ვის აღიზიანებს ბაბი კირკიტაძის თაყვანისმცემლები - გზაპრესი

ვის აღიზიანებს ბაბი კირკიტაძის თაყვანისმცემლები

ნიჭიერი, ლამაზი და პოზიტიური გოგონა - ბაბი კირკიტაძე ამჟამად გადაცემაში - "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად", Yellow ბენდთან თანამშრომლობს, თუმცა კომედიური ჟანრის გარდა, მისი ნაბიჯი სერიოზული მომღერლის ამპლუაშიც წარმატებული აღმოჩნდა - მის შესრულებულ სიმღერას (რომელიც რეზო ბლიაძემ დაუწერა) ინტერნეტში უამრავი "ნახვა" აქვს... რეალურ ცხოვრებაში ბაბი ხშირად აღმოჩენილა გაუთვალისწინებელ სიტუაციებში: კაბის გახევა, ელვაშესაკრავის გაფუჭება, საბურავის დაშვება მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. იმასაც გაგიმხელთ, რომ მამა გოგონას თაყვანისმცემლებს და მათ მიერ მიძღვნილ თაიგულებს ახლოსაც არ აკარებს...

- ბენდის წევრები და "ღამის შოუს" თანამშრომლები, ყველა პროფესიონალია. წლებია, მათთან ვურთიერთობ, ამიტომ ვთვლი, რომ სახლში, ჩემს კომფორტულ გარემოში ვიმყოფები.

- "ღამის შოუს" რომელ სტუმარს გამოარჩევ და რატომ?

- ვინც გადაცემაში მოდის, ყველა განსაკუთრებულია. მაგალითად, ირმა ინაშვილს დაგისახელებთ, რომელმაც გიორგი გაბუნიასთან ერთად იმღერა. სხვათა შორის, ჩაწერამდე მხოლოდ 2-3 რეპეტიცია გაიარეს და ისე იმღერეს. ნიჭიერი ადამიანები აღმოჩნდნენ. ქალბატონ ირმასთან გადაცემის მიღმა შეხება არ მქონია, მაგრამ გადაცემაში ჩანდა, რომ იუმორის გრძნობა ნამდვილად კარგად აქვს განვითარებული.

- როგორი სამუშაო რეჟიმი გაქვს?

- შოუსთვის მუშაობა დამღლელი საერთოდ არ არის, რადგან მაქსიმუმ, კვირაში 2-3-ჯერ ვმუშაობ. თან, როცა გიყვარს, რასაც აკეთებ, დაღლილობას საერთოდ ვერ გრძნობ. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ახალი პროექტის დაწყებას ვაპირებთ. შესაბამისად, ალბათ უკვე მთელი კვირა დაკავებული ვიქნები. ბევრს ვიშრომებთ, მაყურებელი რომ კმაყოფილი იყოს. იმედია, 2 თვეში პროექტი უკვე ეკრანზე იქნება.

- მსახიობის ამპლუაში იქნები თუ წამყვანის?

- მსახიობის. დანარჩენ დეტალებს ნუ გამომძალავ (იცინის).

- ცეკვა-თამაში და სიმღერა შენი თვითნაბადი ნიჭია, თუ რაიმე პროფესიული განათლება გაქვს მიღებული?

- ალბათ, უფრო გენეტიკურია. როგორც ყველას, სკოლაში ზეიმები მეც მქონდა. აქტიური ბავშვი ვიყავი - სულ სოლოების შესრულება მინდოდა და ვასრულებდი კიდეც. ძალიან ვინდომებდი.

GzaPress

- ახლა, როცა ცნობილი ხარ, მშობლები ხომ არ ნანობენ, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება დაგიშალეს? - სხვათა შორის, დედამ მითხრა: არ მინდა, გულში პროტესტივით, საყვედურივით გქონდეს, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე უარი გითხარი - მაინც იმას აკეთებ, რაც გიყვარსო. მერე შემომთავაზა - თეატრალურში ახლა ხომ არ ჩააბარებდიო? - ახლა მე არ მინდა-მეთქი, - ვუთხარი.

- იურისტად (შენი პროფესიით) გიმუშავია?

- არასოდეს. ნამდვილად საინტერესო სფეროა, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა უფრო მეტად მიყვარს. იურისტობა ძალზე რთული პროფესიაა. თუ არ გიყვარს, შეუძლებელია იმ სფეროში რამე გააკეთო, რადგან ბევრი შრომა სჭირდება.

- რომელიმე გახმაურებულ საქმეზე მუშაობის სურვილი თუ გაგჩენია, როგორც იურისტს?

- მგონი, ასეთი ინტერესი ყველას ჰქონია. მით უმეტეს, როცა "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს", აგათა კრისტის დეტექტივებს კითხულობ. ალბათ, საქმეში გამოძიების მიმართულებით ჩავერთვებოდი, თუმცა კონკრეტულად რომელ საქმეზე ვიმუშავებდი, ამაზე ფიქრით თავი არ დამიღლია (იცინის).

- პოპულარობის გამო, უხერხულ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ?

- არა. უბრალოდ, ხანდახან უცნობ ადამიანებს ჩემი დანახვისას ჰგონიათ, რომ მათი ახლობელი ვარ, რადგან ეკრანიდან ვეცნობი - აუ, საიდან მეცნობი? უეჭველი სადღაც შეგხვდიო... არ მომწონს, როცა ვეუბნები, - შოუდან-მეთქი. ამიტომ მთელი ამბებია ხოლმე, - ღმერთო, შენ გამახსენე, საიდან მეცნობაო... ძირითადად, სასიამოვნო სიტუაციებია. გუშინ მაღაზიაში ერთმა ბიჭმა მითხრა, - ვაიმე, კინაღამ "გამარჯობა" გითხარით, ჩემი ახლობელი მეგონეთო. - არ არის პრობლემა, არ ინერვიულოთ. როგორ ხართ-მეთქი? - დავამშვიდე და მოვიკითხე (იცინის)... ზოგადად, უხერხულ სიტუაციებს რაც შეეხება, გადაღებამდე სულ რაღაც ხდება: ხან ფეხსაცმელი მიჭერს, ხან - კაბა მეხევა, ხან - საბურავი დამეშვება და მაგვიანდება... უკვე ყველა მიცნობს, რომ ძალიან ფეთხუმი ვარ და მეუბნებიან: ისევ მოწყვიტე ღილი, ხომ? ისევ გააფუჭე "ზმეიკაო" (იცინის)?.. ერთხელ მეგობრის ქორწილში მივდიოდი. ისეთი კაბა მეცვა, ოდნავ ღრმად რომ ჩამესუნთქა, ტანზე შემომასკდებოდა და შიშველი დავრჩებოდი. გვერდზე ელვაშესაკრავი ჰქონდა ჩაკერებული. მოკლედ, მივქროდი, რომ საქორწინო ცერემონიისთვის მიმესწრო. გზად მაღაზიაში გადავედი და ეტყობა, ღრმად ჩავისუნთქე: უცებ ვიგრძენი, გვერდში რაღაც მინიავებს... კაბის მთელი გვერდი ჩახსნილი მქონდა! შინ მიბრუნებას ვერაფრით მოვასწრებდი, გამორიცხული იყო. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ კერვა არ მეხერხებოდა. შუა ტრასაზე ნემსი და ძაფი სად ვიშოვე, არ მახსოვს. დავდექი და ზუსტად 15 წუთი, შუა ქუჩაში კაბის ჩახსნილ ნაწილს ვკერავდი. ქორწილში მისული მლანძღეს. მეგობარმა მითხრა: როგორი ადამიანი ხარ, ჩემს ქორწილში დაგვიანება როგორ შეგეძლოო?! ვუპასუხე: - კაბა გამეხა, ადამიანო, გაიგე-მეთქი! ვერაფრით დავაჯერე, ისე ოსტატურად მქონდა გაკერილი (იცინის).

- ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყავი, როცა ეკრანზე გამოჩნდი. ადრეულ ასაკში ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩენამ შენზე რაიმე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა?

- 14 წლის ვიყავი, როცა "ნიჭიერის" პირველ სეზონში ვმონაწილეობდი. მე და ჩემს მეგობარს გვეგონა, რაკი სკოლაში კარგად ვმღეროდით და ძალიან საყვარლები ვიყავით, "ნიჭიერშიც" ასეთი მაგრები ვიქნებოდით. გავიქეცით და საბუთები შევიტანეთ. როცა დაგვირეკეს - კასტინგზე მობრძანდითო, მშობლებს მხოლოდ მაშინ ვუთხარით. ხუმრობა-ხუმრობაში კი ფინალში აღმოვჩნდით... "იმედზე" რომ გამოვჩნდი, სკოლა უკვე დამთავრებული მქონდა: "ფეისბუკზე" შალვა რამიშვილის განცხადება ვნახე - 18-დან 25 წლამდე სამსახიობო ნიჭის მქონე გოგონებს ეძებდა. "სივი" მხოლოდ იმიტომ გავგზავნე, რომ განცხადებაში ეწერა: კარგი იქნება, თუ ოდნავ მუსიკალური შესაძლებლობებიც ექნებაო. კასტინგზე, 19 წლის გოგო დედასთან ერთად ხელჩაკიდებული მივედი. ამის გამო დღემდე დამცინიან. ასობით გოგო იყო მისული. კასტინგი 3 დღე მიმდინარეობდა და ამიყვანეს... თავიდანვე ისეთ მეგობრულ გარემოში მოვხვდი, რომ უარყოფითი არაფერი მიგრძნია. მაგალითად, 400 კომენტარიდან მხოლოდ 1 რომ იყო უარყოფითი, თავდაპირველად, ამის გამო ვნერვიულობდი. მამშვიდებდნენ, - რატომ გაქვს ამბიცია, რომ ყველას მოსწონდეო?.. მოკლედ, მათთან ერთად გავიზარდე, პოპულარობას რაც მოჰყვება, ყველაფერს მათთან ერთად შევეგუე. შესაბამისად, უარყოფითი არაფერი მახსენდება.

GzaPress- გარეგნობაზე, წონის შენარჩუნებაზე როგორ ზრუნავ?

- ტელევიზიაში რომ გამოვჩნდი, მაშინ მივხვდი, რომ მსუქანი ვიყავი. ჩვენი მხატვარ-დიზაინერი სულ მეუბნებოდა - ჯობია, ცოტათი გახდეო. სქელი, პუტკუჩა, მრგვალი გოგო ვიყავი. უფროსი ასაკისას ვგავდი. რატომ უნდა მომწონებოდა, როცა 20 წლის გოგო ხალხს 40 წლის ქალი ვეგონე? გადავწყვიტე, ზედმეტი კილოგრამები მომეშორებინა. იმდენი ვიშიმშილე, სანამ გული არ წამივიდა. საბოლოოდ, 15 კილო დავიკელი. ახლა წონის შენარჩუნებაში რეჟიმი უფრო მეხმარება, რადგან ხშირად ისეთი "გადარბენები" მაქვს, ჭამა აღარც მახსენდება. რა თქმა უნდა, მეც ვცდილობ, კვება დავაბალანსო. ვარჯიშის დაწყება მინდა, მაგრამ სპორტულ დარბაზამდე ვერაფრით მივაღწიე, უკეთეს ფორმაში რომ ჩავდგე.

- შენს საახლობლოში შენი გათხოვების თემა აქტუალურია?

- ბებიების თაობა ხომ იცით, როგორია? თუმცა ვთქვი: - ხალხო, რას ამბობთ, რა დროს ეს არის? 21-ე საუკუნეა და ცოტა სხვაგვარადაა სიტუაციაა-მეთქი. დღეს ოჯახის შექმნა გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა. ცალკე კარიერა უნდა აიწყო. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ვფიქრობ: როცა ადამიანი ოჯახს ქმნი, აუცილებლად რაღაცების დათმობა გიწევს, რისთვისაც მზად უნდა იყო. ჯერჯერობით, ჩემი კარიერა არ არის იმ დონეზე, რომ ავდგე და გავთხოვდე. არც ვინმეა, ამ საკითხზე რომ ვიფიქრო, თუმცა რომც იყოს, მიმაჩნია, რომ გათხოვება ჯერ ძალიან ადრეა. ბებია, რომელიც ძალზე საყვარელი ქალი გახლავთ, მირეკავს ხოლმე, - აბა, როდის უნდა გათხოვდე, რას აპირებო? სანამ არ ვიჩხუბებ, მანამდე თავს არ მანებებს (იცინის). მამაჩემს არ უნდა, რომ ოდესმე გავთხოვდე. სულ მეუბნებოდა: არ უნდა გათხოვდე, მამა, სახლში უნდა იყო. მე შენ არ გაგათხოვებო. დღემდე ეს განწყობა აქვს. თან, სანათესავოში ერთადერთი გოგო ვარ და ჩემი ბიჭები (ძმები, ბიძაშვილები, დეიდაშვილ-მამიდაშვილები) ქორებივით დამტრიალებენ. სადმე თუ გავედი, მთელი ამალა დამყვება.

- პირად ცხოვრებაში ეს ხელს არ გიშლის?

- არა. ბავშვობიდან სამეგობროშიც უმეტესწილად, ბიჭები მყავს. მე და ჩემი ბიჭები სულ ერთად დავდივართ, მათთან ერთად ძალიან კომფორტულად ვარ. გართობას რაც შეეხება, მეგობრებს ვსტუმრობ და თავისუფალ დროს მათთან და მათ შვილებთან ერთად ვატარებ - ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. თუ არა და, სახლში ვარ. ზოდიაქოს მიხედვით, კირჩხიბი ვარ, ამიტომ სახლში ყოფნა მიყვარს.

- შენს თაყვანისმცემლებზე ძმები და მამა როგორ რეაგირებენ?

- მამა - ძალიან ცუდად. მახსოვს, ერთხელ შინ ვარდების თაიგული გამომიგზავნეს. ძლივს გავაკავეთ, ყვავილები ფანჯრიდან რომ არ გადაეყარა. - მეორედ თუ გამოგზავნეს, გადავყრიო, - განაცხადა. თაიგულმა არ დააყოვნა და მეორე დღესაც მივიღე (ამჯერად - სხვისგან). ვერაფერი ვეღარ გავაკეთეთ, რომ მამა დაგვემშვიდებინა და თაიგულს დავემშვიდობეთ.

- როგორ ფიქრობ, როცა შენს ცხოვრებაში ის ადამიანი გამოჩნდება, ვინც შეგიყვარდება, რას იღონებ?

- იმედი მაქვს, როცა მამა ასაკში შევა, გათხოვებას მეც მერე გადავწყვეტ და ამ დროს მამას უფრო "დარბილებული" ხასიათი ექნება (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი