რატომ დაასრულა 12-წლიანი ცოლქმრული ურთიერთობა ნუკა კვალიაშვილმა?
ახალგაზრდა მომღერალი - ნუკა კვალიაშვილი რეალისტია და როგორც ამბობს, ფაქტებზე დაყრდნობით ცხოვრობს. ფუჭად საუბარი არ სჩვევია: მომღერლის კარიერასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ დეტალურად არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ დიდ სცენაზე მალე ვიხილავთ. სამაგიეროდ, გულახდილად გვესაუბრა პირად ცხოვრებაზე, წარსულზე, ცხოვრებისეულ გამოცდებზე...
- იმაზე ბევრად უკეთ ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა - ცუდით დაწყებული, კარგით გაგრძელებული. ახლა ყველაფერი ისეა, როგორც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო. ამისთვის მადლიერი ვარ ღმერთის და სამყაროსი.
- რა არის მიზეზი, რის გამოც დიდი ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილხარ?
- შვილების მიმართ ჩემი პასუხისმგებლობა, რომელიც ყველასა და ყველაფერზე წინ დგას. მხოლოდ დედა (რომელიც ჯანმრთელობის მხრივ, სუსტად არის) და ძიძა მყავს, ვინც შვილების გაზრდაში მეხმარებიან. თუ საქმე მაქვს და ბავშვების დატოვება მჭირდება, მხოლოდ ამ 2 ადამიანის იმედი შემიძლია მქონდეს, ანუ ისეთი ხელშეწყობა არ მაქვს, როგორიც კარიერული ზრდისთვისაა საჭირო. ბევრი ნიუანსი არსებობს, რაც მაფერხებს, მაგრამ რეალურად, ისე თუ მოვინდომე, როგორც საჭიროა, აუცილებლად გავაკეთებ იმას, რასაც ვამბობ. ჩემს სიტყვას, საკუთარ თავს დიდ პატივს ვცემ.
- როგორ ფიქრობ, ძლიერი ქალი ხარ?
- ვარ. იმდენი რამ გამოვიარე, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურად, მორალურად და სულიერად ავითარებს, რომ ახლა თავად ვეხმარები იმათ, ვინც კრიზისულ მდგომარეობაშია. ასეთი ძლიერი პიროვნება კონკრეტულად რამ გამხადა, ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან მიმაჩნია - ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პირადი პრობლემებისა და გამოცდილების ისე გამოფენა აუცილებელი არ არის, რომ ყველასთვის გასაგები, განსახილველი და სალაპარაკო გახდეს.
- ყველაზე დიდი სირთულე, რაც ცხოვრებაში შეგქმნია, რა იყო?..
- ცხოვრებაში იმდენი სირთულე შემხვედრია, რომ ვერ ჩამოვთვლი და ვერც გამოვყოფ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ სირთულეების ფონზე განვვითარდი, გავძლიერდი, საკუთარი თავი გავზარდე და ახლა სირთულეს, პრობლემას ფსიქოლოგიურ საზრდოდ აღვიქვამ. თუ ვიღაცისთვის პრობლემა რეალურად პრობლემას ნიშნავს, ჩემთვის საკუთარი თავის განვითარების, ფსიქოლოგიურად გამყარების გამოწვევა გახლავთ, რაზეც არასოდეს ვიწუწუნებ. სირთულეებს არასოდეს ვნებდები, პირიქით - მოტივაცია მემატება, რომ გადავლახო.
- შენი, როგორც დედის ყოველდღიური შრომა რას მოიცავს?
- იმას, რასაც ნებისმიერი, პასუხისმგებლობის მქონე დედის საქმიანობა მოიცავს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რა იქნება: დალაგება, გარეცხვა, საჭმლის მომზადება, ბავშვების კვება, იმ რაღაცების ახსნა, რაც ადამიანად გვაყალიბებს და გვზრდის, სწავლება და ა.შ. ჩემი გარეგნობის გამო ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება, არანორმალურად "გადამკვდარი" დედა ვიყო, მაგრამ ძირითადად, ეს ის ხალხია, ვინც არ მიცნობს და შეუძლია, გარეგნობა ადამიანობაზე წინ დააყენოს, შორიდან განმიკითხოს. ასეთი ადამიანის აზრი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ინტელექტუალურად დეგრადირებულია და მახსენებს - წიგნი ყდის მიხედვით არ უნდა განვსაჯოთ.
- მოგვიყევი შენი შვილების შესახებ...
- ლუკა თებერვალში 5 წლის გახდა. როგორც ყველა ბავშვს, სუპერგმირები უყვარს. ვარჯიშით ძალიან დაინტერესებულია და სულ ამბობს, - რომ გავიზრდები, დიდი კუნთები უნდა მქონდესო (იცინის). სწორედ დიდი კუნთების "ხათრით" ჭამს ხილს, ბოსტნეულს, ფაფებს... არც კანფეტზე "წამოეგება" და არც სხვა სახის სასუსნავზე: საკმარისია უხსენო, რომ ის საკვები, რაც გავუმზადეთ, სასარგებლოა და ორგანიზმის გაძლიერებაზე დიდ გავლენას ახდენს, რომ მის ყურადღებას იმწამსვე მიიპყრობ - ჭამს ისეთ საკვებს, რაც ბევრი ბავშვისთვის მიუღებელი და საზიზღარია... სანი 2 წლის არის. ძმები ქცევებით ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა განსხვავებული ხასიათი აქვთ: სანი ბევრად უფრო დამთმობი და ემოციური ბავშვია. ყველაფერზე მეტად მანქანებით თამაში უყვარს. ძალიან მოსწონს, როცა გიტარაზე ვუკრავ ან რაიმე მელოდიას ვარჩევ. სიმღერის დროს, როცა სახლში ვმეცადინეობ, ბავშვები ყურადღებით მისმენენ.
- საყვედურს თუ იღებ დედისგან და რასთან დაკავშირებით? - ბავშვობიდან დედაჩემი ისე მენდობოდა, რომ თავს უფლებას არასოდეს მივცემდი, მისი იმედი გამეცრუებინა და ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც მას გულს ატკენდა. დედა პატარა გამოცდებს (საიდუმლოს შენახვის, ენის მიტან-მოტანის შესახებ...) ბავშვობიდან მიტარებდა. მისი მადლიერი ვარ, რომ დღეს ისეთ პიროვნებად ჩამოვყალიბდი, რომლის ნდობაც შეიძლება; ბოროტებას არასოდეს არავის გავუკეთებ, ბოღმით არასოდეს მიცხოვრია; ვიყავი ყოველთვის თავისუფალი, მაგრამ ვაცნობიერებდი - თავისუფლება აღვირახსნილობას არ ნიშნავს; ერთგული, კეთილი და სიკეთის კეთების მოყვარული ვარ... ეს ყველაფერი დედის დამსახურებაა. ეკას საყვედურები არ სჩვევია: თუ ჩემთვის რამის თქმა სურდა, ისე მეუბნებოდა და მირჩევდა, როგორც მეგობარს - არ ცდილობდა ფიზიკური თუ მორალური ძალადობით გამეგო ის, რისი თქმაც სურდა. უპირველეს ყოვლისა, ეკა დედაა, მაგრამ ამავდროულად, ჩემი უახლოესი მეგობარი გახლავთ.
- ცოლქმრულ ცხოვრებაში კრიზისულ პერიოდებს როგორ უმკლავდებოდი? ამჟამად რა ეტაპზეა შენი ოჯახური ცხოვრება?
- როგორც ყველა წყვილს, ურთიერთობაში კრიზისი მეც მქონია, შეიძლება ითქვას - იმაზე მეტიც, რაც ჩემს ასაკში უნდა გადამელახა... იმით ვუმკლავდებოდი, რომ წყენას, გულის ტკენას ადვილად ვივიწყებ, ბოღმით არ ვცხოვრობ. თუ რამე მწყინს ან ჩემთან ურთიერთობაში რაღაც ეშლებათ, რაც ჩემს თავმოყვარეობაზე მოქმედებს, ყველანაირ ნეგატიურ შეგრძნებას ჩემგან ვუშვებ. იმიტომ - არა, რომ ვინმე ამას იმსახურებს. უბრალოდ, თავად ვიმსახურებ შინაგან სიმშვიდეს და არ მინდა, იმ ადგილებს, რომელთა შევსებაც ბედნიერებით მსურს, რაღაც ნეგატიური ეპიზოდები ავსებდეს. 12 წელი ცოტა დრო არ არის. ამ 12 წელიწადში უამრავი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და არ გავტყდი, რადგან ძლიერი ადამიანი ვარ. უბრალოდ, საბოლოო ჯამში, უამრავი ცდის მერე, მეც და ჩემი შვილების მამაც მივხვდით, რომ ერთმანეთს არანაირად არ ვეწყობოდით და საკუთარ თავებს უფლება მივეცით, ცალ-ცალკე ბედნიერები ვიყოთ. ამჟამად, ისეთ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება", თუნდაც - სულიერად, მორალურად, ხელოვნების მხრივ... ეს ადამიანი ისეთი თვისებებით გამოირჩევა, რაც კაცების (ვისაც ვიცნობ) 99%-ს არ გააჩნია. ისეთია, რომ გაიღვიძებ და კითხვა გებადება - თუ რით დაიმსახურე ასეთი ადამიანი და მადლობელი ხარ ღმერთის და სამყაროსი, რომ მას შეგახვედრა...
- მას მერე, რაც დედა გახდი, მეგობრებთან ურთიერთობისთვის საკმარისი დრო გრჩება? უნებურად, ხომ არ ჩამოშორდი სამეგობრო წრეს?
- რაკი ინტროვერტი ვარ, ბევრ ადამიანთან ხშირი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ვისთანაც ვურთიერთობ, ისინი სულ ერთმანეთის გვერდით ვართ. ჩემი სამივე უახლოესი მეგობარი ჩემი შვილების ნათლიები არიან და მათ ბავშვობიდან ვიცნობ. თითქმის ყველა სიტუაცია, რაც ცხოვრებამ მოიტანა, ერთად გავიარეთ და გადავლახეთ. ეს ადამიანები ჭირში უფრო არიან ჩემთან, ვიდრე ლხინში. ის ფაქტი, რომ ბავშვები გავაჩინე, არაფერს ცვლის... როცა გართობა მინდა, ვერთობი, მაგრამ - მაშინ, როდესაც ვიცი, რომ დედობრივი მოვალეობები 100%-ით შევასრულე და შემიძლია, დავისვენო.
- ჰარმონიული ოჯახისთვის რა აუცილებელი ფაქტორებია საჭირო, შენი აზრით?
- პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, ურთიერთობაში არსებული სისუფთავის შენარჩუნება, ნდობა და ა.შ. თუ ეს ყველაფერი ნელ-ნელა ბზარებს იჩენს, იმ ყველაფრის ჩამომსხვრევა იწყება, რაც ერთობლივად ააშენეთ - დანგრევას ბევრი არაფერი უნდა, მაგრამ აშენება საჭიროებს უამრავ დროსა და რესურსს...
- მოზარდობის პერიოდში როგორ წარმოგედგინა შენი მომავალი? მაშინდელი წარმოდგენილი ჰგავს ამჟამინდელ რეალობას? შეცვლიდი რაიმეს?
- შანსი რომ მომეცეს, განვლილი ცხოვრებიდან რაიმე შევცვალო, არაფერს შევცვლიდი, რადგან მიმაჩნია, რომ ის, რაც გავიარე, უნდა გამევლო. რაც ხდება, ტყუილად არ ხდება - ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. რაც აქამდე გამივლია, ცუდი თუ კარგი, სწორედ ამ ყველაფრის ფონზე ვარ ის, ვინც ვარ და კიდევ უფრო უკეთესი ვიქნები, რადგან სიყვარულით და სიკეთით ვცხოვრობ. არ ვარ "თვითგვემა" პიროვნება, არ მაქვს კითხვები კრიზისის დროს, თუ "რატომ მემართება მე?" პირიქით, მადლობელი ვარ, რომ შანსი მეძლევა, გამოვიწვიო ჩემი თავი და საკუთარ თავს დავუმტკიცო, იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე მეგონა. თინეიჯერობის პერიოდში, სიმღერა საერთოდ არ მინდოდა. გოთიკ მეტალს ვუსმენდი და ჩემი სამყარო მქონდა შექმნილი, სადაც განმარტოებისას "გადავდიოდი" და ვისვენებდი. უცნაური ბავშვი ვიყავი და მორალის კითხვის მოსმენა მაღიზიანებდა, ვიღაცის "ჩარჩოებით" ცხოვრება არ მინდოდა. ყოველთვის საკუთარი აზრი გამაჩნდა და მცირე ასაკიდანვე ლოგიკასთანაც კარგი, მეგობრული დამოკიდებულება მაქვს.
- ვარცხნილობასთან, თმის ფერთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ისევ გიზიდავს? ამჟამინდელი სტილი რამდენი ხანია, რაც გაქვს და კიდევ ხომ არ აპირებ შეცვლას?
- თმის ფერების ცვლაში მრავალფეროვნებისადმი ჩემი სიყვარული გამოიხატება. უბრალოდ, ერთი და იგივე (რაც გარეგნობას უკავშირდება) მბეზრდება. მიზეზი ეს არის და არა ის, რომ თმის ფერის ყოველკვირეული ცვლილება ვინმემ შემნიშნოს. ამით არაფერი შავდება. მიმაჩნია, რომ თუ შენი ნაბიჯებით არაფერი შავდება, მთელი ცხოვრება ვიწრო ჩარჩოებში არ უნდა გაატარო.
- თავს სექსუალურ ქალად მიიჩნევ?
- მაქსიმალურად ვცდილობ, გამომწვევად არ ჩავიცვა, როდესაც გარეთ გავდივარ. ზედმეტი ყურადღება მაღიზიანებს. როდესაც ადამიანებს ბანალური ფიქრები ამოძრავებთ და ათას ოპერაციას იკეთებენ ყურადღების მისაქცევად, ჩემთვის ამხელა ყურადღება ისეთი გამაღიზიანებელია, რომ გარეთ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანის ვიზუალითაც გავსულვარ, რომ არ შემოეხედათ. რაც უნდა მეცვას, სახით მაინც დიდ ყურადღებას ვიქცევ, მაგრამ ჩადრით სიარულს არ ვაპირებ (იცინის)...
- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?
- მიგრძნია 12 წლის განმავლობაში და რომ აღარ მეგრძნო, ეს ეტაპი ამიტომაც დავასრულე და ისეთი ეტაპი დავიწყე, სადაც მსგავსი შეგრძნებები არასოდეს შემაწუხებს.
- კიდევ რაიმე მნიშვნელოვნის თქმა ხომ არ გინდა, რის შესახებაც მე არ მიკითხავს?
- მხოლოდ ამას დავამატებ: ადამიანებო, ვეცადოთ ვიყოთ კეთილები, ერთმანეთი გვიყვარდეს და პატივი ვცეთ. სხვა ადამიანების ცხოვრება არ განვიკითხოთ - საკუთარს მივხედოთ. ვეცადოთ, იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე ვართ და სამყაროს მიმართ მადლიერების გრძნობა არ დავკარგოთ...
ეთო ყორღანაშვილი