"არის რაღაცები, რის შესახებაც ვერ ვლაპარაკობ" - გზაპრესი

"არის რაღაცები, რის შესახებაც ვერ ვლაპარაკობ"

დავინტერესდით, გიორგი გასვიანი გადაცემა "სიმართლის დროში", წამყვანის ამპლუაში თავს კომფორტულად გრძნობს თუ არა და თავად რამ შეიძლება, გულახდილობის ხასიათზე დააყენოს? გიორგიმ გაგვიმხილა, - ცხოვრებაში დამცირება ისე არ მომითმენია, როგორც მაშინ, როცა გრიშა ონიანმა პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მომაყენაო. ამ დამცირების მოთმენის მიზეზი რესპონდენტის ასაკი, პირდაპირი ეთერი და სხვა ადამიანებისთვის ანგარიშის გაწევა გახლდათ. საინტერესოა, "სიმართლის დროში" თუ ხდება მსგავსი ინციდენტები, რაც კადრს მიღმა რჩება? ამის შესახებ თავად გადაცემის წამყვანი გვესაუბრა, რომელსაც "სვანური გულწრფელობა" ახასიათებს...

- გადაცემის - "სიმართლის დრო" წამყვანის ამპლუაში ნამდვილად კომფორტულად ვგრძნობ თავს. ამ გადაცემის ფორმატი (როცა წამყვანი ნანკა კალატოზიშვილის იყო) ისე მომწონდა, რომ მე და მაკა რაზმაძეს ამაზე ხშირად გვისაუბრია. მართლა ისე მოხდა, რომ ნოე სულაბერიძემ სწორედ ამ გადაცემაზე მუშაობა შემოგვთავაზა. საერთოდ, საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვარ, უფრო მეტი მინდა გავაკეთო და ეს ბუნებრივია, მაგრამ წამყვანის ამპლუა ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაჯახ" შეკითხვებს ვსვამ, ცოტათი პროკურორივით ვიყურები, ცოტათი გამომძიებელიც ვარ და ისე გამოდის, რომ აღსარებებსაც ვიბარებ. ეს ყველაფერი შოუს სჭირდება და ჩემი ორივე პროფესია - ჟურნალისტობაც და მსახიობობაც ამაში საოცრად მეხმარება. ამ გადაცემის წამყვანობისას ყველა დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს: ჟესტიკულაციას, საუბრის მანერას, მიმიკას, ინტონაციას, შეკითხვის დასმას... ბევრი ნიუანსია, რაც არ უნდა გამოგეპაროს: პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, შეკითხვა ისე არ უნდა დასვა, რომ ბულინგი გამოგივიდეს ან რესპონდენტი ისეთ სიტუაციაში ამყოფო, რომ საზოგადოებამ მასზე ბულინგი დაიწყოს, გალანძღოს... მთელი გუნდი საქმეს ფრთხილად ვაკეთებთ, ბევრ დეტალს ვითვალისწინებთ. ფორმატის სიმძაფრის მიუხედავად, მაყურებლებისგან ძალიან გულთბილ დამოკიდებულებას ვგრძნობთ.

- როგორ ფიქრობთ, ამ გადაცემას რა ღირებულება აქვს?

- ის, რომ შეიძლება, ადამიანი სხვადასხვა გადაცემაში მივიდეს, ძალიან კარგ ჟურნალისტებთან ისაუბროს, მაგრამ მას ლავირების საშუალება მაინც აქვს - შეუძლია, თავისი ამბავი, შეხედულება თავისებურად წარმოაჩინოს, თუნდაც საკუთარი ცხოვრების შესახებ ისე მოჰყვეს, როგორც უნდა - მოიტყუოს... ჩვენ ამის შესაძლებლობას არ ვუტოვებთ, რადგან ყველაფერს დეტექტორი ზომავს. რესპონდენტი გვენდობა, გულწრფელად სასაუბროდ მოდის, ჩვენ კი საშუალებას ვაძლევთ, ახსნა-განმარტებები მოუძებნოს იმ შეკითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა და რომლებზე პასუხის გაცემაც საინტერესოა. ეს გადაცემა ღირებული იმიტომ არის, რომ შეიძლება, ადამიანმა ისაუბროს ჰუმანიზმზე, ჩადენილ შეცდომაზე, სინანულზე. მაგალითად, სტუმარი გვიყვება, ნარკომანია თუ ძალადობა როგორი ცუდია. ისეთი სკანდალური ეპიზოდებიც გვქონია, როცა ბრალი დაგვდეს - ძალადობის წახალისებას ახდენთო, როცა გია სურამელაშვილი და გივი სიხარულიძე გვყავდა სტუმრად. ვფიქრობ, პირიქით - იმას ვემსახურებით, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ - ძალადობა ცუდია. "სიმართლის დრო" მარტივი გადაცემა არ არის. ადამიანის პირად ცხოვრებას, ფსიქოლოგიას, ქვეცნობიერს ვეხებით. "გეიმ შოუა", მაგრამ ჩვენთვის ეს ღირებულია, რადგან ცნობილი ადამიანი განვლილი ცხოვრების, შეცდომების შესახებ საუბრობს, რაც მონანიების ტოლფასია და შეიძლება, ეს საზოგადოებისთვის პრევენცია გახდეს. მაგალითად, როდესაც ადამიანი გეუბნება, 20 წელი ნარკოდამოკიდებული ვიყავი და ლამის მთელი ცხოვრება გამოვტოვე, რეალობას მოვწყდი და მერე მივხვდი, რომ სინამდვილეში ეს ძალიან ცუდია, ყველას მოვუწოდებ, ნარკოტიკს არ გაეკაროს და ჯანსაღად იცხოვროსო, ალბათ, ამ გადაცემის მიზანი სწორედ ასეთი "მესიჯებია".

- ვინ არის თქვენთვის საინტერესო პერსონა, რომელმაც გადაცემაში სტუმრობაზე უარი გითხრათ?

- მარტივი არ არის, ადამიანი ასეთ გადაცემაში სტუმრობაზე დაითანხმო, მაგრამ პირობას არავის ვურღვევთ, ჩვენგან გაწბილებული არავინ მიდის. სასაუბრო თემებს თავადაც გვაწვდიან, გარკვეული საკითხების შესახებ კი რესპონდენტისგან დამოუკიდებლად ვიცით. საბოლოო ჯამში, მასალა გროვდება. შოუს ჩაწერამდე, რესპონდენტი ყველა შეკითხვას "დეტექტორზე გადის" ანუ წინასწარ უკვე იცის, გადაცემაში რისთვის ჯდება - იქ მისთვის მოულოდნელი არაფერია, გარდა იმისა, რომ მთავარი შეკითხვების გარდა, მასთან დიალოგი მაქვს... დათანხმებას რაც შეეხება: გვარ-სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ არიან რესპონდენტები, რომლებსაც ისეთი პირადული საკითხები აქვთ, რაზე საუბარსაც ოჯახის წევრის ან სხვა კონკრეტული მიზეზის გამო ერიდებიან და შეიძლება, გადაცემაში ამის გამო არ მოვიდნენ. სტუმრად ყოველთვის ტოპპერსონები გვყავს, თუმცა რესპონდენტების დათანხმება ბევრი მუშაობის ხარჯზე ხდება, რაშიც ლომის წილი გადაცემის აღმასრულებელ პროდიუსერს - მაკა რაზმაძეს მიუძღვის. ერთად ვმუშაობთ, რესპონდენტებს ერთად ვხვდებით, მათთან სახლშიც მივსულვართ... ყველა დეტალს ვერ მოგიყვებით, მაგრამ მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა.

GzaPress

- გულწრფელი ადამიანი ხართ? - სხვათა შორის, ზედმეტად გულწრფელი ვარ. ხანდახან ძალიან მარტივად ვამბობ ისეთ ინფორმაციებს, როგორსაც ადამიანები მარტივად არ "ყიდიან" (იცინის). არასოდეს ვნანობ, რასაც ვამბობ, რადგან უბრალოდ, იმ დოზით ვსაუბრობ, რის საშუალებასაც ჩემი თავისუფლების ხარისხი მაძლევს. არის რაღაცები, რის შესახებაც ვერ ვლაპარაკობ. რაღაც დასამალი ყველას აქვს.

- თქვენს ბიოგრაფიაში არის ისეთი საიდუმლო, რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება, დიდი სკანდალი გამოიწვიოს?

- ისეთ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ და პირველ რიგში, პროფესიულად, ჩემთვის საინტერესოა, ვინც სკანდალს ქმნიან, "სკანდალის ბედი" აქვთ. როგორც წამყვანს, მეც მაქვს ეს "სკანდალის ბედი", მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მიზანმიმართულად, სკანდალი გამომეწვია... რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც არის ეპიზოდები, რაზეც ხმამაღლა არ ვისაუბრებდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე გულახდილობას სხვას ვთხოვდე, თავად კი "ჩაკეტილი" რესპონდენტი ვიყო. "სიმართლის დროს" მსგავსი ფორმატის გადაცემაში თავადაც ვმონაწილეობდი და ჩემი პირადული ამბავი საჯაროდ მომიყოლია. ასე რომ, ცილს ვერ დამწამებენ, თითქოს სხვას გულწრფელობას ვთხოვ, თავად კი ჩემს პირადს "ვკეტავ". ბევრი მეუბნება, - დეტექტორთანაც დაჯექიო. რა ვიცი, შეიძლება, რომელიმე სეზონის ბოლოს ასეც მოვიქცე.

- როგორ ფიქრობთ, ბევრი ადამიანი ფლობს იმის შესახებ ინფორმაციას, რაც გინდათ, რომ ფართო საზოგადოებამ არ გაიგოს?

- ადამიანს თუ საიდუმლო არ გააჩნია, მაშინ მას იდუმალება და პრივატული სამყარო საერთოდ არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ბევრი საიდუმლო მაქვს, რაც ერთმა, ორმა ან სამმა ადამიანმა იცის და ამაში განსაკუთრებული არაფერია. უბრალოდ, ეს ინფორმაცია მედიაში მაშინ გამოგვაქვს, როცა საჭიროა, როცა სათქმელი რაღაცას ემსახურება...

- გულახდილობის ხასიათზე რა გაყენებთ?

- როდესაც ჩემთან ურთიერთობისას ადამიანი "გახსნილია", მასთან მეც "ვიხსნები". როცა კარგ ხასიათზე ვარ, გულწრფელი ვარ. განა ცუდ ხასიათზე მყოფი გულწრფელობას არ ვიჩენ? თუ რამე არ მომეწონა და მეწყინა, ამის შესახებ ადამიანს პირდაპირ ვეუბნები. გულახდილობის ხასიათზე ხან რა მაყენებს, ხან - რა... მხოლოდ "აღსარების" დროს არ ვარ გულახდილი - მაშინაც გულწრფელობას ვიჩენ, როდესაც მეგობარს რჩევას ვაძლევ, როცა ვბრაზდები და ვეუბნები, რატომ გავუბრაზდი. ეტყობა, გულწრფელობა სვანური თვისებაა - ტყუილი და "შეფუთვები" არ მიყვარს. თუმცა, როცა საჭიროა, შემიძლია, ტაქტი და დიპლომატიაც გამოვიყენო - ამის ნიჭი და უნარი მაქვს.

- "სიმართლის დროში", რესპონდენტის პასუხის გამო დაბნეულხართ? უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- წინასწარ არასოდეს ვიცი, რესპონდენტის პასუხი სიცრუეა თუ სიმართლე - ამას მეც გადაცემაში ვიგებ. უხერხულად მიგრძნია თავი, როდესაც თითქოს სიმართლეს ამბობს, მაგრამ სიცრუე აღმოჩნდება ხოლმე ან ძალიან მძიმე ამბავს მოჰყვება და აღმოჩნდება, რომ ეს სიმართლეა. შეიძლება, ეს საკითხი მისი ოჯახის წევრებს ეხებოდეს, რომლებიც ტელევიზორს უყურებენ, მე კი ამ თემას რესპონდენტთან "ვხსნიდე", მაგალითად - როგორ სცემა ცოლს, ამ დროს კი ცოლი უყურებს, რომ მასზე ვსაუბრობთ. ამ მხრივ, უხერხული სიტუაციები მქონია. ვთქვათ, ადამიანმა თქვა, არ მომიპარავსო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოიპარა. ხომ არ ვეტყვი, - რატომ მოიპარე-მეთქი? პირიქით, ვამშვიდებ - თქვენმა ქვეცნობიერმა გამოსცა ეს იმპულსი, დეტექტორმა რაღაც "ვერ დაიჭირა"-მეთქი. მოკლედ, როცა აგებენ, მაშინ ვგრძნობ თავს უხერხულად - ძალიან მერიდება, ადამიანი მებრალება, რომელმაც იცრუა, მაგრამ დეტექტორი ვერ მოატყუა...

- "სიმართლის დროში" რომელიმე რესპონდენტს თქვენთვის შეურაცხყოფა მოუყენებია?

- შეიძლება, ემოციური საუბარი ყოფილა, მაგრამ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, პირიქით - გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მირეკავენ და მადლობას მიხდიან, რადგან ჩაწერისას ნერვიულობენ და საკუთარ თავს ვერ ხედავენ. როცა ჩანაწერი ეთერში გადის, მერე აღიქვამენ. ზუსტად ეს არის კარგი "პონტი", რომ შეურაცხყოფას არ გვაყენებენ.

ეთო ყორღანაშვილი