ვინ სთხოვდა ლადო აფხაზავას, ოჯახის შექმნაზე ეთქვა უარი - გზაპრესი

ვინ სთხოვდა ლადო აფხაზავას, ოჯახის შექმნაზე ეთქვა უარი

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტ ვლადიმერ (ლადო) აფხაზავაზე არაერთხელ დავწერეთ და ის "გზის" ფურცლებიდან ქართველ რონ კლარკად გავაცანით მკითხველს. წლევანდელი გლობალური ჯილდოსთვის ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება.

- ლადო, გაქვს რამდენიმე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა ძირითადად, გიცნობენ, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელს და სოციალურ მენეჯერს...

- 2010 წლიდან ვმუშაობ მშობლიურ სკოლაში მასწავლებლად. 2012 წლიდან ვარ მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

- რას გვეტყვი შენს "დემოკრატიულ რევოლუციაზე"?

- პროგრამა "დემოკრატიული რევოლუცია" გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. არ შეიძლება, სწავლა-სწავლება კომუნიკაციის მაღალი ხარისხის გარეშე, თუ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანი თაობები გავზარდოთ. დემოკრატიულობა ალბათ არსად ისე საჭირო არაა, როგორც სკოლაში. თუ არ იქნება პედაგოგსა და მოსწავლეს შორის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა, არ იქნება შედეგი! ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ მასწავლებელმა უნდა მონახოს უნივერსალური საშუალებები, რითაც ეფექტიანი გახდება ქართული სკოლა.

GzaPress

- "მასწავლებლის გლობალური ჯილდო" - 1 მილიონი დოლარის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. ფიქრობ, რომ ქართულ რეალობაში მასწავლებლის პროფესიას პოპულარიზაცია გაუწიე? - გლობალური ჯილდოს მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. 2015 წლიდან ამ ჯილდომ მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ შეიძლება დაფასდეს მასწავლებელი. აქ ფინანსურზე მეტად საგულისხმოა პედაგოგის პროფესიის აღიარება და მორალური მხარდაჭერა. ეს დიდი მოტივატორია მსოფლიო მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც "ვბედავთ" სწავლებას. არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს აკლია კარგი მასწავლებლები. ამ ჯილდოს დაფუძნებამ ბევრ ადამიანს შთააგონა, იყოს უკეთესი მასწავლებელი. ჩემი შემთხვევა, იმედია, ბევრი ადამიანისთვის გახდება სამაგალითო. აქვე დავამატებ, ქართველ მასწავლებელსაც ესაჭიროება აღიარება და მხარდაჭერა!

- ადრე წერდი, "ეს დღეებია ვერაფერი მოვუხერხე ჩემს გულს, რადგან ჩემს პირადზე არასდროს მიფიქრია. რატომღაც დღეს ჩემზეც დავიწყე ფიქრი და რაღაცის მოლოდინი შემომეპარა, ჩემს გულს კი ამის უფლებას არასდროს ვაძლევდი. მე მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე და გავიზარდე და მაშინ, როცა ძალიან მჭირდებოდა, სულ მარტო დავრჩი უავეჯო ოთახის პირისპირ, რადგან ყველაფერი ჩემი მშობლების წამლის საყიდლად გავყიდე"... ახლა რა მდგომარეობა გაქვს?

- მატერიალური მდგომარეობით არ ვარ გამორჩეული. მაქვს მოუწყობელი ბინა ლანჩხუთში, სადაც ყავის დასალევადაც ვერ შეიყვან მეზობელსაც კი... ჩემი ბიჭები, რომლებიც სოციალური სახლის ბენეფიციარები არიან, ფიქრობენ, რომ მომავალშიც ჩემს სიახლოვეს უნდა ცხოვრობდნენ. ადრე მათ გარკვევით და ხისტად მითხრეს, - დაოჯახებაზე არ იფიქრო, მერე ჩვენზე მეტად ცოლ-შვილი გეყვარებაო. ხუმრობით პირობაც დავდე, რომ არ დავოჯახდებოდი, მაგრამ ამას უკვე ხუმრობის გარეშე ვამბობ: ცოლის მაშინ მოვიყვან, როცა სახლის დახსნას შევძლებ ბანკიდან, იპოთეკური სესხით რომ ვიყიდე.

- ბენეფიციარები, უფრო კი "შენი ბავშვები", შენთან ახლოს დასახლებას გეგმავენ?

- კი, ასეა. ისინი გამორიცხავენ მშობლებთან დაბრუნებას... ამბობენ, რომ "ლადო ბიძიესთან" უკეთ არიან და მომავალშიც ჩემს ახლოს უნდათ ცხოვრება! ვფიქრობ, დიდი ოჯახი მყავს და ამით ძალიან ვამაყობ.

- გაქვს ნაფიქრი, ჯილდოს მოგების შემთხვევაში, რაში დახარჯავ თანხას?

- ბუნებრივია. თუ მე ეს ჯილდო მოვიგე, "ჩემს ბავშვებს" გარანტირებული ექნებათ საბინაო მდგომარეობა. აუცილებლად დავიწყებ მასშტაბურ პროექტებსაც, რომელშიც ჩავრთავ საქართველოს სკოლებს. ვერ დავივიწყებ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მუდამ მამხნევებდნენ, მხარში მედგნენ... ამაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი, მაგრამ მაინც!

- რას ეტყვი დღეს გლობალური ჯილდოს ფინალისტის პოზიციიდან კოლეგებს?

- ვაღიაროთ თითოეული მოსწავლე და ვუთხრათ მათ, რომ საჭირო და მნიშვნელოვანი არიან ისინი ჩვენთვის და წარმატებებისკენაც ერთად უნდა წავიდეთ.

როლანდ ხოჯანაშვილი