"ამის აღიარების არ მრცხვენია" - გზაპრესი

"ამის აღიარების არ მრცხვენია"

მსახიობი და რეჟისორი - კახა გოგიძე, რომელიც წელს უკვე მესამედ ამთავრებს თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლას (ამჯერად - კინორეჟისურის ფაკულტეტზე), გამოგვიტყდა, რომ გამოცდების პანიკურად ეშინია. სწორედ ეს შიში აიძულებდა კანონდარღვევას: გარკვეული პერიოდი ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა...

- ავტომობილის ყიდვა ძალიან გვიან გადავწყვიტე. შესაბამისად, მართვაც გვიან, მაგრამ კარგად ვისწავლე. თავდაპირველად, ცუდად ვიქცეოდი - მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი და რამდენჯერმე დამაჯარიმეს. საერთოდ, გამოცდების პანიკურად მეშინია. მართვის მოწმობის აღება ამიტომ გავაჯანჯლე და ჯარიმების რაოდენობაც გაიზარდა. ვერც ვაპროტესტებდი, რადგან ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე რომ მართავ, ჩემი აზრით, უკვე ცუდი ადამიანი ხარ. გამოცდაზე პირველად რომ გავედი, ნერვიულობის გამო "ჩავიჭერი" და მეგონა, მეორედ მოსვლა დადგა... მეორედ თეორია კარგად ჩავაბარე, მაგრამ ავტომობილის ტარებაში "ჩავიჭერი": ისე ვღელავდი, მანქანის "ცხვირით" შესვლის ნაცვლად, უკანა სვლით შევედი. ოფიცერმა ავტომობილიდან თმით გადმომათრია (იცინის)... 6 წელია, რაც მანქანა მყავს და მართვის მოწმობაც მაქვს. არ მიყვარს, როცა საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ - საოცრად ვღიზიანდები. "წითელზე" რომ გადიან ან ორღერძულას კვეთენ, ვმწარდები. თან, დაკვირვებული ვარ, ამას ძირითადად ასაკოვანი ხალხი აკეთებს, ვისაც მართვის მოწმობა ნაყიდი აქვს - ისეთ პერიოდში გაზრდილი ხალხია, რომ კანონის დარღვევას ნაჩვევია და ამას ვერ მოუშლი. ახალგაზრდები, ვინც ნამდვილად ისწავლა და ვისთვისაც მართვის მოწმობის ყიდვა უკვე შეუძლებელია, კანონს ემორჩილებიან.

GzaPress- სწრაფად მანევრირების უნარი გაქვთ?

- არ მინდა, ტრაბახში ჩამეთვალოს, მაგრამ ღმერთმა ამით დამაჯილდოვა - ძალიან სხარტი გონება მაქვს, გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ, სწრაფად ვრეაგირებ. ჩემი ავტომობილი ძალიან ძველია და სწრაფად მანევრირებაში ხელს აღარ მიწყობს. ამიტომ ფრთხილად დავდივარ... საერთოდ, სიჩქარის გადაჭარბების წინააღმდეგი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტომობილში ვიღაც მიზის.

- თანამგზავრები გენდობიან? როგორც მძღოლს, როგორ გახასიათებენ?

- კი, ძალიან მენდობიან. ჩემმა ერთ-ერთმა მსახიობმა მეგობარმა აღნიშნა, - მანქანა ისე დაგყავს, რომ შემიძლია, მშვიდად მეძინოსო. მამაჩემი ბუნებით სკეპტიკოსი გახლავთ - რაც უნდა გავაკეთო, არ მაღიარებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მაღიარა: მითხრა, - მანქანა ძალიან კარგად დაგყავს, მშვიდად ვარო. ასეთი ფრაზა სხვებისგანაც ხშირად მსმენია. ალბათ, მიზეზი ის გახლავთ, რომ უაზროდ გარისკვა არ მიყვარს. 1 წუთის გამო შეიძლება, ადამიანმა მთელი სიცოცხლე დაკარგო.

- ავტომობილის მართვისას სახიფათო, ავარიული სიტუაცია შეგქმნიათ?

- კი. ძირითადად, ასეთი სიტუაციები მაშინ უფრო მექმნება, როცა დასავლეთისკენ მივდივარ. არ ვამბობ, რომ აღმოსავლეთში ავტომობილს უკეთ მართავენ, მაგრამ როგორც კი გვირაბს გავდივარ, სახიფათო, საავარიო სიტუაციების მთელი სერია იწყება. ამის მიზეზი ძირითადად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები არიან, რომლებიც "ჩემს" ხაზზე პირდაპირ გადმოდიან და თუ არ გავეცალე, ცუდი რამ მოხდება; ასევე, რასაკვირველია, საავარიო სიტუაციებს ტრაილერები ქმნიან... ბოლოს საავარიო სიტუაცია გორის გზატკეცილზე შემექმნა: სატვირთო მანქანის მძღოლმა ძალიან ცუდი მანევრი განახორციელა. პირველად მაშინ შემეშინდა, მაგრამ ეს შიში წამიერად გაგრძელდა. - ასეთ სიტუაციაში შიშის უფლება არ გვაქვს... ალბათ, არავინ იტყვის, საავარიო სიტუაცია თავად შევქმენიო. მიუხედავად იმისა, რომ ფრთხილად დავდივარ, 1-2 ასეთი ეპიზოდი მაინც იყო, თუმცა ჩემ მიერ შექმნილი საავარიო სიტუაციიდან მძღოლი ძალიან იოლად "გამოძვრა". მოკლედ, დამნაშავე მეც ვყოფილვარ და ბოდიშიც მომიხდია.

- საჭესთან ჯდომისას მუსიკა თქვენთვის რა როლს ასრულებს?

- ამ დროს მუსიკის ჩართვა არ მიყვარს - ფიქრში ხელს მიშლის, რადგან მაგალითად, შეიძლება, საპატრულო ეკიპაჟი მოგადგეს და დაგიძახოს, - მანქანა გადააყენეო და ვერ გაიგო, რაც კანონდაუმორჩილებლობაა. როცა სპექტაკლზე ან ფილმზე ვმუშაობ და რაიმე მუსიკას ვეძებ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, მუსიკას ვუსმენდე, ოღონდ - ხმადაბლა ჩართულს და მაქსიმალური ყურადღებით, რადგან მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე კი არა, სხვა ადამიანებზე უფრო მეტად ვზრუნავ.

- ქალ მძღოლებთან დაკავშირებულ სტერეოტიპს, რომელიც მგონი, უკვე მოძველდა, ეთანხმებით?

- ამასთან დაკავშირებით, ჯერ ერთ კარგ ანეკდოტს გავიხსენებ: პროფესიონალ მძღოლს ჰკითხეს: - რომელი მძღოლების გეშინიათო? - მთვრალების, მოტოციკლეტზე მსხდომების და სამხედროებისო, - უპასუხა. - კი, მაგრამ ქალის არ გეშინიაო? - ქალი, ჩემო კარგო, მოტოციკლზე მჯდომი მთვრალი სამხედროაო (იცინის)... ეს ანეკდოტი კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება, ყველა ერთ ქვაბში მოხარშო - ზოგი ტაფაზე უნდა შეწვა. კარგი მძღოლებიც არსებობენ და ცუდებიც, მაგრამ სტერეოტიპი არსებობს, რომ ქალები გარეგნობაზე ზრუნვით უფრო მეტად არიან დაკავებულნი: ავტომობილის ყველა სარკე საკუთარი თავისკენ აქვთ მიმართული, გარეგნობას ადევნებენ თვალყურს და არა იმას, თუ გვერდით ვინ უნდა გადაასწროს ან უკან ვინ მისდევს... ისე, მოძრაობის წესებს მამაკაცები უფრო ხშირად არღვევენ, ვიდრე ქალები, რადგან კაცები უაზროდ რისკავენ. ქალ მძღოლთან დაკავშირებით რისი თქმაც შემიძლია, მაქსიმუმ, ის არის, რომ ერთხელ ნაძალადევში, დადიანის ქუჩაზე გოგოს მანქანა გაჩერებული ჰყავდა - მთელი ქუჩა ჩაკეტილი ჰქონდა. მძღოლები სიგნალებით გასკდნენ. გოგოს რომ ჩავუარე (ფეხით ვიყავი), მესიჯს წერდა. ძალიან გაუკვირდა - ვერ გაიგო, რა ხდებოდა (იცინის). სულ ეს იყო, მეტი არაფერი. ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს, ქალს ჩემთვის საავარიო სიტუაცია შეექმნა.

GzaPress

- პატრულთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? თქვენი დაჯარიმების საკითხზე პოპულარობის ფაქტორი მოქმედებს? - საერთოდ, პატრულთან გულთბილი დამოკიდებულება მაქვს. როცა ისინი მაჯარიმებენ, ამით ჩემზეც ზრუნავენ და სხვებზეც. სამუშაო პროცესში როცა არიან, უფლება არ მაქვს, მათი შენიშვნა გავაპროტესტო, თუნდაც შეეშალოთ. პროტესტისთვის სხვა ინსტანციები არსებობს, სადაც მივალ და გამამართლებენ ან გამამტყუნებენ. მაგალითად, როცა სპექტაკლს ვთამაშობ და ამ დროს დარბაზში მჯდომმა მაყურებელმა შენიშვნების მოცემა დაიწყოს, ცხადია, საქმეს გააფუჭებს. შესაბამისად, მუშაობის პროცესში პატრულის თანამშრომელს "ჰაი-ჰუი" რომ დავუწყო, კარგი არ იქნება. თუ მიმაჩნია, რომ მართალი ვარ, გასაჩივრება შემიძლია. თან ვიცი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პატრულის თანამშრომლები მე მიცავენ. მთავარია, მათი ქმედება ზღვარგადასული არ იყოს... პოპულარობას რაც შეეხება: კი, მცნობენ და მოძრაობის წესის დარღვევის სირბილეს გააჩნია, თუ თვალის დახუჭვა შეუძლიათ, დაუხუჭავთ. ეს პოპულარობამდეც ასე იყო, ახლა კი - განსაკუთრებით. როცა სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე, თვალს არ ხუჭავენ და მათ არასოდეს ვეუბნები, - მაპატიეთ-მეთქი. ადამიანი უხერხულ სიტუაციაში რატომ უნდა ჩავაყენო? ვეუბნები, - თუ შესაძლებელია, გაფრთხილებით შემოვიფარგლოთ, ძალიან გამახარებთ-მეთქი. როცა ეს შესაძლებელი არაა, მესმის და ჯარიმას ვიღებ. მინდა, ერთი შემთხვევის შესახებ გიამბოთ: სადგურის მოედანზე მოძრაობის წესი ძალიან ცუდად დავარღვიე. შემდეგ გაბრაზებულ გულზე, სოციალურ ქსელში პატრულის შესახებ ცუდი სტატუსი დავწერე - ჩემი სისუსტე გამოვავლინე. ჩემს სიმართლეს ყოველთვის ვამოწმებ: იმ ადგილას დავბრუნდი, სადაც მოძრაობის წესი დავარღვიე, კარგად დავაკვირდი და მივხვდი, პატრული აბსოლუტურად მართალი იყო, როცა 50 ლარით დამაჯარიმა. სოციალურ ქსელში ის სტატუსი იმავე დღეს წავშალე და ჩემი ბოდიში გამოვაქვეყნე, მაგრამ ახლა ძალიან მინდა, მთელ საპატრულოს საჯაროდ მოვუხადო ბოდიში, რადგან არასწორი ვიყავი. ამის აღიარების არ მრცხვენია. დიდი ბოდიში და ჩემი ღრმა პატივისცემა საპატრულოს ყველა თანამშრომელს. ერთი რამ გვეშლება: ისინი ექსტრემალურ სიტუაციაში ცხოვრობენ და მუშაობენ. გვავიწყდება, რომ მათი სამუშაო ყოველთვის "ნერვზე", სიმძაფრეზე გადის.

- ავტომობილზე საინტერესო სტიკერები გაქვთ მიკრული.

- ჯერჯერობით, ეს სტიკერები ისევ ოკუპაციას და უკუპანტებს უკავშირდება. რა ვქნა? ამას არასოდეს გადავეჩვევი. შემიძლია, ჩემს პირად მტერს ბევრი რამ ვაპატიო, მაგრამ ჩემი შვილების, ჩემი ქვეყნის მტერს ვერ ვაპატიებ, ამის უფლება არ მაქვს. სტიკერები ჩემი პოზიციის ერთგვარი გამოვლინებაა და იცოდეს, ვინც უკან გამომყვება: აქ ისეთი სიტუაცია არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები გვიყვარდეს. ბათუმში ერთი შემთხვევა მქონდა. ავტომობილით მივდიოდი. უკან ბაიკერები მომყვებოდნენ და ჩემს ავტომობილს ფოტოებს უღებდნენ. მანქანა გადავაყენე, ბაიკერები გავატარე და უცებ დავინახე, რომ ტყავის ქურთუკებზე "ღამის მგლები" ეწერათ - ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც რუსეთის დამპყრობლური იდეოლოგიის მედროშეები არიან. ემოციები მომეძალა. პროვოკაციაზე წამსვლელიც კი ვიყავი, რომ ისინი გამომეწვია, მაგრამ ცხადია, მათ ვერ დავეწეოდი... სტიკერები ზუსტად მათთვის მაქვს. ქართველი ხალხის ღიმილიანი სახის (როცა სტუმარს ხედავენ, ეს ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი) მიუხედავად, უნდა იცოდნენ, რომ აქ ისინი არ უყვართ. ვინც უცინიან, პირველად ისინი გამოსჭრიან ყელს (ფიგურალურად ვამბობ), რადგან მტერი არავის უყვარს, განსაკუთრებით - ქართველს...

ეთო ყორღანაშვილი