ემოციური და მომხიბვლელი მოფარიკავე - გზაპრესი

ემოციური და მომხიბვლელი მოფარიკავე

საქართველოს დაშნით მოფარიკავეთა ნაკრების მოფარიკავე მაია გუჩმაზოვა ვლადიკავკაზში დაიბადა და გაიზარდა. ახლაც იქ ცხოვრობს, პირველი ნაბიჯებიც ამ სპორტში ვლადიკავკაზში გადადგა და თავდაპირველად რუსეთის სახელით ასპარეზობდა. რუსულად საუბრობს, თუმცა, ქართული იცის და ყველაფერი ესმის, რადგან ბავშვობაში ზაფხულობით ხშირად სტუმრობდა ქარელში თავის წინაპრებს. 2016 წლიდან მაია საქართველოს სახელით ასპარეზობს.

27 წლის მომხიბვლელმა მოფარიკავემ დღემდე არაერთ წარმატებას მიაღწია. ახლა მისი მთავარი სამიზნე 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაა. ყოველდღიურად აქტიურად ვარჯიშობს და გადატვირთული გრაფიკი აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი საუბარი თბილისში, ფარიკაობის ფედერაციაში მაინც მოხერხდა. სპორტსმენი საკმაოდ მიზანდასახული და საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა.

- პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ძალიან ლამაზი ხართ... როგორ აღმოჩნდით საქართველოს ნაკრებში?

- დიდი მადლობა ამ კომპლიმენტისთვის (იღიმის). ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტ მერაბ ბაზაძეს ბავშვობიდან ვიცნობ, შეიძლება ითქვას, ჩემი ფარიკაობის კარიერის დასაწყისიდანვე. ერთმანეთი ევროპის ასპარეზობაზე გავიცანით, რომელზეც მისი ერთ-ერთი შვილი გამოდიოდა. ბატონი მერაბი ვლადიკავკაზში ჩემს პირად მწვრთნელს იცნობს და მეგობრობენ. 2016 წელს მერაბმა ირა კარაევას შესთავაზა, რომ საქართველოს ნაკრებში გადმოვსულიყავი. ამ წინადადებაზე ნახევარი წელი ვფიქრობდით. საბოლოოდ დავთანხმდი და გადავწყვიტე, ბედი მეცადა ახალ "ასპარეზზე" - საქართველოში.

- როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება ფარიკაობას?

- ეს შემთხვევით მოხდა. არაფერი ვიცოდი ამ სპორტის შესახებ. VI კლასში ვიყავი, როცა იქ ერთ-ერთმა მასწავლებელმა და შემდეგში ჩემმა მწვრთნელმა ირა კარაევამ გამოიარა და გოგონებს გვკითხა, ხომ არ გვქონდა რაიმე წიგნი ოსურ ლიტერატურაზე, რომელიც თავისი ვაჟისთვის უნდოდა. ასეთი წიგნი მქონდა და ვათხოვე. მაშინ იკითხა, რომელიმეს ფარიკაობაზე სიარული ხომ არ გინდათო? აღმოჩნდა, რომ ფარიკაობაში გოგონათა ჯგუფის შეკრებას გეგმავდა. წარმოდგენა არ გვქონდა ამ სპორტზე, არც მე და არც ჩემს ოჯახს, მაგრამ მაინც დავინტერესდი და მივედი. თავიდანვე ძალიან მომეწონა, ნელ-ნელა სულ უფრო მეტად მოვიხიბლე. პერიოდულად ვწყვეტდი ვარჯიშს და სხვადასხვა წრეზე დავდიოდი, თუმცა, ბოლოს მაინც ფარიკაობას დავუბრუნდი.

GzaPress- ფოტომოდელის კარიერაზე არ გიფიქრიათ? ვფიქრობ, საამისოდ გაქვთ მონაცემები და ამ კუთხით შემოთავაზება არ ყოფილა?

- არა, მსგავსი შემოთავაზება არ მქონია და მეც არ დავფიქრებულვარ. ალბათ ვერც შევძლებდი (იღიმის). ოსეთში მქონდა ინტერვიუები, ფოტოსესიები ჟურნალებისთვის, თუმცა, ეს ყველაფერი სამოდელო კარიერაზე ფიქრამდე არ მისულა.

- ოჯახზე მიამბეთ... დედმამიშვილი გყავთ?

- დიახ, სამი დედმამიშვილი ვართ: მყავს უფროსი და და უმცროსი ძმა. ჩემი მშობლები ქარელიდან არიან, მამა სოფელი ორთუბნიდან, დედა - ზღუდერიდან, სულ სამი კილომეტრია ამ ორ სოფელს შორის დაშორება. პატარა რომ ვიყავი, დასასვენებლად 3-3 თვით ჩამოვდიოდით სოფელში ბებია-ბაბუასთან და იქ ყოფნა ძალიან მიყვარდა. ახლაც მიყვარს ის სახლი, სადაც ბებია ცხოვრობს.

- რამდენად კარგად იცით ქართული?

- ბავშვებთან ვთამაშობდი და ქართულად ლაპარაკი მიწევდა, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა, ადრე უკეთესად ვიცოდი ქართული. მას შემდეგ, რაც საქართველოში ნაკლებად ვახერხებ ჩამოსვლას და ენის პრაქტიკა აღარ მაქვს, მირჩევნია რუსულად ვისაუბრო, რადგან ქართულად შეცდომებს ვუშვებ, ძირითადად ბრუნვებში და ეს არ მომწონს. ქართულად ყველაფერი მესმის. ჩემი მშობლები ვლადიკავკაზში რომ ჩავიდნენ, კარგად რუსულსაც ვერ ფლობდნენ. მერე შეეჩვივნენ. საერთოდ, ასეა, 2-3 წელი რომელიმე ენაზე საუბარი რომ არ გიწევს, გავიწყდება...

ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ფარიკაობის შესახებ არაფერი იცოდნენ, როცა ამ სპორტზე სიარული გადავწყვიტე, მხარი დამიჭირეს. ვფიქრობ, ეს ბედი იყო. პირველ შეჯიბრებაში მონაწილეობა ჩვენს სკოლაში გამართულ ტურნირში მივიღე და მას შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ყველა დაბრკოლება უნდა გადამელახა და წარმატებისთვის მიმეღწია.

- ამ ეტაპზე როგორია თქვენი შედეგები?

- "იუნიორებში" ძალიან კარგი შედეგები მქონდა და ამაზე ვერ დავიწუწუნებ, მაგრამ როცა უფროს ასაკში დავიწყე ასპარეზობა, ჩემს კარიერაში იყო როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი გამოსვლები. ერთხელ ძალიან დიდი ჩავარდნა მქონდა. მიჩვეული ვიყავი ზედიზედ გამარჯვებებს, ყველა შეჯიბრებაზე საუკეთესო სამეულში მოხვედრას, მაგრამ როცა ასპარეზობაზე არა 100, არამედ 300-მდე მეტი სპორტსმენია, შეხვედრები 2 დღის განმავლობაში გრძელდება, რთულია ამ დატვირთვას გაუმკლავდე. შეიძლება ემოციურად ძალიან დაითრგუნო. ახლა აქტიურად ვვარჯიშობ და ვფიქრობ, მალე შედეგიც არ დააყოვნებს.

- როცა ასპარეზობისას ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გსურთ, მარცხზე როგორ რეაგირებთ?

- ერთ-ერთი ბოლო ასპარეზობა კუბაში მქონდა და რომ წავაგე, ისე მეწყინა, ვერ აღვწერ.

- ტირით ხოლმე?

- რა თქმა უნდა. ახლა რომ ვიხსენებ, ყველა ასეთი წარუმატებელი შეხვედრისას, სულ ვტირი. მოგვიანებით, როცა შეხვედრებს ვაანალიზებ, ჩემ მიერ დაშვებული შეცდომების ყურება ძალიან მიჭირს. განსაკუთრებით რთულია ის, რომ მარტო დავდივარ შეჯიბრებებზე. ჩრდილოეთ ოსეთში ვცხოვრობ, მაგრამ მოსკოვში ვვარჯიშობ. მერაბ ბაზაძემ იქ ძალიან კარგი მწვრთნელი ამიყვანა, წვრთნას მასთან გავდივარ, მაგრამ ის სხვა ქვეყნებში ვერ მომყვება და გამგზავრება მარტოს მიწევს ხოლმე.

- გრჩებათ დრო სხვა საქმისთვის? რამე ჰობი გექნებათ...

- არა. თუ რამე დრო მრჩება, ის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ეთმობა. შეკრებებზე, თუ თავისუფალი ნახევარი საათი გამომიჩნდება ან ვიძინებ, რომ ორგანიზმმა დაისვენოს და ძალები აღვიდგინო, ან რამეს ვკითხულობ, ფილმს ვუყურებ.

- რა ჟანრის ლიტერატურა და ფილმები გიყვართ?

- ახლახან ბარსელონაში მომიწია ასპარეზობამ და სწორედ იქ გამგზავრებამდე დავამთავრე სასიყვარულო რომანის "კაფე პარიზის შუაგულში" კითხვა. მიუხედავად ჩემი ერთი შეხედვით მკაცრი ვიზუალისა თუ გაბედული ხასიათისა (იღიმის), სინამდვილეში შინაგანად ჩემში ბევრი რომანტიკული შტრიხია და ფილმებიც ასეთი მიყვარს: ძირითადად დრამები, მელოდრამები. განსაკუთრებული ინტერესით ვუყურებ ნამდვილ ამბებსა და დოკუმენტურ მასალებზე გადაღებულ ფილმებს, როცა სიტუაცია ძალიან ახლოსაა რეალობასთან და მათი ყურებისას ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს ამ ყველაფრის თანამონაწილე ხარ.

- დაბოლოს, რომ არა ფარიკაობა, როგორ ფიქრობთ, რომელ სპორტში ცდიდით ძალებს?

- კრივში (იღიმის).

- ვარჯიშობთ ამ სახეობაში?

- არა, მაგრამ რომ არა ფარიკაობა, კრივში ვივარჯიშებდი, რადგან ძალიან მომწონს სპორტის ეს სახეობა. ბავშვობაში ამ მიმართულებითაც ვფიქრობდი ვარჯიშს, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ფარიკაობაზე შევაჩერე და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ანა კალანდაძე