"გოგოს გამოც გვიჩხუბია..." - გზაპრესი

"გოგოს გამოც გვიჩხუბია..."

"საქართველოს ვარსკვლავის" პირველივე "ლაივი" ძმები ნემსაძეებისთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა - ხმების რაოდენობით ოთო ლიდერი გახდა, ბესო კი პროექტს გამოეთიშა. მეორე ტურზე შესრულებული კომპოზიციით "საქართველო" ოთომ კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ჟიურიცა და მსმენელიც, მის ამ გამოსვლას ძლიერი ხმის, ემოციურობისა და ექსპრესიულობის გამო ვარსვლავური ხარისხის შესრულებაც უწოდეს. ძმებს შორის ორწელიწად-ნახევარია სხვაობა, უფროსი ოთოა. ბესომ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია. ჰყავს მეუღლე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ბარბარა ხორნაული და ერთი წლის გოგონა - ბაია. როგორც ძმები იხსნებენ, პატარაობაში ორივე ძალიან ცელქი ყოფილა.

ოთო:

- როგორც ბიჭების უმეტესობა, ჩვენც ძალიან ცელქები ვიყავით, თუმცა ბესო უფრო ჩუმჩუმელა იყო (იცინის), მე კი - პირდაპირი.

- ანუ ის აშავებდა და შენ გაბრალებდა?

- არა, მე არ მაბრალებდა, უბრალოდ, ხომ იცით, პატარები მაინც განებივრებულები არიან. ბესო ძალიან სამართლიანი იყო ბავშვობიდანვე. შეეძლო, მარტოს ეჩხუბა და თავისი სიმართლე მაინც დაემტკიცებინა. ეს თვისება განსაკუთრებულად მომწონს მასში. პრინციპში, მეც ასეთი ვარ, შეიძლება შევეწირო რაღაცას, მაგრამ მაინც ბოლომდე მივიყვანო საქმე.

ბესო:

- ჩუმჩუმელა არ ვიყავი, უბრალოდ, როგორც პატარას, ალბათ უფრო მპატიობდნენ ონავრობებს, თუმცა ისეთს არაფერს ვაშავებდით. ოთო, როგორც უფროსი ძმა, ყოველთვის რაღაცებს მასწავლიდა და მარიგებდა. დიდი ძმისგან პატარამ უნდა ისწავლოს ბევრი რამ, ასეა ეს. მე ზოგჯერ ვუჯერებდი, ზოგჯერ - არა.

- ყველაზე ტკბილი მოგონება...

- "კერასინკაზე" გაზრდილი ბავშვები ვართ და იმ პერიოდიდან რა ტკბილი მოგონებები უნდა გვქონდეს? თბილ გარემოში გავიზარდეთ, ერთი ეს იყო. ოთომ რომ "ჯეოსტარში" გაიმარჯვა და წარმატებას მიაღწია, მაშინ ვიყავი ყველაზე გახარებული.

GzaPressოთო:

- ყველაზე ტკბილად მისგან გადარჩენილი შოკოლადები მახსენდება. თუ რამეს ნახავს ტკბილეულს, ყველაფერს ჭამს. ბალიშის ქვეშ შოკოლადის ქაღალდები უყრია, ისე უყვარს. ბესოს წყალობით, ახალ წელს შოკოლადი არ მქონდა.

- საუბრისას ოთომ მითხრა, პატარა ბიჭები რომ ვიყავით, ბევრჯერ მოგვსვლია ჩხუბიო. გოგონების გამო ჩხუბობდით ხოლმე?

ბესო:

- გოგოს გამოც გვიჩხუბია, როგორ არა. საერთოდ, კონფლიქტურები არ ვიყავით, ვცდილობდით, სხვანაირად მოგვეგვარებინა ურთიერთობები. ჩხუბის მერე იმ ხალხთან ვძმაკაცობდით ხოლმე. დედაჩემს იმდენი ომი აქვს გადატანილი ჩვენ გამო, რომ ახლა ჯარისკაცის ფორმა უნდა ეცვას. სკოლაში კარგად ვიქცეოდით, მაგრამ ხომ იცით, დედები მაინც განსაკუთრებულად ღელავენ და დარდობენ ყველაფერზე. ამის გამო მას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს.

ოთო:

- უჰ, რაც მე და ბესოს გვიჩხუბია ერთად, ვინ მოთვლის. ხომ იცით, თვითდამკვიდრების პერიოდი - თუ თავს არ გაიტან, დაგჩაგრავენ. ძალა და ღონე არც ერთს გვაკლდა და ჩვენც ვიქნევდით მუშტებს, რა გვენაღვლებოდა. დღესაც შეგვიძლია თავის დაცვა, რამე რომ იყოს.

- მამას თუ ეუბნებოდით თქვენს პრობლემებზე?

- მამასთან ორივე ვძმაკაცობთ, ის ჩვენი საუკეთესო მეგობარია. მასთან ერთადაც გვიჩხუბია, მერე რა... მამის მიმართ პატივისცემა და მორიდება ყოველთვის გვაქვს, დღემდე ის არის ოჯახის უფროსი და კიდევ დიდხანს იქნება ასე.

- როდესაც პირველად შეგიყვარდათ, ერთმანეთს თუ გაუმხილეთ?

- არავისთვის მითქვამს. სხვათა შორის, არც ბესომ იცოდა ჩემთვის ასეთი რამის თქმა.

- რით ჰგავხართ და განსხვავდებით ერთმანეთისგან?

- ბესოს არასდროს ავიწყდება, ვინ რა გაუკეთა - არც კარგი და არც ცუდი. დაუნახაობა და უმადურობა ყველაზე ცუდი თვისებაა. წყენა მალევე ავიწყდება. ბევრ რამეში განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ერთნაირი მუსიკალური მიმართულება და გემოვნება გვაქვს.

ბესო:

- რაღაცებში მართლაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს, რაღაცებში განვსხვავდებით. ოთო უფრო მიზანდასახულია. რამე თუ მოინდომა, რომ არ აისრულოს, შანსი არ არსებობს. მოკლედ, მებრძოლია ბუნებით. მეც მებრძოლი ვარ, მაგრამ მას უფრო მეტი სიჯიუტე აქვს.

- როგორი ბიძაა?

- საოცრად თბილი და მოსიყვარულეა. ბაიას ხელში აიყვანს და ეფერება. ამ ჩემს პატარა ქალბატონსაც უყვარს, თან ბიძებით განებივრებულია - ჩემს მეუღლესაც 2 ძმა ჰყავს და ყველა ზედ ევლება.

ოთო:

- ხშირად ფიქრობენ, რომ ძმების ურთიერთობა "ფუჭდება" დაოჯახების შემდეგ. მიხარია, რომ ჩვენს ცოლებს ერთმანეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ და დედამთილთანაც. არ მესმის, რატომ ჰგონია ხალხს, რომ მაზლისცოლები ან რძალი და დედამთილი ერთმანეთს უნდა ხოცავდნენ? მოგონილია ეგ ყველაფერი.

GzaPressბესო:

- მე და ოთო სირთულეების დროს ყოველთვის მხარში ვუდგავართ ერთმანეთს, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

- ბესო, შენც ბავშვობიდანვე მღეროდი, თუმცა საქართველოში ნაკლებად გიცნობენ, რატომ?

- მუსიკა დედამ შეგვაყვარა ორივეს, დაგვაყენებდა და გვამღერებდა. ერთხელ რაღაც კონცერტი მქონდა და სიტყვები დამავიწყდა. დედამ მისაყვედურა, - როგორ დაგავიწყდა, რამდენჯერ გამღერეო? მაშინ მიპასუხია: "მუსიკა კი ვიცი, მაგრამ ლაპარაკი არა მაქვს-მეთქი" და მას შემდეგ სულ ამას იხსენებენ. ძნელია, როდესაც მუდმივად ვინმეს გადარებენ. კი, რა თქმა უნდა, ძმები ვართ და შეიძლება რაღაცით ვგავართ ერთმანეთს, ხმის ტემბრით ან მანერებით, მაგრამ ამ მიზეზით კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმა უხერხულია. საბოლოოდ, ისეთებს ტოვებენ, ვინც სხვა მომღერლებს ჰგავს, მე კი ნაკლად მითვლიან, ოთოს ჰგავხარო. აი, ამიტომაც არ მიცნობს ფართო საზოგადოება აქ, როგორც შემსრულებელს. სხვადასხვა ქვეყნის კონკურსებში კი ვმონაწილეობდი და წარმატებულადაც, 2015 წელს უკრაინულ "X ფაქტორშიც" ვცადე ბედი. პირველად ვიდექი იმხელა სცენაზე და ჟიურის შეფასებას ველოდი. სიმღერა რომ დავამთავრე, მთელი დარბაზი გაჩუმდა. ვიფიქრე, არ მოეწონათ-მეთქი და უცებ ისეთი აპლოდისმენტები იყო...

- როდესაც პროექტი დატოვე, მაშინ განაცხადე, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ანდრეი ხლივნუკმა ჩემში მუსიკოსი მოკლაო.

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება იყო "ბუმბკოსის" სოლისტის შეფასება. მან ასეთი რამ მითხრა: საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, გენიალური ერი ხართ, ყველაფერს გულით აკეთებთ, რაც შენს ნამღერშიც ჩანდაო. მუსიკოსს ვერავინ და ვერაფერი მოკლავს ჩემში, ეს მხოლოდ დროებითი ემოციაა. ჩემი აზრით, ხლივნუკმა არასწორად შემაფასა. თუ არ დაეცი, ვერ ადგები, ზოგჯერ მარცხიც აუცილებელია!

- რაც შეეხება "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობას. ძმები ერთმანეთის კონკურენტები რომ იყავით, ეს არაფერს ცვლიდა?

ოთო:

- ჯერ ბესო მოვიდა კასტინგზე, მერე მეც გამეხსნა მადა და მეორე კასტინგზე მეც მოვედი. ევროვიზიის ფორმატი რაკი იყო, ამან მომხიბლა. კონკურენციის მომენტი საერთოდ არ მქონდა, პირიქით - ნებისმიერ დროს უფრო მეტად თავდაჯერებული ვხდები, თუ ძმასთან ერთად ვარ. ალბათ, მის გვერდით რომ არ ვყოფილიყავი, როდესაც პირველივე "ლაივიდან" გამოეთიშა კონკურსს, უფრო მეტად გაუჭირდებოდა. ძალიან მეწყინა და მოულოდნელი იყო ჩემთვის ასეთი შედეგი, რადგან ვთვლი, რომ ყველაზე კარგად მან იმღერა პირველ ტურში. ვიცი, ბესო საკუთარ სათქმელს იმაზე უფრო კარგად იტყვის, ვიდრე კონკურსების საშუალებით შეიძლება.

ბესო:

- რაც შეეხება "საქართველოს ვარსკვლავს", მინდოდა, ჩემი სათქმელი მეთქვა და ამიტომაც გადავწყვიტე მონაწილეობა. არ გავჩერდები და რა თქმა უნდა, კონკურსებზე კვლავაც გავალ. ოთო კონკურსების მანიაკია და სადაც ფეხს შედგამს, შანსი არ არის, რომ არ მოიგოს. "ჯეოსტარის" გამარჯვებულია, უკრაინის "ახალი ხმის" სუპერფინალისტი, მეგაშოუ "ბრავოს" გამარჯვებული ა.შ. კონკურსები ძალიან დიდ გამოცდილებას გაძლევს და გზრდის, როგორც მომღერალსა და მუსიკოსს. ჩემთვის ოთო ძმაა, მაგრამ როგორც მუსიკოსს, ახლა ისე შევაფასებ და ვიტყვი, რომ ვიცი, ის ძალიან ბევრ წარმატებას მოუტანს თავის ქვეყანას და მინდა, გაიმარჯვოს.

ოთო:

- ეს არის ჩემი ბოლო კონკურსი ამ ქვეყანაში და ძალიან ვნერვიულობ. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს მსმენელებს, გულშემატკივრებს, განსაკუთრებით ემიგრანტებს - მადლობა გვერდით დგომისთვის, ნემსაძეებს არაფერი ავიწყდებათ!

ნინო ჯავახიშვილი