"ის გოგო ლუდს მაგრად სვამდა..." - გზაპრესი

"ის გოგო ლუდს მაგრად სვამდა..."

"ღამის შოუს" წამყვანმა - გიორგი გაბუნიამ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ბევრი დეტალი გაგვიმხილა: გვიამბო პირველი პაემნის შესახებ, რომელშიც ლუდმა ცუდი როლი ითამაშა; გაგვიმხილა, რომ მოსწონდა გოგონა, რომელიც მოუსვენრობის გამო სჯიდა და ცუდ რაღაცებს ეუბნებოდა... ამჟამად გიორგი შეყვარებულია და გარკვეული დროის შემდეგ, ოჯახის შექმნასაც აპირებს...

- სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, გოგონებში პოპულარული იყავი?

- კი. საერთოდ, აქტიური და გარკვეულ დონეზე, პოპულარული ვიყავი გოგონებშიც.

- მათ ყურადღებას რით იპყრობდი?

- არ ვცდილობდი, მათი ყურადღება მიმეპყრო. ეს ბუნებრივად ხდებოდა, რადგან სულ აქტიური ტიპი ვიყავი: თუ რამე კეთდებოდა, ვცდილობდი, ყველაფერში ჩავრთულიყავი. გოგონებს აქტიური ახალგაზრდები ხომ მოსწონთ? ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო და ალბათ, გარეგნობითაც მოვწონდი (იცინის).

- შენ გამო გოგონებს უჩხუბიათ? წაჰკიდებიან ერთმანეთს?

- სიმართლე გითხრათ, ასეთ ფაქტს პირადად არ შევსწრებივარ, მაგრამ ვიღაცებს უთქვამთ, რომ ასეთი შემთხვევა ყოფილა - გოგონებს ერთმანეთი არ გაულახავთ, მაგრამ "გოგჩოური წაკბენები" და მსგავსი რაღაცები იყოო... თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს ამბები სხვისგან ვიცი.

- გოგონების მიმართ ინტერესი როდის გაგიჩნდა?

- ეს ბუნებრივად ხდება: ბავშვობაში მინდოდა, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან მეთამაშა, ყმაწვილურ ასაკში - მეფლირტავა, ზრდასრულობისას კი - სერიოზული ფიქრი დამეწყო ოჯახის შექმნაზე და ა.შ.

- პირველი პაემანი გახსოვს?

- კი, მახსოვს, როგორ არა! ეს ქუთაისში იყო. დაახლოებით მე-9 კლასის მოსწავლე გახლდით. თანაკლასელი გოგო მომეწონა (იმ სკოლაში ახალი გადასული ვიყავი) და პაემანზე კაფეში წავედით, სადაც 2 კათხა ლუდი დავლიეთ... ჰო, ასეთი უცნაური პაემანი მქონდა. გეგონა ვიტყოდი, ღვინოს ვწრუპავდით-მეთქი (იცინის)? აღმოჩნდა, რომ იმ გოგოს ლუდი მოსწონდა და ამიტომ დავლიეთ. მას კარგად არ ვიცნობდი. როცა გავიცანი, სურვილი აღარ გამჩენია, მასთან პაემანზე ისევ წავსულიყავი. მიზეზს ნუ მკითხავ, გეხვეწები.

- თქვენს ურთიერთობაზე ორმა კათხა ლუდმა იქონია ზეგავლენა?

- კი, ლუდმაც. რეალურად, ორ კათხაზე მე გავჩერდი, თორემ ბოლომდე რომ მიმეშვა, ალბათ, ძალიან დავთვრებოდით, რადგან ის გოგო ლუდს მაგრად სვამდა და გოგოდ მე უფრო ვიგრძენი თავი (იცინის).

GzaPress

- რომანტიკული ადამიანი ხარ? - მიმაჩნია, რომ ვარ. საერთოდ, განსხვავებული რაღაცების კეთება მიყვარს - ბანალურ ჩარჩოებში მოქცეული არ ვარ. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი გავაკეთო. ტრადიციული რაღაცები მიყვარს, ოღონდ - ჩემებური ინტერპრეტაციით, თუნდაც - სიმღერები, ლექსები... ურთიერთობით მაქსიმალურად ვტკბები. თავდაპირველად, გულის მოგების პროცესი მიყვარს - ამისთვის თავს არ ვზოგავ, გოგოს გულის მოსაგებად უკან არაფერზე ვიხევ (რა თქმა უნდა, ყველაფერს ეთიკის ფარგლებში ვაკეთებ).

- გოგონას გაცნობისას, მისი გარეგნობიდან პირველად რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?

- უცებ, ერთჯერადი შეხედვით - თვალები და ცხვირი, მერე კი - ბევრი რაღაც. ადამიანი გარეგნულად თუ მომეწონა, მერე ვცდილობ, მისი შინაგანი სამყარო გავიცნო. თუკი მისი შინაგანი სამყარო მის გარეგნულ მონაცემებს სრულიად შეესაბამება და დამაკმაყოფილებელია, მაშინ - ევრიკა!..

- შენს ყურადღებას როგორი გოგონები იქცევენ?

- აუცილებლად ქერათმიანი ან შავგვრემანი უნდა იყოს-მეთქი, ასეთი კრიტერიუმები არ მაქვს. შეიძლება, ნებისმიერი გარეგნობის გოგო მომეწონოს (რა თქმა უნდა, ლამაზი უნდა იყოს), მაგრამ სხვა დეტალებს უფრო მეტად ვაქცევ ყურადღებას. ჰოროსკოპის მიხედვით, მერწყულის ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული და მერწყულის დახასიათებას მთლიანად შევესაბამები - "ზოდიაქოს კაცი" ვარ: არ მიყვარს, როცა თავისუფლებას მიზღუდავენ. შესაბამისად, თუკი ჩემს შინაგან სამყაროს ჩემთვის სასურველი გოგონას ხედვები ემთხვევა, ისიც ახლისკენ მიისწრაფვის, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მიყვარს, როდესაც გოგო მღერის ან ცეკვავს; ძალიან ვიხიბლები, როცა უცხო ენა იცის. ამის გამო, შეიძლება, ბევრ მინუსზე თვალი დავხუჭო. თუ უცხო ენა იცის, "ვსუსტდები", მაგალითად - ინგლისურად, რუსულად ან ფრანგულად თუ საუბრობს, გერმანულად - არა.

- გერმანულად რატომ არა?

- გერმანული უხეში ენაა და პირიქით - ჩემში საწინააღმდეგო ემოციებს იწვევს, თორემ უცხო ენის ცოდნა კარგია, რა თქმა უნდა. ასევე, გოგო მეგობრული უნდა იყოს. თავისებური, საკუთარ თავში ჩაკეტილები არ მიზიდავენ.

- მოგვიყევი ყველაზე უცნაური სიტუაციის შესახებ, რომელშიც გოგონა გაგიცნია და რომანტიკული ურთიერთობა წამოგიწყია...

- ერთ-ერთი უცნაური შემთხვევა იყო, როცა საზაფხულო ბანაკში ვიყავი. იქ ბანაკის ლიდერი გოგონა მომეწონა, რომელიც ჩემ მიმართ მკაცრი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა - მსჯიდა ხოლმე, რადგან ძალიან მოუსვენარი ვარ. რამე ცუდს რომ მეტყოდა, ეს მომწონდა: - უი, რა კარგი გოგოა-მეთქი. არადა, ასეთი საქციელი ადამიანში ნეგატიურ ემოციებს იწვევს, ჩემს შემთხვევაში კი რატომღაც, პირიქით მოხდა. მერე, გარკვეული დროის განმავლობაში, მე და ის გოგონა ერთმანეთს ვხვდებოდით. ჩვენ შორის მხოლოდ 2 წელი იყო ასაკობრივი სხვაობა. საბოლოო ჯამში, მასთან არაფერი გამოვიდა.

- მოგწონს, როდესაც ურთიერთობის ინიციატორი გოგონაა?

- არ მომწონს. შეიძლება, კონკრეტულ სიტუაციაში მომეწონოს - ვიფიქრო, რა კარგია-მეთქი, მაგრამ მეორე, მესამე დღეს რაღაცნაირად, ინტერესი მიქრება, თუ სასურველი ადამიანის გულის დასაპყრობად ბევრი რაღაც არ გავაკეთე, არ ვიწვალე. შესაბამისად, როცა ინიციატივას გოგო იჩენს, იმ დროს მოდუნებული ვარ და ურთიერთობა არ გამოდის. სულ ისეთ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, ვინც პირველ და მეორე ჯერზე უარს მეუბნებოდნენ - არაფერი გამოგვივა, მე და შენ მეგობრებად დავრჩებითო. საბოლოო ჯამში, მიზანს მაინც ვაღწევდი. "ჩავარდნა" ერთადერთხელ მქონდა, როცა საწადელს ვერ მივაღწიე. ალბათ, დამნაშავე თავად ვიყავი - რაღაცები სათანადოდ არ გავაკეთე... შემდეგ ის გოგო გათხოვდა და ძალიან კარგი, ბედნიერი ოჯახი აქვს.

- მექალთანე ხარ?

- არა. შეიძლება, დიდი დრო გავიდეს და ურთიერთობა არ მინდოდეს, მაგრამ დგებოდა პერიოდი, როცა ასეთი რაღაც მჭირდებოდა: მსურდა, გვერდით ადამიანი მყოლოდა, ვისაც ყველაფერს მოვუყვებოდი, გავუზიარებდი, ჩემი საქციელით ვასიამოვნებდი და ისიც ასე მოიქცეოდა. ჩემზე "მექალთანე" არ ითქმის. მიმაჩნია, რომ ძალიან ერთგული ვარ. თუ ადამიანს ვუთხარი, რომ მის გვერდით ვარ, ალბათ ამას ვერაფერი შეცვლის. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ჩემი ერთგულება დავამსხვრიო.

- ანუ საყვარელი ადამიანისთვის არასოდეს გიღალატია?

- არა, არასოდეს და ალბათ, ასეთი რაღაც არც მოხდება. იმიტომ კი არა, რომ თავს ვიკავებ - რადგან ვთქვი, უნდა გავაკეთო-მეთქი? კი, ეს ფაქტორიც მოქმედებს, მაგრამ როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანი მყავს, საერთოდ არ ვინტერესდები "გვერდით გახედვით". შინაგანად ასეთი ვარ.

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ყველაზე ლამაზად ვის მიიჩნევ?

- საქართველოში ჩემთვის ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი მაკა ასათიანი გახლავთ. ბევრ ცნობილ ლამაზ ქალბატონს ვიცნობ - ზოგთან ვმეგობრობ, მათთან თანამშრომლობაც მაკავშირებს, მაგრამ კონკრეტული ვინმე არ მახსენდება, რომ გამოვყო. ვინც გამახსენდა, მაკა ასათიანი გახლავთ. მას პირადად არასოდეს შევხვედრივარ. იმედია, ოდესმე შევხვდები - მისი გაცნობა ძალიან გამიხარდება.

- როგორ ფიქრობ, შენი მთავარი ხიბლი რა არის, რის გამოც გოგონებს მოსწონხარ?

- ცხოვრებაში რასაც უნდა მივაღწიო, არ შევიცვლები: გამორიცხულია, კარიერული მიღწევების გამო, ვინმეს "ზემოდან ყურება" დავუწყო, მით უმეტეს - გოგონებთან ურთიერთობისას... მიყვარს სიმღერა, სხვადასხვა საკრავზე ვუკრავ. შესაბამისად, ალბათ, გოგონებს ჩემ მიმართ სიმპათიას ეს ყველაფერი უჩენს, რაც ძალიან მახარებს.

- სერიოზულად გყვარებია?

- კი, როგორ არა! მყვარებია და ახლაც მიყვარს. ბევრჯერ მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ მერე ადამიანი ხვდები, რომ ასე არ ყოფილა. რეალურად, სერიოზული გრძნობა ორჯერ გამიჩნდა: ერთხელ - სკოლაში სწავლის პერიოდში, მეორედ - ახლა.

- რამდენი ხანია, რაც შეყვარებული ხარ?

- დაახლოებით 3 თვეა, რაც ერთად ვართ. ამ ურთიერთობაში ორივე ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ის ეტაპი დამიდგა, როცა "სხვა" აღარ იქნება. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ ადამიანთან ერთად ოჯახს შევქმნი.

- სიყვარული შენს საქმეზე, სამსახურზე როგორ მოქმედებს?

- ჩემზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეყვარებულობისას დაბნეული ხდებიან, სამსახურს ნაკლებ დროს უთმობენ? რეალურად, სიყვარულმა მოტივაცია გამიჩინა, რომ უკეთესად ვიმუშაო, პროფესიულად მეტად განვვითარდე. არ ყოფილა სიტუაცია, რომ გავზარმაცებულიყავი, პირიქით - შეყვარებულობამ სტიმული მომცა, რომ საკუთარ თავზე მეტი ვიმუშაო, მეტი გავაკეთო, რათა ცხოვრებაში უზრუნველყოფილი ვიყოთ მეც და ჩემი შეყვარებულიც.

- შეყვარებულ წყვილთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე რას ფიქრობ?

- ემზარ კვიციანის პროექტთან დაკავშირებით (იცინის)? ბატონი ემზარი გადაცემაში სტუმრად მყავდა და ბევრი ვიცინეთ. პირადად მე, დახმარება არ მჭირდება, მაგრამ თურმე არსებობენ ადამიანები, ვისაც მსგავს რაღაცებში დახმარება ესაჭიროებათ. ბატონმა ემზარმა მაჩვენა მონაცემები, თხოვნები - გოგონა მიყვარს, არაფერი გამომდის და იქნებ დამეხმაროთო. ვისაც ეს პროექტი სჭირდება, გამოიყენებს, ვისაც - არა, ხომ გავიცინეთ, ვიხალისეთ? შესაბამისად, მოდი, მივიჩნიოთ, რომ ეს პოზიტიური "ჩელენჯია" (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი