რატომ შეექმნა მხედველობის პრობლემა რუსკა ქარქაშაძეს? - გზაპრესი

რატომ შეექმნა მხედველობის პრობლემა რუსკა ქარქაშაძეს?

21 მარტს კინოთეატრებში ქართული ფილმის - "იზი და ჯადოქარი" პრემიერა გაიმართა. მასში მთავარ როლს ახალგაზრდა მსახიობი - რუსკა ქარქაშაძე ასრულებს. რუსკა არის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პროფესიას ირგებს, თუმცა ჯერ სკოლაში სწავლაც არ დაუსრულებია. მიიჩნევს, რომ ის გახლავთ საჯარო ფიგურა, რომელმაც მსახიობობის გარდა, სხვა რაღაცებიც უნდა იცოდეს და ამისთვის თავს არ ზოგავს...

"შეიძლება გამოცდები მათთვის მოტივაცია იყო, ვისაც სწავლა არ აინტერესებდა"

- მე-10 კლასის მოსწავლე ვარ. სკოლაში დავდივარ, გაკვეთილებს ჩვეულებრივად ვესწრები და მაქსიმალურად ვცდილობ, იმ 3 თვის დანაკლისი ავინაზღაურო, როცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის გამო, სკოლაში გაკვეთილების გაცდენა მიწევდა. თავს არ ვზოგავ, ისე ვმეცადინეობ.

- სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას როგორ შეხვდი?

- საერთოდ, ჩემთვის განათლება და განათლებული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია. გამოცდების გაუქმებას რაც შეეხება, ეს არც ცუდია და არც - კარგი. ერთი მხრივ, შეიძლება გამოცდები მათთვის მოტივაცია იყო, ვისაც სწავლა არ აინტერესებდა, ახლა კი ეს მოტივაციაც დაიკარგა. საერთოდ აღარ ვისწავლი, გამოცდები მაინც არ მაქვსო - შეიძლება, ზოგს ასეთი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვისაც სწავლა უნდა, მისთვის გამოცდების გაუქმება-არგაუქმებას მნიშვნელობა არ აქვს - მაინც ისწავლის. ახლა გამოცდები ხომ გააუქმეს? მაინც ვსწავლობ, რადგან სწავლა ჩემთვის არის მნიშვნელოვანი.

"საჯარო ფიგურა ვარ" - ტელეწამყვანობა პირველად პროექტში - "ჩვენ ვარსკვლავები ვართ" შევითავსე, შემდეგ - "X-ფაქტორში", "ნიჭიერში"... ამ სამი მეგაშოუს ერთ-ერთი წამყვანი გახლდით, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა - ტელეწამყვანის პროფესიას სხვაგვარად შევხედე... შემდეგ, ნოე სულაბერიძემ "პრაიმ შოუს" წამყვანობა შემომთავაზა, ნიჭიერ ბავშვებს ვეხმარებით. რა თქმა უნდა, დავინტერესდი. საქართველოში მართლა უნიჭიერესი ბავშვები გვყავს, რაც დასაფასებელია... პროფესიული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სიუჟეტიდან სიუჟეტამდე ვიზრდები, ჟურნალისტიკასაც ვსწავლობ - ჩემთვის ეს სხვა, საინტერესო გამოცდილებაა.

- შენ ხარ ადამიანი, რომელსაც რამდენიმე პროფესია აქვს, მაგრამ ჯერ სკოლაც არ დაგიმთავრებია...

- (იცინის) ასე გამოდის. მიმაჩნია, რომ მსახიობი, საჯარო ფიგურა ვარ, რომელმაც მხოლოდ მსახიობობა არ უნდა იცოდეს. ამიტომ, სანამ გადაღებები არ მაქვს, ვცდილობ, არ დავისვენო და რაღაც ახალი ვისწავლო, მაგალითად - ცეკვა. შემდეგ ვოკალსაც მივხედავ.

- შეიძლება, მუსიკალურ კონკურსშიც გიხილოთ?

- არა, არა, ეს ჩემი პროფესიისთვის, მსახიობობისთვის მინდა, რომ მიუზიკლებშიც ვითამაშო. მსურს ყველაფერი ვისწავლო, დავამუშაო, რაც ჩემს პროფესიას, სამსახიობო სფეროს სჭირდება.

GzaPress"ჰიპ ჰოპის და კონტემპორარის ცეკვას ვაგრძელებ" - პროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" დიდი გამოცდილება შემძინა: გარკვეულ საკითხებს სხვაგვარად შევხედე, საკუთარი თავი განვავითარე. ამ პროექტის მადლიერი ვარ. მისი დასრულების შემდეგ, უამრავი შემოთავაზება მივიღე. ახლაც აქტიური ცხოვრება მაქვს. ამჟამად, თწინციტყ შტუდიო-ში, ტყუპ მოცეკვავე და ქორეოგრაფ ძმებთან - გიორგი და თორნიკე ჯიბლაძეებთან ვცეკვავ. ვცდილობ, ყველაფერი შევისწავლო, რაც სამსახიობო ოსტატობაში გამომადგება.

- შემოთავაზება თავად ძმებისგან მიიღე?

- ბიჭებსაც ძალიან უნდოდათ, რომ მათ სტუდიაში მეცეკვა და მეც დავინტერესდი. ცეკვა პროექტამდეც მაინტერესებდა. ძირითადად, მაშინ ქართულ ცეკვებს ვასრულებდი. ჰიპ ჰოპშიც მომისინჯავს ძალა, მაგრამ 2-3 თვეში თავის დანებება მომიხდა, რადგან არ მეცალა. შემდეგ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვმონაწილეობდი. ახლა ჰიპ ჰოპის და კონტემპორარის ცეკვას ვაგრძელებ. ტყუპი ძმები საუკეთესო ქორეოგრაფები არიან. ბავშვებთან ურთიერთობა იციან. უპირველეს ყოვლისა, ისინი ჩემი ახლო მეგობრები არიან. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ცეკვის სფეროს საქართველოში განავითარებენ.

"ნორმალურად არ მძინავს" - ჩემი ცხოვრების რეჟიმში ის მომწონს, რომ კვირის ყოველი დღე მრავალფეროვანია, ყოველდღე სხვადასხვა რამეს ვაკეთებ: ერთ დღეს ვცეკვავ, მეორე დღეს - ვმღერი, მესამე დღეს - სპორტით ვარ დაკავებული... რა თქმა უნდა, ვიღლები, მაგრამ სხვა გზა არ არის: დაღლის გარეშე სასურველი შედეგი არ მიიღება. სიზარმაცე ჩემთვის უცხოა. საერთოდ, აქტიური ადამიანი ვარ. ისეთი ჭარბი ენერგია მაქვს, რომ სად დავხარჯო, აღარ ვიცი ხოლმე. ამიტომ, რასაც ვაკეთებ, ამაში ჩემი ენერგია იხარჯება და თან, შედეგსაც ვიღებ. ამჟამად, ისეთი რეჟიმი მაქვს, კიდევ სხვა საქმის კეთება რომ მოვისურვო, ვერაფრით მოვახერხებ - თითოეული წუთი და წამი "გაწერილი" მაქვს, თუმცა ახალი გამოწვევებისთვის ყოველთვის მზად ვარ. ახლა მოგზაურობა მინდა, მაგრამ მოუცლელობის გამო, ვერ ვახერხებ - ასე მარტივად ყველაფერს ვერ მივატოვებ. როგორც კი გავთავისუფლდები და ჩემი რეჟიმი ოდნავ მაინც "ჩაწყნარდება", აუცილებლად დავისვენებ. ფაქტობრივად, "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ, არ დამისვენია.

სოციალური ქსელები - 21-ე საუკუნეში სოციალური ქსელების გარეშე ვერ იარსებებ ადამიანი. თან, ჩემს "გამომწერებთან" ურთიერთობა ხშირად მიწევს. ტელეფონის გამოა, რომ ერთ თვალში მხედველობა -2 აღმომაჩნდა - შორ მანძილზე ძლივს ვხედავ. სათვალის ტარება დამჭირდა... მიუხედავად ამისა, სოციალური ქსელი მჭირდება, რომ ხალხს ინფორმაცია გავუზიარო, "სთორები", საინტერესო ფოტოები გამოვაქვეყნო... ვცდილობ, ინტერნეტში ბევრი დრო არ გავატარო, მაგრამ რას ვიზამთ? 21-ე საუკუნე სოციალური ქსელებისაა! მათი საშუალებით ახალი ამბების გაგება, მეგობრებთან კონტაქტი და ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. სოციალურ ქსელზე ძალიან დამოკიდებული მაინც არ უნდა ვიყოთ: ჯერ ერთი, ჯანმრთელობისთვის ხომ ცუდია? თან, თითქოს რეალობის შეგრძნებას გაკარგვინებს. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, რომელიმე ქართველი "სელებრითის" "გამომწერი" გავმხდარვარ. შემდეგ მის "სთორის" ყოველდღე ვათვალიერებდი. ისეთი შეგრძნება გამჩენია, თითქოს ამ ადამიანს რეალურადაც ვიცნობდი. ბევრჯერ მასთან მართლა მივსულვარ და კარგი ნაცნობივით მომიკითხავს. შემდეგ მიფიქრია, - ვაიმე, რა გავაკეთე-მეთქი (იცინის)?!.

- ადრეულ ასაკში მშობლები ინტერნეტით სარგებლობას თუ გიშლიდნენ?

- მომწონს, რომ მშობლებთან ჩემი ურთიერთობა ნდობაზეა დამყარებული. მაგალითად, თუ ვიტყვი, რომ ვიცი, ტელეფონის ხშირი გამოყენება მხედველობისთვის ცუდია, მხოლოდ 2 საათით ვისარგებლებ, შემდეგ კი დავდებ-მეთქი, მშობლებმა იციან, რომ მართლა ასე მოვიქცევი - მენდობიან. ადრეულ ასაკში კომპიუტერთან დიდხანს დაჯდომის უფლებას არ მაძლევდნენ. დაახლოებით 10 წლიდან აღარ მაკონტროლებენ, რადგან იციან, ჯერ ვიმეცადინებ, საქმეს გავაკეთებ და სოციალური ქსელებით მერე ვისარგებლებ.

"ამის გარეშე თინეიჯერის ცხოვრება წარმოუდგენელია" - კვირაში ერთხელ ან ორჯერ თავს მოდუნების უფლებას ვაძლევ, რომ მეგობრებთან ერთად გავერთო, ოჯახის წევრებს მეტი დრო დავუთმო (რადგან შინიდან დილით გავდივარ და გვიან ვბრუნდები). ძირითადად, მეგობრებთან ერთად შაბათ-კვირას ვერთობი, რადგან თინეიჯერის ცხოვრება ამის გარეშე წარმოუდგენელია. ზედმეტად ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს, თუმცა კარაოკე ბარში ხშირად დავდივართ და ვმღერით ან საყიდლებზე მივდივართ, მეგობრებთან ვრჩებით...

პირადი ცხოვრება - რადგან მკითხეთ, გეტყვით, რომ იაკობ ყუფუნიასთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს - "ამის იქით" ჩვენ შორის არაფერია. ჯერჯერობით, ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, რომ მოსაყოლად ღირდეს. საერთოდ, ვცდილობ, პირადი ცხოვრება ჩემთვის დავიტოვო და თავად ვიყო ბედნიერი.

ეთო ყორღანაშვილი