WORLD RISING STAR 2019 დაჯილდოების ცერემონიალი - გზაპრესი

WORLD RISING STAR 2019 დაჯილდოების ცერემონიალი

ახლახან თბილისში, სამოდელო სააგენტო "კატრინის" ორგანიზებით დაჯილდოების ცერემონიალი - ჭორლდ ღისინგ შტარ 2019 გაიმართა. დედაქალაქს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150 სტუმარი ეწვია, მათ შორის 50 - World Rising Star-ის მონაწილე გახლდათ, დანარჩენი კი - დელეგაციის, ჟიურის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი სახეები...

პროექტის ორგანიზატორი სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი - ეკატერინე მგალობლიშვილი გახლავთ. როგორც თავად ამბობს, ის მხოლოდ სილამაზეს და მოდას კი არა, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და საქართველოს კულტურის, ისტორიის სხვა ქვეყნებისთვის გაცნობასაც ემსახურება.

პროექტის შესაბამისად, გაიმართა ნაციონალური სამოსის ტური, ინტერვიუ ჟიურისთან, მეგობრობის საღამო, "ფეშენ შოუ".

GzaPress "ფეშენ შოუში" სხვადასხვა ქვეყნის 12 დიზაინერი მონაწილეობდა, მათ შორის - რა თქმა უნდა, ქართველებიც: თეო თავდგირიძე (რომელიც ბათუმში საქმიანობს), ლუკა თიგიშვილი, ტატანა, "დრეს კოდი", "ანასტასია & მარიამი" (ქალბატონმა ეკამ გადაწყვიტა, დამწყები დიზაინერებისთვის ხელი შეეწყო).... "ფეშენ შოუ" ფატუნა ბუშიჰედის საბავშვო კოლექციის ჩვენებით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფატუნას პერსონალური ჩვენება წინათ არასოდეს გაუმართავს, თუმცა პარიზისა თუ ნიუ-იორკის მოდის კვირეულებში მონაწილეობს ხოლმე... ასევე, Worls Rising Star-ის ფარგლებში, "ფეშენ შოუში" რუმინული ბრენდი - Two Kids მონაწილეობდა. ამჟამად, ბრენდი ლონდონის მოდის კვირეულზეა მიწვეული. თავად Two Kids-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ლონდონში, რუმინელ ბავშვებთან ერთად, "ფეშენ ვიკში" მონაწილეობისათვის პატარა ქართველი მოდელები - ანასტასია ბაკურაძე და მარიამ ბერძენიშვილიც წაიყვანონ. World Rising Star-ის მონაწილეები თბილისის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ და მათ სამახსოვრო სუვენირები გადასცეს. სამახსოვრო საჩუქრები საკრებულოს წევრებისგანაც მიიღეს.

ასევე, პროექტის ფარგლებში, მცირე ქველმოქმედებაც განხორციელდა: შემოწირულობის სახით მიღებული 321 ლარი პატარა ნიკუშას გადაურიცხეს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

უცხოელი სტუმრები ეწვივნენ მცხეთას, დაათვალიერეს თბილისი. აღფრთოვანდნენ თბილისის ქუჩების საახალწლო მორთულობით. ბევრი მათგანი აღნიშნავდა, - ჩვენი ქალაქი ისეთი ლამაზი არ არის, როგორიც თქვენიაო... პროექტი დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

GzaPress ეკატერინე მგალობლიშვილი: - მხოლოდ მონაწილეები არ დამიჯილდოებია. იმ ადამიანებს, ვინც მთელი წლის განმავლობაში ჩვენი პროექტის განვითარებაში თუნდაც მცირე წვლილი შეიტანეს (სიმღერით, ცეკვით, პროექტის პოპულარიზაციით), მადლობის სიგელი გადავეცით. მინდა, ჟურნალ "გზას" მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო. ჟურნალი "გზა" ძალიან რეიტინგულია და უკვე მთელი მსოფლიო იცნობს: უცხოელები ყოველთვის სურვილს გამოთქვამენ, რომ ჟურნალი დიდი რაოდენობით შევიძინო, რათა მათაც შეხვდეთ... სიახლე ის გახლავთ, რომ გუშინ ალბანეთის სილამაზის და სამოდელო კონკურსების ნაციონალური დირექტორი - ალბანა ჩახშირი დამიკავშირდა, რომელიც პარალელურად, თავის ქვეყანაში ცნობილი ჟურნალისტი გახლავთ. ის ალბანეთის დედაქალაქის - ტირანას მერს ესაუბრა. მათ დიდი სურვილი აქვთ, რომ თბილისი და ტირანა დამეგობრდნენ. ამ ინფორმაციას ბატონ კახა კალაძეს აუცილებლად გავაცნობ.

ამჟამად, სამოდელო სააგენტო "კატრინი" ახალი გეგმების განხორციელებისთვის ემზადება: მალე პორტუგალიაში Best Global Model Of The World გაიმართება, სადაც შარშან 40 ქვეყნის წარმომადგენელს შორის, მარია მამუჩაშვილმა გაიმარჯვა, წელს კი საქართველოს ნინო გველესიანი და გოგა ჯიქია წარადგენენ, გლაზგოში კი სამოდელო კონკურსი - "პატარა მის და მისტერ გალაქსი" ჩატარდება, სადაც საქართველოდან ნურალ მუსაევი გაემგზავრება, ხოლო Future Fashion Face World-ზე საქართველოს ანასტასია ორდენიძე და მარიამ აბაზაძე წარადგენენ.

ეთო ყორღანაშვილი