რა შთააგონა გიზო ჟორდანიამ შვილიშვილს - გზაპრესი

რა შთააგონა გიზო ჟორდანიამ შვილიშვილს

მარიამ მემე ჟორდანია პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტია. ჟიურის აღმოჩენა, ახალი ვარსკვლავი, უზომოდ მუსიკალური - ჟიურის წევრებმა კომპლიმენტები არ დაიშურეს 16 წლის მარიამისთვის, რამაც ის უზომოდ გაახარა და სოციალურ ქსელში ეს სიხარული დაუფარავად გამოხატა:

"გუშინდელმა დღემ დამარწმუნა იმაში, თუ როგორი ტკბილია ადამიანთა გული. მე არ ველოდი, რომ ყველა გაუგებდა ჩემს შინაგან სამყაროს და ახლა, როცა ვიცი, რომ ამდენ ადამიანში გამოვიწვიე დადებითი ემოცია, თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვთვლი!

ცხოვრება არ დაგვტოვებს მარტო ნეგატივთან, თუ ჩვენ გვეცოდინება ყველა დადებითი მომენტის დაფასება. მადლობა თქვენ! მადლობა სამყაროს ამ ყველაფრისთვის".

- არ ველოდი ჟიურისგან ასეთ მაგარ შეფასებას, რადგან არ მიყვარს, როცა წინასწარ ვფიქრობ და მერე იმედები მიცრუვდება. ამ პროექტში მივედი იმ მიზნით, რომ მეჩვენებინა, ვინ ვიყავი. იმაზე არ ვფიქრობდი, რამდენად მიმიღებდნენ და მოიწონებდნენ ჩემს ნამღერს. ეს შოკი იყო ჩემთვის და რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო.

- ჟიურის რომელი წევრის აზრი გაინტერესებდა განსაკუთრებულად?

- 2016 წელს "X ფაქტორის" მონაწილე ვიყავი, 4 სკამის ტურიდან წამოვედი და განვლილი გზის მიხედვით, ჩემთან ყველაზე ახლოს ნათია თოდუა იყო. თავის დროზე მანაც იწვნია მარცხი და მასზე უკეთ ვერავინ გამიგებდა, თან ჩემსავით ემოციურია. ძალიან მიყვარს პოზიტიური ადამიანები, თუმცა პროფესიული თვალსაზრისით, ზაზა შენგელიას შეფასებები იყო უფრო მნიშვნელოვანი. მან ცივი გონებით მომცა შენიშვნები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელი და ღირებულია.

GzaPress- არ ველოდი, რომ ყველა გაუგებდა ჩემს შინაგან სამყაროსო და მაინც, როგორია შენი შინაგანი სამყარო?

- ალბათ ერთ სიტყვაში რომ ჩავატიო - ფერადია ჩემი სამყარო, სადაც სტერეოტიპები არ არსებობს. ჩემი აზრით, ხალხს ეშინია განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების, რადგან უმეტესობა ჩარჩოებში ცხოვრობს. უნდა ვისწავლოთ თავისუფლად აზროვნება და ადვილი იქნება ყველაფერი. ჩემ გვერდით არის ადამიანი, რომელიც სტერეოტიპებს ყოველთვის ანგრევდა და სულ მეუბნებოდა, იყავი ის, ვინც ხარ! იყავი ნამდვილი, არასდროს მოიტყუო და არ ითამაშოო! ამას დედა შთამაგონებდა და ის, რომ ახლა ასეთი ვარ, სწორედ მისი დამსახურებაა. ინდივიდუალობა არ დავკარგე. არ ვცდილობ, ვინმეს მივბაძო. ცხოვრებას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც უნიღბოდ ცხოვრობ! როცა არ თამაშობ, მაშინ უფრო თავისუფალი ხარ გემოვნებაშიც, არჩევანშიც. ბუნებრიობა იშვიათობაა და ხალხს მოსწონს ნამდვილი ადამიანები. გარდა ამისა, ჩემთვის უდიდესი ინსპირაციის წყარო იყო ბაბუაჩემი გიზო ჟორდანია, რომელმაც სიცოცხლე თეატრსა და ხელოვნებას შეალია და მეც შთამაგონა, რომ ჩემი ცხოვრებაც ხელოვნებისთვის მიმეძღვნა.

- შენს ჩამოყალიბებაზე, თუნდაც მუსიკალური გემოვნების დახვეწაზე კიდევ ვინ იქონია გავლენა?

- რა თქმა უნდა, ოჯახმა. პატარა ვიყავი, როდესაც ვუსმენდი სიმღერებს, ვუყურებდი კლიპებს, ვღიღინებდი. მე ბებიასთან, დედაჩემის დედასთან ვიზრდებოდი, რადგან დედა ძირითადად ბათუმში იყო. თურმე სულ ვმღეროდი და ბებიას დაუჟინია, მიიყვანეთ ეს ბავშვი სიმღერაზეო! 10 წლის რომ გავხდი, დათო ფორჩხიძისა და დათო ხუჯაძის სტუდიაში მიმიყვანეს. ხათუნა ლეჟავა, რომელსაც დედობილს ვეძახი, ჩემი ვოკალის პედაგოგია და სწორედ მისი დამსახურებაა, თუ რამეს მივაღწიე. მიყვარს პროექტებში მონაწილეობა, რადგან დიდ გამოცდილებას ვიღებ, ხალხი გცნობს, მსმენელს უყვარდები. ამიტომაც გადავწყვიტე "საქართველოს ვარსკვლავში" მეცადა ბედი, "ევროვიზიაზე" წასვლა ჩემი ოცნებაა და მაქსიმუმს გავაკეთებ ამისთვის. ჩემს ოჯახში პროფესიონალი მომღერალი არავინ ყოფილა, მაგრამ ბაბუა, ბებია, მამა, მამიდა - ყველანი მღერიან. მყავს ერთი და, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და სწავლობს. ახლახან მაგისტრატურაში ჩააბარა. დედა სულ ამბობს: ქეთა არის ტვინი, მარიამი კი - გულიო. ის ძალიან შრომისმოყვარეა და სწავლაზე გიჟდება, მე უფრო ემოციებზე დაყრდნობილი ადამიანი ვარ.

- ანუ ზარმაცი მოსწავლე ხარ?

- (იცინის) არის საგნები, რომლებიც მაინტერესებს, მაგრამ არის საგნები, რომლებსაც მიჭირს "გავუგო", მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. კი, ცოტა ზარმაცი ვარ და თან, ახლა ამ პროექტის გამო დრო სულ აღარ მაქვს.

- გრიმის კეთებითა და ბოდიარტით რატომღა დაინტერესდი?

- ბოლო 2 წელია, რაც ხატვით დავინტერესდი, ავადმყოფობის შემდეგ. ხმაზე რაღაც პრობლემა დამეწყო, ვოკალის პედაგოგმა ექიმთან მისვლა მირჩია და როგორც აღმოჩნდა, გლანდები მქონდა საოპერაციო. ოპერაციის დროს კი ინფექცია შეიჭრა და 6 თვე საავადმყოფოში გავატარე. მდგომარეობიდან გამოვედი, მაგრამ ავადმყოფობამ "შრამები" დამიტოვა. სწორედ მათი დაფარვის მიზნით ჩავაბარე ვიზაჟის ინსტიტუტში და გრიმიორის სერტიფიკატიც ავიღე. არავინ იცის, ცხოვრებაში რა მოხდება და რა დროს რა დამჭირდება. რაც შეეხება ბოდიარტს, უკვე 2 გამოფენა მქონდა თემაზე - მითოლოგია.

- ყველაზე მეტად, ვინ გგულშემატკივრობს და სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ყველაზე დიდი გულშემატკივრები ოჯახის წევრები და ჩემი უახლოესი მეგობრები - ანა და თეკლა არიან, ძალიან გამიმართლა მათში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და ოცნებებს, ამ ეტაპზე "ბერკლიში" ჩაბარებაა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა იქ სწავლა ძალიან ძვირია. ბევრს ვმუშაობ, რომ დასახული მიზნები ავისრულო.

ნინო ჯავახიშვილი