ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

ილო ბეროშვილის და ანი ბებიას სიყვარულის ამბავი

კარგა ხანია, ილო ბეროშვილი და ანი ბებია შეყვარებულები არიან. წყვილი ერთად ცხოვრობს და თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა ისინი პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებდნენ. ახლახან ინტერნეტგამოცემებმა მათი ქორწინების შესახებ დაწერეს. ასეთი დასკვნა ილოს და ანის ერთობლივი ფოტოს გამო გააკეთეს, რომელზეც ანი თეთრ კაბაში გამოწყობილია აღბეჭდილი, ილოს კი ტყავის ქურთუკი აცვია... მოგვიანებით, ანიმ "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ ის და ილო არ დაქორწინებულან. ჩვენ ილო ბეროშვილს დავუკავშირდით და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული რამდენიმე შეკითხვა დავუსვით...

- ჩემი და ანის ქორწინების შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის: რაღაც კორპორაციული საღამოს წამყვანები ვიყავით და შესაბამისად გვეცვა. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ანის კაბა საქორწინო იყო. მე ტყავის ქურთუკში ჩაცმული გახლდით. ეტყობა, ფოტო და კომენტარები ნახეს და თავიანთი ჭკუით დაასკვნეს, რომ ქორწილი იყო, რაც აბსურდია. სტატიაში კი ეწერა, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არისო, მაგრამ მაინც დიდი უაზრობა გამოვიდა, რადგან მერე ანიმ "ფეისბუკზე", თავის გვერდზე ხუმრობით დაწერა, - თაფლობის თვე კუს ტბაზე გვაქვსო. ესეც დაიჯერეს და რაღაც ძალიან აბსურდული სიტუაცია შეიქმნა. როცა ადამიანი ცნობილი ხარ, ხალხის ყურადღებას იქცევ, რაც უმეტეს შემთხვევაში, სასიამოვნოა. არ მჯერა, რომ ვინც ჩვენს სფეროში საქმიანობს, მას საზოგადოების ყურადღება არ სიამოვნებს, პირიქით - უყურადღებობა ბევრად უარესია. იმის თქმა მინდა, რომ ჟურნალისტებისაც კარგად მესმის - თავიანთი საქმე აქვთ. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ რაღაცებს უფრო მეტად გადაამოწმებენ და საკუთარი თეორიებით არ დაასკვნიან - ისევ იმიტომ, რომ მკითხველი უკეთ იყოს ინფორმირებული.

- ადასტურებთ, რომ შენ და ანი ბებიას რომანი გაქვთ?

- გარკვეული პერიოდია, რაც მე და ანი ერთად ვართ. უბრალოდ, ამის აფიშირებას არ ვახდენთ. საერთოდ, პირადი ცხოვრება ყოველთვის პირადია. ვიდრე მე და ანი ერთმანეთს გავიცნობდით, პირად ცხოვრებაზე საუბარს მანამდეც თავს ვარიდებდით, რადგან ეს ინტიმური თემაა, რაღაცას შენთვის იტოვებ ადამიანი. კი, საზოგადოებას აინტერესებს, მაგრამ ჩემთვის კომფორტული არ არის იმაზე საუბარი, თუ როგორია ჩემი პირადი ცხოვრება... ამიტომ ზედმეტ აფიშირებას არ ვახდენდით, მაგრამ როცა უკვე ერთად ვართ, კი ბატონო, - ამ ამბავს არც ვმალავთ და არც ქვეყანას მოვდებთ. ერთად კარგად, ბედნიერად ვართ - ერთმანეთი გვიყვარს. რაღაცნაირად, ამაზე საუბარს თავს ვარიდებდით. იმიტომ კი არა, რომ ვმალავდით? უბრალოდ, საკუთარ თავებზე და ჩვენს ურთიერთობაზე ორიენტირებულები ვიყავით. რა უნდა მეთქვა? თან, გააჩნია, ურთიერთობის რა ეტაპზე გეკითხებიან, - პირად ცხოვრებაში რა ხდებაო? ჯერ ურთიერთობა უნდა დასტაბილურდეს და გაღვივდეს, რომ მერე თქვა - ერთად ვართო. მანამდე ასეთი სიტუაცია არ გვქონდა.

- შენ და ანიმ ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- რადიოს დილის გადაცემის წამყვანად ვმუშაობდი. ანი ჩვენი სტუმარი იყო. ძალიან მომეწონა, როგორც საუბრობდა. გარეგნობაზე აღარც მაქვს საუბარი... ანი ძალიან ჭკვიანი და გულწრფელი ადამიანია, რამაც მომხიბლა. რამდენიმე თვის შემდეგ დავმეგობრდით და ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობა გრძნობაში გადაიზარდა.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენმა პერსონაჟმა - შაგუმ ფარმაცევტი ნინოს (ვის როლსაც ანი ასრულებს) გული ვერ მოიგო. თავად თუ გაგიჭირდა ანის გულის მოგება?

- შაგუსთან საერთო არაფერი მაქვს. შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარად იყო. საერთოდ, ანი ძალიან გულწრფელი, კეთილი და გულღია ადამიანი გახლავთ. ორივეს ერთმანეთის გულწრფელობა, უბრალოება და გულახდილობა მოგვეწონა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ანის გულის მოგება გამიჭირდა, რადგან მასთან თითოეული შეხვედრისას ისე ვნერვიულობდი, ლამის ფეხები მეკეცებოდა.

- თქვენი პირველი პაემნის შესახებ მოგვიყვები?

GzaPress- რაღაცნაირად, ვმეგობრობდით. რამდენჯერმე მასთან თეატრში ვიყავი. ვნახე, როგორ თამაშობდა, მერე ვსაუბრობდით... თავდაპირველად, ჩვენს შეხვედრებს პაემნების სახე არ ჰქონია. ვთქვით, - მოდი მეგობრები ვიყოთ-თქო, მერე კი ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. მე კი თავიდანვე მომწონდა, მაგრამ ის სიფრთხილეს იჩენდა.

- როცა სერიალში საერთო ეპიზოდებში მონაწილეობდით, უკვე შეყვარებული იყავი?

- კი, კი, უკვე ერთად ვიყავით. შესაბამისად, ვცდილობდით, როლის შესრულებისას ისეთი არ ვყოფილიყავით, როგორიც რეალურად ვართ, რადგან შაგუ და ნინო პერსონაჟები არიან. ანი უკვე პროფესიონალი, გამოცდილი მსახიობია. მასთან ერთად გადაღებაზე სულ სხვანაირი ვარ. ყველა მეუბნება, - როცა გადაღებაზე ერთად ხართ, ბევრად უფრო ბედნიერი და "ცოცხალი" ხარო. მართლა უბედნიერესი ვარ. ანისთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ის შრომისმოყვარე, საქმის ერთგული და მოწესრიგებული ადამიანი გახლავთ, რაც ძალიან მომწონს.

- ანუ სიყვარულმა შეგცვალა?

- კი, რა თქმა უნდა, რადგან თავად ანი ძალიან მოწესრიგებული ადამიანია და გარკვეულწილად, მასთან ერთად ცხოვრების რიტმი სხვანაირია. მეც უფრო სხვანაირი ვარ - უფრო ბედნიერი, ვიდრე მანამდე ვიყავი. აბა, როგორ? როცა ადამიანი შეყვარებული ხარ, თავისთავად, უკეთესი ხდები.

- ვიდრე ანის პირადად გაიცნობდი, მის შესახებ რა იცოდი?

- მის შესახებ არ ვიცოდი. სხვათა შორის, "ხელოვნური სუნთქვის" ყურება მისი გაცნობის შემდეგ დავიწყე. გავგიჟდი, ის სერიალი ისე მომეწონა! მართლა ძალიან კარგი იყო...

- გარკვეულ სიტუაციებში, საერთო საქმიანობა რაიმე დისკომფორტს ხომ არ გიქმნით?

- არანაირად, პირიქით - ეს ძალიან სასიამოვნოა. ერთმანეთის კარგად გვესმის. "ჩემი ცოლის დაქალებში" სულ ვცდილობდით, რომ პირადი გრძნობები სააშკარაოზე არ გამოგვეტანა, რადგან კარგად გაცნობიერებული გვქონდა, რომ შაგუ და ნინო პერსონაჟები იყვნენ. მგონი, გამოგვივიდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვგონია.

- შენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ჭორი ვრცელდებოდა. როგორ ფიქრობ, ანის მიმართ შენი გრძნობა ნამდვილი სიყვარულია?

- თავად ნამდვილ სიყვარულად მიმაჩნია, რა თქმა უნდა, აბა, რა?! საერთოდ, მეც და ანიც ასეთი ტიპის ადამიანები ვართ: ვერ წარმოგვიდგენია, ადამიანთან ურთიერთობდე და რაიმეზე კიდევ თავს იკავებდე და რამეს ფიქრობდე... თუ ერთად ხართ, მორჩა - ბოლომდე ერთად ხართ. ანი აბსოლუტურად ჩემიანია, მე კი - მისიანი. დაქორწინებულები ვართ თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი სიყვარულია. მერე რა იქნება, კაცმა არ იცის.

- ქორწინებასთან დაკავშირებულმა ჭორმა უხერხულად გაგრძნობინა თავი?

- ასეთ ჭორებს შეჩვეული ვარ, კაცო, რა პრობლემაა? უბრალოდ, ჟურნალისტებმა ხანდახან ინფორმაცია რომ გადაამოწმონ, კარგი იქნება, სხვა არაფერი.

- სამუშაო რეჟიმის გამო, პირადი ურთიერთობისთვის საკმარისი დრო გრჩებათ?

- ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს. განსაკუთრებით, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში საგიჟეთია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ორივე ვთანხმდებით, რომ ჯობია, მეტი სამუშაო იყოს, ვიდრე - ნაკლები. ჩვენ ერთადაც ვმუშაობთ - კორპორაციულ საღამოებს ერთად ვატარებთ. ძალიან კარგია, რომ სახლის გარდა, სამსახურშიც ერთად ვართ. ანი მხარში მიდგას და მეხმარება. ამისთვის მადლობელი ვარ. მან ძალიან შემცვალა. კარგი ადამიანია. ანი ჩემთვის ყველაფერია.

ეთო ყორღანაშვილი