთ...

- ანდრეა ფეჯიკის სტილისტი Mercedes-Benz Fashion Week-ის სტუმარი გახლდათ. სწორედ ის დამიკავშირდა და მის მიერ შერჩეული ტანსაცმელი გავუგზავნე. ეს იყო ცისფერი, ტაფტის ქსოვილისგან შეკერილი შარვალი და პიჯაკი (2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან. კოლექციის კონცეფცია ყვავილები იყო და ნათელ ფერებში გავაკეთე). ანდრეა ფეჯიკს ის მარკ ჯაკობსის ჩვენებაზე ეცვა.

- მართალია, მსოფლიოში ცნობილი ადამიანები თქვენი სამოსით ხშირად იმოსებიან - ეს თქვენთვის უჩვეულო არ არის, მაგრამ მაინც გვითხარით - როგორი ემოცია დაგეუფლათ, როცა ცნობილმა მოდელმა თქვენი სამოსი შეარჩია?

- კი, ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს ჩემ მიერ შექმნილი სამოსი აცვია, რაც ძალიან მახარებს. დიზაინერისთვის ეს დიდი მიღწევაა. დღესდღეობით, დიზაინერის ხარისხი ამით ფასდება. ასეთი გამოხმაურება ჩემთვის დიდი სტიმულია, რომ უფრო და უფრო განვვითარდე და უკეთესი კოლექციები შევქმნა.

GzaPress- რა სჭირდებათ ვარსკვლავებს, რატომ ინტერესდებიან თქვენი სამოსით?

- ისეთი ტანსაცმლის "კეთება" მიყვარს, რომელიც შესამჩნევია. ფაქტურა, ფერი ან სილუეტი რაღაცის მთქმელი უნდა იყოს, სხვა ბრენდის სამოსს არ ჰგავდეს, მხოლოდ ტენდენციებს აყოლილი არ იყოს. მოკლედ, იმ დიზაინერის ნამუშევარს უნდა ჰგავდეს, ვინც ამ სამოსს ქმნის.

- თქვენი ახალი კოლექციიდან რამდენიმე კაბა შორენა ბეგაშვილსაც ეცვა...

- მას შემდეგ, რაც თბილისში მაღაზია გავხსენი, შორენა ჩემი მომხმარებელია. ძალიან კარგი, უშუალო, დადებითი გოგოა. მასთან მუშაობა სასიამოვნოა.

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან, ყველაზე გემოვნებიანად ვის მიიჩნევთ?

- საერთოდ, ქართველები ძალიან გემოვნებიანი ხალხი ვართ. ტანსაცმლის ფერს, სილუეტს ვგრძნობთ. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ცნობილი ქალბატონი გემოვნებიანად იმოსება. მგონი, არავის ეწყინება, თუკი მათ შორის ნანი ბრეგვაძეს გამოვყოფ. ის ყოველთვის გემოვნებით შერჩეულ სამოსს ირგებს, რომელიც მის ასაკსაც შეეფერება.

- ამჟამად, რაზე მუშაობთ?

- 10 დღე ოჯახთან ერთად ვისვენებდი - სამსახურში არ ვყოფილვარ. ახლახან გამოვედი - ჩემი არდადეგები დასრულდა. ისევ აქტიური მუშაობა დავიწყე. Mერცედეს-Bენზ Fასჰიონ ჭეეკ-ის ჩვენებისთვის ვემზადები, რომელიც მაისში გაიმართება. მთელი ჩემი განწყობა და ენერგია ამ კოლექციისკენ არის მიმართული. თან, ჩემი მაღაზიებისთვის და ჩემი ძვირფასი მომხმარებლებისთვის ვმუშაობ, რომლებიც ინდივიდუალურ შეკვეთებს მაძლევენ.

GzaPress- ისეთი სამოსის შექმნას თუ თანხმდებით, რომელიც შემკვეთს აშკარად არ მოუხდება, მაგრამ თქვენს რჩევას არ ითვალისწინებს?

- ვიდრე თავს დავიმკვიდრებდი, მანამდე ეს ეტაპიც გავიარე. ალბათ, ჩემთვის საჭირო იყო და ამ ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ დღეს ასეთ რაღაცებს არავითარ შემთხვევაში აღარ ვუშვებ, რადგან ამ ყველაფრის უკან ჩემი სახელია და ნამდვილად არ მინდა, ისეთი რაღაც გავაკეთო, რაც ვიცი, ადამიანს არ მოუხდება. ყველაფერი მუშაობის პროცესში "მოდის". წინათ სხვაგვარად ვფიქრობდი: სახელს ვიმკვიდრებდი და ასეთი გამოწვევები შეიძლება, ჩემთვის საინტერესო იყო. ალბათ, ახლა ცოტათი გავიზარდე, დავსტაბილურდი. მივხვდი, რა მომწონს და რა მინდა, რომ გავაკეთო...

ეთო ყორღანაშვილი