"ურთიერთობაში გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანია"
font-large font-small
"ურთიერთობაში გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანია"
კალათბურთელი საცოლეს კერძებს თავად უმზადებს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრი - 26 წლის მერაბ ბოქოლიშვილი შეყვარებულია. მისი რჩეული 24 წლის ნინი გელაშვილი გახლავთ. ჯერ 1 წელიც არ გასულა, რაც მერაბმა ნინი გაიცნო, თუმცა მიიჩნევენ, რომ ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ და სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად მზად არიან: მერაბმა რჩეულს ახალი წლის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე პარიზში, ჟორჟ პომპიდუს ცენტრში ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო...

ნინი:
- ისე დაემთხვა, რომ ერთმანეთი მერაბიკოს დაბადების დღის მეორე დღეს გავიცანით: მე და ჩემი მეგობარი უნივერსიტეტიდან სოციალურ კამპანიას ვაწარმოებდით (ქალთა მიმართ აგრესიის წინააღმდეგ). სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან ინტერვიუს ვწერდით, მათ შორის - სპორტსმენებთან.
მერაბი:
- ნინი თავიდანვე მომეწონა. მისი სახელი, გვარი გავიგე და სოციალურ ქსელში მოვძებნე. ვცადე, ჩვენ შორის კონტაქტი შემდგარიყო. 3 თვე უშედეგოდ გავიდა - იშვიათად მწერდა, შეხვედრაზე უარს მეუბნებოდა. ვიფიქრე, არ მოვწონვარ-მეთქი.
ნინი:
- უბრალოდ, იმ დროს სამაგისტრო ნაშრომს ვწერდი...
- მერაბ, შეხვედრაზე ნინის დათანხმება როგორ მოახერხე?
მერაბი:
- ამას მეც ვერ ვხვდები: მორიგი თხოვნისას უცებ მითხრა, - კი ბატონო, შევხვდეთო. მას შემდეგ, ფაქტობრივად ყოველდღე ერთად ვართ.
- ნინი, რა მოხდა, რატომ შეიცვალე აზრი?
- შეხვედრამდე, იმ პერიოდის განმავლობაში, შიგადაშიგ მაინც ვფიქრობდი, ხომ არ მენახა-მეთქი? ბოლოს კი გადავწყვიტე - შევხვდები, რატომაც არა-მეთქი?
- პირველმა პაემანმა როგორ ჩაიარა?
GzaPressმერაბი:

- "პაემანს" დიდად ვერ დავარქმევთ. იმ დროს მეც დაკავებული ვიყავი - ნაკრების ვარჯიშები გვქონდა. არც ველოდი, რომ ნინი შეხვედრაზე დამთანხმდებოდა. ვარჯიშის მერე, საკმაოდ გვიან, სახლთან გავუარე და უბრალოდ, პიცის საჭმელად წავედით. განსაკუთრებული პირველი პაემანი არ ყოფილა, მაგრამ შედეგი აშკარად გვქონდა.
ნინი:
- კი, შედეგი შეხვედრის პირველსავე დღესვე იგრძნობოდა.
- ნინის პირველად ნახვისას, ყველაზე მეტად რით მოიხიბლე?
მერაბი:

- სისულელეების ლაპარაკს არ დავიწყებ და პირდაპირ ვიტყვი: როცა ადამიანს პირველად ხედავ, მისი გარეგნობით იხიბლები, რომ მერე, მისი ახლოს გაცნობის სურვილი გაგიჩნდეს. როცა ნინი პირველად დავინახე, ვიფიქრე, - ვაიმე, ეს ლამაზი გოგო ჩემთან არის მოსული-მეთქი (იცინის)?
- როდის მიხვდით, რომ ერთმანეთი გიყვართ? სიყვარულში პირველი ვინ გამოტყდა?
- სიყვარულში პირველი მე გამოვტყდი. საკმაოდ დიდი ხნის მერე, ნინიც გამომიტყდა, თუმცა მისგანაც იმავეს კარგა ხნით ადრე ვგრძნობდი, მაგრამ გოგოები ამას მაშინვე არ ამბობენ, რომ ბიჭმა "რაღაც" არ იფიქროს (იცინის). განსაკუთრებულ გარემოში არ გამოვტყდომივარ: უბრალოდ, მომინდა მეთქვა, რომ მიყვარს. ეს ბუნებრივად მოხდა.
- მერაბ, როგორ მოიგე ნინის გული?
- საერთოდ, მიმაჩნია, რომ ბიჭის გრძნობას გოგომ იმავეთი რომ უპასუხოს, მთავარია, ისეთი იყოს, როგორიც სინამდვილეშია: ნინის წინაშე რომ მეთამაშა, დროთა განმავლობაში ხომ მიხვდებოდა, რომ ისეთი არ ვარ? ამიტომ არც მიფიქრია, რომ ურთიერთობაში განსაკუთრებულად სხვანაირი ვყოფილიყავი. მართლა მიყვარდა და ვცდილობდი, ეს მისთვის მეჩვენებინა. მთავარი ეს იყო, რის გამოც ნინის გულის მოგება მოვახერხე.
ნინი:
- მეც ზუსტად ისეთი ვიყავი, როგორიც სინამდვილეში ვარ. ნებისმიერ ურთიერთობაში გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
- როდის გააცნობიერე, რომ მერაბი გიყვარს?
- სხვათა შორის, უფრო ადრე, ვიდრე ამას სიტყვით გავაჟღერებდი - დაახლოებით 1 თვის მერე, რაც სიყვარული ამიხსნა. ეს სპონტანურად მოხდა: მანქანაში ვისხედით და უცებ მომინდა მეთქვა...
- ერთმანეთის დადებითი და უარყოფითი თვისებების შესახებ მითხარით.
- უზომოდ გულწრფელი, კეთილი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ერთგული და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. არ მახსოვს დღე, რომ არ მომიკითხოს: თითქმის 24 საათი ვკონტაქტობთ. უარყოფითის დასახელება გამიჭირდება (ფიქრობს)...
მერაბი:
- თქვი რამე, გოგო, თორემ იფიქრებენ - იდეალურიაო (იცინიან).
ნინი:
- კლასიკური სამოსის ჩაცმა ეზარება. სპორტულ ფორმაში ყოფნა უყვარს. მისი პროფესიის გამო, გასაგებია, სპორტულად რატომაც აცვია.
მერაბი:
- ადამიანს თვალებში ეტყობა, დადებითი პიროვნებაა თუ უარყოფითი - გარკვეული ენერგეტიკა გააჩნია. ამას თავიდანვე ვამჩნევ. გაცნობის დღიდან, ნინისთან ყოფნისას თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ. მართალი ადამიანია. არ ცდილობს, განსაკუთრებული ქცევებით ვინმეს თავი მოაწონოს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. შრომისმოყვარე და უერთგულესი პიროვნება რომ არის, ამის შესახებ აღარ მოვყვები. წვრილმანიც კი არ მახსოვს, რომ ჩემთვის მოეტყუებინოს ან დაემალოს, პირიქით - უნდა, რომ ყველაფერი მითხრას. უარყოფით თვისებებს რაც შეეხება, ეს ყველას ახასიათებს, მაგრამ როცა ადამიანთან ურთიერთობ, ალბათ, დადებითი თვისებები უარყოფითს სძლევს და დიდ ყურადღებას აღარ აქცევ. რაკი მაინც უნდა დავასახელო, გეტყვით, რომ ნინი ცოტათი მორცხვი, რაღაცნაირია (იცინის)... კიდევ, მაგალითად, რომ ვეტყვი, 4 საათზე გამოგივლი-მეთქი და მთელი დღე აქვს მოსამზადებლად, ნახევარი საათი მაინც მანქანაში ველოდები: კიბეზე ზუსტად ნახევარი საათი ჩამოდის (იცინის). მატყუებდა, - ლიფტში ვიჭედებიო.
ნინი:
- 2-ჯერ ლიფტი მართლა გაიჭედა.
მერაბი:
- ახლა ჭკუა ვისწავლე: სახლიდან გასვლამდე ვეუბნები ხოლმე, - მოვედი-მეთქი. როცა მივდივარ, უკვე ჩამოსული მხვდება.
- ერთმანეთის პროფესიების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ნინის ფსიქოლოგიური და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ასევე, პიარის სპეციალისტიც გახლავთ. სამივე სფეროს მიმართ მშვენიერი დამოკიდებულება მაქვს. მუშაობა ახლახან, პარლამენტის პიარის დეპარტამენტში დაიწყო, რასაც მივესალმები. მთავარია, სამსახურში სიარული თავად სიამოვნებდეს. მაქსიმალურად ხელს შევუწყობ.
ნინი:
- მისი პროფესიის მიმართ ჩემი დამოკიდებულებაც დადებითია, რა თქმა უნდა. უპირველეს ყოვლისა, ის მომწონს, რომ თავის პროფესიაზე სულით და გულით შეყვარებულია. 1 დღეც არ მახსოვს, რომ ვარჯიში გაეცდინოს. როცა ადამიანს პროფესიის მიმართ ასეთი ენთუზიაზმი და სიყვარული გაქვს, ეს წარმატების გარანტიც არის.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
მერაბი:

- ვარჯიშის მერე, სახლში დაღლილ-დაქანცული ვბრუნდები და ან ტელევიზორს ვუყურებთ, ან - რამეს ვჭამთ, ან - კინოში მივდივართ...
ნინი:
- ჭამა ორივეს ძალიან გვიყვარს.
- მერაბ, ნინის მიერ მომზადებული კერძები გაგისინჯავს?
- არა. ნინის გაუსინჯავს ჩემი მომზადებული - საჭმელს მე ვამზადებ. ამის გაკეთება მიყვარს. ჯერჯერობით ნინიმ კერძების მომზადება არ იცის. ნელ-ნელა ვასწავლი.
ნინი:
- დავპირდი, რომ აუცილებლად ვისწავლი. თავად კერძებს ისე კარგად ამზადებს, რომ გადაჭარბების გარეშე ვამბობ: ამ საქმის პროფესიონალია.
- სიურპრიზს ხშირად გიწყობს?
- სხვათა შორის, ისეთი მოუთმენელია, რომ არ გამოსდის - ვერ ითმენს და პირდაპირ მეუბნება (იცინის).
- მერაბ, როგორც ვიცი, ნინის ხელი ჟორჟ პომპიდუს ცენტრში სთხოვე. ეს ადგილი რატომ შეარჩიე?
მერაბი:

- სიმართლე გითხრა, ამ ცენტრს მნიშვნელობა არ ჰქონია. უბრალოდ, ჩაფიქრებული მქონდა, ნინისთვის პარიზში მეთხოვა ხელი. ადგილს ბიძაჩემთან ერთად ვარჩევდი, რომელიც პარიზში ცხოვრობს და იქაურობას უკეთ იცნობს. ჯერ ხელის თხოვნა ქუჩაში მინდოდა, მაგრამ ზამთარი დაემთხვა - ციოდა. ამიტომ ისეთი რესტორნის შერჩევა მსურდა, საიდანაც კარგი ხედი იშლებოდა, რომ ხელის თხოვნა დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
- გრძნობდი, რომ ასეთი სიურპრიზის მოწყობას აპირებდა?
ნინი:
- მიუხედავად იმისა, რომ რაღაცას ვგრძნობდი, ძალიან ავფორიაქდი - შოკში ვიყავი! თან, ვფიქრობდი, ასეთი შემოთავაზება შეიძლებოდა, ახალი წლის საღამოს მიმეღო, თუმცა ხელი ახალი წლის წინადღეს, 30 დეკემბერს მთხოვა.
- დარწმუნებული იყავი, რომ ცოლობაზე დაგთანხმდებოდა?
მერაბი:
- კი. შეიძლება, გულის სიღრმეში მცირე ეჭვი მქონდა, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ ვიცოდი და გაცნობიერებული მქონდა, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად ვიყავით.
- სიტყვა "ოჯახის" მნიშვნელობა როგორ გესმით?
- როცა კაცი (რა თქმა უნდა, ქალიც) ოჯახის შესაქმნელად ემზადები, დიდი პასუხისმგებლობისთვის მზად უნდა იყო: ეს პასუხისმგებლობა არა მარტო საკუთარი თავის, არამედ იმ ადამიანის მიმართაც გეკისრება, ვისაც ცხოვრებას უკავშირებ: უკვე ორნი ხართ, საერთო საფიქრალი, პრობლემები გაქვთ. როგორი სიტუაციაც უნდა იყოს, ოჯახის წევრებმა პრობლემა ერთად უნდა მოაგვარონ, ყველაფერი ერთმანეთს გაუზიარონ.
ნინი:
- ყველა პრობლემის მოგვარება ერთიანი ძალებით უფრო შესაძლებელია. მერაბიკომ სწორად აღნიშნა, როცა პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობდა: უკვე მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე არ ხარ პასუხისმგებელი. მერე ბავშვებიც ჩნდებიან...
- ქორწილის გადახდას აპირებთ?
მერაბი:
- ჯვრისწერასა და ქორწილს ზაფხულში ვაპირებთ. ქართული ქორწილები დიდად არ მიყვარს, მაგრამ გვინდა, ტრადიციული, ქართული დეტალებიც იყოს...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა იმისთვის, რომ სამსახური მეშოვა"
"2010 წლის აპრილში, ქართული დროშით პირველ ადგილზე რომ ვიდექი, ცრემლებიც კი წამომცვივდა"
საკუთარ თავთან საბრძოლველად შექმნა ალტერნატიული "მე"
"აღმოსავლეთის ექსპრესით მგზავრობა ძალიან მომინდა"
"შეიძლება, სხვა სახელწოდებით, მსგავსი გადაცემა წაიყვანონ"
"მაქვს ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ყვავილები"
"თუ მიზანი საინტერესოა და შინაგანად მანთებს, ჩემთვის წინააღმდეგობა არ არსებობს"
რა პირობა შეუსრულა თემო მელიქიძემ ბებიას
რატომ არ უყვარს ზაფხული ქეთი ხუციშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
194 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი