"თენგოს ცისარტყელას" რეალური ცხოვრება
font-large font-small
"თენგოს ცისარტყელას" რეალური ცხოვრება
ნაკლებად შეურაცხმყოფელი გინება და სიცილის გამო ჩაშლილი ეპიზოდები

ანა მჭედლიძე სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" "თენგოს ცისარტყელას" - თამუნას როლს ასრულებს, რომელიც ქმრისგან უცენზურო მიმართვებს იტანს და მეუღლეს პრობლემებთან გამკლავებაში სიყვარულით ეხმარება. ვინ არის რეალურად "თამუნა", ამის გასარკვევად მსახიობს ვესაუბრეთ, რომელიც უკვე სერიალის ახალ სეზონზე მუშაობს...


- სერიალის ახალ სეზონზე მუშაობა განახლებული ენერგიით დავიწყეთ. ძალიან მაინტერესებს, მომავალ სერიებში მოვლენები როგორ განვითარდება...
- ჯერ კიდევ სტუდენტი იყავი, როცა სერიალში გამოჩნდი. ახლა შენც გაიზარდე და შენი პერსონაჟიც, თამუნაც შეიცვალა. შენს სამსახიობო ოსტატობას როგორ აფასებ, როცა ძველ და ახალ სერიებს უყურებ?
- მგონი, 4 წელია, რაც სერიალში ვმონაწილეობ, მაგრამ საკუთარი თავის პირდაპირ ეთერში ნახვა მაინც მიჭირს (მოგვიანებით "ვახვევ" და ისე ვუყურებ). გასული სეზონების სერიების ნახვისას ძალიან მეცინება: მაშინ უფრო პატარა ვიყავი. თან, ჩემი პერსონაჟიც უფრო სხვანაირი, საყვარელი იყო (იცინის)... საკუთარ თავზე ლაპარაკი უხერხულია - ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს. რაც შემიძლია, ვაკეთებ.
- მნიშვნელოვან განსხვავებას ხედავ? საკუთარი თავი რამე შეცდომაში ხომ არ "დაგიჭერია"?
- როგორ არა! იდეალურად არასდროს არაფერია. რა თქმა უნდა, შეცდომა ძალიან ხშირად შემინიშნავს, მაგრამ არა უშავს - ეს სერიალია და შემდეგ სერიებში გამოსწორება შეიძლება.
- "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობამ რა გასწავლა?
- კამერასთან მუშაობა. ნამდვილად გამიმართლა. ბევრი კომპლექსი მოვიხსენი: მოგეხსენებათ, თავდაპირველად ყველანი რაღაცნაირად შებოჭილები, დაძაბულები ვართ. მერე, დროთა განმავლობაში, ყველაფერი ჩვეულებრივი ხდება და მეც ცოტათი "გავიხსენი". კამერასთან მუშაობა ახლა უკვე სასიამოვნოც კი არის.
- თამუნას როლი შენთვის პირველია?
- ეკრანზე - კი, პირველია. ძალიან მიხარია, რომ ასე მოხდა.
- სერიალში როგორ მოხვდი?
- კასტინგზე მივედი. მეგობარიც მახლდა. კასტინგის გავლის მერე მადლობა გადამიხადეს და წამოვედით. ნახევარ საათში (გზაში ვიყავი) დამირეკეს - როლზე დამტკიცებული ხარო. მე და ჩემი მეგობარი სიხარულისგან ერთმანეთს ვასკდებოდით (იცინის)...
GzaPress
- შენი პერსონაჟის "ხაზის" ასე განვითარებას ელოდი?
- არა, რა თქმა უნდა, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. მეოთხე წელი სრულდება, რაც სერიალში ვარ. ძალიან მიხარია.
- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?
- ჩემი სტილი თამუნასგან ძალიან განსხვავებულია - ის ქალურად იცვამს, "ქუსლებით" დადის. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ძირითადად, თავისუფლად, პრაქტიკულად ვიცვამ.
- სამოსის შერჩევასთან დაკავშირებით, ვინმეს რჩევას ბრმად მინდობიხარ? ჩაგიცვამს ის, რაც თავად არ მოგწონებია?
- არა, რადგან გამხდარი ვარ და ვიცი, რა მიხდება და რა - არა. გამხდარი ადამიანი მაინც სხვანაირია, სხვა პრობლემები აქვს (იცინის)... სამოსს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვუთმობ, მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის ფორმაში ვიყო.
- შენი პერსონაჟის ცხოვრებაში შაურმას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს...
- კი, ჩემი პერსონაჟის ცხოვრება სერიალში შაურმით დაიწყო (იცინის). შაურმა თავადაც ძალიან მიყვარს. ამ მხრივ, მე და თამუნას რაღაც საერთო გვაქვს.
- თუმცა, თამუნას გემოვნება შეიცვალა შაურმიდან პანაკოტამდე...
- (იცინის) უბრალოდ, პანაკოტა გასინჯული არ ჰქონდა. როცა გასინჯა, მოეწონა.
- საკვებთან დაკავშირებით, თავად როგორი გემოვნება გაქვს, გარდა იმისა, რომ შაურმა გიყვარს?
- ყველაფერს ვჭამ, რისი ჭამაც შეიძლება, ყველაფერი მიყვარს. გურმანი ვარ.
- კერძების მომზადებაც გიყვარს?
- არა. ამის გაკეთება არ მიწევს ხოლმე, თორემ თუ დამჭირდა, აუცილებლად მოვამზადებ. ამ მხრივ, ოჯახის წევრები მიწყობენ ხელს.
- გაგვაცანი შენი ოჯახის წევრები...
- მამაჩემი მთელი ცხოვრება ხმის რეჟისორი იყო, დედა დიასახლისია. იურისტი და და უსაყვარლესი დისშვილი მყავს.
- როგორც ვიცი, შენს პროფესიულ არჩევანზე დედამ ძლიერი ზეგავლენა მოახდინა, არა?
- დედა ბავშვობიდან მეუბნებოდა, რომ ეს საქმე გამომივიდოდა. ადამიანი აზრს რომ "ჩაგაწვეთებს", შენც სულ ამაზე გეფიქრება და ცხოვრება ავტომატურად დაგეგეგმება, ასე გამოვიდა, რა...
- სკოლის დამთავრებამდე, მსახიობის პროფესიასთან რაიმე კავშირი გქონია?
- არა, არანაირი.
- სასკოლო ღონისძიებებშიც არ მონაწილეობდი?
- ალბათ, 1-2 ასეთი შემთხვევა იყო, როცა 12-13 წლის გახლდით, სხვა არაფერი.
- არ გაგიჭირდა პირველი პროფესიული ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც - თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება, სწავლა?..
- რა თქმა უნდა, გამიჭირდა, მაგრამ ადამიანები ვართ და მგონია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოგვივა, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს ეტაპობრივად ხდება: თავდაპირველად არაფერი იცი. სწავლის, გამოცდილების მიღების პროცესში "მოდის" ყველაფერი...
- რა გაძლევდა თავდაჯერებას, რომ სწორედ მსახიობის პროფესიაში მიაღწევდი წარმატებას?
- ჩემი აზრით, ბევრი მუშაობით ყველაფერი გამოვა.
- არის ვინმე, ვინც მსახიობად შენს ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა?
- როგორ არა! ბევრმა პედაგოგმა და მსახიობმა.
- "ჩემი ცოლის დაქალების" გადასაღებ მოედანზე რა ხდება ხოლმე - სიცილის გამო, თენგოს და თამუნას ეპიზოდები ჩაშლილა?
- შოთიკოს (თენგოს როლის შემსრულებლის) ერთი გაცინება "გარდაცვალებაა" (იცინის). ხშირად მეცინება თენგოზეც, ლუნაზეც, ნუგოზეც. როცა ეს 3 პერსონაჟი ერთადაა, წარმოუდგენელი ტრიო იქმნება. თან, ისეთი დიაპაზონის ხმები აქვთ, სიცილის შეკავება რთულია. ძალიან ვხალისობ... საერთოდ, გადასაღებ მოედანზე სამუშაო განწყობაა. ყველა თავის საქმეს აკეთებს და გადაღების პროცესი მუდმივად კარგად მიმდინარეობს. აქ მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა.
- ანი ჩირაძე (ჩიკას როლის შემსრულებელი) როგორი პარტნიორია?
- ძალიან კარგი. მასთან მუშაობის დროსაც მეცინება. რაღაცნაირი, სახალისო პერსონაჟია... მუშაობის პროცესი მართლა ყველასთან მსიამოვნებს, საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან.
- გადაღების პროცესში იმპროვიზაციას მიმართავთ?
- შოთიკო ძალიან ხშირად მიმართავს, რაც ყოველთვის სასაცილოდ და კარგად გამოსდის.
- თავისი იმპროვიზაციით არასოდეს დაუბნევიხარ?
- არ მახსოვს, მაგრამ ეს ხომ სცენა არ არის, რომ "გაფუჭდე"? დუბლებია - თუ რაღაც მოხდება, გაგეცინება ან ვერ გააკეთებ, თავიდან გადაიღებ, პრობლემა არ არის.
- ყოფილა შემთხვევა, როცა სცენარში სულ სხვაგვარი ტექსტი ყოფილა, თუმცა მსახიობებს შეგიცვლიათ, უკეთესი გამოსულა და ეთერშიც გასულა?
- კი. ძირითადად, ძალიან სასაცილო რაღაცებს შოთიკო ამატებს და ეთერში ეგ გადის - სცენარში ფანტასტიკურად "ჯდება".
- "ჩემი ცისარტყელაი" - თენგო შენს პერსონაჟს ასე მიმართავს. ეს მეტსახელი როგორ დაიბადა?
- არ მახსოვს. შეიძლება, შოთიკოს მოგონილიც არის. ძალიან საყვარელი მეტსახელია, მე მომწონს.
- თამუნას და თენგოს ურთიერთობას როგორ აფასებ?
- მართალია, თენგო თამუნას აგინებს ხოლმე, მაგრამ - სულ ერთი და იმავე ტექსტით. ისიც ხომ ყველას ესმის, რომ თენგოს გინება გინებაში არ "გადის"? ძალიან შეურაცხმყოფელი არ არის (იცინის). ასეთი ოჯახები, ასეთი ცოლები და ქმრები რეალურად არსებობენ. რა თქმა უნდა, თენგოს გინებას არ მივესალმები - არ არის ლამაზი, მაგრამ დიდად დამამცირებლადაც არ ჩანს. თან, ერთმანეთი უყვართ, ხომ ვხედავთ, არა?
- თამუნას ცხოვრებიდან, საქციელიდან შენთვის კატეგორიულად მიუღებელი რა არის?
- მიუღებელი ბევრი რამეა. პირველ რიგში ალბათ ის, რომ არაფერს აკეთებს, ქმრის ხარჯზე ცხოვრობს. თუმცა, "ცოლების კლუბი" აქვს. თან, მისი შექმნა თამუნას იდეა იყო. კარგი საქმეების გაკეთებას ცდილობს, დამწყებ ხელოვანებს ეხმარება... გამოდის, რომ უსაქმური არ ყოფილა... ცოტათი უყურადღებო დედაა - მისი შვილი ხომ დედისგან მოშორებით, სოფელში იზრდება? მაგრამ კარგია - ბავშვი სუფთა ჰაერზე უნდა გაიზარდოს, აბა, რა? გაიზრდება, ჩაპუტკუნდება და "ჩამოვიყვანთ".
- მოკლედ, შენს პერსონაჟზე ცალსახად უარყოფითი ვერაფერი გათქმევინე...
- იცით, ეს პერსონაჟები ძალიან ადამიანურები არიან. ყველას თავისი პლუსები და მინუსები აქვს. ჩემი პერსონაჟი მიყვარს და ვცდილობ, მასში კარგი დავინახო, მაგრამ მაყურებელი იმისთვის არის, რომ კარგიც დაინახოს და ცუდიც. პირადად მე, თამუნა მენანება, რომ მასზე ცუდი ვთქვა.
- მაყურებლები შენ მიერ შესრულებულ როლს როგორ აფასებენ?
- ყოველთვის სიყვარულით მელაპარაკებიან. არავის უთქვამს, მეზიზღებიო. ხალხის სიყვარული მთავარი მონაპოვარია, რაც შეიძლებოდა, მსახიობებს სერიალიდან "აგვეღო".
- თამუნათი მოგმართავენ?
- რა თქმა უნდა. ჩემი სახელი ბევრმა არ იცის. როგორმე ხომ უნდა მომმართონ? მეკითხებიან, - სინამდვილეში რა გქვიაო? მეც ვეუბნები. 4 წელია, მაყურებელი თამუნად მიცნობს და როგორ მოვთხოვო, ჩემი სახელი მოძებნე და ისე მომმართე-მეთქი? ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ მაქვს.
- ჩიკას და თამუნას ტიპის ადამიანებს შეხვედრიხარ?
- კი. სერიალში ყველაფერი ძალიან უტრირებულია, მაგრამ ნებისმიერი პერსონაჟი საზოგადოებაში არსებობს. ამიტომ მეც შემხვედრია, თქვენც, ყველას და საკუთარი თავიც უნდა დავინახოთ პერსონაჟებში.
- როგორი ბიჭები მოგწონს?
- ამასთან დაკავშირებით, ხან რას ვამბობ, ხან - რას. მთავარია, ადამიანთან რაღაც საერთო იპოვო. შეიძლება, იდეალური თვისებები ჰქონდეს, მაგრამ "შენი ადამიანი" საერთოდ არ იყოს. რაც ნამდვილად ვიცი, ჩემს რჩეულს იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს, აუცილებლად!.. სხვაგვარად არ გამოვა. ადამიანი ყოველდღიურად აწყდები ისეთ რაღაცებს, რასაც იუმორით უნდა შეხედო. ყველაფერი გულთან ახლოს რომ მივიტანოთ, მალე დავბერდებით. პრობლემებს შეძლებისდაგვარად, მსუბუქად უნდა შევხედოთ და ცხოვრება გამარტივდება.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"უკონკურენტო კონკურსზე ჩემი ადგილი არ არის"
"ჭკვიანი ქალი სამსახურს და ოჯახს ძალიან კარგად შეუთავსებს ერთმანეთს"
"ამ გოგოს ბრძოლისუნარიანობით ყველანი გავვოცდით"
ქეთი წიქვაძის გულახდილი ინტერვიუ
"ახლა ყველა ქვას ისვრის, რადგან უნდათ აჩვენონ, რომ თავად მართლები არიან"
ხალხით გაჭედილი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, გაუვალი საცობები და შავი "ჯიპებით" ჩახერგილი ქუჩები - ამ ყველაფერზე ჩვენ ბევრჯერ დაგვიწერია.
ჩვენს ხარჯზე ცხოვრობენ და ცხადია, ამის დაკარგვაც არ უნდათ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი