უკიდურესად ბედნიერი ირაკლი კაკაბაძე და "ლექსი ვეფხისა და დისტრიბუტორისა" - გზაპრესი

უკიდურესად ბედნიერი ირაკლი კაკაბაძე და "ლექსი ვეფხისა და დისტრიბუტორისა"

ეს გახლავთ ირაკლი კაკაბაძის 30 წლის წინანდელი ჩანაწერები (დღიური), რომელსაც შემდეგ ავტორმა კომენტარები გაუკეთა, ანუ წიგნი იმის შესახებაა, თუ რა ხდებოდა 2018 წლამდე, როგორი მოლოდინი და იმედი არსებობდა... ახლახან ირაკლიმ "ლექსი ვეფხისა და დისტრიბუტორისა" სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომლის მცირე ნაწყვეტსაც გთავაზობთ:

"რატომ მკლავ, ვეფხო, მე ხომ კომერციის უბრალო მონა ვარ?!

იმიტომ გკლავ, რომ ჩემი ყოფნა არ შეიმჩნიე!

ვეფხო, მე ხომ მთავრობამ მითხრა, კომერცია გააგრძელეო?!

იმიტომ გკლავ, რომ მთავრობას დაემორჩილე!

ვეფხო, მე ხომ ჭანჭიკი ვარ მხოლოდ?!

ვეფხო, მე ხომ თავისუფლება წამართვეს?!

ვეფხო, მე ხომ თავისუფლება წამართვეს?!

რატომ მკლავ, ვეფხო, მე ხომ არავინ ვარ?!

იმიტომ გკლავ, რომ არავინ ხარ!.."

ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ - როგორ და რატომ გაუჩნდა მწერალს ამ ლექსის დაწერის იდეა და სურვილი?

GzaPress- დღესდღეობით ჩვენს საზოგადოებას "ვეფხისა და მოყმის" პოემის სული აკლია. იმას ვგულისხმობ, რომ მტრობა და არაჯანსაღი კონკურენცია არ უნდა არსებობდეს. ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა ის არის, რომ მტრობის კულტია დამკვიდრებული და ასეა ბოლო 26 წლის განმავლობაში. ცუდი რაღაცები ყოველთვის იყო, მაგრამ იმავდროულად, კარგიც ხდებოდა. თუმცა, თუკი წინათ იდეალი მეგობრობა და ემანუელ ლევინასის სიტყვებით რომ ვთქვათ, "სხვისი" სიყვარული იყო, დღეს ასე არ არის. თუნდაც, ვაჟა-ფშაველას იდეალები კომერციულმა, წვრილვაჭრულმა იდეალებმა წაიღო. ეს აბსოლუტურად არასწორია. ჩვენს ცხოვრებაზე საკმაოდ ცუდად მოქმედებს, საზოგადოებაში ბევრი უარყოფითი რამ გამოიკვეთა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ჩვენს საზოგადოებას ის იდეალები დაუბრუნდეს, რაც ჩვენს ეპოსშია, რაც ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელშია" ან თუნდაც - "ალუდა ქეთელაურში"... მიმაჩნია, რომ ეს არის დღევანდელი ემოციური გამოძახილი, თუ როგორ დაეკარგა ადამიანის ცხოვრებას ფასი ამ კომერციულ და საშინლად დაუნდობელ სამყაროში.

- ასეთი სიტუაციიდან გამოსავლად რას მიიჩნევთ?

- ბატონ მიშა ბატიაშვილს (რომელიც ჩემი მეგობარი გახლავთ) მივმართავ: უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემაში სოლიდარობის პრინციპების და იდეალების სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებმა უნდა ისწავლონ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მტერი კი არ არის (თომას ჰობსის ცნობილი გამოთქმისა არ იყოს), არამედ მოყვასია. ეს ჩვეულებრივი, ბიბლიური ჭეშმარიტებაა. სწავლებისას მეტი აქცენტი ისეთ ნაწარმოებებზე უნდა კეთდებოდეს, როგორიც არის "ლექსი ვეფხისა და მოყმისა", "სტუმარ-მასპინძელი"... ჩვენს საკუთარ ლიტერატურაში ამის ბევრი ძირი გაგვაჩნია. ასევე, მსოფლიო ლიტერატურა არსებობს.

- პირად ურთიერთობებში ხშირად აწყდებით იმ უარყოფითს, რაც ჩამოთვალეთ?

- დღეს არაჯანსაღი კონკურენციისა და მტრობის კულტი ყველანაირ ურთიერთობაშია დამკვიდრებული, რადგან დოგმად არის მიღებული. დღეს საზოგადოებაში დამკვიდრებული მთავარი მრწამსი სწორედ ჰობსის პრინციპებია, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი (ადამიანის მტაცებლურ ინსტინქტებზეა ყურადღება გამახვილებული) და მტერია; მთელი წყობა, სისტემა წაგლეჯვაზე, სხვის ხარჯზე გამდიდრებაზეა აგებული და არა - თანასწორობასა და სოლიდარობაზე. უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. უამრავი ოჯახი საქართველოში უსახლკაროდ რჩება და სოციალური მშენებლობები არ მიმდინარეობს. ასევე, კორპორაციული სამყარო უცხოელებსა და სხვა კორპორაციებზე მიწას ყიდის - ქონებას ანიავებს. გარკვეულწილად, რაღაცების ნაციონალიზაცია უნდა ხდებოდეს. პრიორიტეტული მოქალაქეების კარგად ყოფნა უნდა იყოს და არა - კორპორაციული მოგება.

- ბოლო მოვლენა, რამაც თქვენი გაღიზიანება გამოიწვია, რა იყო?

- სამწუხაროდ, ასეთი უამრავი მოვლენაა, მაგრამ დღეს უკვე ყველა "მოსამართლეების საქმეზე" წუხს. ქართველი საზოგადოება შეშფოთებულია, რომ აქაც კორპორაციული პრინციპი მოქმედებს და გარკვეული კლანი ცდილობს, თავისი წარმომადგენლები "გაათრიოს", რომლებიც იმით არიან ცნობილნი, რომ ადამიანების მკვლელებს ხელს უწყობდნენ და მფარველობდნენ. ჩინჩალაძის და ამ კლანის "გასვლა" არ შეიძლება, ეს მიუღებელია... აგრეთვე, დღესდღეობით, საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ფლობს ბერკეტებს. ამიტომ მემარცხენე, პროგრესული ძალების კოალიცია აუცილებელია. ასეთი ძალები საქართველოში "მიმოფანტულია". უკვე საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა პროგრესულად აზროვნებს. დღეს საჭიროა, რომ ძველი და ახალი სახეები გაერთიანდნენ. რა თქმა უნდა, ახალი სისხლი არის საჭირო. აუცილებელია, რომ 2020 წლისთვის ხელისუფლების სათავეში პროგრესული საზოგადოება მოვიდეს, რომლისთვისაც მთავარი პრინციპი იქნება: სოლიდარობა, თანასწორობა, ერთად ყოფნა და ამავე დროს, ინდივიდუალური თავისუფლება.

- რა არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც გაბრაზებულს შეგიძლიათ?

- საერთოდ, ლოზუნგის - "არა ძალადობას" მიმდევარი ვარ. ძალადობა პასუხი არ არის. დანარჩენი ეპატაჟური გამოსვლები, ხელოვნება და თუნდაც წყლის შესხმა ისეთი ტიპის ძალადობა არ არის, რომელიც ადამიანს აზიანებს. ამიტომ ეს ყველაფერი მისაღებია. ხომ იცით ასეთი გამოთქმა - "ეპატე ბურჟუა" (გააბრაზე ბურჟუა) არსებობს. ეს გამოთქმა ცნობილმა ფრანგმა პოეტმა - შარლ ბოდლერმა დაამკვიდრა. ხელოვნების მთავარი დანიშნულება ეს არის, რომ როდესაც ადამიანი ჩამყაყებულ რეალობაშია, მასში ისევ ის ადამიანი გამოაღვიძოს, რომელიც შემოქმედი და მოსიყვარულეა. ამისთვის მან ხან უნდა ასიამოვნოს, ხან ლირიკული ლექსით გული მოულბოს, ხანაც ისე უნდა გააბრაზოს, როგორ გენიალურადაც ამას აკეთებდა ბოდლერი, რემბო, გალაკტიონი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და ა.შ. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. თუნდაც, დღესდღეობით არსებობს ზურა რთველიაშვილი, კოტე ყუბანეიშვილი, დავით ჩიხლაძე... საკუთარ თავს მათ კოლეგად მივიჩნევ. რა თქმა უნდა, გვაქვს ირაკლი ჩარკვიანის გენიალური მაგალითი: თავისი არაჩვეულებრივი შემოქმედებით მან შეძლო, რევოლუცია მოეხდინა ქართულ კულტურულ ცხოვრებაში. ეპატაჟმა უნდა გაგვაბრაზოს და კათარზისისკენ გვიბიძგოს, რომ უკეთესი ადამიანები, ნაკლებად ეგოისტები ვიყოთ. ხელოვნება სწორედ ამას აკეთებს, მისი დანიშნულება ეს არის.

GzaPress- როცა თავად ხართ გაბრაზებული, როგორ ახერხებთ "ბურჟუა" გააბრაზოთ?

- შეიძლება ლექსი ვუთხრა ან ვუმღერო, ვიცეკვო... ეპატაჟის გამოსახატავად უამრავი საშუალება არსებობს. ეპატაჟი რაც უფრო შემოქმედებითი აზროვნების შედეგია, რაც უფრო მოულოდნელი ხერხით გამოიხატება, უკეთესია. ამ შემთხვევაში, "გაბრაზებაში" კათარზისის გამოწვევას ვგულისხმობ. ცნობილი ფორმულაა, რომ ხელოვანი პატარა კატასტროფას "აკეთებს". ამ შემთხვევაში, ამ ქმედებას ადამიანის სიკვდილი და ძალადობა არ მოჰყვება. უბრალოდ, კატასტროფა იმ გაგებით არის, რომ "ბიურგერის" თვალში კოგნიტურ დისონანს, გაუგებრობას იწვევს. შემდეგ ხდება კათარზისი. შემოქმედება და სიყვარული 2 მთავარი ძაფია, რაც ხელოვნებას "კრავს". სწორედ ეს იწვევს ადამიანში კათარზისს, რის შედეგადაც ადამიანი უფრო შემოქმედებითი და მოსიყვარულე არსება ხდება, როგორიც არის დასაბამიდანვე - ღმერთმა მასში საკუთარი თვისებები "ჩადო" (პირდაპირ ბიბლიაშია მითითებული, რომ საკუთარი სახების მიხედვით შექმნა). ღმერთია სიყვარული და სამყაროს შემოქმედი. თუ ხელოვანი ხარ, ეს 2 თვისება ადამიანში უნდა გააღვიძო, რაც სხვადასხვა ხერხით ხდება: კვენტინ ტარანტინო სხვაგვარად აკეთებს, ჩარლი ჩაპლინი სხვაგვარად ახერხებდა, კოტე მარჯანიშვილი - სხვაგვარად და ა.შ. დღევანდელი ფორმები შეიცვალა. ახალი ფორმები უფრო მოკლე და გამომსახველობითია. ხელოვნება რეალურ ცხოვრებაში შეიჭრა და ცხოვრება - ხელოვნებაში, ეს ფაქტი უნდა გავითვალისწინოთ. დღესდღეობით სულ სხვა ტიპის ხელოვნებაა, რადგან ძალიან დიდი გამომსახველობითი საშუალებები არსებობს, მაგალითად - სოციალური ქსელები. ამიტომ ხელოვანებმა ახალი ფორმები უნდა გამოვნახოთ - უფრო მოკლე, სხარტი, რომ ადამიანებზე იმოქმედოს და მათში სულიერი კათარზისი გამოიწვიოს.

- შვილებს როგორ უნერგავთ იმ ღირებულებებს, რომლის ნაკლებობაზეც ისაუბრეთ? ხომ არ გაგჩენიათ პროტესტის განცდა იმის გამო, რომ ბავშვებს სკოლაში გარკვეული ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს?

- ჯერჯერობით, ჩემი შვილების განათლებით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ მშობელი შვილებისთვის სულიერი ღირებულებების გაღვივებას ყველანაირად უნდა ეცადოს, მაგრამ ამავდროულად, ეს ძალდატანებითი მეთოდით არ უნდა ხდებოდეს - შვილი იმ დასკვნამდე თავად უნდა მივიდეს, რომ ეს კარგია. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრებისეული მაგალითი უმნიშვნელოვანესია - როგორ აძლევს შვილს ასეთ მაგალითს ნებისმიერი მშობელი? ეს უკვე დროთა განმავლობაში გამოჩნდება, როცა შვილები გაიზრდებიან. დიდი იმედი მაქვს, მათთვის რაღაც მაგალითი მეც ვიქნები... პირადად ჩემთვის, მამაჩემი ჰუმანიზმის, მოაზროვნე და ამავდროულად, მოსიყვარულე ადამიანის დიდი მაგალითი გახლავთ. იმედია, ჩემი ცხოვრებით შვილების მეხსიერებაში მეც ასეთ კვალს დავტოვებ.

- როგორც ვიცი, ახლახან დაოჯახდით. მეუღლის ამპლუაში თავს როგორ გრძნობთ?

- ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთ დროს თავი იგრძნოს? ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ასეთი მოვლენის მერე თავი ბედნიერად იგრძნო. მეც უკიდურესად ბედნიერი ვარ!..

ეთო ყორღანაშვილი