"არც უკიდურესი სიმდიდრე მაკვირვებს და არც - უკიდურესი სიღარიბე"
"ჩემი ცოლის დაქალების" "მეგრული კლანის" ძლიერი წარმომადგენელი - დოჩი ალიშბაია სერიალის ბოლო სეზონში აღარ გამოჩენილა, რამაც მაყურებელთა ნაწილის გულისწყვეტა გამოიწვია... დავინტერესდით, დოჩის როლის შემსრულებელი - ნანუკა გულუა, რას საქმიანობს...
- გადაღებების პროცესი მენატრება - ის ბრჭყვიალა ნაწილი ჩემს ცხოვრებას ძალიან აკლია, თუმცა ეს ნაწილიც - როცა ეკრანზე არ ვჩანვარ და ხალხს ვენატრები, კარგი ყოფილა: მნიშვნელოვანია, რომ უნდათ, ეკრანზე მნახონ... ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე: ჩემს ატელიესთან დაკავშირებით, უფრო დიდი მიზნები დავისახე, გავაფართოეთ, ახლა სხვა ტერიტორიაზე გადავდივართ და ატელიეს პროფილიც შევუცვალეთ.
- ატელიეში რა ამპლუაში ხართ დაკავებული?
- მე მევალება კლიენტების დახვედრა, დიზაინის მოფიქრებაში დახმარება, ქსოვილის შერჩევა, გალამაზება და ატელიედან ადამიანების კმაყოფილი გაშვება. ახლა უკვე ჩემს საყვარელ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ჩვენი ატელიეს მზა პროდუქციაც შეიძინოს.
- ტანსაცმლის დიზაინის სფეროში პროფესიული განათლება გაქვთ მიღებული?
- ჩემს ცხოვრებაში ასე ხდება: რაშიც პროფესიული განათლება მაქვს მიღებული, იმ საქმეს არასოდეს ვაკეთებ - სხვა საქმე უფრო გამომდის (იცინის). მესამე წელია, რაც ატელიე მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი - პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, მაგრამ პროფესიით დიზაინერი არ ვარ და ჩემს თავს "დიზაინერს" არც ვუწოდებ. უბრალოდ, ადამიანებს ლამაზად ჩაცმაში ვეხმარები.
- მოდის ტენდენციებს თვალ-ყურს ადევნებთ, რომ შემდეგ, სამოსის დიზაინის მოფიქრებისას გაითვალისწინოთ?
- არა. ასეთ საიტებს იშვიათად ვსტუმრობ, ქართველი დიზაინერების გვერდებსაც იშვიათად ვათვალიერებ, რადგან როცა სამოსი ძალიან მომეწონება, არ მინდა, მისი ზეგავლენა მქონდეს. მირჩევნია, ჩვენი მოფიქრებული იყოს, სამოსს ჩვენი შტრიხი ჰქონდეს, ვიდრე სხვისი დეტალი შევიტანო.
- ატელიეს გახსნის საკითხი რატომ დადგა თქვენს დღის წესრიგში?
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ამ სფეროში ძალიან მცირე გამცდილება მაქვს. ჩემი პროფესია, რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ საქმის კეთება ვიცი, პერსონალის მართვის მენეჯმენტი გახლავთ. 13-14 წელი "ეიჩარი" ვიყავი. არანორმალური, რუტინული რეჟიმი მქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი: მთელ ჩემს რესურსს ადამიანებს ფუჭად ვახმარდი - უკან არ მიბრუნებდნენ. რაკი ჭარბი წონა მქონდა, მთელი ცხოვრება სამოსს თავად ვიკერავდი და ეს საქმე მომწონდა. მე და ჩემმა მეგობარმა სამსახურებიდან წამოსვლა გადავწყვიტეთ და პატარა ატელიე შევქმენით. ყველაფერი აქედან დაიწყო... ცოტა რომ "მოვიზარდეთ", უკვე მესამე მეგობარიც შემოგვიერთდა. ახლა ვაპირებთ, მთლიანი ბაზარი ავითვისოთ - ყველა და ყველაფერი "შევჭამოთ" (იცინის).
- საერთოდ, როდის იფიქრეთ, - უკვე დროა, საკუთარი შემოსავალი მქონდესო?
- სხვათა შორის, პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, რომ მსურდა საკუთარი შემოსავალი. ბავშვობიდან უზრუნველი ცხოვრება მქონდა. მცირე ასაკიდანვე შრომის დაწყება, უხეშად რომ ვთქვა, აბსოლუტურად არ მჭირდებოდა, მაგარამ დიდი იყო სურვილი იმისა, რომ მიწაზე მყარად დავმდგარიყავი. რაც გონებრივად "გავიზარდე", განვვითარდი, სულ ვფიქრობდი: იმისთვის, რომ ქალი დამოუკიდებელი, დაფასებული იყოს და საკუთარი თავი უყვარდეს, უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმე, შემოსავალი და შემოსავლის ზრდის ამბიცია-მეთქი.
- თქვენი პირველი სამსახური რა იყო?
- მე და ერთ-ერთი ცნობილი პიარკომპანიის (რომელიც მაშინაც წარმატებული იყო) ხელმძღვანელის გოგონა ჯგუფელები ვიყავით. ორივე ამ კომპანიაში სამუშაოდ მივედით. ძალიან მაგარი გამოცდილება მივიღე, რამაც საკუთარი თავის რწმენა შემმატა. იმ სამსახურიდან მალევე გადავედი - "ეიჩარი" გავხდი (ძირითადად, საცალო გაყიდვების საკითხში) და უკვე ამ პროფესიით განვვითარდი. წარმატებული სუპერმარკეტების "ეიჩარი" გახლდით.
- თქვენი პირველი გასამარჯელო გახსოვთ, რამდენი იყო?
- 400 ლარი (იცინის).
- ისიც ხომ არ გახსოვთ, რაში დახარჯეთ?
- აუ, მახსოვს, "ბალეტკები" ვიყიდე. ჩემი ერთადერთი გადახრა "ბალეტკებს" უკავშირდება. მეგობრები სულ მეკითხებიან, - მოგზაურობიდან რა ჩამოგიტანო? დაბადების დღეზე რა გაჩუქოო? მათთვის კონკრეტული მითითებების მიცემა არ მიყვარს, მაგრამ როცა მეკითხებიან, - "ბალეტკა" ხომ არ გიყიდოო? უარს ვეღარ ვამბობ (იცინის)... "ბალეტკების" ყიდვის გარდა, პირველი ჰონორარით მეგობრებთან ერთად "მოვიგულავე" და საღამოს კარგად ვიქეიფეთ.
- ფინანსური კრიზისი შეგქმნიათ?
- მგონია, რომ ასეთ პერიოდს თუ არ გამოივლი და არ მიხვდები, გაჭირვება რა არის, სრულყოფილ და კარგ ადამიანად ვერ ჩამოყალიბდები. როგორც აღვნიშნე, უზრუნველი ბავშვობა მქონდა: 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი გაჭირვებული ცხოვრება, პურის რიგები ჩემთვის უცხო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ქალაქში გავიზარდე, სადაც ფაქტობრივად, ყველაფერი მიწასთან გასწორდა - აფხაზეთის ომი ზუგდიდთან პირდაპირ კავშირში იყო. ისეთი ძლიერი ოჯახი მყავდა, რომ ეს არ მიგრძნია. ომიანობის შემდეგ, კრიზისი ჩვენს ოჯახსაც შეეხო. ზუსტად მაშინ მივხვდი, როგორ ცხოვრობენ ადამიანები. გავაცნობიერე, რომ შეიძლება, რაღაც გინდოდეს, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩეს, თუ თავად არ მოინდომებ, ამისთვის რამე გააკეთო. ზუსტად მაშინ ჩამომიყალიბდა მნიშვნელოვანი თვისებები: ჩემთვის ადამიანის მატერიალური მდგომარეობა აბსოლუტურად უმნიშვნელოა. არც უკიდურესი სიმდიდრე მაკვირვებს და არც - უკიდურესი სიღარიბე, რადგან ორივე გამომივლია და ზუსტად ვიცი, ეს ადამიანს არ ცვლის. მიხარია, რომ ორივე ეტაპი გავიარე... შემდეგ ჩემმა მშობლებმა ყვლაფერი ისევ ნულიდან დაიწყეს. ძალიან შრომისმოყვარე, ჭკვიანი და მაგარი მამა მყავს, რომლისთვისაც მიუღწეველი არაფერია - მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მის შვილებს ყველაფერი ჰქონდეთ. დღემდე ასეთია. დედა მუდმივად ძიებაშია, თუ როგორ განვითარდეს, საკუთარი შემოსავალი იპოვოს და სამივე დაც ასეთი ვართ... მოკლედ, ყველანი ერთად ისევ ფეხზე დავდექით. ჩემი დებიც გაიზარდნენ. არც მშობლები წამოწვნენ ჩვენს ხარჯზე და ყველაფერი ისევ თავიდან შევქმენით. კრიზისმა ხელები ვერ ჩამოგვაშვებინა და ყურები ვერ ჩამოგვაყრევინა.
- თქვენთვის ყველაზე განსხვავებული საქმე, რაშიც გასამრჯელო მიგიღიათ, რა იყო?
- მსახიობობა. ეს იყო ყველაზე განსხვავებული საქმე, რისგანაც უდიდესი სიამოვნება მივიღე და სიამოვნებასთან ერთად, "ზემოდან" ჰონორარიც მომცეს (იცინის).
- თქვენს პერსონაჟს რას უპირებენ, ხომ არ იცით? მაყურებლები ახალ სეზონში გიხილავენ?
- ეს თქვენზე მეტად მე მაინტერესებს. ჩვენთვისაც სიურპრიზია ხოლმე, თუ ვინ იქნება ახალ სეზონში. რომელ გმირს რა ელის, ამის მონახაზი წინასწარ არ არსებობს. მაშინ ვბედნიერდები, როდესაც მესიჯი მომდის - "წკაპ", ვხსნი და წერია, - სცენარი მოგივიდაო. მხოლოდ ამ დროს ვხვდები, რომ ახალ სეზონში ვიქნები. ბედნიერების "წკაპ" მესიჯი ჯერჯერობით, არ მომსვლია.
- დღეს შეგიძლიათ თქვათ, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი ქალი ხართ?
- ჯერჯერობით, ჩემი დღევანდელი მდგომარეობა სტაბილურია და მაკმაყოფილებს. წინსვლის, მეტი შემოსავლის ძიების, განვითარების პერიოდი მაქვს. ისეთ სიტუაციაში არ ვარ, რომ ვთქვა: მორჩა, მეტი არაფრის კეთება არ მჭირდება-მეთქი, აბრეშუმის კაბა ჩავიცვა და ყავა ვსვა (იცინის). ძალიან ბევრი შრომა მიწევს. დატვირთული რეჟიმი მაქვს. ყველა საკითხი ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული და მათი გადაჭრა მიწევს.
- უცხო გარემოში, სამსახურის დასაწყებად გასაუბრებაზე ყოფილხართ?
- მიუხედავად იმისა, რომ "ეიჩარი" გახლდით და დღეში 4-5 გასაუბრების ჩატარება მიწევდა, ჩემთვის გასაუბრება მაინც რთული პროცესია. რაღაცის გამოცდა, ადამიანებისთვის საკუთარი თავის ხელახლა წარდგენა, თავის დამკვიდრება მიჭირდა. მოკლედ, ვერ დავიკვეხნი, რომ პრეზენტაციის უნარი მაქვს. გასაუბრებაზე ჩემი უნარების მხოლოდ 10%-ს ვაჩენდი. დოჩიმ კიდევ ერთი კარგი რამ მომცა: ადამიანებისთვის უკვე შინაური, ახლობელი ვარ და საკუთარი თავის გამოვლენა უკვე 100%-ით შემიძლია. საწყის ეტაპზე საკუთარი თავის წარდგენის ბარიერი აღარ მაქვს.
- რას ურჩევდით ადამიანებს, ვინც სამსახურში მისაღებად გასაუბრებას წარმართავენ?
- ამ საკითხში რჩევის მიცემა ნამდვილად შემიძლია: ყოველთვის იბრძოლონ, რომ ნეიტრალურები იყვნენ - ცალსახად კომპანიის ან დაქირავებულის მხარეს არ უნდა იდგნენ. კომპანიასა და დასაქმებულს შორის არსებული საკითხები ძალიან სწორად და სამართლიანად უნდა განსაზღვრონ. ამ საქმეში ცალსახა პოზიციის დაკავება დამღუპველია.
- არსებულ პირობებში, გასაუბრებაზე მისულ დასაქმების მოსურნეებს რას ურჩევთ?
- სწორად აირჩიონ ის სამუშაო, რისთვისაც გასაუბრებაზე მიდიან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად იყო შემთხვევა, როცა კონკრეტულ პოზიციაზე დასასაქმებლად მოდიოდნენ, მაგრამ შემდეგ საკუთარი მოვალეობის შესრულება ან არ უნდოდათ, ან - არ მოსწონდათ, "არ ეკადრებოდათ" - ეთაკილებოდათ, გასამრჯელო ეცოტავებოდათ და ა.შ. აუცილებლად უნდა იყო მზად, რომ მიიღო ის პირობა, რომელსაც თანხმდები. თუკი შენი საქმის 100%-ით შესრულებას ვერ შეძლებ, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდე, არსებულ პოზიციაზე საერთოდ უნდა დასაქმდე თუ არა.
- ამდენი საქმის ფონზე, პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩებათ დრო?
- სწორი შეკითხვაა: ამდენი საქმის ფონზე, როგორ მოვახერხებ (იცინის)?! ჩემი ცხოვრება ძალიან მიყვარს. მთელი დრო და რესურსი განაწილებული მაქვს საქმეზე, მეგობრებზე, მსახიობობაზე... აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ბევრ დროს მართმევს. იმის დანაკლისი, რაც "დადგენილია", რომ ქალს აუცილებლად სჭირდება, ალბათ, ამის დრო ჯერ არ დამდგარა. თუ ჩემს რეჟიმში, ამ "ქარცეცხლში" ვინმე შემოივლის, ვინც ამ ყველაფერს გაუძლებს, აუცილებლად ჩავეჭიდები და ხელიდან არ გავუშვებ (იცინის)...
ეთო ყორღანაშვილი