"ორივე ჯიუტი ვართ, მაგრამ ზურა უფრო კეთილია" - გზაპრესი

"ორივე ჯიუტი ვართ, მაგრამ ზურა უფრო კეთილია"

ანა ცნობილი მსახიობის - ზურა ინგოროყვას შვილი გახლავთ, რომელმაც მამის რჩევების მიუხედავად, მაინც მსახიობის პროფესია აირჩია და პროფესიულ საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს დგამს. გაირკვა, რომ ანას სკოლაში, მშობელთა კრებაზე ზურა არასდროს ყოფილა, მოუცლელობის გამო, ანამ კი გაგვიმხილა - მამაჩემს მასწავლებლები ეპრანჭებოდნენ და მშობელთა კრებაზე მის მისვლას ან სპექტაკლზე დაპატიჟებას ამაოდ ელოდნენო... მამა-შვილს რუსთაველის თეატრში შევხვდით...

GzaPressზურა:

- მიხეილ ჯავახიშვილი "კვაჭი კვაჭანტირაძის" დასაწყისში წერს, როგორ აირევა ამინდი, წამოვა თოვლი, დაიწყება ჭექა-ქუხილი, ამოვარდება ქარიშხალი და დაიბადება კვაჭი - ქვეყნის ამრევ-დამრევიო... ანას დაბადების დღეს, დილით იდეალური ამინდი იყო. 4-ის ნახევარზე, როცა ჩემი მეუღლე სამშობიაროში შეიყვანეს, კატასტროფული, საშინელი ამინდი დადგა, წამოვიდა თოვლი... ვიფიქრე, კვაჭი იბადება-მეთქი, მაგრამ გოგო გაჩნდა (იღიმის).

ანა:

- ზურას სამეგობროში პირველი ბავშვი ვიყავი. დედაჩემი ხუმრობს ხოლმე, მთელ სამეგობროს ისე უნდოდი, სამშობიაროში ძალით გამაქანეს, თორემ ჯერ არანაირი ტკივილი არ მქონდა დაწყებულიო. ბებიამ მიამბო: ზურას ვუყურებდი და ჩემ თვალწინ რამდენიმე კილოგრამი დაიკლო, ისე ინერვიულაო. ზურა სულ ოცნებობდა, გოგო ჰყოლოდა და მისთვის ანა დაერქმია. ჩემს დაბადებამდე ბავშვის სქესი არ იცოდნენ...

- ზურა, ანა როგორი ბავშვი იყო?

- არაჩვეულებრივი, საოცრად კარგი, ენერგიული, "ცოცხალი" ბავშვი იყო. მგონი, არასოდეს უტირია. დილით, დაახლოებით 7 საათზე გაიღვიძებდა, მშობლებს გადმოგვხედავდა და რომ დაინახავდა, გვეძინა, თავადაც ძილს აგრძელებდა ან თავისთვის თამაშობდა. მთელი უბანი იცნობდა და უყვარდათ...

ანა:

- ზურას როცა ვხედავდი, სახე მინათდებოდა. თეატრში, რეპეტიციებზე სულ დავყვებოდი - ვგიჟდებოდი, იქ ყოფნა ისე მიყვარდა. მახსოვს, როცა ზურას ბებიასთან უნდა წავეყვანე, გზაში ვლოცულობდი, - ღმერთო, ნეტავ, ბებო სახლში არ იყოს და მამამ რეპეტიციაზე წამიყვანოს-მეთქი (იცინის). სადაც მივყავდი, ყველა თავს მევლებოდა და ეს ძალიან მომწონდა. მსახიობობა ყოველთვის მსურდა. უბრალოდ, რამდენჯერმე იურისტის პროფესიაზე გავიფიქრე, თორემ მსახიობობა მყარად მქონდა გადაწყვეტილი. თავად წინააღმდეგი იყო, - რთულია, მთელი ცხოვრება "გამოგყვება", რომ ჩემი შვილი ხარო. მოკლედ, მითხრა, - არაფერში დაგეხმარები. როგორც მე მივაღწიე ყველაფერს დამოუკიდებლად, შენც ასე უნდა მოიქცე, თუ მსახიობობას გადაწყვეტო. რა თქმა უნდა, თანახმა ვიყავი. ახლაც "მომყვება", რომ "ზურას შვილი" ვარ და მუდმივად ვიღაცებისთვის რაღაცების დამტკიცება მიწევს. საქმე როგორ გამომდის, ეს ჩემმა მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს. ყოველ შემთხვევაში, მზად ვარ, მამაზე უკეთესი ვიყო (იცინის).

ზურა:

- ჩემზე კარგი თუ იქნება, ხომ იცით - ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო (იღიმის). ვცდილობდი, სხვა პროფესია აერჩია, რადგან ვიცი, მსახიობობა რთულია, მით უმეტეს - ქალისთვის. ყველანაირად ვეცადე, მისთვის ეს ამეხსნა. მერე ჩემი მეგობარი ვაკის სარდაფში სტუდენტებთან სპექტაკლს დგამდა. მითხრა: აქ მოიყვანე, სპექტაკლში ვათამაშებ. მსახიობური ნიჭი თუ გამოავლინა, გაჩუმდი, თუ არადა, ყველანი ვეტყვით ამის შესახებო. ანამ სპექტაკლში ითამაშა და საქმეს ნორმალურად გაართვა თავი. ჰოდა, გავჩუმდი. მერე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა. თან, ჩემს პედაგოგთან - ლევან წულაძესთან მოხვდა.

ანა:

- ჭოლა არაჩვეულებრივი ადამიანია. მასთან ურთიერთობა ბედნიერებაა, რადგან მუდმივად კარგ ხასიათზეა და სიკეთეს ასხივებს. რაც მთავარია, სტუდენტს ასწავლის, რომ სხვა ადამიანს პატივი სცეს, თავისი პროფესია უყვარდეს.

- ზურა, როცა ანას მონაწილეობით სპექტაკლს უყურებთ, როგორი განცდა გეუფლებათ?

- აქამდე სულ პედაგოგიური თვალით ვუყურებდი - მისი სპექტაკლში ნახვისას სიამოვნება არ მიმიღია, რადგან ვაკვირდებოდი, რას როგორ აკეთებდა. ახლა, 15 თებერვალს, სპექტაკლის სანახავად მაყურებლის ამპლუაში მივალ.

GzaPressანა:

- როცა სცენაზე ვდგავარ, ძალიან ნერვიულობს. ადრე, როცა მისი მეგობრის სპექტაკლში ვთამაშობდი, ის წარმოდგენა ფხიზელს არასოდეს უნახავს - სულ სვამდა, ნერვიულობით კვდებოდა (იცინის).

- თავად როგორი განცდა გეუფლება, როცა სპექტაკლში თამაშობ და იცი, დარბაზში მამა ზის?

- ყველაზე მეტად ორი ადამიანის აზრი მაინტერესებს: ჭოლა პარტერში არასოდეს ჯდება - ძირითადად, ჩვენთან ერთად ნერვიულობს. ზურას რაც შეეხება, ვიცი, პარტერში ზის და მიყურებს, ამიტომ სამმაგად ვნერვიულობ. მიუხედავად იმისა, რომ კომისიაც გვესწრება, თეატრმცოდნეები, კრიტიკოსები გვაფასებენ, ყველაზე მეტად მაშინ ვნერვიულობ, როცა ზურა მიყურებს, რადგან ვიცი, ის ასჯერ მეტს მომთხოვს, ვიდრე ნებისმიერი სხვა. თან, სულ მინდა დავუმტკიცო, რომ არ შევცდი, როცა თეატრალურში ჩავაბარე.

- ზურა, ანას მესაიდუმლე ხართ?

- არა, ამ მხრივ, დედასთან უფრო "გახსნილია". შეიძლება, ცოტათი ჩემი რიდი აქვს.

- ოდესმე თქვენთან შეყვარებული თუ მოუყვანია გასაცნობად?

- არა, არ ჰყოლია. ახლა ჰყავს. ამას ყველა მეუბნება, თვითონ - არა. მე ვამბობ, - ნუ მეუბნებით-მეთქი.

- რატომ, განიცდით?

- რა ვიცი. ეტყობა, რაღაც ხდება. მერე, თუ სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება, გავიცნობ, რა თქმა უნდა.

ანა:

- არ ვუმალავ. მაგალითად, როცა ზურას სპექტაკლი აქვს, ვეუბნები: ორი მოსაწვევი მინდა-მეთქი. უკვე იცის, ორი რატომ მინდა (იცინის). თავად ასეთი დამოკიდებულება აქვს - ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ, რადგან მძიმედ განიცდის. მაგალითად, როცა ჩემთვის საჩუქრები მოუტანიათ, უხარია, მოსწონს, მაგრამ არაფერს მეკითხება. იცის, რომ ემოციური ვარ, რაღაცები გულთან ახლოს მიმაქვს და ვხვდები, არ უნდა, ზედმეტად მანერვიულოს. თავადაც ძალიან ემოციურია, მით უმეტეს, როცა საქმე მე მეხება.

- მამა-შვილს ურთიერთობაში ძლიერი გაუცხოების პერიოდი გქონია?

ზურა:

- არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, არ გამოუხატავს. რა თქმა უნდა, ის პერიოდი ჰქონდა, როცა თავად ცალკე იყო, დანარჩენი მსოფლიო კი - ცალკე (იღიმის). თან, ანას გარდატეხის პერიოდი ცოტათი გვიან დაეწყო - უკვე სკოლას ამთავრებდა, მაგრამ ცოტა ხანს გაგრძელდა.

ანა:

- გარდატეხის ასაკი მართლაც გვიან დამეწყო და "დავმძიმდი". ვიღაც ისეთი მომეწონა, რომლის გამოც ვნერვიულობდი. ჩვენი ურთიერთობა აეწყო, მაგრამ მერე მივხვდი, ეს "ის" არ იყო და ძალიან განვიცადე. რა თქმა უნდა, მშობლებს სურთ, ბედნიერი ვიყო, ამიტომ ბრაზდებოდნენ და რაც მთავარია, ვიცოდი, რომ მართლები იყვნენ, მაგრამ საერთოდ, როგორც კი ვიღაც რაღაც შენიშვნას მომცემს, მტკიცებას ვიწყებ, რომ მართალი ვარ...

- ზურა, ახლა გაბრაზებთ ანა?

- არა, არა... ძალიან იშვიათად, ცოტათი თუ გამაბრაზებს.

- რის გამო?

- პირადად მე, ვიღვიძებ, ვიძინებ თუ ცუდად ვარ, ყოველთვის არაჩვეულებრივ ხასიათზე ვარ. ანა დილით რომ იღვიძებს, შეიძლება, მძიმე ხასიათზე იყოს და ასეთ დროს ნერვები მეშლება.

ანა:

- დილით, ცუდი განწყობა რომ გადამივლის და აზრზე მოვალ, მერე საკუთარ თავზე მეც მეცინება. იცით, რა ხდება? როცა მშიერი ვარ, არაადეკვატური ვხდები. ასეთ დროს არც მუშაობა შემიძლია და არც ადამიანებთან ურთიერთობა, თან პრეტენზიული ვარ - ის საჭმელი უნდა იყოს, რაც მიყვარს. დილით მშიერი ვიღვიძებ, რადგან გვიან ჭამას ვერიდები. მერე რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის სასიამოვნო საჭმელი არ დამხვდება და ოთახიდან უკვე გაბრაზებული გამოვდივარ (იცინის)? მშობლებს ჩემი ატანის ნერვები აღარ აქვთ და ამიტომ, მუშაობა რომელ საათზეც უნდა დაასრულონ, ცდილობენ, დილით საკვები დამახვედრონ, რომ არ ვიწუწუნო.

- შენ და ზურა ხასიათით განსხვავდებით?

- ჩვენი ერთნაირი ხასიათია დიდი პრობლემა. ორივე ჯიუტი ვართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ზურას უკეთესი ხასიათი აქვს, უფრო კეთილია. არ ვიცნობ ადამიანს, რომელსაც მამაჩემი არ უყვარს. ბავშვობიდან ვუყურებ, როგორი კარგია და მიმაჩნია, რომ თავისი საუკეთესო ხასიათით საკუთარ თავს ბევრი რამე დააკლო, რადგან შეუძლია, ოღონდაც გული არავის ატკინოს და ყველაფერზე თვალი დახუჭოს, საკუთარი თავი ბოლო ადგილზე დააყენოს...

- რის გამო კამათობთ?

ზურა:

- მუსიკის გამო. მე მელომანი ვარ. ანასაც უყვარს, რასაც ვუსმენ, მაგრამ მაინც ცოტათი განსხვავებულ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას, რომელიც მაღიზიანებს. რა ვქნა, გულის გამაწვრილებელი მუსიკა არ მიყვარს. თან, ცუდი ხარისხით მოსმენას ვერ ვიტან. ტელეფონში მუსიკას როგორ უნდა მოუსმინო (ყურსასმენებით - კი, ბატონო)?!

ანა:

- რეალურად, ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვაქვს. ზურა ბავშვობიდან ისეთ მძიმე ჯაზს მასმენინებდა, რომ ვნატრობდი, გამორთოს-მეთქი (იცინის)... რა თქმა უნდა, გემოვნებიანი მუსიკა შემიყვარდა, მაგრამ ელექტრონულ მუსიკაზეც ვგიჟდები!..

- ზურა, ანა თქვენს იმედს ამართლებს?

- პროფესიონალურ სცენაზე რომ დადგება და 2-3 სპექტაკლში ითამაშებს, მერე გეტყვით. ჯერჯერობით, საქმე ნორმალურად მიდის. ხომ იცით, მშობელს ყოველთვის უნდა, იდეალური შვილი ჰყავდეს. ვერ ვიტყვი, იდეალურია-მეთქი, მაგრამ კარგი შვილი მყავს.

ეთო ყორღანაშვილი