ბაჩო ქაჯაიას ყველაზე მცირე ჰონორარი - 50 თეთრი - გზაპრესი

ბაჩო ქაჯაიას ყველაზე მცირე ჰონორარი - 50 თეთრი

მსახიობი ბაჩო ქაჯაია "ღამის შოუს" წამყვანობისთვის ემზადება. ტელესივრცეში მის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან მსახიობმა წონაში ძალიან დაიკლო და ბევრისთვის მისი ამჟამინდელი გარეგნობა შოკის მომგვრელი აღმოჩნდა... ბაჩო ქაჯაიას საქმიანი მამაკაცის ამპლუაში ვესაუბრეთ, თუმცა მის ამჟამინდელ გარეგნობასთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც ვერ ავუარეთ გვერდი...

- გახსოვთ პირველი ჰონორარი როდის აიღეთ?

- თავისუფალ თეატრში, სპექტაკლში ვთამაშობდი, როცა პირველი ჰონორარი ავიღე. მაშინ სკოლის მოსწავლე თუ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. ჰონორარი რა თანხას შეადგენდა, არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ცოტა იყო. მაშინ თავისუფალ თეატრში შტატი არ არსებობდა. შემოსული თანხის ნაწილი მსახიობებს შორის ნაწილდებოდა. ისე, ყველაზე დაბალი ჰონორარი - 50 თეთრიც ამიღია. ესეც სპექტაკლიდან შემოსული თანხის ნაწილი იყო, რაც მსახიობებს შეგვხვდა. იმიტომ ავიღე, რომ მეთქვა, - 50 თეთრი ავიღე-მეთქი, სიმბოლურად (იღიმის). მსახიობებს ჩვენი საქმე უფასოდაც ბევრჯერ გაგვიკეთებია. პირველი სტიპენდიაც მახსოვს და ისიც, თუ რაში დავხარჯე: ჯგუფელები რესტორანში წავედით...

- ფულის მნიშვნელობა როდის გააცნობიერეთ?

- ოჯახი ადრიანად შევქმენი (თუმცა თავად მივიჩნევ, რომ დროული იყო). 21 წლისას უკვე შვილი მყავდა. ალბათ, ფულის საჭიროება მანამდეც ვიცოდი, მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ უფრო მეტად გავაცნობიერე. ფულთან ურთიერთობას, მის განაწილებას დღემდე ვსწავლობ.

- როცა ოჯახი შექმენით, შემოსავლის წყარო გქონდათ?

- მქონდა, მაგრამ მაშინ ახმეტელის თეატრის მსახიობი გახლდით და ჩემი ხელფასი 160 ლარს შეადგენდა. სასაცილო თანხა იყო, რა თქმა უნდა - ამით ოჯახს ვერ ვარჩენდი. ჩემი და მეუღლის მშობლები გვეხმარებოდნენ, თუმცა მალევე შესაძლებლობა მომეცა, ოჯახი საკუთარი შრომით უზრუნველმეყო. ეს იყო პირველი პროექტი - სერიალი "შუა ქალაქში", სადაც "მოჭრილი" ხელფასი მქონდა. ნელ-ნელა ვისწავლე, ოჯახის ბიუჯეტი როგორ გამენაწილებინა, ოჯახისთვის როგორ მომეხმარა.

- დღეს ოჯახურ ბიუჯეტს ვინ განაგებს?

- მე და ჩემი მეუღლე ამას ერთობლივად ვაკეთებთ: "ოჯახი" იმიტომ ჰქვია, რომ საერთო საჭიროებები არსებობს.

- თქვენ და თქვენს მეუღლეს ბავშვებზე ზრუნვა როგორ გაქვთ განაწილებული?

- ერთი დიდი ტვირთი, რომელიც მოხსნილი მაქვს, ბავშვების სკოლაში და ბაღში წაყვანაა, რადგან მეუღლე პედაგოგი გახლავთ. ჩემი 2 შვილი იმავე სკოლაში სწავლობს, რომელშიც მეუღლე ხელოვნების პედაგოგად მუშაობს. უმცროსი შვილიც იქვე ახლოს, უბანში არსებულ საბავშვო ბაღში დაგვყავს. ბავშვები მეუღლეს მიჰყავს-მოჰყავს და თავადვე ამეცადინებს.

- მას შემდეგ, რაც სერიოზული შემოსავალი გაგიჩნდათ, ოჯახში ფინანსური კრიზისი შეგქმნიათ?

- ასეთი პერიოდი ყველას ჰქონია და გამონაკლისი ჩვენც არ ვყოფილვართ. ადამიანს როგორი შემოსავალიც გაქვს, ყოველთვის იმას ერგები, რადგან სხვაგვარად არ გამოდის: საბანი იქამდე უნდა გადაიფარო, სადამდეც გაგწვდებაო. შესაბამისად, კრიზისის დროს, რაკი შესაძლებლობები იკლებს, მოთხოვნილებებიც უნდა მოიკლო, შემდეგ კი რაღაცნაირად აბალანსებ. თუმცა შესაძლებლობების შემცირებისას შექმნილი დისკომფორტი მიუღებელი და არასასიამოვნოა. თუკი ადამიანები ვისწავლით, რომ რაც გვაქვს, იმით ბედნიერები ვიყოთ, ძალიან კარგი იქნება, რადგან ცხოვრების ყოველ ეტაპზე ყოველთვის ის გვაქვს, რასაც ვიმსახურებთ. ამ ფილოსოფიას ვემხრობი და მჯერა, თუმცა ამის "მიმღებლობა" რამდენად მაქვს, ეს მეორე საკითხია... საბოლოო ჯამში, როდესაც კრიზისი თუ სტაბილურობის პერიოდი გაივლის, ყოველთვის ხვდები - რა რატომ მოხდა, აანალიზებ და ცდილობ, დაშვებული შეცდომები მეორედ თუ არა, მესამედ მაინც აღარ დაუშვა.

GzaPress

- თქვენს სამუშაო სფეროში ინტრიგების მსხვერპლი გამხდარხართ? - არა, არასოდეს. ალბათ, ესეც იცით, როგორი რამეა: რასაც იმსახურებ, იმას იღებ; როდესაც ინტრიგების მსხვერპლი ხდები, ალბათ ამასაც იმსახურებ. მადლობა ღმერთს, ჯერ არ დამიმსახურებია, რომ ინტრიგების მსხვერპლი გავმხდარიყავი.

- გქონიათ განცდა, რომ მეტს შრომობთ, სანაცვლოდ კი ნაკლებს იღებთ?

- კი და კრიზისი ამ განცდის გამო მქონია. ამიტომ ვამბობ: თუკი ვისწავლით, რომ იმით ვიყოთ ბედნიერი, რაც გვაქვს, ყოველთვის ბედნიერები ვიქნებით. ბედნიერება არ არის რაღაც კონკრეტულში - სტაბილურობაში, მაღალ თუ დაბალ შემოსავალში... გვინახავს ადამიანები, რომლებსაც თითქოს სტაბილური მატერიალური მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ბედნიერები არ არიან ან პირიქით - ნაკლები შემოსავალი აქვთ, მაგრამ ბედნიერები არიან ან არ არიან. მთავარია, ბედნიერების შეგრძნების უნარი და ყოველდღიურად იმის აღქმა, რომ ამ სამყაროში რაღაცის კეთების უფლება დღესაც გვაქვს. თუ რას გავაკეთებთ, ეს ჩვენი არჩევანია. ეს უკვე ბედნიერებაა.

- სხვა სამუშაო სფეროში მოგისინჯავთ ძალა?

- კი და წარმატებულადაც: სარესტორნო ბიზნესში ვცადე ბედი. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ამ საქმეს ვაგრძელებ. უბრალოდ, ლოკაციას ვიცვლით, რადგან ჩვენი კონცეფციისთვის შეუსაბამოდ განვითარდა. ვცდილობთ, ისეთი ადგილი შევარჩიოთ, სადაც იგივე საფრთხე არ დაგვემუქრება.

- უამრავი რესტორნის არსებობის ფონზე, ქართველი მომხმარებლების დაინტერესება როგორ მოახერხეთ?

- საქმეს შემოქმედებითად მივუდექით. მოვიძიეთ კერძები, რომლებიც თითქოს დავიწყებულია, მაგრამ დღესაც "ფეთქავს". გვინდოდა, ცოტათი "მიყუჩებული ფეთქვის" მქონე კერძები უფრო მეტად "აგვემოძრავებინა" და გაგვეცოცხლებინა. ასე ვთქვათ, მათ ახალი სული შთავბერეთ, რადგან მეტ-ნაკლებად ყველა კერძის დღევანდელობასთან მორგება და მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინება მოგვიხდა. მგონი, ამ საქმეს წარმატებით გავართვით თავი, რადგან მოთხოვნადი ბრენდი გახდა, ჩვენ შესახებ ქალაქში ბევრმა გაიგო. გვეგონა, გარკვეული პერიოდი დაგვჭირდებოდა, რომ ხალხს გავეცანით, ჩვენზე ესაუბრათ და მოსულიყვნენ, მაგრამ ჩვენ შესახებ ერთ თვეშივე უამრავმა ადამიანმა შეიტყო, შემდეგ კი ჩვენი მომხმარებელი უფრო და უფრო მატულობდა. ამიტომაც, ეს სტიმულს გვაძლევს, რომ სხვაგან, სადაც გარე ფაქტორები ხელს არ შეგვიშლის, ამ სფეროში ჩვენი მუშაობა გავაგრძელოთ.

- სარესტორნო ბიზნესით თქვენი დაინტერესება რამ განაპირობა?

- საქმეში გამოცდილება ყოველთვის საჭიროა. ამ სფეროში ჩემს ძმას დიდი გამოცდილება აქვს. მე და ჩემს მეგობარს სარესტორნო სფეროში რაღაც საინტერესოს შექმნა გვინდოდა, გამოცდილი ადამიანი კი ჩემი ძმის სახით გვყავდა. მივიჩნიეთ, რომ საქმეში ინვესტიციის ჩადება საინტერესო იქნებოდა. შესაძლებლობები და იდეები გავაერთიანეთ და ბრენდი შევქმენით.

- წონაში დაკლება რატომ გადაწყვიტეთ?

- სიმართლე გითხრათ, ასეთ შედეგამდე თუ მივიდოდი, არ მეგონა - ეს წარმოუდგენელიც იყო. ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა: თავდაპირველად სწორი კვებით დავიწყე, რომელმაც დაახლოებით 14 კგ "ჩამოსწია", მერე კი წონა "გაჩერდა". გაგონილი მქონდა, რომ ჯანსაღი ცხოვრებისთვის ვარჯიში კარგია. ჩემი მთავარი მიზანი წონაში დაკლება კი არა, ჯანსაღი ცხოვრების წესი იყო. ისე მოხდა, რომ ვარჯიშის შედეგად, ორგანიზმმა თავისი შესაძლებლობები განავითარა და წონაში კლების თვალსაზრისით, უფრო და უფრო წინ მივიწევდი. შემდეგ მომეწონა, რომ წონაში ვიკლებდი - თავს ბევრად უფრო მსუბუქად, ჯანსაღად ვგრძნობდი. მერე ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა და ჩემთვის ბუნებრივ მდგომარეობად გადაიქცა. ასე რომ, შედეგისთვის დიდი ტანჯვა-წვალებით არ მიმიღწევია - ეს სიამოვნება და საკუთარი თავის გამოცდა იყო.

- თქვენი ამჟამინდელი გარეგნობის გამო, ხალხისგან ქათინაურს უფრო ხშირად ისმენთ თუ შენიშვნებს?

- 50/50-ზე: ვიღაცები ამბობენ, - ისეთი უფრო საყვარელი, სასაცილო იყავიო, ვიღაცები კი - ასე ბევრად უკეთ გამოიყურებიო. ვისაც უკვე თვალი აქვს შეჩვეული, ასეთი უფრო მოვწონვარ, ვინც იშვიათად მხედავს, მათთვის ჩემი ამჟამინდელი გარეგნობა შოკის მომგვრელია. საერთოდ, ადამიანებს სიახლის მიუღებლობა გვახასიათებს.

- "იმედზე" სერიალს - "შუა ქალაქში" განმეორებით აჩვენებენ. როგორი განცდა გეუფლებათ, როდესაც საკუთარ თავს უყურებთ?

- ჩემს ადრინდელ გარეგნობას მხოლოდ "იმედი" კი არა, სოციალური ქსელიც ხშირად მახსენებს (იღიმის). სიმართლე გითხრათ, საკუთარი თავი ახლა უფრო მეტად მომწონს და სიამაყის განცდა მეუფლება.

- კასტინგზე იმედგაცრუება განგიცდიათ?

- ამ განცდას "იმედგაცრუებას" ვერ დავარქმევ, რადგან კასტინგი იმას გულისხმობს, რომ ან აგიყვანენ, ან - არა. შესაძლოა, კონკრეტულ კასტინგზე კონკრეტული ტიპის მსახიობებს ეძებდნენ, მე კი იმწუთას რეჟისორის მოთხოვნას არ ვაკმაყოფილებდე. ამისთვის მზად ვარ, პრობლემა არ არის.

- ქართულ ტელესივრცეში თქვენი "ღამის შოუ" ერთადერთი არ იქნება. თქვენი გადაცემის მიმზიდველობა რა არის, სხვა გადაცემებისგან რით განსხვავდება?

- რადგან "ღამის შოუა", ფორმატის შესაბამისად, გარკვეულ ჩარჩოებს მოითხოვს, თუმცა ბევრი სიურპრიზი გვაქვს. გადაცემის განსხვავებულობაზე რომ ვილაპარაკო, გამოდის, ჩემს კოლეგებზე, მეგობარ გადაცემებზე უნდა ვთქვა რამე. ამიტომ თავს შევიკავებ და შესაფასებლად მაყურებლებს მივანდობ.

- რას ურჩევთ ადამიანებს, ვისაც რაიმე საქმის წამოწყება, კარიერული წარმატება სურთ?

- წარმატების ერთადერთი ფორმულა, რისიც მჯერა, ის არის, რომ ადამიანს შენი საქმე უნდა გიყვარდეს. თუკი საქმეს გულით აკეთებ, არ არსებობს, რომ წარმატებას ვერ მიაღწიო.

ეთო ყორღანაშვილი