"ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი, რაც უნდა ტაშით დანგრეულიყო დარბაზი" - გზაპრესი

"ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი, რაც უნდა ტაშით დანგრეულიყო დარბაზი"

საუკუნის მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე თბილისში, ნაძალადევში იზრდებოდა. მის უბანში სუხიშვილების ანსამბლის არაერთი უბრწყინვალესი მოცეკვავე ცხოვრობდა და ისიც თითქმის ყველას იცნობდა. ყოფილი მოცეკვავე და შემდეგ მეღვინე მიშა მაისურაძე მისი მეზობელი იყო, რომლის დასთანაც პატარა ფრიდონი ფრანგულში მეცადინეობდა. თუმცა, როგორც იხსენებს, ფრანგულს ნაკლებად უგდებდა ყურს, უფრო კედელზე გამოფენილ მიშას სურათებს ათვალიერებდა და "ვეფხისტყაოსნის" გმირს - ტარიელს ამსგავსებდა. ჩოხასა და ყაბალახში გამოწყობილი ლამაზი მოცეკვავის ფოტოები ძალიან მოსწონდა და ფიქრობდა, ასეთი არასდროს ვიქნებიო, მაგრამ გულში მაინც ნატრობდა მოცეკვავის კარიერაზე.

- პლეხანოვის კლუბში დავდიოდი ცეკვის წრეზე, სადაც ძალიან ცნობილი პედაგოგი, ჩვენი უბნელი მიშა ბახტაძე მოღვაწეობდა. ის მთავარი ქორეოგრაფი და ქალაქში განთქმული კაცი იყო. მთელი თბილისი ააცეკვა. სულ პატარა ვიყავი, როცა დედამ რამდენიმე მოძრაობა და მათ შორის, გასმა მასწავლა. ამ ცოდნით მივედი წრეზე. მაშინ არ იყო ბევრი ილეთი, მერე განავითარეს მოცეკვავეებმა. დედაჩემი ნადია ჟვანია ძალიან ლამაზად ცეკვავდა, არაჩვეულებრივი ტანი ჰქონდა. ის იყო აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოდან, სადაც ჯარიანობა (ხატობის დროს ხალხის თავშეყრა და გართობა) იმართებოდა და მაშინ ისწავლა ცეკვა. პროფესიონალი არასდროს ყოფილა, მაგრამ საოცრად ცეკვავდა. დედისგან ისეთი ურთულესი გასმა ვისწავლე, ახლაც რომ ვაჩვენო მოცეკვავეებს, ყველა ვერ გაიმეორებს.

GzaPress

- თქვენი პირველი მასწავლებელი მიშა ბახტაძე ყოფილა. - არა, მასთან იმდენი ბავშვი მოდიოდა, რომ კლუბში ცეკვის რამდენიმე პედაგოგი მუშაობდა. ერთ-ერთი მათგანი, ვასო მამრიკაშვილი მასწავლიდა. არ ვიცი, მე ვიყავი უნიჭო თუ ის კაცი (იცინის), ცეკვებში არ მაყენებდა. ჩოხა მიხდებოდა და მხოლოდ "პარადებზე" დავყავდი. უფრო დავინტერესდი, რატომ არ მაცეკვებდა, რას ვერ ვაკეთებდი? პედაგოგს კი არა, საკუთარ თავს ვაბრალებდი. მერე როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ვასო მამრიკაშვილი არც დიდი პედაგოგი იყო და არც დიდი ქორეოგრაფი, ასე რომ, გული არ დამწყვეტია.

- კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში რომ სწავლობდით, ამბობენ, სარეპეტიციო დარბაზის ერთ კუთხეში მისი გასმებისგან იატაკი გაცვდაო.

- ეგრე იყო, ერთი ადგილი მქონდა ამორჩეული ვარჯიშისთვის. სასწავლებლის ქორეოგრაფიულ განყოფილებაზე ვსწავლობდი, სადაც დამხვდა ავთანდილ თათარაძე, მისი მსგავსი პედაგოგი საქართველოში არ მეგულება. გნებავთ, სპეციალისტებს ჰკითხეთ, ეგეთი არავინ იყო და არც ახლა არის. ის ძლიერი იყო თეორიაშიც და პრაქტიკაშიც. თავად არაჩვეულებრივი ხასიათის მოცეკვავე გარეგნობითაც გამოირჩეოდა. მაღალი იყო და ხელს რომ გაშლიდა, დიდებული სანახავი გახლდათ. ყველა მოძრაობას უზუსტესად ასრულებდა. შესანიშნავმა ფოლკლორისტმა არაჩვეულებრივად იცოდა ყველა კუთხის ცეკვა და მშვენიერი წიგნები დაგვიტოვა. მოკლედ, ფასდაუდებელი სპეციალისტი და დიდოსტატი იყო. მან ჩამომაყალიბა პროფესიონალად. სხვათა შორის, ტექნიკუმში სწავლისას მიბაძვის დიდი უნარი მქონდა - როგორც ის გაივლიდა, მეც ისე გავივლიდი, რა ილეთსაც გააკეთებდა, შემეძლო გამემეორებინა. დაინახა, რომ ძალიან მონდომებული ვარ. იმდენს ვვარჯიშობდი, რომ სახლში მაგდებდნენ, წადიო. ეს იყო შრომა, შრომა და კიდევ შრომა.

- ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ფილარმონიის სოლისტი გახდით და პირველი პარტნიორი ცეკვა "ქართულში" ლატავრა ფოჩიანი იყო.

- სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორი დიდებული, მცოდნე პიროვნება გუგული ყიფიანი შეყვარებული იყო ჩემს ცეკვაზე. ასე წავიდა და აეწყო ჩემი საქმე. მერე "გოსკონცერტის" სოლისტები გავხდით მე და ლატავრა. ჩვენი დუეტი მოსკოვიდან დადიოდა უცხოეთში და ბევრი ქვეყანა მოვიარეთ. ამის შემდეგ პირდაპირ ილიკო სუხიშვილთან მივედი და ანსამბლში 15 წელი ვიყავი. ცეკვა "ქართული" ბევრ გოგოსთან მიცეკვია, მაგრამ ძირითადი პარტნიორები, უძლიერესი მოცეკვავეები ლატავრა ფოჩიანი და იამზე დოლაბერიძე იყვნენ. ორივესთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ლატავრა ძალიან დახვეწილი და განათლებული ქალბატონი, ჩემზე უფროსი იყო. ის ჩემგან ისეთივე მოქცევას ითხოვდა, როგორიც თავად ცეკვაშია. თუ მაგალითად, ცოტა თავისუფლად დავჯდებოდი, შენიშვნას მომცემდა და მეც ვიღებდი მის შენიშვნას. ცეკვა "ქართულის" მსგავსს კავკასიაში ვერ მოძებნით, ეს არის გენიოსის შექმნილი ცეკვა თავისი შინაარსით. რამდენი ახალი ცეკვა დადგეს ან განაახლეს ქორეოგრაფებმა, მაგრამ ამ კლასიკურ ნაწარმოებს ხელი ვერ ახლეს და ვერც ახლებენ. ის არის უცხოეთში ჩვენი სავიზიტო ბარათი. მას ტაშს უკრავდნენ მსოფლიოს უდიდეს სცენებზე და ცეკვის ყველა ნიუანსს გრძნობდნენ.

- გამორჩეულია თქვენი "კინტაურიც".

GzaPress- კინტოებს ყარაჩოხელების "შესტიორკებს" ეძახდნენ (ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმაზე, მაგრამ ისინიც მოქალაქეები იყვნენ). დღეს კინტოებს აგინებენ. ამბობენ, იმნაირები "იყვნენო". ახლა არ არიან ჩვენს საზოგადოებაში "იმნაირები"? "კინტაური" ზოგს "შალახო" ჰგონია, ასე არაა. "შალახო" სომხურია, "კინტაური" კი არის მე-19 საუკუნეში, თბილისში შექმნილი ქალაქური ცეკვა. იგი ჩამოაყალიბა და შესანიშნავად დადგა ჯანო ბაგრატიონმა. სამწუხაროდ, დღეს ამ ცეკვის შემსრულებლები აღარ არიან. მეუბნებოდნენ, შენ კინტაურს კი არა, უფრო ყარაჩოხულს ცეკვავო, რაზეც ვპასუხობდი: კინტოებშიც იყვნენ მაგარი ბიჭები, აბა, ყველა დედალი ხომ არ იქნებოდა-მეთქი? - ხშირად იყავით თქვენი ცეკვით კმაყოფილი?

- ერთ ადგილას არასდროს გავჩერებულვარ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ აღმენიშნოს - დღეს საუკეთესოდ ვიცეკვე-მეთქი. ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი, რაც უნდა ტაშით დანგრეულიყო დარბაზი და ამას გულწრფელად გეუბნებით.

- არც ლა სკალაში, ანსამბლის ტრიუმფით გამოსვლის დროს არ იყავით კმაყოფილი?

- ლა სკალაში რომ გამოვედი, სიამაყის გრძნობა როგორ არ მქონდა, მსოფლიოს პირველი თეატრია, მაგრამ ცეკვა "ქართული" ისეთია, არ არსებობს, ბოლომდე ამოწურო. ამაზე ვწერ კიდეც ჩემს წიგნში, რომელიც მალე გამოვა. ასეა, ურთულესი ცეკვაა და საოცარი შრომა სჭირდება, ახალგაზრდებს კი ეზარებათ შრომა.

- უამრავი გასტროლიდან რომელიმე გაიხსენეთ.

- ესეც დიდი შრომა იყო. ორთვე-ნახევარი ან სამთვე-ნახევარი რომ გაქვს გასტროლი, გადადიხარ ქალაქიდან ქალაქში და მთლიანად 140 კონცერტს (ზოგჯერ ცოტა ნაკლებს) ჩაატარებ, ამას საოცარი ძალისხმევა სჭირდება. აბა, რომელი ანსამბლი ატარებდა ამ რაოდენობის კონცერტს? სხვათა შორის, ლა სკალას კარი სხვა არც ერთი ფოლკლორული ანსამბლისთვის არ გაუღია. ხოლო ჩვენი გამოსვლის მერე, თეატრის ფარდა 14-ჯერ გაიხსნა. ზუსტად ასეთი წარმატება მხოლოდ ერთხელ მომხდარა, როცა ფრანკო კორელი მღეროდა ამ სცენაზე. რამდენიმეტონიანი ფარდის გახსნა-დახურვაში ნაციონალურ ფორმაში გამოწყობილი ადამიანებიც მონაწილეობდნენ (დენი, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ დამატებით ხალხი გახლდათ საჭირო). ისინი ისე დაიღალნენ, თავიდან პარიკები მოსძვრათ. ჩვენი კონცერტი ხალხის მოთხოვნით კიდევ ერთხელ გავიმეორეთ.

- ნინო და ილიკო - რა შეგიძლიათ გვითხრათ მათზე?..

- ამდენი ხანია ხელოვნებაში ვარ და მათი მსგავსი ხელმძღვანელები არ მინახავს, უძლიერეს და არაჩვეულებრივ ადამიანებს გასაოცარი დუეტი ჰქონდათ. ბატონი ილიკო ვაჟკაცური კაცი, იუმორით სავსე იყო, სიცილი უყვარდა. ქალბატონ ნინოსაც ჰქონდა იუმორი, თუმცა იშვიათად. ისეთი მომთხოვნი იყო, რეპეტიციებზე ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. საოცარი დისციპლინა გვქონდა. ან როგორ ატარებდა რეპეტიციას - 5 საათი ჰაერში ვეკიდეთ. ხანდახან ილიკოს შევეცოდებოდით და ეტყოდა, - გაუშვი, მოკვდნენო, ეს კი არ გვეშვებოდა (იცინის). ამიტომაც იყო დიდებული ანსამბლი. ნინო და ილიკო იყვნენ პლუსი და მინუსი, ერთი რომ გიჯავრდებოდა, მეორე გეფერებოდა. ერთხელ ბატონ ილიკოს ვუთხარი, უნდა წავიდე-მეთქი. - შვილო, რატომ მიდიხარო? - ძალიან დავიღალე-მეთქი. - წადი ახლა, რამდენ ხანსაც გინდა, დაისვენე და მერე მოდი, შენ არსად წამსვლელი არა ხარო (იცინის). მოცეკვავე თემურ მგალობლიშვილმა იცით, რა გააკეთა? დასავლეთ საქართველოში კონცერტები გვქონდა. ზაფხულია, გაგანია სიცხე. ერთი კონცერტი დამთავრდა და მალე მეორე უნდა დავიწყოთ. უცებ გაიძრო ყველაფერი, დაყარა და წავიდა, კაცი გაგიჟდა. თემური მერე ლექციებს კითხულობდა პუშკინის ინსტიტუტში. მოცეკვავე ჯერ მარტო კოსტიუმების გამოცვლით დაიღლება, ამისთვის ძალიან პატარა პაუზები გვქონდა. გარდა ამისა, უამრავი წვრილმანია. მაგალითად, ერთ ადგილზე დავდე ხანჯალი, მიდის კონცერტი და ვიღაცამ ეს ხანჯალი იქით გადადო, მორჩა... იმ ცეკვაში დამაგვიანდა. სუხიშვილებმა შეუძლებელი შეძლეს. მე ასე ვიტყვი - ეს იყო მოვლენა და საოცრება. სასიხარულოა, რომ მათი შვილიშვილები ტრადიციას აგრძელებენ და ანსამბლი ჩვეულ ფორმაშია. ისინი კვლავ აოცებენ მსოფლიოს.

- მოცეკვავეების ახალ თაობაზე რას იტყვით?

- საოცარი ახალგაზრდები გვყავს, დაფრინავენ კიდეც და ლურსმანსაც იღებენ იატაკიდან. დღეს როგორც დიდების, ასევე პატარების უამრავი ანსამბლი არსებობს. რატომღაც მეჩვენება (თუ რამე მესმის), რომ ყველაფერს ერთნაირად ცეკვავენ. თითქოს უფრო ღონეზე დაფუძნებული ცეკვები ჭარბობს, ვიდრე ისეთი, აი, ლაღად რომ გაშლი ხელს... ნომერი, როგორც ასეთი, მომწონს ხოლმე, მაგრამ ჩემი შეხედულებით (არ ვამბობ, რომ ჩემი სიტყვა კანონია), ქართული ხასიათი დაკარგულია. პატარებს როცა ვასწავლიდი, ძალიან ძლიერი ჯგუფები მყავდა. ისინი უსუფთავესად და სანტიმეტრებში ასრულებდნენ ილეთებს. ერთხელ ბავშვები ფილარმონიაში გამოვიყვანე. ილიკო სუხიშვილი, რომელიც ჟიურიში იჯდა, ცეკვის შემდეგ სცენაზე ამოვარდა, ეს რა ვნახეო და იცით, რა თქვა? ორი სუხიშვილის ანსამბლი არ გვინდა, ერთი უნდა იყოსო (იცინის)!

GzaPress- ოჯახის ტრადიციას თქვენი შვილის - ფრიდონ-უმცროსის გარდა, კიდევ ვინ აგრძელებს?

- არავინ, ჩემი შვილიშვილები ცეკვავდნენ, მაგრამ თავი დაანებეს. ფრიდონი ჩვენთან, "რუსთავში" ცეკვავს, არის სოლისტი და რეპეტიტორი - ანსამბლის წევრებს ამეცადინებს. ბოლოს იაპონიაში ვიყავით გასტროლზე, სადაც თვე-ნახევარში 33 კონცერტი გავმართეთ. კონცერტს ყოველთვის პარტერიდან ვუყურებ და იქიდან ვაფასებ. ცეკვა "ქართულში" ყოველი გამოსვლის დროს, გასმების შესრულებისას ფრიდონი 2500-კაციანი აუდიტორიის ტაშს იმსახურებდა. მარტო ერთხელ ვერ მოწყვიტა ტაში და რატომ, ვერ გავიგე. ეტყობა, მაყურებელი ხასიათზე არ იყო (იცინის). ანსამბლ "რუსთავის" კონცერტები იაპონიაში ანშლაგით მიდიოდა. ფრიდონ-უმცროსი ძალიან შრომისმოყვარეა და არ ჩერდება. მგონია, რომ უფრო ნიჭიერი და არაჩვეულებრივი მოცეკვავეა, ვიდრე მე ვიყავი (იღიმის).

ნანული ზოტიკიშვილი