"დედისერთა, ეგოისტი ბავშვი ვიყავი" - გზაპრესი

"დედისერთა, ეგოისტი ბავშვი ვიყავი"

მსახიობი მაკა ძაგანია 19 წლის იყო, როდესაც პირველი შვილი - თინათინ ჩაკვეტაძე შეეძინა. თინათინი თანდათან თინი, თინუცა, ბოლოს კი ნუცა გახდა. დღეს ნუცა უკვე 19 წლისაა. მას უმცროსი ძმა - 4 წლის გიორგი ცერცვაძე ჰყავს (რომელიც მაკას მეორე ქორწინებიდან შეეძინა). მაკას და ნუცას შინ ვესტუმრეთ და იმ დედაშვილურ-დაქალური ურთიერთობის შესახებ ვესაუბრეთ, რაც მათ აკავშირებთ...

მაკა:

- ნუცა რომ გავაჩინე, 19 წლის ვიყავი. ახალგაზრდა ასაკის გამო, ცოტათი რთულად მივხვდი, რა იყო ახალი სიცოცხლის დაბადება. რა თქმა უნდა, დედობას მალევე ავუღე ალღო - მივხვდი, დედობისთვის რა იყო საჭირო და რამდენი რამ უნდა გამეკეთებინა... ნუცა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. ულამაზესი თმის ფერი ჰქონდა. თან, მსუქანი და "გემრიელი" იყო. ნუცას გამო, ქუჩაში გვაჩერებდნენ (იღიმის)... ნელ-ნელა ერთად გაზრდა დავიწყეთ. ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპებიც გვქონდა, რადგან მარტომ გავზარდე. დედაჩემი მეხმარებოდა (მამაჩემი გარდაიცვალა). ძნელია, როცა ბავშვს უმამოდ ზრდი. ყოველთვის იმის განცდა გაქვს, რომ მას რაღაც დააკელი, სრულფასოვანი ოჯახი არ აქვს... ეს კომპლექსები სულ მქონდა. თანაც პატარა ვიყავი. ჩემი მეგობრები სულ სადღაც დადიოდნენ, მე კი ასე ვერ ვიქცეოდი - ნუცა უნდა დამეძინებინა, გამომეკვება...

ნუცა:

- კლუბში ხომ წამიყვანე?

GzaPressმაკა:

- არა, დე... მინდოდა, მაგრამ ვინ შეგვიშვებდა? მაშინ 3 წლის იყავი. ბათუმში ჩემს ახლობელს წვეულება ჰქონდა. იქ შესვლა გვინდოდა, მაგრამ 3 წლის ბავშვით ვინ შემიშვებდა?! ამიტომ ყურებჩამოყრილები სახლში წავედით.

- ნუცა, როგორი დედაა მაკა?

- იდეალური დედაა, რადგან არასოდეს მიგრძნია, რომ უმამოდ ვიზრდებოდი - მაკა ჩემზე გადაყოლილი იყო. მახსოვს, პირველი ხელფასით - 12 ლარით (თეატრალურ უნივერსიტეტში ბავშვებს ასწავლიდა) ჩემთვის შოკოლადს ყიდულობდა. როგორი ცხოვრებაც მაკას ჰქონდა, მეც ზუსტად იგივე გავიარე: მაგალითად, თეატრში, ღამის რეპეტიციაზე დავყვებოდი. მიზეზი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ვერსად მტოვებდა? თავად ვინტერესდებოდი. თეატრის გარემოს შევეჩვიე.

მაკა:

- დედაჩემს რთული რეჟიმი აქვს. ბავშვს დიდ ბებიას ვუტოვებდით, მაგრამ სპექტაკლებზე, რეპეტიციებზე, მერე უკვე გადაღებებზე ნუცაც დადიოდა, ყველა "სამზარეულო" იცოდა, სად რა ხდებოდა...

- ნუცა, ამჟამად რომელ პროფესიას ეუფლები?

ნუცა:

- კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას ვსწავლობ. ეს სფერო მომწონს. თავიდან სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა მინდოდა. ასევე, ვხატავ და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზეც ვფიქრობდი. ბოლოს ფსიქოლოგია შევარჩიე. ჰოდა, ან ამ საქმეს გავყვები, ან - სამედიცინოზე ჩავაბარებ, ოღონდ - უცხოეთში.

მაკა:

- გერმანულ სკოლაში სწავლობდა. თავიდანვე გავთვალეთ, რომ გერმანიაში ესწავლა, მაგრამ შემდეგ გამგზავრება გადაიფიქრა, რადგან უჩვენოდ ვერ გაძლებს ჩემი კუნკულიკა (იღიმის). ჯერ 19 წლისაა და ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ არის. წამოიზრდება და ვნახოთ, რას იზამს.

- შვილის პროფესიული არჩევანის გამო ღელავდით?

- ამ საკითხს მღელვარება ახლავს, მაგრამ ყველაზე მეტად ის არ მინდოდა, რომ მსახიობობა აერჩია. ერთადერთი, ამაზე ვნერვიულობდი.

- რატომ?

- ულმობელი პროფესიაა. ჯერ ერთი, ყველაფერი უნდა გაწირო, ამ პროფესიას მთლიანად უნდა მიეცე, მაგრამ ან დაგიფასდება, ან - არა; მეორეც - ძალიან ღატაკი პროფესიაა, ყოველ შემთხვევაში - საქართველოში. ჰოლივუდში თუ "გაიქაჩებოდა", ეს სხვა საქმეა, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება. საქართველოში როგორი წარმატებული მსახიობიც უნდა იყო და შენი სიტყვა თქვა ამ სფეროში, მაინც ჩვეულებრივი მათხოვარი ხარ. მსახიობობა ძალიან საინტერესო პროფესიაა. საკუთარი შინაგანი სამყაროდან ბევრი საინტერესოს ამოქექვა გიწევს, რომ გმირი შექმნა. შემდეგ ეს გმირები საკუთარი შვილებივით გიყვარს, რადგან თავიდან ბოლომდე შენი "გაკეთებულია"... ძალიან სასიამოვნოა, როცა ხალხს უყვარხარ, ქუჩაში გცნობენ, მაგრამ ცხოვრებისთვის ეს საკმარისი არ არის.

- ნუცა, მაკას პროფესიის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- მის პროფესიაზე ბავშვობიდან ვგიჟდები - თეატრზეც, გადაღებებზეც... მაგრამ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება იმიტომ აღარ მინდოდა, რომ მეგონა, მაკასთან ერთად, ეს ყველაფერი უკვე გამოვიარე: უკვე ნანახი მქონდა, რაც მომავალში უნდა მენახა, თუკი სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარებდი... 10 წლის ვხდებოდი, როცა ღამის რეპეტიციებზე სიარულისას, საბავშვო სპექტაკლში როლი "შემომესწავლა". ეს იყო ბავშვის როლი, რომელსაც ზრდასრული მსახიობი თამაშობდა. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩემს დაბადების დღეზე სპექტაკლში უნდა მეთამაშა. ამის შესახებ რეჟისორსაც ვუთხარი, დირექტორსაც... ყველა დამთანხმდა. დედამ არაფერი იცოდა. როცა გაიგო, თავდაპირველად შოკში იყო... მერე სპექტაკლში ვითამაშე. ყველამ მითხრა, - ყოჩაღო! იმ დროს მაკას ცოტათი შეეშინდა - მსახიობობა არ მოუნდესო, მაგრამ ამის სურვილი არასოდეს მქონია.

- როცა შენი თანატოლები იგებენ, რომ მაკას შვილი ხარ, როგორი რეაქცია აქვთ?

- ყველანაირად ვცდილობ, ეს მათ არ გავაგებინო, რადგან მერე თითქოს ჩემ მიმართ ყველას სხვაგვარი დამოკიდებულება უჩნდება. ადრეულ ასაკში, ზოგთან კონტაქტი იმიტომ არ მინდოდა, რომ ჩემთან დედაჩემის პოპულარობის გამო მეგობრობდნენ. ახლა გავიზარდე და რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები აღარ ხდება.

- თქვენს დედაშვილურ ურთიერთობაში მკვეთრი ზღვარი იგრძნობა?

- ურთიერთობაში არანაირი ზღვარი არ გვაქვს. მაკა ხანდახან სწორედ ამას ამბობს, - შევცდი, რომ არანაირი ზღვარი არ გვაქვსო, მაგრამ ჩემი აზრით, ეს კარგია, რადგან დედა ჩემთვის ყველაზე ახლო დაქალი გახლავთ.

მაკა:

- ჩემი აზრით, ეს კარგი არ არის, რადგან დედასა და შვილს შორის რაღაც ზღვარი უნდა იყოს.

- როდის გააცნობიერეთ, რომ ეს ზღვარი არ არსებობდა?

- ახლახან მივხვდი, რომ როგორც თავის დაქალს და თანატოლს, "თავში წამორტყმით" მელაპარაკება (იცინის). გავაცნობიერე, რომ ეს შეცდომა სადღაც, ნუცას ადრეულ ბავშვობაში დავუშვი, როცა ერთად ვიზრდებოდით. ახლა უკვე გვიანია, ვერაფერს გამოვასწორებთ.

- ნუცას გარდატეხის ასაკი როგორ გადაიტანეთ?

- ნუცას გარდატეხის ასაკში ერთმანეთს ვეღარ ვუგებდით, ვერ ვკონტაქტობდით. ჩვენი საუბარი ყვირილში გადაიზრდებოდა ხოლმე, სულ ვჩხუბობდით. ჩემი არაფერი მოსწონდა - როგორ ვიქცეოდი, ვლაპარაკობდი... შესაბამისად, ის მე აღარ მომწონდა. მერე, ნელ-ნელა ისევ "დავლაგდით", რადგან გაიზარდა და უკვე დიდი გოგოა... საერთოდ, როცა ოჯახში მამაც არის, იქ სხვაგვარი რიდი და შიში არსებობს. ჩვენ თავისუფლება გვქონდა. ამიტომ გარდატეხის ასაკი რთულად "გადავიარეთ".

- ნუცა, ახალგაზრდა და ლამაზი დედის თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობდი?

- არა, არასოდეს. ერთადერთი, შეიძლებოდა, ჩემს ძმაზე მეეჭვიანა (იცინის). მაკას ყოველთვის ვეუბნებოდი, - ერთადერთი უნდა ვიყო-მეთქი. ჩვეულებრივი დედისერთა, ეგოისტი ბავშვი ვიყავი.

მაკა:

- მაგრამ ეგეც "გადავაგორეთ".

GzaPressნუცა:

- როცა გავიგე, რომ მაკა ორსულად იყო, თავდაპირველად, აგრესიის გრძნობა გამიჩნდა, ოღონდ - არ გამომიხატავს. ვფიქრობდი, როგორ შევეგუები, როცა ძმა მეყოლება? მარტო აღარ ვიქნები-მეთქი... შემდეგ ჩემი ძმა ძალიან შემიყვარდა!.. ისე, ნერვებს კი მიშლის ხოლმე (იცინის)...

მაკა:

- გიომ ნელ-ნელა ლაპარაკი რომ დაიწყო, ნუცას სახელით არ მიმართავდა. - დაიკო, დაიკონაო, - ეუბნებოდა და დასდევდა.

ნუცა:

- ახლაც ასე დამდევს. მშობლები ტელეფონში დიდხანს თამაშის უფლებას არ აძლევენ, მე ვაძლევ და სულ მეძებს - ნუცა სად არისო (იცინის)?

- დედის დაოჯახებას როგორ შეხვდი?

- ჩვეულებრივად. პირველივე დღიდან, როცა მაკამ გათხოვების შესახებ მითხრა, ეს ამბავი ძალიან კარგად მივიღე. დედა, პირველი სიტყვები, რაც ამ დროს გითხარი, რა იყო? მიყვარს, როცა ეს შენგან მესმის...

მაკა:

- მინდა, ბედნიერი იყო და თუ ამ ყველაფრით ბედნიერი იქნები, მაშინ ბედნიერი იყავიო. ასე დამლოცა საკუთარმა შვილმა.

ნუცა:

- სხვა რა გზა მქონდა (იცინიან)?

- მაკა, მისგან ასეთ რეაქციას ელოდით?

მაკა:

- ძალიან ვინერვიულე, რადგან მაშინ ნუცა გარდატეხის ასაკში იყო - 14 წლის გახლდათ (ამ პერიოდში პრობლემები უკვე გვქონდა). არ ვიცოდი, ამ ამბავს როგორ გადაიტანდა. იმ პასუხს საერთოდ არ ველოდი, რაც მისგან მივიღე. გაოგნებული დავრჩი. მეგონა, ჩხუბს დავიწყებდით, ახტებოდა-დახტებოდა... მეგონა, მეტყოდა, - საერთოდ წავალო (იცინის)... გამიგო, როგორც უფროსმა ადამიანმა. მიხვდა, რომ ეს მჭირდებოდა.

- ნუცა, შეგიძლია დედის რომელიმე საქციელი გაიხსენო, რითიც გაოცებულხარ?

ნუცა:

- პრობლემის მოგვარებაში ყოველთვის რომ მეხმარება, ჩემთვის ეს გასაოცარი აღარ არის. ყველაფერი მარტივად მიიღო, რაც ცუდი ან კარგი გამიკეთებია. ალბათ, სხვებისთვის ეს საოცარია. მაგალითად შემიძლია, მაკასთან ერთად დავჯდე და სიგარეტი მოვწიო.

მაკა:

- რა თქმა უნდა, ცუდია, რომ სიგარეტის მოწევა დაიწყო. სულ ვცდილობ, თავი დაანებოს. იმასაც კი ვეუბნები, - ნახე, სიგარეტი როგორ გაძვირდა-მეთქი (იცინის). იმის აკრძალვას, რომ ჩემთან ერთად არ მოსწიოს, აზრი არ აქვს - მაინც მოსწევს... საერთოდ, ნუცა ძალიან ემოციურია. ამიტომ ხშირად ვამშვიდებ, - მომისმინე, დედა, არა უშავს, გაივლის-მეთქი... რომ ველაპარაკები, ცოტათი წყნარდება. მეც ემოციური ვარ, მაგრამ ემოციების კონტროლი შემიძლია... საერთოდ, ნუცა ძალიან გულთბილია და ხშირად მაოცებს. დედის დღეს საჩუქრითაც გამაოცა. იცის, მაკიაჟისთვის საჭირო პარფიუმერია როგორ მჭირდება და მთელი ნაკრები მაჩუქა. ტელეფონით ვლაპარაკობდი. თან, ყავას ვამზადებდი, როცა მითხრა, - მოტრიალდიო. მივტრიალდი და საჩუქარი დამხვდა - გილოცავო (იღიმის). უკვე დიდი გოგოა და სიურპრიზების მოწყობა შეუძლია. საერთოდ, დედის დღის მოლოცვა არასოდეს ავიწყდებოდა. როგორც ყველა ბავშვი, ნუცაც დედას ნახატებით, მისალოცი ბარათებით მანებივრებდა, ახლა კი სერიოზულ საჩუქრებზე გადავიდა (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი