"ცისფერი მთების" 35-წლიანი ცხოვრების დამაჯერებელი ამბავი - გზაპრესი

"ცისფერი მთების" 35-წლიანი ცხოვრების დამაჯერებელი ამბავი

"დრო დგას და მიდის და ჩვენც თანმიმდევრობით, მხოლოდ არა ერთმანეთის მიყოლებით, გავდივართ წრებრუნვიდან, ვტოვებთ სცენას, სადაც ჩვენი როლი და სიმართლე გვერგო..." - რეზო ჭეიშვილი, "ცისფერი მთები".

ჩვენ - ვტოვებთ სცენას, მასზე კი - ამბობენ, დროში გაიჭედაო. მართალია? - დროში გაჭედვის რა გითხრათ, მაგრამ გენიოსი რეჟისორის, ელდერ შენგელაიას ორსათაურიანი შედევრი - "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" მუდამ დროული რომ არის, ფაქტია. იქნებ მართლაც დაუჯერებელ ამბად მოგეჩვენოთ, რომ 2019 წელს იგი 35 წლის ხდება, ჩვენ კი დღესაც მისი "ლექსიკით" ვლაპარაკობთ; დღეს შეიძლება, ერთი-ორი მარკშეიდერიც ვერსად ვიპოვოთ, მაგრამ ჭერში მაინც ვეძებთ ბზარებს - სულ ცოტა, ორს გრძივს, სამს პარალელურს; ვიღაც საქსოვ გორგალს ვერ იცილებს; ვიღაც მუდამ ვიღაცის ახლობლების ახლობელია; ვიღაცას აქანებს - ხან იქით, ხან აქეთ; ვიღაცას მუდამ ელოდებიან ან ეძებენ; ვიღაც დღესაც წერს სონეტებს, თანაც სიყვარულზე; ვიღაც გაუთავებელი თათბირებითა და ბანკეტებით წუხდება; ვიღაც ეჭვიანობს ან ჩხუბობს და ვიღაცებს ხშირად შენობაც ენგრევათ თავზე... და ეს უბრალოდ ფილმი არ არის, ეს ვეებერთელა სარკეა, სადაც მუდამ საკუთარ თავსა და ცხოვრებას ვუყურებთ!

თუ გახსოვთ, რამდენჯერ გაქვთ ნანახი "ცისფერი მთები"-მეთქი? - ვკითხე ოდესღაც უსაშველოდ გამხდარ და კიკინიან ქერა ქალბატონს, რომელიც ერთ დროს აბსურდული დაწესებულების აბსურდული დირექტორის მდივნად "მუშაობდა" და თვალში მოსახვედრი სიმაღლე ჰქონდა - 1,77 მეტრის იყო და 11-სანტიმეტრიან ქუსლებზე იდგა, ამიტომ მისი რეჟისორი ხანდახან "ლაშადკას" ეძახდა. გაეცინა, - ახლახან "ფეისბუკში" გამოქვეყნდა ტესტი: თუ გახსოვთ ფრთიანი ფრაზები "ცისფერი მთებიდან", რა დროს ვინ ვის რა უთხრაო? და ა.შ. ფილმი იმდენჯერ მაქვს ნანახი, უკვე ზეპირად ვიცი, ამიტომ აბსოლუტურად ყველა გამოვიცანი. ჩემნაირი ბევრი შემხვედრია, მისი ტექსტები ზეპირად რომ იცის. დარწმუნებული ვარ, ფილმის სიუჟეტი ახლაც რომ გადმოვიტანოთ სცენაზე და მსახიობებს ტექსტი დაავიწყდეთ, მაყურებელი ზედმიწევნით ზუსტად უკარნახებს. ალბათ, კიდევ 35 წელიც რომ გავა, არც მაშინ დაივიწყებენ ამ ფილმს. ერთადერთი, ვშიშობ, რომ ახალგაზრდობა ნაკლებად იცნობს მას. გაუგიათ, მაგრამ არ უნახავთ... "ცისფერი მთები" მაინც კლასიკაა და არა მგონია, ისე წავიდეს საქმე, ქართული კინოკლასიკა წლების შემდეგ არავისთვის იყოს საჭირო. მთავარია, ხშირად უჩვენონ ტელევიზიებით. ელდარსაც და ფილმსაც, მის შემოქმედებით ჯგუფს, ვინც დავრჩით ცოცხლები, სულითა და გულით ვულოცავ 35-წლიან იუბილესო... ეს "სეკრეტარშა" მსახიობი ნინო თუთბერიძე გახლავთ, რომელზეც "ამბობდნენ", ორ ბატს ვერ ანდობო, არადა, ცხოვრებაში ძალიან მოწესრიგებული და გეგმაზომიერი ადამიანი ყოფილა.

GzaPressნინო თუთბერიძე: - დაუვიწყარი იყო მუშაობის პერიოდი. მე და "მარკშეიდერი" - მსახიობი ვანო საყვარელიძე ვმეგობრობდით. მახსოვს, გადაღების დღეებში ადრიანად გამომივლიდა ხოლმე შინ, კამოს ქუჩაზე, დამიკაკუნებდა კარზე და "იმერულად მკითხავდა": რას შვები, გოგო, არ მოდიხარო? - ვანიჩკა ბიძია, ჯერ ძალიან ადრეა-მეთქი, - დავიწუწუნებდი. - არა, გოგო, არ არის ადრეო. - და რაღას ვიზამდი? მორჩილად მივყვებოდი. თემიკო ჩირგაძეს კი გადასაღებ მოედანზე კარგა ხანს ვერ შევხვდი. სულ ვიხვეწებოდი, ბოლოს და ბოლოს გამაცანით ჩემი დირექტორი, ვისაც ასე თავგამოდებით ვიცავ და ვის კარსაც ერთგულად ვდარაჯობ-მეთქი. თურმე, თვითონაც სულ მკითხულობდა: მაჩვენეთ, ვინ არის ჩემი "სეკრეტარშაო". როცა გავიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო... არ მავიწყდება გადაღების პირველი დღე. ასეთი ტრადიცია არსებობდა: პირველი კადრის გადაღებას კინოაპარატის ძირზე შამპანურის გატეხით აღნიშნავდნენ, რაც ფილმის "შენების" დაწყებას ნიშნავდა. იმდენ ხანს გაიწელა "საძირკვლის ჩასაყრელად" და პირველი კადრის გადასაღებად სამზადისი, გავტიალდი, ისე დავიქანცე, საღამოს, გადაღებისას ტექსტს ძლივს ვბუტბუტებდი... ზაფხულის კადრების გადაღებისას ჩემს თეატრს ბათუმში ჰქონდა გასტროლი. საღამოს ბათუმში ვთამაშობდი სპექტაკლს, მერე ღამის მატარებლით თბილისში მოვდიოდი. თენგიზ ჩანტლაძე ხუმრობდა, შენგელაიები და ჭიაურელები ბაქანზე დგანან და თუთბერიძეს აცილებენ, ხომ დაგვიბრუნდებიო? არ მავიწყდება შენობის დანგრევის კადრების გადაღება. გაგვაფრთხილეს, სტუმრად მოსულ მსახიობებს ტაშფანდურით დახვდითო. დაიძახეს "მატორ!" წავიდა ცეკვა-თამაში და ვიცი, ამ დროს ჩემ უკან "გრენლანდია" უნდა ჩამოვარდეს, "ბატონ ვასოს" (მსახიობ ვასილ კახნიაშვილს) თავზე დაეცეს და მე კივილი დავიწყო. ყველაფერს ვაკეთებთ და... უცებ ზემოდან ისეთი მტვერი წამოვიდა, ლამის დავიხრჩვეთ. არადა, მოწვეული მსახიობები: მედიკო ჯაფარიძე, ლია ელიავა, ოთარ კობერიძე, ლიკა ქავჟარაძე და ა.შ. გამოპრანჭულები მობრძანდნენ. მათაც არ იცოდნენ, რა ელოდათ. ამ ნაგავს ორ დღეს გავუძელით. მახსოვს, ლია ელიავა ბუზღუნებდა, გამოსასვლელი კაბა რას დამიმსგავსეთო, ვაჟა ზაზაევიჩის მოადგილის როლის შემსრულებელი კი ორ თვეს "დასტიროდა" თავის პიჯაკს. ერთ კადრში, ალბათ მეორე დღესაა გადაღებული, ისიც ჩანს, ლიკა ქავჟარაძე მტვრის ჩამოყრამდე რომ გარბის - აბა, დააკვირდით. ჩვენ სად გავიქცეოდით?

"...ცხენბურთი გამიგია, წყალბურთი გამიგია, ფეხბურთიც გამიგია"... უკვე მოტობურთიც გამიგია, მაგრამ გაოცება ვერ დავმალე, როდესაც "მოტობურთის ფედერაციის პასუხისმგებელი კომისარი, ნაკრების უცვლელი კაპიტანი, ამხანაგი არტემ ჩაჩანიძე" წლების წინ ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე. ისე, "ყუფარაძეს რომ არ დაერეკა", ამ ადამიანს საერთოდ ვერ ვიპოვიდი. მახსოვს, თავიდან ეჭვით შემომხედა, "მოგზავნილი ხომ არ არისო?", მაგრამ მალევე გავშინაურდით. ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ "არტემ ჩაჩანიძის ლირიკა" - უმაღლესი კატეგორიის ბიბლიოთეკარი და ბიბლიოგრაფი

ომარ შოთაშვილი: - ელდარი ძალიან თბილი ადამიანია, მასთან მუშაობა კი უდიდესი სიამოვნება იყო. როგორც ჩანს, იცოდა, მოტოციკლით ხევხუვები რომ მქონდა მოვლილი და მიხვდა, მოტობურთი ბალეტი იქნებოდა ჩემთვის. ელდარ შენგელაიამ თითქმის 60% "ნატურალური" ხალხი შეგვკრიბა ფილმში. ერთ-ერთი გაზეთის სტატიაში ჩემზე ნათქვამი სიტყვები მწარედ დამამახსოვრდა - როლი წარმოაჩენს ბრიყვ და გონებრივად სუსტ ადამიანს... ეს კაცი ისე კარგად მოერგო ამ როლსო. არადა, ელდარი მუდამ გვეუბნებოდა, ფილმში ის იყავით, ვინც რეალურად ხართო. ახლა, ორივეს ნათქვამს თუ გადავაბამთ, რა გამოვა?

- მაინც როგორია თქვენი არტემ ჩაჩანიძე?

- ჩემი აზრით, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი ტიპია და დიდად არ აინტერესებს, მის ირგვლივ რა ხდება. ის ლექსებს წერს სიყვარულზე, მე კი არასდროს დამიწერია, თუმცა გულში კი ბევრჯერ მიმღერია სიყვარულისთვის... ფილმის გადაღებები არასდროს დამავიწყდება. გახსოვთ ბოლო კადრები? - ბოლი რომ ასდის ოთახებს და ჩვენ პანიკაში ვართ. იქ ტრიუკს ვაკეთებ - კიბეზე მოტოციკლით ვეშვები და ქუჩაში მოსხლეტით ვტრიალდები. კიდევ, კადრები იყო, თერთმეტ კიბეს ვახტები მოტოციკლით - იქ კასკადიორებს არ უმუშავიათ, ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით. სამწუხაროდ, მოსკოვმა ბევრი კადრი ამოჭრა. ნგრევის ეპიზოდების გადაღებისას 16 ტონა გაჯი დაგვაყარეს თავზე. სიცილით ვკვდებოდით, ამ გაჯით ერთი ბინა აშენდებოდაო... ახლანდელ თავისუფლების მოედანზე მაშინ ჟურნალ "ცისკრის" რედაქცია იყო და ფილმს იქ ვიღებდით. გარეთ ასხამდნენ წყალს, წვიმის ასოციაცია რომ შეექმნათ. შენობა იმდენად დაფახფახებული იყო, რომ წყალი შიგნით შემოსხმულა და იატაკი დაუსველებია - გაყინულს ჰგავდა. დერეფანი ძალიან ვიწრო იყო, 1,20 მ. სიგანის. იქ დადიოდა ხალხი და მათ შორის უნდა გამევლო მოტოციკლით. თან, ელდარის დაჟინებული მოთხოვნით, უკან, ლამის საბურავზე, "ჩემი ასისტენტი" დავისვი. არადა, სასპორტო მოტოციკლი იყო, ორმხრივად სამართავი და უკან არავის დაჯდომა არ შეიძლებოდა. "ასისტენტს" ფეხის ჩამოსადებიც არ ჰქონდა და ფეხი ჩემ მხარეს, მონაცვლეობით უნდა დაგვებიჯებინა. მოკლედ, დიდი ჯახირით დავიძარით და მოსახვევში დავცურდით. ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ მაგარი შიში ვჭამე - გვერდზე 3-4 ფიცარი გაინგრა და ქუჩისკენ გადაცვივდა. ჩვენ კი გადავრჩით გადავარდნას, მაგრამ გარეთ რა მოხდა, აღარ ვიცი...

ოთარ ლითანიშვილი, კინორეჟისორი: - ელდარ შენგელაიას მოწაფეები - მე, ლევან ერისთავი, დიტო ცინცაძე და გია ბარაბაძე მეორე რეჟისორის მოვალეობას ვასრულებდით. ელდარმა თავიდანვე დაგვირიგა თითო რვეული წელიწადის თითო დროის სახელწოდებით და ყოველ ორშაბათს მასში ჩაწერილ კონკრეტულ დროსთან დაკავშირებული ახალი იდეები უნდა მიგვეტანა. დავრბოდით ფოტოაპარატით სხვადასხვა დაწესებულებაში და ვეძებდით ბზარს, კედელს, დაწესებულებას ბევრი საქაღალდით, საკანცელარიო ნივთებით. აბა, გადასაღები მოედნისთვის ყველაფერს ხომ ვერ ავაშენებდით! იცით, რამდენი ბზარი აღმოვაჩინეთ და გადავიღეთ? ახალაშენებულ ცეკა-ს შენობაშიც კი ვიპოვეთ. მოკლედ, ფილმის მარკშეიდერის გამოჩენამდე მარკშეიდერებიც კი ვიყავით... ელდარი ისეთი კაცია, ყველაფერს სინჯავს. შეიძლება კონკრეტული როლისთვის ვიღაც შეგულებული ჰყავდეს, მაგრამ კიდევ რამდენიმე კაცს მაინც მოსინჯავს. მერე, თითოეულთან ხანგრძლივად მუშაობს და კონკრეტულ როლზე რომც არ დაამტკიცოს, შეიძლება სხვა როლზე გამოიყენოს, თუმცა ჩვენ ოთხნი და ლორთქია - გურამ ლორთქიფანიძე ყოველგვარი სინჯის გარეშე აგვიყვანა. სასინჯ ტურებს მე ვატარებდი. მაგალითად, ვაჟა ზაზაევიჩის როლისთვის დაახლოებით 22 კაცი გაისინჯა. ბოლოს მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩა - ბატონი ედიშერ მაღალაშვილი და თემიკო ჩირგაძე. სხვათა შორის, ედიშერი ძალიან კარგი იყო დაწესებულების დირექტორის როლში, მაგრამ დიდი ფიქრის შემდეგ, ელდარი თემიკოზე შეჩერდა. პროფესიონალი ედიშერი ძალიან კარგად, მაგრამ მაინც ვიღაცას თამაშობდა, თემიკო კი არაპროფესიონალი იყო და საკუთარ თავს თამაშობდა... სოსოს როლის შემსრულებლის მოსაძებნადაც ბევრი გავსინჯეთ, მათ შორის - დათო გომართელიც. რამაზ გიორგობიანი კი ბოლოს შემოუერთდა სინჯებს და ყველა გაგვაკვირვა - ის იყო გასაოცარი, არაჩვეულებრივი, პროფესიონალი კინომსახიობი. არადა, კინოსარეჟისორო ჰქონდა დამთავრებული. ერთადერთი იყო სესილია თაყაიშვილი, რომელიც სინჯების გარეშე აიყვანეს როლზე. გადაღება 3 საათზე იყო დანიშნული, ის კი უშუალოდ გადაღებაზე მოვიდა, ოღონდ დილაადრიანად და დაიწყო ტექსტით (იცინის): იცოდეთ, ჩუსტი უნდა მეცვას - ეს ულტიმატუმია: არ იქნება ჩუსტი, არ ვითამაშებო. იმწამს დაეთანხმნენ. კოსტიუმების მხატვარმა მედიკო ბაქრაძემ, რომელმაც ყველა პესონაჟის კოსტიუმი შექმნა, სესილიას ათასნაირი ჩუსტი მოუტანა და მანაც ხან ერთით იარა, ხან მეორით, ბოლოს რომელიღაც შეარჩია. მერე საგრიმიოროში შევიდა და ელდარმაც შეაკითხა გასასაუბრებლად. უცებ ელდარს გამოუცხადა: ჩუსტი ჩუსტად, მაგრამ ნაწნავიც უნდა მქონდესო და ელდარი ღიმილით რომ დასთანხმდა, დასძინა: აუცილებლად უნდა მქონდეს, სერიოზულად გეუბნებიო. ელდარი ისევ დაეთანხმა და სესილიამ უცებ მოუჭრა: ახლა შენ წადი, სხვა საქმეებს მიხედე, მე აქ ნაწნავს ვიპოვი, გავიკეთებ და მერე შემომაკითხე სალაპარაკოდო. საოცარი ქალი იყო მუშაობისას: ვიზუალურად ყოველთვის სესილია იყო, მაგრამ როლებში - აბსოლუტურად განსხვავებული. მაგალითად, ერთ-ერთ გადაღებაზე მითხრა: წადი, იმ კარს უკან დადექი და მიკარნახე "დეპონენტი", თორემ იცოდეთ, "იმპოტენტს" ვიტყვიო. რაღას ვიზამდი, ყველა დუბლში ვკარნახობდი "დეპონენტს". აშკარად გამეხუმრა, რადგან კარნახი არასდროს სჭირდებოდა - შესანიშნავად იცოდა ტექსტები, რომელიც ყოველთვის თავისებურად ჰქონდა გადაკეთებული... მაგარი იყო თემიკო ჩირგაძისა და მისი შეხვედრა. თემიკო იმხანად ხელმძღვანელობდა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს, სადაც აბარებდნენ შარდს, განავალს და ა.შ. სესილია კი ერთხანს ვასო გოძიაშვილის მეუღლე იყო, თუმცა იმ პერიოდში - კარგა ხნის გაშორებული. მოკლედ, თემიკო და სესილია გადაღებაზე რომ შეხვდნენ, თემიკომ სიამაყით გამოაცხადა: იცით, საიდან ვიცნობ ქალბატონ სესილიას? ერთხელ შვილიშვილის განავალი მოიტანა ჩვენთან ასანთის კოლოფით. მე დიდი პატივით და ოვაციით შევიპატიჟე კაბინეტში, ლექსებიც წავუკითხე და ბოლოს ვკითხე: ქალბატონო სესილია, კოლოფს რა დავაწერო, თაყაიშვილის შვილიშვილი-მეთქი? - "ნეტ (რუსულად მომიგო)! კოგდა ია პრინოშუ კალ, პიშიწე გოძიაშვილიო!" (არა! როდესაც განავალს მოვიტან, გოძიაშვილი დააწერეთო! - ავტ.) - ბავშვი გოძიაშვილი იყო. - არა, მომიგონა, მომიგონაო! - გააპროტესტა სესილიამ. მოკლედ, გადასაღებ მოედანზე ხომ გადასარევი ამბები ხდებოდა, აქეთაც - არანაკლები. უამრავი რამ შესძინა ფილმს თემიკო ჩირგაძემ. მაგალითად, სცენარის ავტორს, მწერალ რეზო ჭეიშვილს არ დაუწერია ფრაზა: ერთი-ორი მარკშეიდერი ხომ უნდა გვყავდესო! - ეს თემიკომ ექსპრომტად თქვა გადაღებაზე და კინაღამ ჩაგვეშალა ყველაფერი. ასევე მოულოდნელად ჰკითხა სოსოს: რად გინდა ეს ორი სათაურიო? - კარგია, დატოვეო, - მოეწონა ელდარსაც და შემდეგ დუბლში უკვე გაიმეორა, მერე კი ტვინი წაიღო ამ "ორი სათაურით" (იცინის).

GzaPress ვანიჩკა საყვარელიძეს მანამდეც ვიცნობდი, ძალიან უცნაური კაცი იყო. მსახიობების გადაღებაზე მოსასვლელად გაფრთხილება მორიგეობით გვებარა ბიჭებს. ვანიჩკა საყვარელიძის გარდა, კინოსტუდიაში ყველას მისამართი და ტელეფონის ნომერი არსებობდა. ვანიჩკა კი არავინ იცოდა, სად ცხოვრობდა. გადაღება რომ დასრულდებოდა, ღამით, მანქანით მიგვყავდა და აუცილებლად ძველ კინოსტუდიასთან, კინომსახიობთა თეატრთან ჩამოვიდოდა. იქიდან სად მიდიოდა, არ ვიცოდით. გადაღებაზე მოსასვლელად ერთი დღით ადრე კინომსახიობთა თეატრის შესასვლელში უნდა დაგვეტოვებინა წერილი, - ამა და ამ დროს მობრძანდით-თქო... რამდენიმე კადრში ელდარმა კინოსტუდიის დამლაგებელი ფეფოც ათამაშა - თუ გახსოვთ, რაღაცები შემოაქვს ხოლმე. ნგრევის ეპიზოდშიც, რომელიც ფანტასტიკურად აეწყო და ყველაფერი ზუსტად გაითვალა, ფეფო დავიხმარეთ. ჩვენ მატარებლის ვაგონებივით ვიყავით ჩამწკრივებული, ფეფო კი ბოლოში მოვაქციეთ. ყოველი დუბლის გადაღებისას ჩვენ გავრბოდით და ფეფო წინასწარ გავლებულ ხაზს რომ შეადგებოდა, ყველაფერი საშინელება მაშინ უნდა ჩამოცვენილიყო - გაჯი, ბათქაში, აგურები. ბოლოს გამოყოფდა ხოლმე ფეფო თავს: გადარჩით, ხალხოო? - დაგვიძახებდა. არადა, ჩვენ რას გვეკითხებოდა, ბოლო თვითონ იყო და თუკი ის გადარჩა, ჩვენც ხომ ცოცხლები ვიქნებოდით (იცინის)... ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა. აგერ 35 წელს გაუძლო და ახლაც აქტუალურია. ამის თავიდათავი კი ელდარ შენგელაიაა, შეუცვლელი რეჟისორი. ფილმიც არა რეზო ჭეიშვილის ან შესანიშნავი ოპერატორის, ლევან პაატაშვილისაა, ან თემიკო ჩირგაძის და სესილია თაყაიშვილის, არამედ მხოლოდ მისია - ელდარ შენგელაიასი.

ირმა ხარშილაძე