ვინ არის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონის მთავარი მოტივატორი - გზაპრესი

ვინ არის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონის მთავარი მოტივატორი

კიკბოქსინგი სპორტული ორთაბრძოლის სახეობაა, რომელშიც გაერთიანებულია კრივისა და აღმოსავლური ორთაბრძოლების ილეთები. დღესდღეობით მსოფლიოში კიკბოქსინგში რამდენიმე მსხვილი, წამყვანი ორგანიზაცია არსებობს და ჩემპიონატები სხვადასხვა ვერსიით ტარდება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი "კუნლუნ ფაითის" (Kunlun Fight) სახელითაა ცნობილი.

სულ ახლახან, 31 წლის სპორტსმენმა დავით ქირიამ მესამედ მოიპოვა კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ის "კუნლუნ ფაითის" ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა და როგორც ცნობილია, სწორედ ამ ორგანიზაციის ტურნირში გამარჯვებაა ყველაზე რთული. მანამდე ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ ორგანიზაციების: "სავატე პრო რულისა" (Savate Pro Rules) და "გლორის" (Glory) ვერსიით. "კუნლუნ ფაითის" ტურნირი 2019 წლის 24 თებერვალს ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გაიმართა. რამდენიმე დღის შემდეგ, გამარჯვებულ კიკბოქსიორს თბილისში შევხვდი.

GzaPress- დავიბადე ზუგდიდში, სოფელ ინგირში. სპორტით ბავშვობიდან ვიყავი დაკავებული, დაახლოებით 2 წელი ფეხბურთზე დავდიოდი, მაგრამ ვარჯიში მივატოვე, რადგან დიდად არ გამიტაცა სპორტის ამ სახეობამ. ჩემი მეზობელი და შემდეგში ჩემი მწვრთნელი გახლავთ ბაჩუკი ფარცვანია. ვიცოდი, რომ ის კარატეში ბავშვებს ავარჯიშებდა და ერთ დღეს მეც გავყევი. 9 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში კარატეში, ვეზიარე საბრძოლო ხელოვნებას და დღემდე ერთად მოვდივართ (იღიმის). 15-16 წლის რომ ვიყავი, კიკბოქსინგში ვარჯიშიც დავიწყეთ. 17 წლის რომ გავხდი, ჩემი მონაცემები ჰოლანდიაში, ერთ-ერთ დიდ კლუბში, რომელსაც "გოლდენ გლორი" ჰქვია, გავგზავნეთ და მივიღეთ მოწვევა. 2007 წლის აპრილში პირველად გავემგზავრეთ ჰოლანდიაში. ერთი თვის მომზადების შემდეგ, ამსტერდამში, ა კლასის ტურნირზე, ბრძოლა დამინიშნეს ერთ-ერთ საშუალო დონის მებრძოლთან. მას ვძლიე და ასე დაიწყო ჩემი კარიერა დიდ რინგზე. საერთოდ, ყველა სპორტის სახეობაში ძალიან რთულია მიაღწიო წარმატებებს, ჯანსაღი კონკურენცია ფიზიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული და ბუნებრივია, კიკბოქსინგშიც ასეა. ამ წლების განმავლობაში ტრავმის გამო ჩავარდნა არ მქონია, თუმცა, გამოვლილი გზა რომ შევაფასო, ვიტყვი, რომ 2015 წელი ჩემთვის მაინცდამაინც წარმატებული არ იყო. 2014 წელს გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი "გლორის" ვერსიით და ამის მომდევნო წელი ჩემს კარიერაში არ გამოდგა ისეთივე, თუმცა, ბავშვობიდან წარუმატებლობა უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა და ასეთ დროს სულ მინდოდა ჩემი თავისთვის ამეღო რევანში. მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი 2017 წელს, უკვე "სავატე პრო რულის" სახელით გავხდი და ახლა უკვე მესამედ "კუნლუნ ფაითის" ვერსიით. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 2019 წლის თებერვალში მოვიპოვე, მაგრამ ეს იყო 2018 წლის ტურნირი. ჩინეთში, ახალ წელს 31 დეკემბერს არ აღნიშნავენ, ტურნირი ყოველთვის იანვარში ტარდება, უბრალოდ, ახლა რამდენიმე კვირის დაგვიანებით ჩატარდა და ამიტომ გაიმართა თებერვალში.

- მკითხველს ამ სპორტის წესები მოკლედ გავაცნოთ...

- კიკბოქსინგის წესები ორგანიზაციის მიხედვით სხვადასხვაა, თუმცა, მთავარი პრინციპი ერთია: დგომში ბრძოლისას ხელისა და ფეხის დარტყმა ხდება. ნოკდაუნის წესები მოქმედებს. ბრძოლა არის სამ და ხუთრაუნდიანი. ბრძოლა ხუთრაუნდიანია, თუ ის ერთია და სატიტულოა, მაგრამ თუ ტურნირი ტარდება და დღეში რამდენიმე ბრძოლის ჩატარება გიწევს, მაშინ სამი სამწუთიანი რაუნდი ინიშნება. თუ ერთ რაუნდში სამჯერ ჩავარდი ნოკდაუნში, ბრძოლა წაგებულად ითვლება. მთლიანად, ანუ თუ სამი რაუნდის განმავლობაში ოთხჯერ ჩავარდი ნოკდაუნში, ასევე დამარცხებული ხარ. "კუნლუნ ფაითის" ვერსიით, თუ წაიქეცი და ორივე ხელი დადე ტატამზე, მსაჯი მხოლოდ მაშინ იწყებს თვლას და თუ წაქცეული 8 წამის განმავლობაში წამოდგა, შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს. ხოლო "გლორის" მიხედვით, შეიძლება სპორტსმენი ნოკდაუნში ჩავარდეს, მაგრამ არ წაიქცეს, ფეხზე იდგეს, ამ დროს მსაჯი წყვეტს, დაითვლის თუ არა...

- სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენთან გიწევთ ბრძოლა. თქვენი დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომელი კიკბოქსიორები ითვლებიან ყველაზე რთულად დასაძლევად?

- რთულია ასე რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის გამოყოფა, მაგრამ ჰოლანდია არის კიკბოქსინგის "სამეფო" (იღიმის). აქ ყველაზე მეტადაა ეს სპორტი განვითარებული და ყველაზე მეტი ჩემპიონია. ასევე, დიდი ისტორია აქვს ამ სპორტში ტაილანდს და ძალიან კარგი წარმომადგენლებიც ჰყავთ.

- 70-კილოიან კატეგორიაში იბრძვით, ალბათ რთულია წონა აკონტროლო...

- დიახ, ასეა. თუ სატიტულო ბრძოლაა, 100 გრამითაც რომ იყო მეტი და მოწინააღმდეგეს სძლიო, გამარჯვებაში არ ჩაგეთვლება. შეკრების ბოლოს, ბრძოლამდე მინიმუმ 40 დღით ადრე ვიწყებ სწორ კვებას. რეჟიმში მყოფი ავტომატურად ვიკლებ ზედმეტ კილოგრამებს და 70 კილო ვხდები.

- ეს საათობრივად და დღეში ოთხჯერ კვებით ხდება?

- ასე გამოდის. ჩემი გრაფიკი მაქვს: დილით ადრე, ვარჯიშამდე ვჭამ შვრიას მაწვნით, ნუშით, თაფლით, ქიშმიშით და ხანდახან ბანანთან ერთად. ვარჯიშის შემდეგ, 12-13 საათზე ვჭამ ორ მოხარშულ კვერცხს ორ ნაჭერ შავ პურთან ერთად. 16:00 საათზე ერთ დღეს მოხარშულ საქონლის ხორცს, მეორე დღეს ქათმის ბულიონს, ბოსტნეულს ვიღებ. დასვენების დროს ვიძინებ, ვისვენებ, რაც სპორტსმენისთვის უმნიშვნელოვანესია. ამის შემდეგ ისევ ვვარჯიშობ, რის შემდეგაც შეიძლება ხილი ვჭამო. საღამოს კვებას ისევ შვრიითა და მაწვნით ვასრულებ. პარალელურად ვიღებ ვიტამინებს. დღეში ოთხჯერ ვიკვებები, მე ორგანიზმი მეტს არ მთხოვს, თუმცა, არიან სპორტსმენები, ვინც ხუთჯერაც ჭამენ. წონის დაგდება რომ მიწევს, დიდი რაოდენობით ვიღებ წყალს.

- კერძებს მომზადება უნდა. ვინ გიწყობთ ხელს?

- მეუღლე. ბოლო შეჯიბრებისთვის რომ ვემზადებოდი, ჩემი მეუღლე და ბავშვი ბაკურიანში ისვენებდნენ, ჩემთან სამი სპარინგ მეგობარი მყავდა და თავად ვამზადებდით საჭმელს. ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის.

GzaPress- ძალიან ლამაზი მეუღლე გყავს. როგორც მივხვდი, უცხოელია. სად გაიცანით ერთმანეთი?

- დიდი მადლობა. ჩემი მეუღლე ჰოლანდიელია. კლუბში, სადაც ვვარჯიშობდი, დიდი ფიტნესდარბაზია. იქ ჩემი მომავალი მეუღლე მარისა ადმინისტრატორად მუშაობდა. გავიცანი და მადლობა ღმერთს, კარგად წავიდა ყველაფერი (იღიმის). როცა მივხვდი, რომ ეს ის პიროვნება იყო, ვისთანაც მინდოდა დარჩენილი ცხოვრება გამეტარებინა, ჩამოვიყვანე საქართველოში, ჩემს მშობლებს გავაცანი. შევუღლდით და ერთმანეთს შევუწყვეთ ჩვენი კულტურა, ტრადიციები. შარშან ქორწილი გვქონდა. მარისას გვარი ვან დამია, რაზეც ყველას ეცინება, ჩვენს ქვეყანაში ხომ ვან დამი ცნობილი მსახიობია (იღიმის).

- თავად მარისამ იცოდა რამე ჟან-კლოდ ვან დამზე?

- არა, წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო (იღიმის). ჩემი მეუღლის გვარი ქართულად გამოთქმისას ისმის ასე, თუმცა, ჰოლანდიაში ამ გვარის პირველი ხმოვანი სხვაგვარად ჟღერს. იქ არც ჩემმა თაობამ და არც უფროსებმა იციან ვან დამის ვინაობა. არც ეს და არც ბრუს ლი, არც სილვესტერ სტალონე და ა.შ. ადრიანო ჩელენტანო ხომ როგორი ცნობილი მსახიობი და მომღერალია, მაგრამ არც მასზე სმენიათ.

- შვილი რა ხნისაა?

- ემილი წლის და 2 თვისაა. შვილზე რა უნდა ვთქვა?! მან ყველაფერი შეცვალა. 31 წლის ვარ და სპორტში ეს არ ითვლება მცირე დროდ. ამას წინათ, მეგობარმა დამირეკა, მესამედ მსოფლიო ჩემპიონობა მომილოცა და მითხრა, სიბერეში გაგიჟდი, მაგრამ ვიცი, შენი ელექსირი ვინ და რა არისო. ჩემი მეგობრების უმრავლესობა ფიქრობს, რომ შვილმა დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წარმატებაში. მათ ვეთანხმები. როდესაც ხარ მეუღლე და მამა, ხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია.

- ახლა წლის უმთავრეს დროს სად ატარებთ, ჰოლანდიაში თუ საქართველოში?

- ემის დაბადებამდე უფრო მეტ დროს ვატარებდით ჰოლანდიაში. წელიწადში 3-5 ბრძოლა მიწევს და უმეტესად იქ ვემზადები... სანამ ემი პატარაა, ბევრი მგზავრობა და გარემოს ხშირი ცვლა, მისთვის კარგი არ იქნება, ამიტომ აქ შესაბამისი პირობები მოვიწყვეთ და გადავწყვიტე, ამ ეტაპზე საქართველოში ვიყოთ. მეც აქ გავაგრძელებ ვარჯიშს და სამომავლოდ რა იქნება, ზუსტად არ ვიცი. ბოლო პერიოდში რა შეხვედრებიც მქონდა (მათ შორის ეს ფინალური შეხვედრაც), შეკრებებზე სულ საქართველოში ვემზადებოდი. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ უწინ აქ ბევრი ფაქტორის გამო დიდი პრობლემა იყო მომზადება, ახლა მიხარია, რომ საქართველოში უკვე არის ამის საშუალება. ორ დარბაზში ვვარჯიშობ. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი მინდია ნოზაძესა და გიორგი კანდელაკს. მათი დამსახურებით ჩემთვისა და გუნდისათვის კრივის დარბაზის კარი კვირის ნებისმიერ დროს ღიაა. ჩემპიონთა აკადემიაში კი ფიზიკურ ვარჯიშს კვირაში სამჯერ გავდივარ. ჩემს ქართველს სპარინგ პარტნიორებთან ერთად ვვარჯიშობ და ჩემი წარმატება მათი დამსახურებაცაა.

GzaPress

- საქართველოში ადამიანების უმეტესობას შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური აქტივობის, სპორტდარბაზში სიარულის სურვილი, მაგრამ ფინანსების ან დროის არქონის გამო, ამას ვერ ახერხებენ, მეორე ნაწილს კი უბრალოდ ეზარება, ვერ ხედავს ვარჯიშის აუცილებლობას. სანამ საუბარს დავიწყებდით, ტელეფონში 77 წლის ქალბატონის ვიდეო მაჩვენეთ, რომელიც ჰოლანდიაში დარბაზში თქვენთან ერთად ვარჯიშობს... - დიახ, ჰოლანდიაში ბევრად უფრო წინ არიან ბევრი რამით და მათ შორის მატერიალური თვალსაზრისით. რაც შეეხება მენტალიტეტს, ჩვენთან ვარჯიშისადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ აუცილებლად შეიცვლება, უბრალოდ, დრო გვჭირდება. ავტომატურად მივალთ იქამდე, რომ ვარჯიში აუცილებელია და არა მარტო ეს, არამედ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს სწორი კვების რეჟიმს, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმლის მიღებაზე უარს, სიგარეტის გარეშე ცხოვრებას და ა.შ. აზროვნების შეცვლა რთულია, მაგრამ თუ აკვირდებით, დიდი პროპაგანდა მიდის: სპორტის განვითარების, ფიტნესცხოვრების კუთხით, "ინსტაგრამზეც" ძალიან ბევრი პერსონალური მწვრთნელის რეკლამას ნახავთ და მიხარია, რომ ამ მიმართულებით განვითარება შეიმჩნევა.

- ყველაფერი ინდივიდუალურია და ასე იქნება კიკბოქსშიც, მაგრამ ამ სპორტში აქტიურად ყოფნის მაქსიმალური ასაკი რამდენია?

- ვინაიდან მსუბუქ წონაში ვარ, ჩვენთან მნიშვნელოვანია სისწრაფე და ტემპი. ჩვენთვის ცოტა უფრო ძნელია 40 წლის ასაკში, 70-კილოიან კატეგორიაში წამყვან სპორტსმენად დარჩენა, ამიტომ შეიძლება 3-4 წელი კიდევ დავრჩე აქტიურ სპორტში და მერე ვნახოთ.

ანა კალანდაძე