"ჩემთვის თმის შეჭრა დემნა გვასალიას მოთხოვნა იყო" - გზაპრესი

"ჩემთვის თმის შეჭრა დემნა გვასალიას მოთხოვნა იყო"

თეონა კუბლაშვილი ერთ-ერთი მოდელია, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა და წარმატებულმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ პარიზში, ჩვენებაში მონაწილეობის მისაღებად წაიყვანა. 24 წლის დამწყები მოდელისთვის ეს დიდი მოტივაცია აღმოჩნდა: თეონა სამოდელო სფეროს უკეთ გაცნობას გეგმავს და საქმიანობას აგრძელებს...

- "ჯეომოდელსში" გაკვეთილი მქონდა. სააგენტოს ხელმძღვანელი - გიორგი პაპიძე და თაკო ჩხეიძეც გვესწრებოდნენ. განსხვავებულად მეცვა. ალბათ, ამ ფაქტმაც იმოქმედა, რომ შემარჩიეს და დემნა გვასალიასთან ჩემი ფოტო გაგზავნეს. პარიზში, ჩვენებისთვის ჩემს გამგზავრებასთან დაკავშირებით თანხმობა 15 წუთში მიიღეს.

- ამ ინფორმაციას როგორ შეხვდი?

- თავდაპირველად, ცოტათი შოკში ვიყავი. მერე მივედი, კონტრაქტი გავაფორმე... ვიდრე პარიზში არ ჩავედი, მანამდე კარგად ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა. ძალიან კარგი იყო!

- პარიზში რამდენი დღე გაატარე? ჩვენებისთვის როგორ ემზადებოდი?

- იქ 4 დღე ვიყავით: პირველ დღეს დავბინავდით, მეორე დღეს ტანსაცმლის მოსაზომებლად წავედით, მესამე დღეს კი ჩვენება გვქონდა. ძალიან კარგი სტილისტები ჰყავდათ. საერთოდ, "ბექსთეიჯში" საოცარი სიტუაცია იყო, ყველა კარგად დაგვხვდა, არაფერი გვაკლდა.

- დემნას მანამდე იცნობდი?

- არა, პირველად შევხვდი. მომესალმა, გამომელაპარაკასავით...

- მისი სამოსი როგორ მოირგე?

- ძალიან კარგად. მოდელების ნაწილი ჩვენებაზე ნიღბით გავიდა. თავდაპირველად, ჩემთვისაც ნიღაბი უნდა მოერგოთ, მაგრამ რადგან უცხო გარეგნობა მაქვს, გადაწყვიტეს, პოდიუმზე უნიღბოდ გავსულიყავი. "ლუქს" რაც შეეხება, ძალიან კარგად მომერგო, ჩემთვის კომფორტული იყო.

- როგორი შეგრძნება დაგეუფლა, როცა პოდიუმზე, უცხოელი სტუმრების წინაშე გახვედი?

- თავდაპირველად ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ჩემი გასვლის დრო რომ დადგა, პოდიუმზე თავდაჯერებულად გავედი.

GzaPress- დემნასთან კონტაქტის საშუალება გქონდა?

- მხოლოდ ტანისამოსის გასინჯვისას და კიდევ, ჩვენების დაწყების წინ გამოველაპარაკე, როცა ყველა მოდელი დაათვალიერა და შეამოწმა, რამე ხარვეზი ხომ არ იყო. - გამარჯობა-მეთქი, - ვუთხარი. მეტის თქმა ვერც მოვასწარი (იღიმის)...

- დემნა გვასალიას შესახებ როგორი წარმოდგენა გქონდა და რეალურად, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?

- ქართველი მოდელები მის ჩვენებაზე წინათაც იყვნენ ჩასულები. მათგან ვიცოდი, რომ ძალიან კარგი, თავმდაბალი ადამიანი იყო. როგორც მითხრეს, ზუსტად ისეთი აღმოჩნდა.

- სხვა ცნობილ ადამიანებს თუ შეხვდი?

- მახსოვს, ჩვენებაზე ლედი გაგა და ნატალია ვოდიონოვა იყვნენ. მათ თვალი მოვკარი. პირადად არ შევხვედრივარ, რადგან ჩვენების დასრულების შემდეგ, "ბესქთეიჯის" გარეთ გასვლის დრო არ მქონდა - ქაოსური სიტუაცია იყო.

- ჩვენებაში მონაწილეობის გარდა, პარიზში ყოფნის პერიოდი სხვა რამისთვის თუ გამოიყენე?

- როცა ჩავფრინდით, სასტუმროში დავბინავდით. მეორე დღეს 6-7 საათი ტანსაცმლის მოზომებაში გავატარეთ. თმაც შემჭრეს - ეს დემნას მოთხოვნა იყო, ტანისამოსს ასე უფრო მოუხდებოდა. ჩვენების მერე, ისევ სასტუმროში დავბრუნდით. მეოთხე დღეს, როცა საქართველოში უნდა გამოვმგზავრებულიყავით, 2-3 საათი მქონდა თავისუფალი. მოკლედ, პარიზში ყოფნის პერიოდი მთლიანად საქმეზე "გადართულმა" გავატარე.

- თმის სიგრძეს მარტივად შეელიე?

- მანამდეც მოკლე ვარცხნილობა მქონდა და თანაც, როცა თმის შეჭრას მოითხოვენ, უარის თქმა არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენებიდან მოგხსნან.

- რა მოგცა ამ ჩვენებამ?

- ძალიან დიდი წარმატება და გამოცდილება, რა თქმა უნდა.

- სხვა მოდელებზე რას გვეტყვი, ვინც ჩვენებაში შენთან ერთად მონაწილეობდნენ?

- დემნას მოდელები სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავდა შერჩეული. ერთმანეთთან ყველას გულთბილი დამოკიდებულება გვქონდა. ჩემთან ერთად 2 ქართველი ბიჭი მოდელი იმყოფებოდა. ისინი დემნას წინა ჩვენებაზეც ჰყავდა წაყვანილი. მათ მანამდეც ვიცნობდი. დავმეგობრდით და პარიზის ქუჩებში ერთად დავდიოდით.

- რამდენი ხანია, რაც სამოდელო სფეროში მუშაობ?

- მეოთხე თვე ახლა დაიწყო. მოდელობა თვე-ნახევრის დაწყებული მქონდა, როდესაც დემნას ჩვენებაში მონაწილეობა მივიღე. დეფილეს გაკვეთილებზე დავდიოდი... ჩვეულებრივ, 3-თვიანი კურსია, მაგრამ როგორც გითხარით, თვე-ნახევარში ჩვენებისთვის შემარჩიეს. სააგენტოში ახლაც დავდივარ, რადგან მჭირდება.

- წინათ რას საქმიანობდი?

- სამოდელო სააგენტოში ადრეც დავდიოდი, მაგრამ თავი დავანებე - ვიფიქრე, ეს საქმე "ჩემი" არ არის-მეთქი. სამოდელო სფეროთი მერე უფრო დავინტერესდი, "ჯეომოდელსში" კასტინგზე მივედი. მეგონა, არ ამიყვანდნენ, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, - აყვანილი ხარო. ძალიან გამიხარდა! ახლა უკვე ამ საქმეს ხელი სერიოზულად მოვკიდე.

- გარეგნობაზე როგორ ზრუნავ?

- ისეთი გამხდარი ვარ, რომ ვერ ვვარჯიშობ - აღარ მინდა, თავი დავიტვირთო... დილით რომ ვიღვიძებ, თავს ვიწესრიგებ. ტონალურ კრემსა თუ პუდრს არ ვიყენებ - სახის კანს არაფერს ვაკარებ.

- როგორ იმოსები, ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- ქუჩის მოდას ე.წ. შტრეეტ შტყლე-ს მივდევ.

- მოდელის პროფესია რატომ გიზიდავს, რითია საინტერესო?

- ჩემთვის მოდელის კარიერა ახლა დაიწყო. მომწონს, რომ "ჯეომოდელსში" დავდივარ დეფილეზე, მხიბლავს ფოტოსესია, მაკიაჟი...

- მოდელობის გარდა, რას საქმიანობ?

- მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ - ბიზნესის მენეჯმენტს ვსწავლობ. ეს ფაკულტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ სამომავლოდ, ბიზნესის და სამოდელო სფეროს შესახებ მიღებული ცოდნა გავაერთიანო და გამოვიყენო.

- შენი ოჯახის წევრები რას საქმიანობენ?

- მშობლებს პატარ-პატარა ოჯახური ბიზნესები აქვთ. 20 წლის ძმა მყავს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესს სწავლობს. მოგზაურობა ძალიან უყვარს.

GzaPress- თავად შენ საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად გაემგზავრე, როცა დემნა გვასალიას ჩვენებაში მონაწილეობდი?

- კი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ბავშვობაში, როცა 10 წლის ვიყავი, მოსკოვში მივემგზავრებოდი ხოლმე - ბაბუას იქ ბიზნესი ჰქონდა და გამგზავრება გვიწევდა.

- შენი სამეგობრო წრის შესახებ მოგვიყევი.

- ძალიან კარგი მეგობრები მყავს.

- სამეგობროში გოგონები ჭარბობენ თუ ბიჭები?

- გოგონები, რადგან ამ ცხოვრებაში ბიჭებს ვერ ენდობი (იცინის).

- შენი ასეთი მოსაზრება რამ განაპირობა?

- მიმაჩნია, რომ ბიჭები "გახსნილები" ვერ არიან და ენა წინ გაურბით (იცინის)...

- მეგობრები დროს როგორ ატარებთ?

- პარასკევს და შაბათს კაფეში მივდივართ, ყავას ვსვამთ. ერთმანეთთან სახლშიც ვიკრიბებით...

- გულის სწორი გყავს?

- აღარ მყავს. ასე გადავწყვიტეთ. კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა - დაშორების შესახებ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ.

- შეყვარებული პირველად იყავი?

- 24 წლის განმავლობაში, შეყვარებული არასოდეს ვყოფილვარ. ალბათ, ეს ურთიერთობაც მორიგი გატაცება იყო, ფლირტის დონეზე.

- როგორი ბიჭები მოგწონს?

- რა თქმა უნდა, სიმპათიურები, ცოტათი განათლებულებიც.

- შენი მთავარი მიზანი რა არის?

- მინდა, რომ სწავლა დავასრულო, პატარა ბიზნესი წამოვიწყო და სამოდელო სფეროში გავერკვე.

ეთო ყორღანაშვილი