"ბედნიერების ბუჩქი" და გია ჯაჯანაძის უცნაური საახალწლო ტრადიციები - გზაპრესი

"ბედნიერების ბუჩქი" და გია ჯაჯანაძის უცნაური საახალწლო ტრადიციები

თურმე ბავშვობაში იმიტომ უხაროდა, ყველას გახარებულს რომ ხედავდა, თუმცა თავად ვერ იგებდა ზეიმის მიზეზს. არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის ყველა დღე "ახალი წელია", სახლი მუდმივად მორთული აქვს და სულ საახალწლო განწყობით ცხოვრობს. გია ჯაჯანიძე ბავშვობის დროინდელი და დღევანდელი ახალი წლის შესახებ საუბრობს.

პლასტმასის ნაძვის ხე

- ბავშვობის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმ ახალ წელს უკავშირდება, როცა ახლობელმა თავისი გამონაცვალი ნაძვის ხე მოგვცა, ჩვენ არ გვქონდა. პლასტმასის ნაძვის ხეს ალბათ, 5-6 სათამაშო და ფოჩიანი კანფეტები ამშვენებდა. მახსოვს ნაძვის ხის ქვეშ ბამბები დავაწყვე. მქონდა ორად-ორი წვრილი შუშხუნა. ახლა მახსენდება, რა ლამაზი იყო ფერად-ფერადი კანფეტები და ბამბის ქულები, ვითომ ფიფქები. შუშხუნა ავანთე და მინდოდა დამემაგრებინა ნაძვის ხის ქვეშ, როცა ნაპერწკალი ბამბას მოხვდა, აალდა და ვეღარ ჩავაქრე. მერე ცეცხლი ნაძვის ხეს მოედო... მარტო ვიყავი სახლის მეორე სართულზე, ჩემები პირველზე იყვნენ. იმერეთში ხომ მეორე სართულზე იხდიან ქორწილს, ქელეხს და დგამენ ნაძვის ხეს. მოკლედ, იწვის ნაძვის ხე და ისეთი ლამაზია, ხმას არ ვიღებ (იცინის). გაოცებული და გაშტერებული ვუყურებ, ცეცხლი უკვე ფარდას რომ მოეკიდა, აი, მაშინ ვიყვირე. არასოდეს მავიწყდება ის დამწვარი, დაკუტული, გაშავებული რაღაც, რაც პლასტმასის ნაძვის ხისგან დარჩა.

სკოლის ზეიმი - საახალწლოდ სკოლები ზეიმებს აწყობდნენ ხოლმე. იყო ერთი ამბავი, ბავშვები ლექსებს ვსწავლობდით, სხვადასხვა ნომერს ვამზადებდით. მოვიდა ის საღამო და მეც გამოვედი სცენაზე. შუა ლექსის კითხვისას სიტყვები დამავიწყდა... მთელი სკოლა მკარნახობს. გაოცებული ვიყურები, ისინი უკვე ხმამაღლა აგრძელებენ ლექსის კითხვას (იცინის) და გუგუნებს დარბაზი, თავში არაფერი შემდის, ვერაფერს ვამბობ, ლექსის კითხვას ვეღარ ვაგრძელებ და ვდგავარ სცენის კუთხეში ასე შერცხვენილი. მას შემდეგ, ლექსი სათაურით "ახალი წელი მოვიდა, დათოვა მთა და ბარია" არასოდეს მავიწყდება. ამ ყველაფერს ხალისით ვიხსენებ.

GzaPress"დაუვიწყარი ახალი წელი ამერიკაში" - შთამბეჭდავი ახალი წელი ამერიკაში მქონდა, სადაც ჩემს უახლოეს უცხოელ მეგობრებთან დეკემბერში ჩავედი სტუმრად. 15 დღეში ახალი წელი დადგა. ნაძვის ხის ქვეშ დაწყობილი საჩუქრები მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი. ისინი რვანი იყვნენ ოჯახში და ნაძვის ხესთან უამრავი კოლოფი იდო. ჩვენთან ხშირად ცარიელ კოლოფებს ათავსებენ ხოლმე. ახალმა წელმა შემოაბიჯა და საჩუქრების გადაცემის დრო დადგა. ველი მხოლოდ ერთ საჩუქარს. ჯერ ოჯახის უფროსმა გადმომცა კოლოფი, მერე მისმა შვილმა და ა.შ. ყველამ სათითაოდ მომილოცა ახალი წელი და დამასაჩუქრა. ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, ამ ქვეყანაზე არ ვიყავი. სხვათა შორის, ამ ფაქტის შესახებ ვიდეოს იღებდნენ, რომელიც სამწუხაროდ, დავკარგე. ამდენი საჩუქარი მივიღე და მე არაფერი მქონდა ისეთი, რომ მათთვის გადამეცა. გამახსენდა, რომ თბილისიდან მწვანე ძაფი წავიღე. ავიღე ეს ძაფი და ყველას მაჯაზე შევაბი. არ ვიცი, რეალურად გაუხარდათ თუ არა, მაგრამ თავის მხრივ დიდი სიხარული გამოხატეს. საჩუქრების სიუხვის გამო არ ვამბობ, ის ახალი წელი არასოდეს დამავიწყდება ჩემი მეგობრების მხრიდან ასეთი გულთბილი დამოკიდებულების გამო.

მხიარული და ბედნიერი ადამიანი - მეკვლედ ყველგან დავდივარ, რადგან "სასწაული ფეხი" მაქვს, ხალხი ასე ამბობს. ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, მეკვლედ მხიარული და ბედნიერი ადამიანი უნდა მოიყვანო, რომ სიხარული და ბედნიერება დაგებედოსო. ჰოდა, ამიტომ მხიარული, ბედნიერი და სულ კარგ ხასიათზე მყოფი ვარ. მეკვლედ ვისთან უნდა მივიდე, ჩამოწერილი არა მაქვს, მაგრამ იმდენად გათამამებული ვარ, ოჯახებს თავად ვირჩევ, მივდივარ და ბედნიერებას ვანიჭებ.

პირველ კლასში ვსწავლობდი, როცა ბებიას ვუთხარი, თოვლის ბაბუას წერილს სწერენ ჩემი კლასელები და მეც მივწერ-მეთქი. წერილი არა, ის, თოვლის ბაბუა არ არსებობსო, - ასე პირდაპირ მითხრა ბებიამ და რეალობა დამანახვა.

თოვლი - ზამთარში უნდა მციოდეს, თოვლი იქნება თუ არა, ეს არ მაწუხებს. სახლს არ ვათბობ ზამთარში, ოღონდ კი არ ვიყინები, თბილად მაცვია. ჩემი ოჯახის წევრებს თავის ოთახებში გათბობა ჩართული აქვთ. ჩემს საძინებელსა და კაბინეტში სულ ღია მაქვს ფანჯრები, სითბო არ მიყვარს. ეს დრო იმიტომ არსებობს, რომ უნდა ციოდეს.

ერთხელ დილის 7 საათზე, ტელეფონი რეკავს. მე რომ გვიანობამდე მძინავს, ეს ყველამ იცის. ყურმილი შეშფოთებულმა ავიღე. უახლოესი მეგობარი, ლიკა კერატიშვილი მირეკავს: ჯეჯილი (ასე მხოლოდ ის მომმართავს), პირველ თოვლს გილოცავ, ნახე, რა ლამაზიაო! გავლანძღე, - ამისთვის გამაღვიძე-მეთქი? (იცინის). თუმცა მან იცის ჩემი ხასიათი, სიყვარულით გავუბრაზდი. თოვლი ბავშვობაში მიყვარდა. როცა კარგად ბარდნიდა, დავდიოდი თოვლში და მისი ჭრაჭუნის ხმა მომწონდა. სოფელში ეს ყველაფერი უფრო პოეტურია და განწყობაც ამაღლებულია. ფიფქებს უყურებ და თითქოს ასტრალში გადიხარ, არ იცი, რა ხდება და რატომ...

"დედა, სუპი გამიკეთე" - ჩემი საახალწლო ბედნიერება ასეთია: სპორტული ტანსაცმელი მაცვია, დივანზე მოკალათებული ვარ, გვერდით მიდევს დიდი ლანგარი, რომელიც სავსეა ჩემი მოხალული მზესუმზირით და ტელევიზორს ვუყურებ. არ მიყვარს რია-რია. შვილები და შვილიშვილები მიყვარს, მაგრამ ვეუბნები: არ მოხვიდეთ ახალ წელს და არ მომილოცოთ-მეთქი. საჩუქრებს იქით ვუგზავნი. ახალ წელს ყველა ზეიმობს, მიდის ჭამა, სმა და ერთ ამბავში არიან, მაგრამ მე ასე ვისვენებ და ნეტარებაში ვარ. დედაჩემი ყველაფერს აკეთებს, რაც საახალწლო სუფრას შეეფერება და ერთი მაგიდა გაწყობილი გვაქვს, თუმცა მას არ ვეკარები. შემიძლია დედას ვუთხრა: მოდი რა, სუპი გამიკეთე და ახალ წელს დიდი სიამოვნებით მივირთმევ წვნიანს. გურმანი არა ვარ, თან ვეგეტარიანელი გახლავართ, ამიტომ გოჭი, ინდაური და მსგავსი რამ არ მაინტერესებს...

"ჩემი ტრადიციები..." - ახალ წელს ცოტა უცნაურად შევხვდი. ასი ყვითელი გოგრა მოვიტანე და მთელი ეზო მოვრთე. ახალ წელთან დაკავშირებით ჩემი ტრადიციები მაქვს. სასტუმრო ოთახში დიდი თასია, სადაც ვყრი ყველა მცენარის თესლს, რაც კი არსებობს. ესენია: ქინძი, ნიახური, სტაფილო, ჭარხალი, ქონდარი, ოხრახუში, რეჰანი, შაშკვლავი, ცერეცო, კამა, ზაფრანა, გოგრისა და ხორბლის მარცვლები... ამ ყველაფერს, 50-50 გრამს ვყიდულობ და მოზრდილ თასში ერთად ვურევ. ეს არის ხვავის, ბარაქის, ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების მოსაზიდად. თასი მაგიდაზე დგას მთელი იანვრის მანძილზე. თებერვლის დასაწყისში ამოვთხრი პატარა ორმოს და ჩავყრი ამ მასას. შარშან პირველად გავაკეთე ეს და ისეთი ულამაზესი ბუჩქი ამოვიდა, რომ ბედნიერება დავარქვი. წელსაც ასე მოვიქცევი (იღიმის).

"ყველაფრის მჯერა..." - რჩევას არ ვიძლევი, უბრალოდ ვამბობ, რომ აგრესია ადამიანებში განუკურნებელ დაავადებებს იწვევს. როცა ვინმეს აგინებ და ლანძღავ, ეს შენში რჩება. თუ ადამიანს უნდა იყოს წარმატებული, აგრესია მოიშოროს. სისუფთავე და ტალახი ერთდროულად არ არსებობს - ეს ყველამ გაიაზროს. ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, კენჭი რომ აიღოს და თქვას, ეს მომიტანს ბედნიერებასო, ის კენჭი მართლაც მოუტანს ბედნიერებას. აქედან გამომდინარე, ყველაფრის მჯერა. მაგრამ აი, როგორც ყველაფრის მჯერა, ისე არაფრის არ მჯერა (იცინის)...

ნანული ზოტიკიშვილი