ლიზა კალანდაძე: "სითამამე მაკლია" - გზაპრესი

ლიზა კალანდაძე: "სითამამე მაკლია"

"საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე ლიზა კალანდაძე ათეულიდან ერთ-ერთია, ვინც იმ მომღერლებს შორის მოხვდა, ვისაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარდგენის შანსი აქვს. კონკურსში მონაწილეობა ოჯახის წევრების ინიციატივით გადაწყვიტა.

- 17 წლის ხარ და ალბათ უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადები. აბიტურიენტობის პერიოდში კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია "ევროვიზია" იყო?

- კონსერვატორიაში ვაპირებ ჩაბარებას, საკომპოზიტორო მიმართულებით, თუმცა, ეს მომავალი წლისთვის მაქვს გეგმაში. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, დიახ, "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული "ევროვიზიაზე" მოხვდება და ბედი რომ არ მეცადა, ვინანებდი.

- შენი პირველი კონკურსი "X ფაქტორი" იყო. ემოციების კონტროლის თვალსაზრისით, იმ გამოცდილებამ მოგიტანა გარკვეული დადებითი შედეგი?

- სხვათა შორის, მეგონა, რომ ასე მოხდებოდა, წესით გამოცდილება უნდა მიმეღო, მაგრამ "საქართველოს ვარსკვლავის" პირველ "ლაივზე" ისე ვინერვიულე, თითქოს პირველად ვიდექი სცენაზე. რეალურად არაფერი შეცვლილა, ნერვიულობა და პასუხისმგებლობის განცდა არ იკლებს, უბრალოდ, როცა გარკვეული დაბრკოლება იქმნება სცენაზე, უკვე იცი, ის როგორ გააკონტროლო და შეშინებული აღარ ხარ.

- ლიზა, 7 წლიდან მღერი...

- დიახ, მე და ჩემი ტყუპისცალი და ნიკა 7 წლის ვიყავით, როცა ჩვენმა მშობლებმა ვოკალის პედაგოგთან მიგვიყვანეს. ალბათ ბავშვობაში ვმღეროდით და მონაცემები გვქონდა - ეს გადმოცემით ვიცით ოჯახიდან. მას შემდეგ ვემზადებით მაია გოგსაძესთან და დღემდე იმავე მასწავლებელთან დავდივართ. ისე გამოვიდა, რომ მე პირველმა გადავდგი მუსიკალურ სამყაროში ნაბიჯი, მაგრამ ნიკაც ემზადება ხალხის წინაშე წარსადგომად და სამღერლად.

- ხშირად ადამიანს მუსიკალური გემოვნება ოჯახის წევრების დამსახურებით უყალიბდება, შენს შემთხვევაშიც ასეა, თუ აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრი მოგწონს?

- ზუსტად ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ოჯახში რაც მესმოდა, მეც ის მომწონდა, თუმცა, ეს მხოლოდ მუსიკას არ შეეხება. დედა მხატვარია, თეატრის კოსტიუმების მიმართულებით, ხოლო მამა ფოტოგრაფი, ცხენოსანი, შემფასებელი, ყველაფერია მოკლედ (იღიმის). ოჯახში ყველაზე ახლოს დედასთან ვარ, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ყველაფერს ვუყვები. როცა მუსიკაში რამე მაინტერესებდა, ყოველთვის მას ვეკითხებოდი. მთელ კლასიკას მისგან გავეცანი. ის ყოველთვის ცდილობდა ჩემთვის ინფორმაცია მოეწოდებინა სხვადასხვა სფეროდან, როგორიცაა მხატვრობა, კინემატოგრაფია და ა.შ. დღესაც ასეა, რამეს რომ მოვისმენთ, დავათვალიერებთ ან ფილმს ვუყურებთ, მერე იმას აუცილებლად განვიხილავთ ხოლმე.

- აქვე შენი საყვარელი მუსიკალური და კინემატოგრაფიული ჟანრები, მხატვრებიც დაგვისახელე...

- ხელოვნების არც ერთი დარგის გამორჩეულად საყვარელი ჟანრების მიხედვით დაყოფა არ მიყვარს. სხვადასხვა ჟანრის ფილმებს ვუყურებ. ჩემთვის საყვარელ რეჟისორებს შორის დავასახელებ: ვისკონტის, ლინჩს და ფელინის. საყვარელ მხატვრებს შორის არიან: ელ გრეკო, ოდდ ნედრუმი, ველასკესი და ა.შ. ბევრნი არიან.

- როგორც ვიცი, თავადაც ხატავ...

- დიახ, მაგრამ ძალიან იშვიათად. რაღაც თუ მომეწონა, შეიძლება სპონტანურად დავიწყო ხატვა და რა გამოვა შემდეგში, ამაზე არ ვფიქრობ. რეალურად ხატვა არ ვიცი, დედას უნდა რომ ვისწავლო, თუმცა საფუძვლიანად ვერ ვუთმობ დროს. მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვახერხებ რაღაცებს. მომავალში, სურვილი თუ გამიჩნდება, ხატვას აუცილებლად დავეუფლები პროფესიულ დონეზე. თუმცა, არა მგონია, ის მუსიკასავით პირველ საფეხურზე დავაყენო. ვფიქრობ, ჩემთვის ხატვა ყოველთვის ჰობის დონეზე დარჩება.

- ფოტოების გადაღებაც გყვარებია...

- ფოტოების გადაღება 15 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი მეგობრები გატაცებულები იყვნენ ფოტოგრაფიით და მეც მათი შემყურე, 24 საათი ვადევნებდი თვალს, რას იღებდნენ. დავაყენებდი ჩემს დას და ვუღებდი უამრავ ფოტოს. მიტაცებდა ეს საქმე, მაგრამ მერე გადამიარა და 1 წელია გადაღებას შევეშვი.

- ბევრი აღნიშნავს, რომ "ლიზას აქვს გამორჩეული ხიბლი", "თავისი სამყარო", "ეს არის გოგონა სხვა პლანეტიდან" და "უცხოპლანეტელსაც" კი გიწოდებენ. ეთანხმები ამ მოსაზრებებს?

- არ ვიცი. ბავშვობიდან "თავში ჩაპირქვავებული" და "მარტო ტიპი" ვიყავი, შეიძლება ამიტომ ჩამომიყალიბდა განსხვავებული ხედვა, რომელსაც მუსიკაში გადმოვცემ. ხალხს როგორც უნდა, ისე აღიქვას ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან მომწონს, რასაც ჩემზე ამბობენ (იღიმის).

- მარტოსული ვიყავი და ოთახში შეკეტილიო, - თქვი. ასეთ დროს რაზე ფიქრობდი ან რას აკეთებდი ყველაზე ხშირად?

- მუსიკას ვუსმენდი ან უბრალოდ ვიჯექი და ვფიქრობდი, მაგალითად, როგორ შეიძლება გავიზარდო პიროვნულად, რა კარგი და ცუდი თვისებები მაქვს და ა.შ.

- გაქვს თუ არა რამე თვისება, რასაც შენს თავში ებრძვი და არ მოგწონს?

- ვებრძვი იმას, რომ (ფიქრობს) სითამამე მაკლია. ასევე, უნდა მივეჩვიო დამოუკიდებლად რაღაცების მოგვარებას და გადაწყვეტილებების მიღებას.

- ოჯახში შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?

- დედა. ამჯერადაც მისი რჩევით დავრეგისტრირდი "საქართველოს ვარსკვლავზე". როცა ამ პროექტის დაწყების შესახებ ვუთხარი, სულ გვერდით მეჯდა და 24 საათის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ საკმარისად კარგი ვარ და ღირს მონაწილეობა.

- გიფიქრია სამომავლოდ სად და როგორ გაგრძელდება შენი ცხოვრება? ქვეყნიდან გამგზავრებაზე თუ დაფიქრებულხარ?

- პირველ რიგში, მინდა თბილისში, კონსერვატორიაში ვისწავლო, რომ საფუძველი მქონდეს. შემდეგ ინგლისში ან გერმანიაში გავემგზავრო - ეს ჯერ არ გადამიწყვეტია, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ საქართველოდან უნდა გავიდე, საზღვარგარეთ მივიღო გამოცდილება, განვვითარდე და მერე აუცილებლად ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე, მინდა აქ ვიცხოვრო. როგორც წესი, მიდიან და სამუდამოდ გვტოვებენ კარგი მუსიკოსები და ეს ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტია. თუ რამეს მივაღწევ, დავბრუნდები და აქ გავაგრძელებ საქმიანობას.

- სამწუხაროდ, საქართველოში ხელოვანი ადამიანების დიდი ნაწილისათვის პერსპექტივა არ არის. თუნდაც ის მუსიკოსები, რომლებიც სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები ხდებიან, უმრავლეს შემთხვევაში, "იკარგებიან" საზოგადოების თვალთახედვიდან ან პროფესიას იცლიან. იმედია, 10 და 20 წელიწადში ეს ვითარება შეიცვლება...

- მეც დიდი იმედი მაქვს და მინდა, ამ საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო.

ანა კალანდაძე