ჯიუტი და ემოციური თამარ ლაჭყეპიანი - გზაპრესი

ჯიუტი და ემოციური თამარ ლაჭყეპიანი

9 თებერვალს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი თამარ ლაჭყეპიანი 17 წლის გახდა და დაბადების დღე სცენაზე მიულოცეს. არტისტული, ლაღი, თამამი და ენერგიული შესრულება - ჟიურის წევრები ასეთი შეფასებებით ანებივრებდნენ კონკურსანტს, რაც მას კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევდა. ბოლო "ლაივზე" თამარი პროექტს გამოეთიშა, თუმცა, როგორც თქვა, მაინც კმაყოფილია, რადგან ამ პროექტის საშუალებით მიიღო უდიდესი გამოცდილება; ჰქონდა ფუფუნება, ემღერა ორკესტრთან ერთად და გაეცნო საოცარი ადამიანები, არაჩვეულებრივი მუსიკოსები.

- სოფელი ლეჩხუმში გვაქვს, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ იქ. ვსწავლობ ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში, მე-11 კლასში. მყავს მშობლები და უფროსი ძმა. მეგობრები და ახლობლები მოფერებით თათოს მეძახიან. ყველა საგანში ათიანები არ მიწერია, მაგრამ ცუდ მოსწავლედ არ ვითვლები, უფრო ტექნიკური საგნები მიყვარს. კონკურსამდე სულ სწავლასა და მეცადინეობაში გადიოდა დრო, სხვას ვერაფერს ვასწრებდი. მანამდე კი მხიარული ვიყავი (იცინის), მიყვარდა მეგობრებთან ერთად კაფეში წასვლა, გართობა, ფილმების ყურება. ამბობენ, რომ ჟინიანი და ჯიუტი ვარ, ამაში არის კიდეც სიმართლე - აუცილებლად ჩემი უნდა გავიტანო. გავბრაზდები თუ გამიხარდება, ყველაფერი სახეზე მაწერია, ძალიან ემოციური ვარ. როდესაც კონცერტის შემდეგ წამყვანები იწყებენ სახელებისა და გვარების დასახელებას, საოცრება მემართება. წინა "ლაივზე" ისე განვიცადე ნინისა და იკაკოს აუტსაიდერებში დგომა და იკაკოს წასვლა, იმდენი ვიტირე, რომ თავი მოვიკალი. ალბათ, მე რომ დამეტოვებინა პროექტი, ამის გამოც კი არ ვიტირებდი იმდენს.

- პროფესია უკვე არჩეული გაქვს?

- სამედიცინოზე მინდა ჩაბარება, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ბარემ კონსერვატორიაში ხომ არ ჩავაბარო-მეთქი? მოკლედ, ჯერ კიდევ ვყოყმანობ. რომ ამბობენ ხოლმე, ბაღიდან ვმღეროდიო, ჩემს შემთხვევაში მგონი, მართლაც ასე იყო. ბაღის პედაგოგს დედასთვის ურჩევია, აუცილებლად შეიყვანე მუსიკაზეო. პირველ კლასში ვიყავი, როცა ვოკალის პედაგოგთან დავიწყე მეცადინეობა, ვმონაწილეობდი კონკურსებშიც. მამაჩემის ბიძა, ანუ ბებიაჩემის ძმა - მუსიკოსი უჩა კორძაია, ანსამბლ "ვია 75"-ში უკრავდა. როგორც ჩანს, გენებში მაქვს მუსიკალურობა.

GzaPress- შენი პირველი წარმატება რა იყო?

- "მხიარული ნოტები" ერქვა კონკურსს, 9 წლის ვიყავი და პირველი ადგილი ავიღე საქართველოს მასშტაბით. ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო. 2013 წელს "ნიჭიერში" ვმონაწილეობდი და ფინალშიც ვიყავი გიორგი ბაღათურიასთან ერთად, მეორე ადგილზე გავედი. ამის შემდეგ ვემზადებოდი, რომ რომელიმე სერიოზულ კონკურსზე გამოვსულიყავი.

- და "საქართველოს ვარსკვლავში" გამოჩნდი...

- ამ კონკურსში მონაწილეობისას მთავარი სტიმული მაინც "ევროვიზია" იყო, ამიტომაც გამარჯვების დიდი სურვილი მქონდა. ძლიერი კონკურენტები მყავდა და თითოეული კონცერტი ჩემთვის საკმაოდ სერიოზული გამოცდილება იყო. თავდაპირველად ვყოყმანობდი, მიმეღო მონაწილეობა თუ არა. დედასაც ვკითხე და დამეთანხმა. როდესაც პრეკასტინგიდან დამირეკეს, - გადახვედიო, სიხარულისგან ვიტირე. ათეულში რომ მოვხვდი, ამან ხომ სულ გადამრია.

- თამარ, შენი საყვარელი მუსიკალური ჟანრი რომელია?

- ჯაზს უფრო ვუსმენ, ბლუზიც მიყვარს...

- შეფასება და ყველაზე ემოციური გამოსვლა, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდა...

- ყველაზე ემოციური მაინც კასტინგი იყო, რადგან პირველად წარვდექი ჟიურის წინაშე, არ ვიცოდი, მოვეწონებოდი მათ თუ არა და ძალიან ვღელავდი. მაშინ იმდენი კარგი რამ მითხრეს, შოკში ვიყავი. სტეფანემ რომ თქვა, თითზე ჩამოსათვლელ ფავორიტებში ხარო, ეს სულ მახსოვს. ჟიურის ნებისმიერი წევრის შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანი გახლდათ. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი დედაა, რომელიც ყოველ შაბათს უზომოდ ნერვიულობდა. ამ "ლაივებმა" დიდი გამოცდილება მომცა, უფრო მეტად მოტივირებული და თავდაჯერებული ვიყავი, საბრძოლო განწყობა მქონდა (იღიმის). იმედი მაქვს, მომავალში ბოლომდე გამოვავლენ ჩემს შესაძლებლობებს...

ნინო ჯავახიშვილი