სასკოლო გამოცდები - თავის მოტყუება, ბლეფი თუ კორუფციული სქემის ნაწილი? - გზაპრესი

სასკოლო გამოცდები - თავის მოტყუება, ბლეფი თუ კორუფციული სქემის ნაწილი?

ჩვენი განათლების სისტემა სათანადო დონეზე რომ არ დგას, ამას საერთაშორისო კვლევები და რეიტინგებიც ადასტურებს: როგორც წესი, ამ რეიტინგებში საქართველო ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებს უმშვენებს მხარს. მიუხედავად მინისტრების ცვლისა და ნაირ-ნაირი ექსპერიმენტისა, ბავშვები სკოლაში ხარისხიან, ნორმალურ განათლებას ვერ იღებენ და რეპეტიტორების იმედად რჩებიან. ამ სისტემაში არსებულ ხარვეზებზე განათლების ახალი მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი და მისი თანამოაზრეებიც ალაპარაკდნენ. სამინისტროში კიდევ ერთი რეფორმა წამოიწყეს და საზოგადოებას "გამოცდების ახალი მოდელი" შესთავაზს: ამ მოდელის მიხედვით, ზოგადი უნარების და XI-XII კლასის გამოსაშვები გამოცდები უქმდება. ცვლილებები შეეხება ეროვნულ გამოცდებსაც - კერძოდ, 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში და იმ პროფილის საგანში, რომელ სპეციალობაზეც აბარებს აბიტურიენტი. განათლების სისტემაში დაწყებულმა კიდევ ერთმა რეფორმამ ქართველ საზოგადოებაში სერიოზული კამათი გამოიწვია, ჩვენ კი დავინტერესდით, როგორ აფასებენ ამ ცვლილებებს ცნობილი ადამიანები:

"ეს გამოცდები ბავშვებისთვის არაფრის მომცემი იყო"

GzaPressსალომე გოგიაშვილი, ჟურნალისტი: - ამ ცვლილებებს მივესალმები, რადგან გამოცდები, რომელსაც აუქმებენ, მხოლოდ სტრესის წყარო იყო. სკოლის გამოცდებზე ბავშვები ბევრ ისეთ საგანს აბარებდნენ, რომელიც მომავალში საერთოდ აღარ სჭირდებოდათ. რაც შეეხება ზოგად უნარებს, ეს იმდენად არაფრის მომცემი საგანი იყო და ტესტებშიც იმდენი უაზრო მაგალითი იყო მოყვანილი, რომ ყველას აოცებდა. თანაც, ე.წ. ზოგადი უნარების ტესტები საერთოდ არ შეეფერება ჩვენს კულტურას და ტრადიციებს. ამის საილუსტრაციოდ მარტო ერთ მაგალითს მოვიყვან: ავტობუსში ადის ახალგაზრდა და ბილეთს ყიდულობს. ამ დროს ამოდის მოხუცი ან ფეხმძიმე ქალი. შეკითხვაზე, უნდა დაუთმოს თუ არა ადგილი? საქართველოში გაზრდილი ადამიანი უპასუხებს, რომ უნდა დაუთმოს. ამ დროს სწორი პასუხია, რომ არ უნდა დაუთმოს, რადგან ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს და ეს ადგილი მას ეკუთვნის. მსგავსი აბსურდული მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება. ამიტომ, ჩემთვის ზოგადი უნარების გამოცდის მოხსნა აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია. ბოლოს კი ვიტყვი, რომ მოსწავლეზე უფრო მეტი რამ არის დამოკიდებული, ვიდრე სკოლაზე. ვისაც სწავლა უნდა, ყველაზე ცუდ პირობებში და ყველაზე ცუდ სკოლაშიც ისწავლის და თუ არ აინტერესებს, რაც უნდა კარგ სკოლაში ატარო, რაც უნდა კარგი განათლება მისცე, მაინც არ ისწავლის. მე 1990-იან წლებში ვსწავლობდი, როცა არც შუქი იყო, არც გაზი, მინიმალური კომფორტიც კი გვენატრებოდა და ვისაც ამის ინტერესი ჰქონდა, მაინც სწავლობდა. ეს არის აქსიომა, რომელიც ყველა თაობას და ყველა ეპოქას შეესაბამება.

"გამოცდების გაუქმება ბავშვებს ძალიან უხარიათ"

ლელა წურწუმია, მომღერალი: - ამ პრობლემებში ღრმად ჩახედული არა ვარ და არ მინდა არაკომპეტენტური ვიყო, მით უმეტეს, როცა ჩვენი მომავალი თაობის ბედზეა საუბარი, მაგრამ ჩემს სუბიექტურ აზრს მაინც გაგიმხელთ: ვფიქრობ, გამოცდა ერთგვარი შეჯამებაა იმისა, რასაც მოსწავლე მთელი წლის განმავლობაში სწავლობს. უბრალოდ, გამოცდა სტრესული არ უნდა იყოს, თორემ ბავშვის ცოდნა აუცილებლად უნდა შეფასდეს. გამოცდების მოლოდინი მოზარდში პასუხისმგებლობის გრძნობას აღვიძებს და ის ცდილობს მაქსიმალურად მობილიზებული იყოს. ამიტომ, ჩემი აზრით, გამოცდების ასე ერთბაშად და მოულოდნელად გაუქმება მართებული არ არის. ისე, თავად ბავშვებს ეს ამბავი ძალიან უხარიათ, ჩემი შვილი მეთერთმეტე კლასშია და კარგად ვიცი.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში უფასო ფაკულტეტები აღარ იყოსო..."

GzaPressთინა ხიდაშელი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი: - თუ რეფორმის ჩატარებას აპირებენ, ეს რეფორმა ერთობლიობაში უნდა ჩატარდეს და საზოგადოებასაც ასე უნდა მიაწოდონ. ცალკე რაღაც გამოცდების გაუქმება ან დამატება ვერაფერს შეცვლის. რომ ვიცოდეთ, რა პროცესის ნაწილია ეს და მომავალში რა იქნება, კარგი იქნებოდა, ახლა კი, განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებს უარყოფითად ვაფასებ. არავინ კამათობს, სასკოლო განათლება კატასტროფულ მდგომარეობაშია და ეს გამოცდები არც ერთ მოსწავლეს ცოდნას არ მატებდა, მაგრამ პროცესის ასე მოულოდნელად, უკუღმა დაწყებამ შეიძლება უარესი შედეგი მოიტანოს. ამ დღეებში გამოვიდა განათლების მინისტრი და დაგვპირდა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი წლიდან ქვეყანაში უფასო ფაკულტეტები აღარ იყოსო. ეს ძალიან ცუდი განცხადებაა და თუ არ იცი, რა კვლევები ჩაატარეს და რატომ მივიდნენ ამ დასკვნამდე, ამგვარი განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საზოგადოება კითხულობს - ხომ არ ემსახურება ეს ყველაფერი რაღაც გაუგებარ ინტერესებს, მათ შორის, მინისტრის ინტერესებს, რომელსაც თავისი კერძო უნივერსიტეტი აქვს? რატომ გვიკვირს, რომ ამ რეფორმის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა იქმნება? მე ვისურვებდი, რომ განათლების მინისტრი და საერთოდ, ხელისუფლება ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს ქართველი საზოგადოების აზრს. მოულოდნელი ცვლილებები და არასტაბილურობა ყველაზე დიდი პრობლემაა ბავშვისთვის, მასწავლებლისა და მშობლისთვისაც. ცვლილებებს ბოლო არ უჩანს, მაგრამ ამ სისტემის გასაუმჯობესებლად რეალურად არაფერი კეთდება.

"სწავლა ჭირივით მეზარებოდა, მაგრამ უმაღლესში მაინც ჩავაბარე"

გივი სიხარულიძე, მწერალი: - როდემდე უნდა იყოს საქართველო ისეთი ქვეყანა, სადაც ყველაფერი მოჩვენებითია? ყველამ იცოდა, გამოცდებამდე სანამ მივიდოდნენ, ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ, ყველა ამ საზიზღარი ზოგადი უნარების გამოცდისთვის ემზადებოდა. ავტობუსში ფეხმძიმე ქალი რომ ამოვიდეს, ადგილი არ უნდა დაუთმო, რადგან ის ადგილი შენიაო, - ამაზე უარესი რა უნდა ასწავლო მომავალ თაობას?! თუ რამე საძაგლობაა, ევროპამ და ამერიკამ ყველაფერი აქ შემოიტანა, რომ მამაკაცი მამაკაცს აღარ ჰგავდეს და ქალი - ქალს. ამიტომ, მე ამ გამოცდების გაუქმებას ორივე ხელით მივესალმები. იცით თუ არა, რომ სორბონაში გამოცდებს სულ არ აბარებენ, სწავლას ისე იწყებენ? მერე, ვინც ვერ ისწავლის, უნივერსიტეტს ტოვებს, ხოლო ვინც კარგად სწავლობს, ფულს საერთოდ არ ახდევინებენ. ჩვენთანაც ასე რომ იყოს, კარგი იქნებოდა. როგორ შეიძლება უფასო სწავლების გაუქმება ქვეყანაში, სადაც უამრავი ნიჭიერი, მაგრამ ღარიბი ოჯახიდან გამოსული ახალგაზრდაა? თუ ბავშვს გამორჩეული ნიჭი აქვს და მონდომებულია, უფასოდ უნდა ისწავლოს, აბა, რა? უფასო იყო სწავლა საბჭოთა კავშირის დროს და ვინც მართლა სწავლობდა, ძალიან მაგარი სპეციალისტი გამოდიოდა. ჩემისთანებზე კი არ ვამბობ, მე სწავლა ჭირივით მეზიზღებოდა, მაგრამ დიპლომის გამო მაინც ჩავაბარე და იცით, სად? - აგრონომიულ ფაკულტეტზე. ჩამებარებინა თეატრალურში ან ფილოლოგიურზე... ვიღაცას დიპლომი წავართვი და მე ერთი დღეც არ მიმუშავია აგრონომად. კი ბატონო, ცუდი რამეებიც ხდებოდა, იმ პერიოდში მექრთამეობაც იყო, ფულით მოწყობაც, მაგრამ ვისაც სწავლა უნდოდა, გამორჩეული და საუკეთესო სპეციალისტი გამოდიოდა. სწორედ ამიტომ, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ამერიკამ უამრავი ნიჭიერი მეცნიერი წაიყვანა და დღეს ამერიკის ეკონომიკა და მეცნიერება ლამის ვარსკვლავებს ეთამაშება. ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდწილად განათლების სისტემაზეა დამოკიდებული და მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

"ქართული სახელმძღვანელოები უამრავი სისულელით არის სავსე!"

GzaPressსიმონ მასხარაშვილი, ისტორიკოსი, პროფესორი: - უკვე რამდენი წელია პედაგოგიკაში ვარ, სკოლაშიც ვასწავლი, უმაღლეს სასწავლებელშიც და განათლების სისტემასთან უშუალო შეხება მიწევს. უნდა გითხრათ, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები უშედეგო და არაფრის მომტანი იყო. ამის დასტურად მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიშველიებ: ბავშვები, რომლებმაც შარშან წარმატებით ჩააბარეს გეოგრაფია, წელს მპასუხობენ, რომ ჩინეთი ევროპაშია! გამოცდებზე არანაკლებ რთული პრობლემაა ჩვენი სასკოლო სახელმძღვანელოები - ეს არის საუკეთესო ნიმუში, თუ როგორი არ უნდა იყოს სახელმძღვანელო. ჩემს საგანზე, ისტორიაზე გეტყვით: ეს არის რუსული და ინგლისური ვიკიპედიიდან ძალიან ცუდად გადმოთარგმნილი მასალა, სადაც უამრავი შეცდომაა გაპარული. ისტორიული თარიღების 20% სკოლის სახელმძღვანელოებში შეცდომით არის დაბეჭდილი. უარესი მდგომარეობაა ბიოლოგიაში: ერთ-ერთ სახელმძღვანელოში წერია, რომ ჟანა დ"არკი ჰერმოფროდიტი იყო და გარკვეული ქრომოსომები ჰქონდა. უკაცრავად, მაგრამ 1432 წელს, ცეცხლზე დამწვარი ქალის ქრომოსომები როგორ უნდა გაარჩიო, როცა დნმ-ის კვლევა ჩვენი საუკუნის მონაპოვარია, ამას ვერ ვხვდები. რაც შეეხება "უნარების" გამოცდას, ეს საერთოდ სამარცხვინო მოვლენა იყო. ამ საგნის ტესტები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, არადა, ამ ტესტებით წყდებოდა აბიტურიენტი რამდენ ქულას მოაგროვებდა და სად, რომელ ფაკულტეტზე ჩააბარებდა. ცალკე პრობლემა იყო ის, რომ "უნარებს" სკოლაში არ ვასწავლიდით და ბავშვებს მის ჩაბარებას ვთხოვდით. როგორ შეიძლება აბიტურიენტებს იმის ცოდნა მოსთხოვო, რაც სკოლაში არ გისწავლებია? ამ საგანს მომზადების გარეშე ვერავინ აბარებდა და მშობელიც იძულებული იყო, მოემზადებინა. სწორედ ამიტომ, "ზოგადი უნარებიც" და სკოლის გამოცდებიც კორუფციულ სქემასთან იყო დაკავშირებული.

- სასკოლო გამოცდებიც ამ სქემის ნაწილი იყო?

- ცხადია, რადგან ბავშვები ამ გამოცდებს ვერ აბარებდნენ და მილიონობით ლარი იხარჯებოდა რეპეტიტორებთან. ზოგიერთი მოსწავლე მხოლოდ 2-3 კვირის განმავლობაში მეცადინეობდა და მაინც "აბარებდა". ამიტომ, ეს გამოცდები კი არა, აბსოლუტური ბლეფი და თავის მოტყუება იყო - მშობელი თავს იტყუებდა, რომ მისი შვილი მეცადინეობდა. ჩემი აზრით, ამ სიმახინჯის გაუქმება მისასალმებელია. ბოლოს კი გეტყვით, რომ ქართული განათლების სისტემა ურთულეს მდგომარეობაშია: კატასტროფული პროგრამები და კატასტროფული სახელმძღვანელოები გვაქვს, რომელიც სისულელეებით არის სავსე. სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველო განათლების დონით მსოფლიოში ერთ-ერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა.

ხათუნა ჩიგოგიძე