გიორგი შველიძე: "კამერის უკან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს" - გზაპრესი

გიორგი შველიძე: "კამერის უკან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს"

ფილმ "ნამეს" ოპერატორი, 42 წლის გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა, ანუ "წლის აღმოჩენად" დასახელდა. კინოოპერატორთა საზოგადოებამ 100 წლის იუბილე ლოს-ანჯელესში გამართა. კინოსამყაროში "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" შემდეგ, ეს დაჯილდოება ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად მიიჩნევა. წლის აღმოჩენის სექციაში ქართველ ოპერატორს ორი კონკურენტი ჰყავდა: ოპერატორი ჯოშუა ჯეიმს რიჩარდსი (ამერიკული ფილმისთვის "მხედარი") და ფრანკ ვან დენ იდენი (ბელგიური ფილმისთვის "გოგონა"). გიორგი უკვე საქართველოში დაბრუნდა. ჩვენ მას ვულოცავთ ამ წარმატებას.

- უნივერსიტეტში კინო-ტელეოპერატორის ფაკულტეტზე ხუთ წელიწადში ერთხელ იყო მიღება. მანამდე თეატრმცოდნეობაზე ვსწავლობდი, 4 წელი ველოდებოდი ჩაბარებას. ოპერატორისთვის მთავარი ხედვააო, - ამბობენ ხშირად. მე კი ვიტყოდი, რომ ეს არის ბევრი რამის ნაზავი და შემდეგ, კარგი კინოსკოლა ამ ყველაფერს ავითარებს. სამწუხაროდ, ჩვენთან სრულყოფილი სასწავლო პროცესი არ იყო, ამიტომაც ვთვლი, რომ ჩვენი თაობის ოპერატორები თვითნასწავლები ვართ. დღესდღეობით დაახლოებით 11-12 ფილმზე მაქვს ნამუშევარი და ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ, ყველა ერთნაირად საინტერესო იყო ჩემთვის. ვიმუშავე "ფორმულა კრეატივის" ფილმზეც ("რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", პირველი ეპიზოდი) გიორგი ლიფონავასთან ერთად.

GzaPress- "ნამეს" შესახებაც მითხარით რამე...

- რეჟისორ ზაზა ხალვაშის "ნამე" არაერთი ფესტივალის გამარჯვებულია. სიუჟეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, პატარა, ტრადიციულ სოფელში ვითარდება. ფილმი მოხუცი მამის, მისი ქალიშვილის - ნამესა და 3 ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ამერიკელ კინემატოგრაფისტთა ნომინანტებს შორის მოხვედრა ჩემთვის მოულოდნელი იყო. კინოოპერატორთა გილდია ყოველწლიურად ამ დარგის გამორჩეულ მოღვაწეებსა და ნამუშევრებს აჯილდოებს. "ნამეც" ამერიკის საოპერატორო გილდიამ შეარჩია და წარდგენილი იყო ერთ-ერთ ნომინაციაში, სექციაში, რომელშიც ხვდებიან უფრო საავტორო, არაკომერციული ფილმები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ფილმი იყო წარდგენილი ამ ნომინაციაზე, მაგრამ მხოლოდ 3 ფილმი შეირჩა - "მხედარი", "გოგონა" და "ნამე". სხვათა შორის, ამერიკული ფილმი ვნახე და უნდა აღვნიშნო, რომ ფილმიც კარგია და ოპერატორული ნამუშევარიც. აქ მოხვედრა და მერე კიდევ გამარჯვება, მართლაც დიდი პატივია ნებისმიერი ოპერატორისთვის. კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ისეთი ცნობილი ოპერატორებიც დააჯილდოეს, როგორიცაა რობერტ რიჩარდსონი, რომელიც თანამშრომლობს კვენტინ ტარანტინოსთან, მარტინ სკორსეზესთან და სამჯერ აქვს მიღებული "ოსკარი", როგორც საუკეთესო ამერიკელ ოპერატორს. ის ცერემონიის დროს ჩემ გვერდით მაგიდასთან იჯდა. ეს ცერემონია წელს უკვე 33-ჯერ გაიმართა.

- როგორი იყო თქვენი ემოციები?

- მეუღლესთან ერთად ვიყავი დაჯილდოების დროს. პირველმა მან გაიზიარა ჩემი სიხარული და მომილოცა ეს წარმატება. რა გითხრათ, დაბნეულობა, გაოცება, სიხარული, უხერხულობა - მგონი, ყველაფერი ერთად ვიგრძენი. ვნერვიულობდი, ოღონდ არ გამომაცხადონ-მეთქი გამარჯვებულად (იცინის). ადვილი ხომ არ იყო იქ ასვლა და სიტყვის თქმა ამხელა აუდიტორიის წინაშე. კამერის უკან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. მაინც მოვახერხე ორიოდე სიტყვის თქმა და აღვნიშნე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩემთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც. მათაც მინდა ეს სიხარული გავუზიარო-მეთქი და ჩამოვთვალე ჯგუფის წევრები, რომლებთან ერთადაც მომიწია მუშაობამ. კიდევ ერთხელ ვეტყვი მადლობას რეჟისორსა და ჯგუფის წევრებს, რომ არა ისინი, ასეთი კარგი ფილმი ვერ გამოვიდოდა. მარტო ოპერატორი ხომ ვერ გადაიღებს კარგ ფილმს? ეს ჯილდო არის იმის დასტური, რომ საქართველოშიც იქმნება ხარისხიანი ფილმი. თითქოს მუშაობ, აკეთებ რაღაცას და ამას ვერავინ ხედავს და ვერც აფასებს, რაღაცნაირად გული გწყდება ამ ყველაფერზე. ახლა გაჩნდა სტიმული და იმედი, რომ საერთაშორისო, საინტერესო პროექტებში ჩავერთოთ და დახურული წრე გავარღვიოთ. ახალ პროექტებს ველოდები, ამ ეტაპზე ზაფხულში გადაღებულ მხატვრულ ფილმებზე მუშაობას ვასრულებ.

ნინო ჯავახიშვილი