"ვიღლები, მეზარება, მეძინება..." - გზაპრესი

"ვიღლები, მეზარება, მეძინება..."

7 წლის ნასტასია (ნასტია) სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ქეთის და ზაზას შვილის - ნიაკოს როლს ასრულებს. რეალურად კი ის მსახიობების - ნათია წიწილაშვილისა და გიორგი კალანდაძის შვილი გახლავთ, რომლებიც წლებია, ცოლ-ქმარი აღარ არიან. გოგონა დედასთან ცხოვრობს. პირველკლასელი ნასტია რედაქციაში ნათიასთან ერთად, სკოლაში გაკვეთილების დასრულების შემდეგ გვეწვია. გაგვიმხილა, რომ სერიალში მონაწილეობა არ მოსწონს და აპირებს, მოცურავე გახდეს...

- ნათია როგორი დედიკოა?

ნასტია: - კარგი, ლამაზი, საყვარელი, კიდევ - ჭკვიანი: რასაც ვთხოვ, მისრულებს.

- ნათია, ნასტია როგორი შვილია?

ნათია: - კარგი, ლამაზი (იცინის)... ძალიან ჭკვიანი, გონიერი ბავშვია, ასევე - ძალიან ჯიუტიც. საერთოდ, კარგი ზნის გახლავთ. როცა მარტოა, ყოველთვის კარგად იქცევა, მიჯერებს, მაგრამ საკმარისია, მასთან ერთად სხვა ბავშვიც იყოს, რომ მეორე უკიდურესობა იწყება: ცელქი, გიჟი, გადარეული ხდება - დარბის, დახტის... თუ ორზე მეტნი არიან, ყველაფერი თავდაყირა დგება (იცინის)!..

- ნასტია, პოპულარობა მოგწონს?

GzaPressნასტია: - არ მინდა, რომ პოპულარული ვიყო. არ მომწონს, როცა ქუჩაში ხალხი მცნობს. უცხო ადამიანები რომ დამინახავენ და ერთმანეთს ეჩურჩულებიან, ეგ არ მომწონს.

ნათია: - იცი, ამ დროს რას ამბობენ? ეს ის ბავშვია, სერიალში რომ მონაწილეობსო...

ნასტია: - ჰოდა, არ მინდა, სერიალში ვიყო - არ მომწონს. ვამბობ, სერიალში მონაწილეობა არ მინდა-მეთქი, მაგრამ მპასუხობენ, - უნდა იყო, უნდა იყოო...

ნათია: - ჰო, რადგან ახლა სერიალში უკვე უნდა იყო. თავიდანვე კატეგორიულად რომ გეთქვა, - არ მინდაო, კი არ დაგაძალებდით? "ჩემი ცოლის დაქალებში" ნასტია 3 წლიდან მონაწილეობს. "ფორმულა კრეატივთან" ლამის ბავშვობიდან ვთანამშრომლობ. "ჩემი ცოლის დაქალებშიც" ვმონაწილეობდი. იცოდნენ, რომ მე და გიორგის ბავშვი გვყავდა. შესაბამისად, ალბათ, ისიც იცოდნენ, რომ მსახიობი დედის და მამის შვილი გამოადგებოდათ. ეკა მჟავანაძემ (კასტინგის მენეჯერმა) დაგვირეკა - ნასტიას გადაღებაზე თანახმა ხართო? არც მიფიქრია, ისე დავთანხმდი, რადგან ბავშვი უბრალოდ, კადრში უნდა გამოჩენილიყო - სხვა არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი. ამასობაში ნასტია გაიზარდა, სასაუბრო ტექსტი და სამუშაო დრო მოემატა. სერიალის წარმომადგენლებს ახლა უკვე ვეღარ ვეტყვით, - ნასტიას მონაწილეობა არ უნდა-თქო.

- სერიალში მონაწილეობა რომ არ მოსწონს, გასაგებია, მაგრამ საერთოდ, სამსახიობო სფეროს მიმართ ინტერესს ამჟღავნებს?

- არა. ეტყობა, ამ ასაკში ეს საქმე "მისი" არ არის. გადასაღებ მოედანზე ყველა თავს ევლება, მაგრამ ეტყობა, იმიტომ არ მოსწონს, რომ ერთი და იმავეს გაკეთება ბევრჯერ უწევს - რამდენიმე დუბლის ჩაწერის პროცესი არ სიამოვნებს.

ნასტია: - ვიღლები, მეზარება, მეძინება.

- ტელევიზორში შენს თავს უყურებ?

- ცოტათი.

- შენი პერსონაჟი - ნიაკო როგორი გოგოა?

- რაღაცნაირი.

ნათია: - ვფიქრობ, ნიაკო მამას - ზაზას ჰგავს. სიუჟეტიდან ასე ჩანს. მამასთან ყოფნაც უფრო მეტად მოსწონს, ვიდრე დედასთან. ხომ იცი, დედები ბავშვს ჭამას მაინც აძალებენ, მამა კი ბავშვთან "რბილია"? საერთოდ ამბობენ, რომ გოგონებს მამასთან უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ, ვიდრე დედასთან. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის: ალბათ იმიტომ, რომ ნასტია ჩემთან ცხოვრობს.

- ნასტია, შენი პარტნიორი - გიორგი ბოჭორიშვილი როგორი ბიჭია?

- კარგი. თავხოტორა ბიჭია.

ნათია: - ნასტიას და ბოჭორას იუმორით გაჯერებული ურთიერთობა აქვთ. ხან ნასტია მივა ხოლმე და ეტყვის - ახლა "ჟუვაჩკას" მუცელში ჩაგაწებებო...

ნასტია: - იცი, ერთხელ რა ვუთხარი? კუჭ-ნაწლავი ხარ-მეთქი (იცინის).

ნათია: - მერე ის პასუხობს: ახლა ბევრ კარტოფილს შეგიწვავ და სულ ძალით გაჭმევო. ასეთი სისულელეებით ერთობიან. რაღაცნაირი, სხვანაირი ურთიერთობა აქვთ.

- სალომე შარვაძეზე რას გვეტყვი?

GzaPress ნასტია: - გადაღებისას სალომე ვითომ ტირის ხოლმე (იცინის).

ნათია: - სალომესთან ძალიან მეგობრობს. როცა მსახიობს პარტნიორად ბავშვი გყავს, მნიშვნელოვანია, პატარასთან ისეთი ურთიერთობა დაამყარო, რომ შენთან მუშაობა სიამოვნებდეს, დისკომფორტს არ გრძნობდეს. ეს სალომეს, ბოჭორას და საერთოდ, მთელ გადამღებ ჯგუფს კარგად გამოსდით.

- სერიალში ნასტიას მიყვანა ხომ არ გინანია?

- არა. როცა დავდევ და იმ ადგილას ვერ მიმყავს, სადაც უნდა იდგეს, შეიძლება წამიერად გავიფიქრო, - ოჰ, ღმერთო, რა მინდოდა-მეთქი?..

- ცოტა მეტი გვიამბე თქვენი დედაშვილობის შესახებ...

- ჩვეულებრივი დედაშვილობა გვაქვს. ვმეგობრობთ. მის მიმართ ცოტათი სიმკაცრეს ვიჩენ, რადგან ისეთი ტიპის ბავშვია, რომ თუ ყურადღება მოვადუნე, შეიძლება საშინელება დატრიალდეს. ამიტომ სულ "მოჭიმული" მყავს და ვცდილობ, თავის ნებაზე ძალიან არ მივუშვა, მაგრამ ხშირად მაინც იმას მაკეთებინებს, რაც თავად სურს.

- ნასტია, როგორ ერთობი ხოლმე?

- ეზოში ვთამაშობ. დედამ ხატვაზე უნდა მიმიყვანოს. ცურვაზე დავდივარ... კიდევ, სკოლაში რომ მივდივარ, ყველას ჰგონია, ახალი მოსწავლე ვარ.

ნათია: - იმიტომ, რომ ახალი მოსწავლე ხარ: ჯერ ხომ 1 კვირაა, რაც ახალ სკოლაში სიარული დაიწყე?

ნასტია: - როცა ძველ სკოლაში პირველად მივედი, ბავშვებმა არაფერი თქვეს. უბრალოდ, დავჯექი და მაშინვე მეგობარი გავიჩინე - 2 წამში გავიცანი. მერე ბევრი დამიმეგობრდა. ერთმა ბიჭმა დაბადების დღეზე დამპატიჟა და მოსაწვევი მომცა...

ნათია: - სინქრონულ ცურვაზე დადის, ხელოვნების სკოლაში სასწავლებლად უნდა შევიყვანო, სადაც ხატვა-ძერწვას, მითოლოგიას შეისწავლის. ძალიან ლამაზად, ცოტათი უცხოდ ხატავს. ამიტომაც მინდა, ხატვაზე მივიყვანო. მიმაჩნია, რომ ბავშვის გონებრივი და ფანტაზიის განვითარებისთვის ხატვა, ძერწვა კარგი საშუალებაა. სეზონურად, თხილამურებზე სრიალსაც სწავლობს. ახლაც, მალე ბაკურიანში წავალთ და ნასტიას პრაქტიკა შეემატება. მომავალში რა სფეროს მიმართაც ინტერესს გამოიჩენს, ხელს შევუწყობ.

- დედა-შვილს რა საერთო თვისებები გაქვთ?

- ალბათ - მხოლოდ სიჯიუტე, მაგრამ ჯიუტი მეც ვარ და მამამისიც. ვფიქრობ, ხასიათით მამას ძალიან ჰგავს: გიორგისაც ბევრი კარგი თვისება აქვს. გარეგნობას რაც შეეხება, ნასტიას აბსოლუტურად ჩემნაირი ნაკვთები აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, იერით მამას ჰგავს.

- ნასტია, მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ვმეგობრობთ. როცა მასთან მივდივარ, რაღაცებს მეხუმრება. ძილის წინ პლანშეტს მაძლევს და მულტფილმებს ვუყურებ.

ნათია: - ძირითადად, ვცდილობ, პლანშეტს, ლეპტოპს ნაკლები დრო დაუთმოს, რადგან ეს საკითხი უკვე დიდი პრობლემაა: აბსოლუტურად ყველა ბავშვი "ტელეფონში ზის": ან თამაშობს, ან რაღაცას უყურებს. კვირაში ერთხელ, მამასთან პლანშეტში თუ რაღაცებს უყურებს, არა უშავს. ისე, მულტფილმების ნახვას სულ ითხოვს და როცა უყურებს, ქვეყანაზე სხვა აღარაფერი ესმის.

- დამაბნეველ შეკითხვებს გისვამს?

- ერთი-ორჯერ ასეთი შემთხვევა იყო: მაგალითად, რუსთაველზე, საახალწლო დეკორაციების - ანგელოზების ნახვის შემდეგ მკითხა, - ანგელოზები გოგონები არიან თუ ბიჭებიო? რა გინდა, რომ ამაზე უპასუხო (იცინის)?!.

- დედა მოფერებით რას გეძახის?

ნასტია: - მოფერებით - პუპის, რადგან საყვარელი სახელია.

ნათია: - რომ შევხედე, რატომღაც მომინდა, "პუპი" მეთქვა და მერე, "პუპი" დაერქვა (იცინის).

- დედობამ შეგცვალა?

- კი, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის გრძნობა კიდევ უფრო გამიმძაფრდა. უკვე მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვაგებ პასუხს. უფრო ფრთხილად ვარ. მცირე ასაკში ამაზე ადამიანი დიდად არ ფიქრობ, ახლა კი ყველაფერს ვითვალისწინებ. გარკვეულ დონეზე, ბავშვის ცხოვრებითაც ვცხოვრობ. ვცდილობ, ყველაფერი კარგად ჰქონდეს. კიდევ ეს ფაქტი დავაფიქსირე: წინათ ექსტრემალური ატრაქციონები ძალიან მიყვარდა. შეიძლება უბრალოდ, დაემთხვა, მაგრამ რაც ნასტია გამიჩნდა, ვგრძნობ, ასეთი ატრაქციონების ცოტათი მეშინია. ეტყობა, ეს ქვეცნობიერად ხდება: ალბათ, თავს ვუფრთხილდები შვილის გამო...

- როგორ ფიქრობ, როგორი დედა ხარ?

- ყოველგვარი თავმდაბლობისა და ამბიციურობის გარეშე, მიმაჩნია, რომ კარგი დედა ვარ. შვილთან ვმეგობრობ. მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ, ვუსმენ, ვეკითხები... ვასწავლი, რომ ზრდილობიანად მოიქცეს, მოწესრიგებული იყოს, როცა საჭიროა, შენიშვნას ვაძლევ და ა.შ. როცა ასაკი მოემატება, მერე შეიძლება, სხვაგვარი ურთიერთობა გვქონდეს. დედობა ჩემთვისაც ერთგვარი გამოწვევა და გამოცდილებაა. საკუთარ თავში მეც რაღაც-რაღაცებს აღმოვაჩენ და მერე უფრო მივხვდები, როგორი დედა ვარ. ჯერ მხოლოდ 7 წელია გასული, რაც დედა გავხდი - წინ ძალიან ბევრი დრო გვაქვს...

ეთო ყორღანაშვილი