ვის გამო სურს ანდრია გველესიანს წარსულში დაბრუნება - გზაპრესი

ვის გამო სურს ანდრია გველესიანს წარსულში დაბრუნება

მსახიობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი თვისება კარგი მახსოვრობაა, რასაც ანდრია გველესიანი არ უჩივის. უხერხულ სიტუაციაში მხოლოდ ადამიანების სახელებთან დაკავშირებით ვარდება, თუმცა, როგორც ამბობს, კარგი ვიზუალური მახსოვრობა აქვს, რაც დიდწილად სტაბილურ სამსახიობო პრაქტიკაზეცაა დამოკიდებული. რამდენიმე წელია მას ახმეტელის თეატრში ერთი სპექტაკლიდან მეორეზე გადართვა და სისტემატურად ახალ-ახალ როლზე მუშაობა უწევს. ვფიქრობ, ანდრიას "შთაბეჭდილებების ტესტში" ბევრი საინტერესო დეტალის აღმოჩენაა შესაძლებელი.

- შენს შთაბეჭდილებებზე საუბარი ბაღის პერიოდიდან დავიწყოთ...

- ბევრს უკვირს, რომ იმ წლებიდან ბევრი დეტალი მახსოვს. შეიძლება ფოტოებიდან ხდება რაღაცების აღდგენა, მაგრამ ფაქტია, ასეა. მახსოვს პირველი შეყვარებული ბაღში, მთელ ჯგუფს ერთი გოგო უყვარდა და მას - მხოლოდ მე (იღიმის). უზრდელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ცელქი, მოუსვენარი ვიყავი და დღემდე შემომრჩა ეს ენერგიულობა. მასწავლებლებიც მახსოვს, რადგან ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ყურებს მახევდნენ ხოლმე (იღიმის). ამას წინათ ვნახე იმ ალბომის ფოტოები, ბაღს რომ ამთავრებ, პორტრეტს რომ გიღებდნენ და მეორეზე მთელი ჯგუფი ერთად რომაა აღბეჭდილი. პორტრეტზე სერიოზული სახე მაქვს, მეორეზეც ასეა - ცენტრში ვდგავარ და ივან გროზნის მზერით ვარ (იღიმის). ძალიან ბევრი ნათელი მოგონება მაქვს იმ პერიოდიდან და ყველაფერი კარგად მახსენდება. ბაღიდან მოყოლებული ხელოვნებასთან სიახლოვე სულ მქონდა, სკოლაშიც სულ ვმღეროდი და ყველა დადგმაში მთავარი როლი მქონდა.

- შეგიძლია შენი ბავშვობის ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება გაიხსენო?

- ალბათ ასეთი მოგონება ყოველთვის ვინმეს გარდაცვალებას უკავშირდება. ბაბუაჩემთანაა დაკავშირებული ჩემი როგორც ყველაზე ნათელი, ასევე ყველაზე მძიმე მოგონება. ის პირველ იანვარს გარდაიცვალა და ამ დღეს უკავშირდება ბავშვობის ყველაზე ცუდი მოგონება. ბებია-ბაბუამ გამზარდა და ბაბუა ჩემთვის მამასავით იყო. ერთად დროს დიდ სიამტკბილობაში ვატარებდით. სანადიროდ მივყავდი, მანქანის საჭესთან მსვამდა, გიტარაზე დაკვრას მასწავლიდა, სკოლაში ხან რას მატანდა და ხან - რას... სულ ვამბობ, დროის მანქანა რომ მქონდეს, აუცილებლად დავბრუნდებოდი იმ დროში, რომ მასთან მეტი ურთიერთობის საშუალება მქონოდა.

- დაასრულე ფრაზა: "ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება"...

- გამიჭირდება გამორჩევა, რადგან ასეთი ძალიან ბევრია. ვერც იმას ვიტყვი, რომ თავის დროზე ესა თუ ის ვარსკვლავი რომ გავიცანი, მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა-მეთქი. არა იმიტომ, რომ ასე არ ყოფილა, უბრალოდ ადამიანები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება, არიან ის ჩვეულებრივი პიროვნებები, ვინც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში მხვდებოდნენ. მაგალითად, სკოლაში რომ დავდიოდი, 51-ე სკოლის წინ გადასასვლელში იჯდა ერთი ბიჭი, რომელიც დოლზე უკრავდა. მას რამდენიმე წელი ვხედავდი. დღეს ვეღარ ვნახულობ, მაგრამ ის და მისი დოლზე დაკვრა ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი "კადრი" იყო. მახსოვს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ვერაზე იდგა და მოწყალებას ითხოვდა. მაშინ ბაბუა ახალი გარდაცვლილი იყო და როცა დავინახე, ფიზიკურად ძალიან მივამსგავსე. შეიძლება არც ჰგავდა, უბრალოდ ასე, ჩემს წარმოსახვაში მოხდა. ზამთარი იყო, ციოდა და სახლიდან ხელთათმანი წავუღე. ასეთი ადამიანები დროთა განმავლობაში შეიძლება ვეღარ ნახო, მაგრამ გრძნობ, რომ თვალში გაკლდებიან. კიდევ ერთ ქალბატონს გავიხსენებ: ბავშვობაში რუსულის მასწავლებელი მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარდა. სახლში მოდიოდა და მამეცადინებდა. ახლა არ ვიცი, ცოცხალია თუ არა, მაგრამ მასზეც ხშირად ვფიქრობ. ვინც დროდადრო გახსენდება, - ნეტა სად არის, რას შვრება, ნეტა კიდევ შემხვდეს, ალბათ სწორედ ასეთი ადამიანები არიან ისინი, ვინც ჩემზე მოახდინეს შთაბეჭდილება და ლოგიკურად, სწორედ ასეთ ადამიანებზე შემიძლება იმ ფრაზის თქმა: "ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება" ...

GzaPress- ემოციებისა და შთაბეჭდილებების სხვებისთვის გაზიარება გახასიათებს თუ გულჩათხრობილ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნები?

- ძალიან გულღია ვარ, ალბათ ზოგჯერ ბევრსაც ვლაპარაკობ. ბავშვობაშიც ასე ვიყავი და დღესაც, თუმცა შუალედის პოვნა მიჭირს: ან ძალიან გახსნილი ვარ, ან პირიქით, შეიძლება სიტყვა ვერ დამაცდენინო. ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირს. ვცდილობ ვიყო უშუალო, მაგრამ არის რიგი საკითხები, რომელზეც შანსი არ არის, ვინმესთან რამე ვთქვა. არც ჩემი პრობლემების თავზე მოხვევა მიყვარს ვინმესთვის და ვთვლი, რომ ეს კარგი თვისებაა.

- გადავინაცვლოთ წიგნებიდან მიღებულ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე. ამ თვალსაზრისით, რომელ ნაწარმოებებს გამოარჩევ?

- ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი, რასაც სამწუხაროდ, დღეს ვეღარ ვახერხებ და ეს მწყინს. მიუხედავად იმისა, რომ მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, სკოლიდან "შატალოზე" რომ ვიპარებოდით, ხშირ შემთხვევაში მე და ჩემი ძმაკაცი ბიბლიოთეკაში მივდიოდით.

- ცოტა დაუჯერებელია, "შატალოზე" ბიბლიოთეკაში...

- ასე იყო. იმ პერიოდში ასტრონომიით ვიყავით გატაცებული, უცხოპლანეტელების არსებობისაც მჯეროდა, 8-ტომეული გადავიკითხეთ და კარგად ვიცოდი, რომელ პლანეტაზე რა ატმოსფერო იყო და სხვა უამრავი დეტალი. ჩანაწერებსაც ვაკეთებდი და იმ "პატარა მეცნიერის" ჩანაწერებს დღეს რომ გადავხედე, გამეღიმა. გარდა ამისა, მხატვრული ნაწარმოებებიდან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჟიულ ვერნის "საიდუმლო კუნძულმა". ეს პირველი ნაწარმოები იყო, რაც მისი რვატომეულიდან წავიკითხე. ხატვა მიყვარდა და მახსოვს, გაკვეთილებზე სულ ამ წიგნის პერსონაჟებს ვხატავდი. თავიდანვე მსახიობობაზე ვფიქრობდი და გონებაში ვანაწილებდი, რომელ პერსონაჟს ვითამაშებდი, ამ წიგნის მიხედვით ფილმი რომ გადაეღოთ. შემდეგში წაკითხული წიგნებიდან კი ერიხ მარია რემარკის "სამი მეგობარი" მახსოვს გამორჩეულად. ჩემთვის მეგობრები ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან და ის ხალხი, ვინც ბავშვობიდან მომყვება. ალბათ სწორედ ამიტომ მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ამ წიგნმა. ბოლო ფურცელს რომ ჩაიკითხავ და იგრძნობ, რომ ნაწარმოების დასრულებამ გული დაგწყვიტა - ეს სწორედ ამ წიგნის დასრულების დროს ვიგრძენი.

- რაც შეეხება ფილმებსა და სპექტაკლებს, აქაც გამოვარჩიოთ შენთვის ყველაზე შთამბეჭდავები...

- ჟან კლოდ ვან დამის ფილმებზე ვარ გაზრდილი, ძალიან მიყვარდა "ბოევიკები" და ბავშვობაში ამ ფილმების გავლენის ქვეშ ვიყავი (იღიმის). რა თქმა უნდა, შემდეგ წლებში ინტერესები შეიცვალა. დღემდე ჩემთვის ნომერი პირველი ფილმია რობერტო ბენინის "ცხოვრება მშვენიერია". აქ ყველა ემოციაა ერთად თავმოყრილი. ეს არის ფილმი, სადაც კომედია და დრამა ანაცვლებს ერთმანეთს, ანუ ისე, რაც რეალურადაა ჩვენი ცხოვრება. როგორც მსახიობი, ძალიან მომწონს უილ სმიტი და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ფილმმა "ბედნიერების კვალდაკვალ". მეც მიყვარს, როცა საიდანმე ვიღებ მოტივაციას და ვფიქრობ, ეს ფილმი ყოველთვის დიდ მოტივაციას აღვიძებს ადამიანებში. რაც შეეხება სპექტაკლებს, ამ შემთხვევაში უფრო ჩანაწერებს დავასახელებ, მაგალითად "კავკასიურ ცარცის წრეს"... ძალიან მომწონს ბრიტანელი კინოსა და თეატრის არტისტები, ამიტომ ბოლო პერიოდში ხშირად ვუყურებ სპექტაკლების ჩანაწერებს ინტერნეტში და ბრიტანულ სამსახიობო ხელოვნებასა და ნიმუშებს სიამოვნებით ვეცნობი.

- შეგიძლია დაასახელო ქალაქი ან ქვეყანა, რომელმაც შთაბეჭდილებებით აგავსო?

- ადრე მიყვარდა ჩანაწერების კეთება და სულ ვწერდი. მეგობარმა მაჩუქა ამერიკისდროშიანი ბლოკნოტი, სადაც ერთ-ერთ გვერდზე მეწერა "გზა ჰოლივუდისკენ". ქვეცნობიერად ალბათ ყოველთვის ამერიკისკენ მივილტვოდი, თუმცა, ბოლო პერიოდში ბევრ ადგილას მომიწია ყოფნამ და ბევრი შთამბეჭდავი ადგილის დასახელებაა შესაძლებელი. მაგალითად, მე და ჩემი მეუღლე მაიკო მალდივებზე ვიყავით და თავი ნახატში გვეგონა. ბევრ ულამაზეს ადგილას ვარ ნამყოფი, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე რომმა მოახდინა. იქ 4 დღე გავატარე. რომი არის ერთი დიდი მუზეუმი, მაგრამ ამავდროულად, ძალიან უბრალო. ზოგადად, იტალიას აქვს ეს მუხტი. რომსა და მილანში ვარ ნამყოფი, მაგრამ სიამოვნებით მოვაწყობდი ტურს იტალიის სხვა ქალაქებშიც და მგონია, რომ ისინიც ასევე შთაბეჭდილებებით ამავსებდა.

- ყველანი რომ შთაბეჭდილებების წიგნებს ვწერდეთ, ვის ნაწერებს გაეცნობოდი დიდი ინტერესით? შეგიძლია ასეთი ადამიანები ყველა ეპოქიდან დაასახელო.

- რომ ვიცოდე, ყველა ადამიანი წერდა?! (ფიქრობს) ამ შემთხვევაშიც ბაბუას დავასახელებ. ჩვენ ბევრი რამ ვერ მოვასწარით, თან ადამიანი თავად რომ წერს საკუთარ ბიოგრაფიას, ამბებს და შთაბეჭდილებებს, ეს ბევრად საინტერესოა. შემდეგ აუცილებლად გადავიღებდი მასზე ფილმს, რადგან ყველასგან ვიცი, რომ ის ლეგენდარული პიროვნება იყო და დარწმუნებული ვარ, ფილმიც საინტერესო გამოვიდოდა...

- დაბოლოს, ანდრია, რას შეგიძლია უწოდო შენი ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი?

- არ მინდა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი ჩემი მეუღლე და ის სიყვარულია, რომელიც ახლა მაქვს. ყველაზე მეტად ყოველთვის ასეთ სიყვარულს ვნატრობდი და ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარიც სწორედ ესაა.

ანა კალანდაძე