"ძალით გაჩერებული" ოჯახი და დედამთილი - გზაპრესი

"ძალით გაჩერებული" ოჯახი და დედამთილი

ქეთისა და ზაზას ოჯახი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მოვლენების ეპიცენტრშია. სიტუაცია დედამთილის - ნაირას მიერ სიმართლის გაგებამ კიდევ უფრო დაძაბა: მას შემდეგ, რაც ნაირამ შეიტყო, რომ რძალმა მის ვაჟს უღალატა, სერიალის მაყურებლებმა ამ საკითხზე მსჯელობას სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი თუ კომენტარი მიუძღვნეს. ჩვენ ნაირას როლის შემსრულებელს - მსახიობ ეკა მჟავანაძეს ვესაუბრეთ, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალების" კასტინგის მენეჯერიც გახლავთ...

- ჩემი პერსონაჟის ოჯახში განვითარებული მოვლენების გამო, რა თქმა უნდა, ვიფიქრე, რომ გარკვეულ სცენებში თამაში მომიწევდა, მაგრამ ნაირა სიმართლეს როდის ან როგორ გაიგებდა, ამაზე ფიქრით დაკავებული არ ვყოფილვარ. მოგეხსენებათ, ამ სერიალისთვის კასტინგსაც ვაწყობ. როცა სცენარს ვიღებ, ვკითხულობ, თუ ჩემი გმირის ეპიზოდია, ვთამაშობ - სცენარს მივყვებით... ჩემი პერსონაჟისთვის ასეთი საინტერესო ეპიზოდის დაწერისთვის მინდა, სცენარისტს საჯაროდ მადლობა გადავუხადო.

- როგორ იმუშავეთ იმ ემოციურ ეპიზოდზე, რომელშიც თქვენი პერსონაჟი ბოლო სერიებში ვიხილეთ?

- როცა ეს სერია დაიწერა, მაშინვე არ წამიკითხავს. ჩემმა მეგობრებმა, ვისაც სცენართან შეხება აქვთ, დამირეკეს, - ვაიმე, შენთვის ძალიან კარგი სცენებია დაწერილი, წაიკითხეო? - არა, ჯერ არ წამიკითხავს-მეთქი, - ვუპასუხე. თითქოს მორიდების გრძნობა გამიჩნდა, რადგან დიდი ხანია, სერიოზული როლით ეკრანზე არ გამოვჩენილვარ. მოკლედ, სცენარი 1-2 დღე არ წამიკითხავს. ისეთ დროს ველოდი, რომ სახლში განვმარტოებულიყავი, წყნარად და მშვიდად წამეკითხა. სხვათა შორის, პირველსავე ჯერზე ზუსტად ისეთი ტემპით წავიკითხე, როგორიც ეკრანზე ნახეთ. თან, ცოტათი გაცივებული ვიყავი, მახველებდა, ხმა დაკარგული მქონდა. ვიცოდი, გადაღება როდის იყო. ამიტომ ახალი წლის დღესასწაულების პერიოდში არსად გავსულვარ, რომ უარესად არ გავმხდარიყავი. ჩემს თავს გავუფრთხილდი, - უფრო არ გავცივდე-მეთქი. როცა გადასაღებ მოედანზე მივედი, სიმართლე გითხრათ, ვნერვიულობდი. ისე მოხდა, რომ თქვეს: ამ სცენის გადაღება გადავდოთო, რამაც გამახარა - რა კარგია, უკეთ მოვემზადები-მეთქი, მაგრამ აზრი შეიცვალეს და გადაღება იმავე დღეს გადაწყვიტეს, რამაც გამაბრაზა (მზად კი ვიყავი, მაგრამ ვღელავდი). 2 დუბლი ჩავწერე, რადგან იმ ემოციით თამაში მესამედ (მანამდე რეპეტიციებიც გავიარე) გამიჭირდა. მახსოვს, ვთქვი, - აღარ შემიძლია, ცუდად ვარ-მეთქი... სხვათა შორის, დაახლოებით ასეთი როლი სტუდენტობის დროსაც ვითამაშე: დავით კლდიაშვილის ნაწარმოებს - "მსხვერპლი" ვდგამდით. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო, როგორიც ახლა ამ სერიალშია, ოღონდ იქ მოვლენები მე-19 საუკუნეში ვითარდება. დედამთილის - ფეფენას როლს ვასრულებდი, რძლის მარინას როლში კი ჩემი ჯგუფელი და მეგობარი - ცისანა ქოთილაიძე იყო. სპექტაკლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, დედამთილი რძალს სცემდა. მაშინ 19-20 წლის ვიყავი და დედამთილის როლს ვასრულებდი, რომელსაც რძალი უნდა ეცემა, რაც ძალიან სასაცილო იყო: ცისანა მეუბნებოდა, აღარ შემიძლიაო, რადგან რეპეტიციებს გავდიოდით და ყოველდღე ვცემდი (იცინის). ნაირას ეპიზოდი რომ წავიკითხე, სულ ვფიქრობდი, - აი, ფეფენას როლი ხომ ნათამაშები მაქვს-მეთქი?..

- ამ შემთხვევაში, სალომე შარვაძე ცემას გადაურჩა...

- კი. "საპონში" სალომეს პერსონაჟის დედის როლსაც ვთამაშობდი. ის სხვა ჟანრის სერიალი იყო...

GzaPress

- მოცემულ სიტუაციაში ნაირასი თუ გესმით? - მესმის, როგორ არა! რაც მოხდა, ეს მართლა ოჯახის ტრაგედიაა. 2 ბიჭი მყავს. დაოჯახებული არც ერთი არ არის. დედის მიერ ისეთი სიტუაციის წარმოდგენა, როგორიც სერიალშია, რთულია: რა თქმა უნდა, დედა შვილს, შვილიშვილს უფრთხილდება. როცა ნაირა რძალს ეუბნება, - სადაც გინდა წადი, მომშორდი, ოღონდ ჩემი შვილი და შვილიშვილი კარგად იყოსო, ეს ცოტათი ეგოისტური მიდგომა მგონია. ქალს ქალურად გავუგებდი. ფაქტია, მომხდარი ოჯახისთვის სერიოზული ტრავმაა. დღეს ისეთი დროა, რომ ახალგაზრდები იმ ადამიანთან ერთად ცხოვრობენ, ვისთანაც უნდათ. მიმაჩნია, რომ ვისთან ცხოვრებაც არ გინდა და მაინც ცხოვრობ, ეს პათოლოგიაა. ვისთანაც გსურს, იცხოვრე, მაგრამ ტყუილი საშინელებაა, მით უმეტეს - სიყვარულსა და ოჯახში. ერთადერთი, ქეთის ამიტომ ვადანაშაულებ, თორემ წავიდეს და რაც უნდა, ის ქნას, ვინ უშლის? "ჩვენ" ნუ მოგვატყუებს - მთავარი ეს არის.

- როგორ ფიქრობთ, ნაირა კარგი დედაა?

- ნაირა მაინც მე-20 საუკუნის ქალია: საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბდა. პედაგოგი გახლავთ. ბედნიერი ქალი არ არის, რადგან მის ქმარს ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა და ამას ითმენდა, ოჯახს უვლიდა, შვილს თვალებში შესციცინებდა, შვილიშვილზე ზრუნავდა და მასზე გიჟდება, ისე უყვარს, მაგრამ ვფიქრობ, მისი ოჯახი მაინც "ძალით გაჩერებულია". ეს გოგოც - ქეთიც "ძალით გაჩერებულის" მსხვერპლი გახლავთ. "მერე რა მოხდა, რომ საყვარელი გყავს? მთავარია, სხვამ არ გაიგოს, ოჯახი არ დაინგრეს", - რძალი ასეთი მოსაზრების მსხვერპლია. წარმოუდგენელია, ქალს ქმარი ძალიან უყვარდეს, უცებ ვიღაც დაინახოს და მას გაეკიდოს. ალბათ, ცოლ-ქმარს შორის რაღაც ბზარი არსებობდა და ასე ამიტომ მოხდა.

- მეორე ნახევრისგან ღალატის ატანას ქალს რა აიძულებს?

- მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: ქალი წინ იყურება, ოჯახის დანგრევა არ უნდა. ფიქრობს, ხალხი რას იტყვისო? თუმცა, ხალხის აზრი დღეს უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის. მაგალითად, ჩემი შვილის თაობა იტყვის, - როგორც მინდა, ისე ვცხოვრობო და ამას მივესალმები. თავისუფალი ადამიანი ვარ. ჩემთვის თავისუფლება ყველაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ქმარიც მყავს და შვილებიც, ურთიერთობებში, ცხოვრებაში თავისუფლება მიყვარს. დოგმებით არასოდეს ვცხოვრობ - ასე მინდა და ვაკეთებ, მაგრამ ზღვარს არ ვცილდები, რა თქმა უნდა. ღალატს რაც შეეხება, ვერავის ვაპატიებ, ვერც პირად ცხოვრებაში და ვერც - საქმეში. ჩემთვის ღალატი მიუღებელია. თუ მიღალატებს, ყველაფერი დასრულებულია. მეგობარია, კოლეგა თუ საქმიანი პარტნიორი, მნიშვნელობა არ აქვს. ღალატს გამართლებას ვერ მოვუძებნი - ვერ ვპატიობ.

- ღალატის გამო ბევრი ადამიანი დაგიკარგავთ?

- ბევრი-მეთქი, ვერ ვიტყვი... უამრავი მეგობარი მყავს, ბევრ ადამიანთან ვურთიერთობ, მაგრამ ასე ვთქვათ, "გათქვეფილი" არ ვარ... არავის ვკარგავ. უბრალოდ, გარკვეულ ეტაპზე ურთიერთობას ვასრულებ - იმ ადამიანს ახლოს აღარ ვუშვებ.

- ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი გქონიათ?

- აპრილში მე და ჩემს მეუღლეს 29 წელი შეგვისრულდება, რაც ერთად ვართ. კრიზისული პერიოდი როგორ არ მქონია? გარკვეული პრობლემების გამო, რამდენიმე წელი მე და ჩემი ქმარი ერთად არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ შორის სიყვარული არ გაქარწყლებულა. რაც დრო გადის, ერთმანეთი უფრო გვიყვარს და უფრო მეტად ვმეგობრობთ. ის ჩემი სხეულის ნაწილი, მეორე ნახევარია. ჩემს შვილებს სულ ვეუბნები, - ასეთი მეგობარი უნდა იპოვოთ, რომ 30 წლის შემდეგაც ერთმანეთს თვალებში შესციცინებდეთ-მეთქი.

- სერიალის კასტინგის ხელმძღვანელი ხართ და ბევრი აღნიშნავს, რომ პერსონაჟებისთვის მსახიობებს ზუსტად არჩევთ. საინტერესოა, ნაირას როლი თავად შეირჩიეთ?

- არა, ასე არ ყოფილა! პირველ სეზონში ამ როლისთვის ერთი ქალბატონი (მსახიობის ვინაობას არ დავასახელებ) შევარჩიე, რომელმაც ერთ სცენაში ითამაშა. ისე მოხდა, რომ სერიალის წარმომადგენლებს რაღაც არ მოეწონათ. იმ სცენაში ნაირას პერსონაჟს დიდი დატვირთვა არ ჰქონია - სამსახიობო თვალსაზრისით, მინიმალური როლი იყო. დრო რომ გავიდა, მითხრეს, - ნაირას როლი შენ უნდა შეასრულოო. - როგორ? ის ქალი თამაშობს, არ მინდა-მეთქი! - ვუპასუხე... მახსოვს, დამირეკეს, - ჩქარა მოდი, ეპიზოდს ვიღებთ, უნდა ითამაშოო! ავნერვიულდი, მაგრამ პატარა ეპიზოდი იყო. სხვათა შორის, სერიალში ნაირა მცირე-მცირე დოზით შემოვიდა. ამის გამო, ხანდახან ვბრაზდებოდი კიდეც, მაგრამ თან მიხაროდა: ხან სეზონში მხოლოდ ერთ სერიაში მქონდა ნათამაშები. როცა სხვა მსახიობები ამბობდნენ, - ვაიმე, ჩვენ აღარ "დაგვწერესო", ვპასუხობდი: - ხომ ხედავთ, მეც აღარ ვარ-მეთქი. ჩვენს სერიალში "ჩაწყობა" არ ხდება (იცინის)...

- თქვენი, როგორც კასტინგის მენეჯერის ყველაზე დიდ აღმოჩენად რომელ მსახიობს მიიჩნევთ, რომელი გეამაყებათ?

- ასეთი ბევრია და ამით ბედნიერი ვარ, მართლა სიამაყის გრძნობა მეუფლება. ვგიჟდები, ისე მიხარია, როცა ჩემი მიყვანილი მსახიობი კარგად თამაშობს. თავის ქებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩვენი სერიალი ნიჭიერი ადამიანებით საკმაოდ დახუნძლულია.

ეთო ყორღანაშვილი