ვინ არის "მაკა" სერიალიდან "იდეალური დედა"? - გზაპრესი

ვინ არის "მაკა" სერიალიდან "იდეალური დედა"?

მეორე კვირაა, რაც ქართულ ტელეეთერში სერიალი - "იდეალური დედა" გადის. მასში მთავარ როლს 30 წლის იაკო ჭილაია ასრულებს. იაკოს გმირი - მაკა დროს სათანადოდ ვერ ანაწილებს, სტრესთან გასამკლავებლად კი ფსიქოლოგის რჩევით, ვიდეოჩანაწერებს აკეთებს... იაკო ჭილაიასთვის ეს მეორე ეკრანული როლია: მსახიობი "ხელოვნურ სუნთქვაშიც" მონაწილეობდა და მისი პერსონაჟის "ხაზი" საინტერესოდ ვითარდებოდა...

- სერიალში - "იდეალური დედა" კასტინგის შედეგად მოვხვდი. არ ველოდი, რომ როლზე დამამტკიცებდნენ, რადგან ძირითადად, კასტინგებში არ მიმართლებს (იცინის). ამ შემთხვევაში გამიმართლა.

- "იდეალურ დედას" თხრობის განსხვავებული სტილი აქვს. ეს თქვენთვის, როგორც მსახიობისთვის, რამდენად საინტერესოა?

- ძალიან საინტერესოა. თავდაპირველად მუშაობა გამიჭირდა, რადგან ასეთი მონოლოგები - როცა მაკა ვიდეოდღიურს აკეთებს, რთული იყო: კამერასთან ურთიერთობა გამიჭირდა, მორიდებული ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე შევეჩვიე, კამერა ჩემთვის ახლობელი გახდა და ძალიან შემიყვარდა - უკვე გავუშინაურდი. სერიალის მოკლე-მოკლე სერიები ძალიან საინტერესოა. ნელ-ნელა ალღოს ვუღებ.

- თქვენი გმირი - მაკა ვიდეოებს ფსიქოთერაპიისთვის წერს. თავად თქვენი ცხოვრება როგორია? სტრესთან გასამკლავებლად რა მეთოდს იყენებთ?

- მე ოპტიმისტი ვარ. როგორ რთულ ვითარებაშიც უნდა ვიყო, რაღაც დადებითს მაინც ვპოულობ, რაღაც ყოველთვის მიხარია. ასე რომ, არც ფსიქოლოგისთვის მიმიმართავს და არც ისეთი ხერხებისთვის, რასაც მაკა იყენებს. პრინციპში, ამის დროც არ მაქვს: ჩემი დღის რეჟიმი მაკას რეჟიმისგან დიდად არ განსხვავდება.

GzaPress

- ანუ თქვენც დაოჯახებული ხართ? - კი, მეც 2 შვილი მყავს, ოღონდ - ჩემი შვილები უფრო უმცროსი ასაკის არიან, ვიდრე მაკასი. მგონია, რომ ქალების (ვისაც ქმარი, შვილები ჰყავთ და მუშაობენ) უმრავლესობის ცხოვრება რაღაცნაირად, ერთმანეთს ჰგავს. რამდენიმე ადგილზე ვმუშაობ (ორ თეატრში, გახმოვანებაზე და ახლა სერიალზეც). როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მას სახლის საქმეებს ვუთმობ: ბავშვები, საოჯახო საქმე, მაღაზიები და ა.შ.

- მაკასთან შედარებით, დროს უკეთ ანაწილებთ?

- მაკასთან შედარებით, ბევრი ადამიანი მეხმარება (იღიმის), ამიტომ დროს უკეთ ვანაწილებ. გადასარევი ოჯახის წევრები მყავს. ისინი რომ არ იყვნენ, მუშაობას ვერ შევძლებდი.

- რამდენი ხანია, რაც დაოჯახებული ხართ?

- 8 წელია.

- ამ ხნის განმავლობაში გქონიათ განცდა, რომ თქვენს ცოლქმრულ ურთიერთობას რომანტიკა აკლია?

- არა. თუკი რამე არ მომწონს, თავად ვცდილობ, შევცვალო და ჩემი ქმარიც მეხმარება. არ ველოდები, რომ ჯადოქარი მოვა და სასწაულს მოახდენს. მე და ჩემი მეუღლე პრობლემებს ერთად ვუმკლავდებით, რომანტიკასაც ერთად ვქმნით და ბავშვებსაც ვზრდით.

- მეუღლე რას საქმიანობს?

- ჩემი მეუღლე - გაგა შიშინაშვილიც მსახიობია. ერთად ვმუშაობთ სამეფო უბნის თეატრში.

- ერთად მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ გვითხარით...

- მგონი, ამას უარყოფითი მხარე არ აქვს: საერთო საქმეს ვაკეთებთ. თან, ეს ისეთი საქმეა, რომ თუ შენი მეორე ნახევარი ამ სფეროსგან შორს არის, შენი ცხოვრების სტილის გაგება გაუჭირდება, რადგან მსახიობი დილიდან საღამომდე შინ არ ხარ. შეიძლება, მთელი ღამეც არ იყო სახლში. როცა ცოლ-ქმარი ხელოვანია, ცხოვრების ერთნაირი სტილი აქვთ, ერთმანეთის გაგება უადვილდებათ. ერთმანეთის აზრი მნიშვნელოვანია. ერთმანეთისგან შენიშვნებს ვიღებთ და ვითვალისწინებთ. როცა ცოლ-ქმარი ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?!.

- სერიალში თქვენ მიერ შესრულებულ როლს მეუღლე როგორ აფასებს?

- დადებითად. რაღაც შენიშვნებს მაძლევს ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოსწონს.

- თავად თუ მოგწონთ თქვენ მიერ განსახიერებული მაკა?

- საერთოდ, ყველაფერში, საკუთარი თავის მიმართ ყველაზე მეტად კრიტიკული თავად ვარ. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, მომწონს თუ არა. მე ვიცი, საით წავიდე, რა არის გამოსასწორებელი და ვცდილობ, გამოსწორება დავიწყო. მთავარია წინ მივდივართ. მართლა ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ამ სერიალზე მუშაობს. მათთან მუშაობა კომფორტულია. ასე რომ არ იყოს, არსებულ სამუშაო რეჟიმში ყოფნა რთული იქნებოდა, რადგან მთელი დღეები ერთად ვართ და ალბათ, გავგიჟდებოდით. პროფესიონალები არიან. ყველანი მობილიზებულები ვართ, რომ სერია კარგი გამოვიდეს. ამ სერიალის ფორმატი ჩვენთვის ცოტათი უცხოა, სიახლეა... შედეგს რომ ვუყურებთ, მერე ვამბობთ, რა როგორ ჯობს, რა უკეთესი იქნებოდა, რა არის კარგი და ა.შ. ვთანხმდებით და მუშაობას ვაგრძელებთ. მგონი, მთავარი ეს არის, რომ ყველას გვინდა, კარგი რაღაც გამოვიდეს.

GzaPress

- ალბათ, პირველი სერიის ეთერში გასვლას განსაკუთრებული მღელვარებით ელოდით... - პირველი სერია გაცნობითი ხასიათისაა და არც ველოდი, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. რეალურად, სერიალი უფრო მეტად საინტერესო ეტაპობრივად გახდება, რადგან ახლა რასაც ვიღებთ, უკვე გახურებული პროცესია, ამბები ხდება, პერსონაჟები ემატებიან...

- თქვენი აზრით, იდეალური დედა როგორია?

- იდეალური დედა? ამის თქმა ძალიან რთულია. საკუთარი თავის შესახებ ვიტყვი: ხანდახან ვამბობ, - ცუდი დედა ვარ-მეთქი. სამწუხაროდ, შვილებთან იმდენ დროს ვერ ვატარებ, რამდენიც მინდა, მაგრამ სხვა გზა არ არის. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს შვილებს ყურადღება არ მოვაკლო, ყველაფერი გავუკეთო. როგორც კი დრო მაქვს, მაშინვე მათთან გავრბივარ. ალბათ, იდეალური დედა არ ვარ, მაგრამ შვილები ძალიან მიყვარს და ამაში გასაოცარი არაფერია. ყველანაირად ვცდილობ, არაფერი შემეშალოს. თავად ბავშვებს "მივყვები", როგორც "მიდიან" - არაფერს ვაძალებ. მინდა, რომ მათთან უფრო მეტად ვიმეგობრო, ვიდრე დედა ვიყო.

- ვინ არიან თქვენი შვილები?

- უფროს ვაჟს ანდრო ჰქვია. 6 წლის არის. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი გახლავთ. ჩემს სპექტაკლებს ესწრება და დიდი ინტერესით უყურებს (როგორც საბავშვოს, ასევე უფროსებისთვის განკუთვნილს). ყველაფერი ზეპირად იცის, რა საქმეშიც ჩართული ვარ. უმცროსი - თომა ჯერ 6 თვისაა...

- ბავშვებზე ზრუნვაში ძიძაც გეხმარებათ?

- კი. დედამთილი და ძიძა რომ არ მეხმარებოდნენ, მართლა არ ვიცი, რა მეშველებოდა - საერთოდ ვერაფერს გავაკეთებდი. სერიალისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში გადასარევი დედამთილი მყავს.

- თავად თუ ხართ სერიალების მაყურებელი?

- კი, როგორ არა! დიდი სიამოვნებით ვუყურებ. ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო უცხოური სერიალები გამოვიდა. თითქოს სერიალების ბუმია.

- სერიალები სამუშაოდაც საინტერესოა?

- კი, რადგან მსახიობი სულ ფორმაში ხარ: მოდუნების საშუალება არ გაქვს, არასოდეს იცი, რა მოხდება, შენი პერსონაჟი რას მოიმოქმედებს... საინტერესო გამოწვევაა.

ეთო ყორღანაშვილი