"საჭირო დროს ქალები ყოვლისშემძლეები ვხდებით" - გზაპრესი

"საჭირო დროს ქალები ყოვლისშემძლეები ვხდებით"

ანასტასია, იგივე ანასიკო, მსახიობ თაკო ჭანუყვაძის 4 წლის გოგონა გახლავთ. ინტერვიუს განმავლობაში პატარა ანასტასია ხატვით ერთობოდა. მხოლოდ ის გვითხრა, რომ მისი დედიკო კარგი და ლამაზია. დანარჩენის თქმა დედას მიანდო...

- უკვე მეათე წელია, დაოჯახებული ვარ. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გავთხოვდი. ამიტომ მინდოდა, სწავლა დამესრულებინა, მერე კი მუშაობა დამეწყო. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, ანასტასია გამეჩინა. დაოჯახებიდან 5 წლის მერე, საოცარი "გოგოშკა" გავაჩინე. ასე რომ, ეს ამბავი გათვითცნობიერებული მქონდა - დედობისთვის მზად ვიყავი.

- როგორი შვილია ანასტასია?

- ძალიან ჭკვიანი, დამჯერი... რაც მთავარია, საოცრად გულთბილია, დიდ სიყვარულს გამოხატავს. მოსიარულე სიტკბო და სიყვარულია.

- ხშირად აქებ?

- კი, ძალიან ხშირად. როცა იმსახურებს, აუცილებლად ვაქებ.

GzaPress- თავისი სახელი მოსწონს?

- ძალიან მოსწონს, როცა ანასიკოს ვეძახი. პატარა რომ იყო, ერთხელ მამიკომ ანასიკოთი მიმართა. ანასტასიას ძალიან მოეწონა და მას შემდეგ, ასე ვეძახით. ყველას ასე აცნობს თავს - ანასიკო მქვიაო. ბაღშიც ყველას უთხრა, რომ მისთვის ამ სახელით მიემართათ.

- დედობამ შეგცვალა?

- ვფიქრობ, რომ - კი. დედობა დიდი პასუხისმგებლობა გახლავთ. რაც ქვეყანას ანასტასია მოევლინა, ყურადღება გამიმძაფრდა, უფრო გულთბილი გავხდი. ვფიქრობ, ეს პატარა არსება - შვილი ქალს ცხოვრებას უფრო სხვა კუთხით გაჩვენებს.

- ზამთარს როგორ ატარებთ?

- ფასანაურში ვისვენებთ - ანასიკო ზამთრის არდადეგებს აქ გაატარებს. ჩემი რეჟიმის გამო, რამდენიმე დღე მაქვს თავისუფალი. ამიტომ, შეძლებისდაგვარად, სულ ვსეირნობთ, ვგუნდაობთ, თოვლის ბაბუს ვაკეთებთ, მერე ვკითხულობთ, ვცეკვავთ... ანასიკოს ცეკვა ძალიან უყვარს და ერთად ხშირად ვცეკვავთ.

- ბავშვთან ურთიერთობით იღლები?

- არა. დამღლელი არაფერია, პირიქით - ჩემი რეჟიმის გამო, ანასტასიასთან ისე ცოტა დროს ვატარებ, რომ მასთან ურთიერთობა ჩემთვის დასვენებაა. მაქსიმალურად ვცდილობ, რასაც ვაკლებ, ახლა ავუნაზღაურო და რაც მას მოუნდება, ერთად გავაკეთოთ.

- ყველაზე ხანგრძლივი დროით შვილს როდის და რამდენი ხნით განშორებიხარ?

- წლის და 4 თვის იყო, როდესაც მეგობრებთან ერთად, მე და ჩემი მეუღლე 1 კვირით საზღვარგარეთ გავემგზავრეთ. შვილი პირველად მაშინ დავტოვეთ. საერთოდ, ანასტასია ძალიან უპრობლემო ბავშვია - გამოტირება არ სჩვევია. უბრალოდ, როცა დავბრუნდით, 10 წუთის განმავლობაში მონატრებული და ნაწყენი თვალებით გვიყურებდა. შემდეგ მოვიდა, ჩაგვეხუტა და ბევრი გვკოცნა... მერე გასტროლი მქონდა და რამდენიმე დღით დავტოვე...

- ახლა უკვე ეგუება განშორებას?

- იცი, როგორ ხდება? ზაფხულში ხანდახან აგვისტოს შუა რიცხვებამდეც ვმუშაობ. შესაბამისად, ზაფხულის სიცხეში ბავშვი თბილისში ვერ მეყოლება - აგარაკზე მიმყავს, სადაც მუდმივად ვაკითხავ. რა თქმა უნდა, ამას ყოველდღე ვერ ვახერხებ, თუმცა ვცდილობ, მასთან ხშირად ვიყო. მთავარია, თავად იყოს კარგად.

- როგორც ვიცი, ბავშვის გაზრდაში ძიძა გეხმარებოდა...

- კი. ახლა ანასიკო 4 წლის არის. რადგან უკვე ბაღში დადის, გადავწყვიტე, მის აღზრდას ძიძის გარეშე გავუძღვე. ძიძა 3 წლის განმავლობაში გვყავდა. ის ძალიან გვიყვარს. თავად ანასიკოც გიჟდება, ისე უყვარს! ძიძა ჩვენი ხშირი სტუმარი და ჩვენი ცხოვრების ნაწილია.

- ანასიკოსთვის ძიძა როგორ იპოვე?

- ჩემს ნათესავს ჰყავდა ძიძა, რომელზეც ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა, ოღონდ მაშინ ალბათ, დაოჯახებულიც არ ვიყავი. ამასობაში, ჩემი ნათესავი გაიზარდა და გადაწყვიტეს, რომ ძიძა უნდა გაეშვათ... მას ვუთხარი: - ერთი წელი დამელოდე, ბავშვი უნდა გავაჩინო და მაშინვე სამსახურში აგიყვან-მეთქი (იცინის). დამელოდა და ავიყვანე. ეს იყო ადამიანი, რომელსაც მთელი გულით და სულით ვენდობოდი; მშვიდად ვიყავი, როცა შვილს მას ვანდობდი. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ძიძაში ნამდვილად გამიმართლა.

- ანასიკო თუ იბუტება და რის გამო?

- არა, არ იბუტება, თუმცა პროტესტი აქვს ხოლმე.

- პროტესტს როგორ გამოხატავს?

- როცა რაღაც ეწყინება ან არ მოეწონება, აუცილებლად მიხვდები. "გაგებუტეს" არასოდეს გეტყვის. უბრალოდ, სახეზე ეტყობა, რომ ნაწყენია. შეიძლება, პირდაპირ გითხრას - ეს არ მომეწონა და მეწყინაო.

- სამოსთან როგორი დამოკიდებულება აქვს?

- თუ რაიმე არ მოსწონს, რა თქმა უნდა, არ ჩაიცვამს. ყველაფერი ჩემი ტანსაცმლის მსგავსი სურს. ახლა მისგან შეკვეთები მივიღე, როგორი კაბა უნდა შევუკეროთ. მიხსნის და მაჩვენებს, როგორი მოდელი სურს. მოკლედ, ძალიან გემოვნებიანია (იცინის). გულწრფელად ვამბობ: ისეთი რაღაცები მოსწონს, რაც მეც მიზიდავს. ტანსაცმელს მაღაზიაშიც ზუსტად ჩემსავით არჩევს: ჩერდება, ყველაფერს თვალს მოავლებს და შემდეგ რომელიმე სამოსთან მიდის.

GzaPress- ტანსაცმლის მოდელებს ხატავს თუ როგორ გიხსნის, როგორი სამოსი სურს, რომ შეუკეროთ?

- მაგალითად, პირველად საღამური ეცვა, როცა ამიხსნა, როგორი სამოსი სურდა: საღამური გადასწია, ჯერ ერთი ხელი ამოყო, მერე - მეორე, წინ შეკრა და მითხრა - ასეთი მინდაო. შოკში ჩავვარდი (იცინის).

- კიდევ რა ინტერესები აქვს?

- ტრადიციულად, როგორც კი სახლში მივდივარ (სხვათა შორის, ძილის წინაც), მთხოვს მოვუყვე, რეპეტიციაზე რას ვაკეთებდი. ჩემს მეგობრებსაც იცნობს და ინტერესდება, ვინ რას თამაშობს, რას აკეთებს. სპეციალურად მისთვის, რეპეტიციებს ვიდეოკამერით ვიღებ, რომ ვაჩვენო. ბუნებრივია, თეატრი ძალიან უყვარს. თეატრთან დაკავშირებით მუდმივად ვსაუბრობთ, ყველა სპექტაკლს, პერსონაჟს განვიხილავთ. თითო სპექტაკლი 4-5-ჯერ აქვს ნანახი, მაგრამ არ ჰბეზრდება - სურვილს გამოთქვამს, რომ კიდევ ნახოს. მიხარია, რომ საერთო ინტერესი გვაქვს. ცეკვა განსაკუთრებულად უყვარს. რაღაც ილეთებს იგონებს, შემდეგ ამ ილეთებს "მაბარებს", მერე კი ერთად უნდა შევასრულოთ ცეკვა, რომელსაც ანასტასია დგამს.

- სპექტაკლში თამაშის სურვილს გამოთქვამს?

- არა, ჯერჯერობით არ გამოუთქვამს, თუმცა ერთხელ, როცა საახალწლო სპექტაკლი გვქონდა, სადაც რამდენიმე ბავშვი სცენაზე აგვყავდა და ისინი ლექსებს, რაიმე ამბებს ჰყვებოდნენ, ანასტასიაც ამოვიდა (მაშინ 2 წლის იყო). სავსე დარბაზის წინაშე, დედიკოსთან ერთად, სცენაზე რაღაც თქვა და ძალიან კმაყოფილი იყო, რომ აპლოდისმენტები მიიღო. სახლში რომ მივედით, მთხოვა, ამ ამბის ამსახველი ვიდეო მეჩვენებინა. სხვათა შორის, იმ ვიდეოს ხშირად უყურებს.

- ოდესმე დაგისჯია?

- არ დამისჯია. უბრალოდ, ყველაფერს ვუხსნი. ხომ იცი, ბავშვებს ენის მოჩლექით რომ ელაპარაკებიან? ასე არასოდეს მოვქცეულვარ. ყოველთვის ისე ვეპყრობოდი, როგორც მეგობარს. ხშირად ვეუბნები, - შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, უნდა მომისმინო-მეთქი და ყველაფერს ვუხსნი.

- საბავშვო ბაღს როგორ შეეგუა?

- მეორე წელია, რაც საბავშვო ბაღში დადის. მიხარია, რომ იქაურობა ძალიან უყვარს. დილით თავად მაღვიძებს - ბაღში წავიდეთო, არ უნდა დააგვიანოს.

- ჩაცმის სტილის გარდა, სხვა მხრივაც გბაძავს?

- კი, თუნდაც - ლაპარაკის მანერით, ჩემი ტექსტებით საუბრობს... კი არ მბაძავს, ასე ხდება: ალბათ, ჩემი ქცევებით, მანერებით მეც დედაჩემს ვგავარ. ანასტასიას შემთხვევაშიც ასეა: მიხვდები, რომ ჩემი შვილია. საერთოდ, ჟესტებით საუბარი მომწონს, ემოციურად ახსნა მიყვარს - მინდა, ყველაფერი ზუსტად ისე "მოგაწოდო", როგორც ვხედავ.

- მისი აღზრდისას, მასთან ურთიერთობისას არასოდეს დაბნეულხარ?

- როდესაც პირველი შვილი გიჩნდება, ცხადია, ბევრი რამ არ იცი. პრაქტიკაში იგებ, რა როგორ უნდა გააკეთო. აღმოჩნდა, რომ ძალიან მშვიდი ვარ. ბავშვის ავად გახდომის გამო პანიკა არ მემართება. მახსოვს, როდესაც ანასიკოს მაღალი სიცხე პირველად ჰქონდა, თავი ხელში ავიყვანე. ბუნებრივია, არ ვიცოდი, იმ წუთში ბავშვისთვის რომელი წამალი უნდა მიმეცა. თვითონაც მშვიდია - როცა ცუდად გრძნობს თავს, არ ტირის. სიცხეც შემთხვევით გავუსინჯე... რა თქმა უნდა, ყველაფერს ნელ-ნელა ვსწავლობ. თუმცა მგონია, რომ საჭირო დროს დედები ყოვლისშემძლეები ვხდებით ხოლმე.

- როცა შვილი ეკრანზე გხედავს, როგორი რეაქცია აქვს?

- ჩემი მონაწილეობით გადაღებული ყველა სერია ზეპირად იცის. ერთხელ ქუჩაში, სერიალიდან რაღაც ფრაზა მითხრა - ეტყობა, უცებ გაახსენდა. ის ეპიზოდი ძალიან ბევრჯერ ნახა, სადაც ჩემი პერსონაჟი - კეკე და მისი და - ქექე საუბრობენ. იმ სცენაში რადიკალურად განსხვავებული ვიყავი და ეტყობა, ამიტომ დაინტერესდა.

- როცა რაღაც სურს, როგორ გთხოვს?

- ძალიან დიდი მოკრძალებით. ისეთი მოკრძალებულია, რომ გაგეცინება. თხოვნას ამ ფრაზით იწყებს: - "დედი, თუ შეიძლება..." არასოდეს მოუთხოვია - ეს მინდა და აუცილებლად მიყიდეო. მშვიდად, წყნარად მეკითხება და თუ შემიძლია, ვუსრულებ.

- სამეგობრო წრის ამბებს, მეგობრებთან ურთიერთობის დეტალებს გიმხელს?

- კი. ერთი განსაკუთრებული მეგობარი ჰყავს, რომელიც ჩემი მეგობრის შვილი გახლავთ და ანასტასიას ის სიგიჟემდე უყვარს, რასაც მუდმივად გამოხატავს. პრინციპში, დაბადებიდან თითქმის ერთად არიან. საბავშვო ბაღშიც ყველამ იცის, რომ ის მისი საუკეთესო მეგობარია... შინ დაბრუნებული, როგორც მე ვუყვები ჩემი სამსახურის ამბებს, ანასტასიაც მიყვება, ბაღში ახალი რა მოხდა. იცის, რომ დედობის გარდა, მისი მეგობარიც ვარ...

ეთო ყორღანაშვილი