რატომ გაუნაწყენდნენ კოლეგები ედმონდ მინაშვილს - გზაპრესი

რატომ გაუნაწყენდნენ კოლეგები ედმონდ მინაშვილს

8 მარტს ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე "შინდისი" სიუჟეტი გაავრცელა, რომელსაც დღემდე რეკორდული რაოდენობით ნახვა აქვს. ფილმად ქცეულ რეალურ ამბავზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებზე შეიქმნა, ინტერესი დიდია. სწორედ ამიტომ, პროექტის ავტორსა და "შინდისის" ერთ-ერთ პროდიუსერს ედმონდ აბაშიძე-მინაშვილს დეტალებზე სასაუბროდ რუსთაველის თეატრში შევხვდი. უკვე 12 წელია, ის ამ თეატრის მსახიობია, თუმცა, პარალელურად ისტორიული მნიშვნელობის თემაზე მუშაობდა.

- ჩემი ბავშვობის მეგობრის მიხეილ დვალიშვილის საფლავზე დავიფიცე, რომ მისი და მისი თანამებრძოლების სახელს სრულიად საქართველოს გავაგებინებდი. მაშინ 20 წლის ბიჭი ვიყავი, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ მქონდა და არც ფინანსური შესაძლებლობა. რობერტ სტურუას, რეზო ჩხეიძესა და გიგა ლორთქიფანიძეს შინდისში დაღუპულ მებრძოლებზე რომ მოვუყევი, მირჩიეს, რომ წერილებს დაწერდნენ, მათი რეკომენდაციით დამეწყო სპონსორების მოძიება და საქმეს ბოლომდე მივყოლოდი. არ არსებობს ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, ვინც იმ პერიოდში ამინდს ქმნიდა ქვეყანაში და ვის კაბინეტთანაც საათობით არ ვიდექი. ველოდებოდი მათთან შეხვედრას, რომ თითოეულისთვის ჩემი ჩანაფიქრი გამეცნო.

- ალბათ უამრავი ადამიანი სხვადასხვა იდეით მიდის მათთან, ვისგანაც ფინანსური მხარდაჭერის იმედი აქვს. გვარ-სახელებს არ გთხოვთ, თუმცა, გაიხსენეთ, ზოგადად როგორი იყო დამოკიდებულება მათი მხრიდან?

- პოლიტიკოსებს ჰქონდათ ძალიან ცუდი დამოკიდებულება, რადგან ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ქვეყნისთვის მიევიწყებინათ ეს ტრაგედია. ეგ კი არა, 11 აგვისტოს კონცერტი გამართეს, ომი მოვიგეთო და ამ დროს ვიღაც 20 წლის ბიჭი რომ დარბის და უნდა, რაღაც სხვა ამბის აფიშირება მოახდინოს, ცხადია, არ მოსწონდათ. ჩემზე და ჩემს ოჯახზე იყო დიდი ზეწოლა. მაშინ რობერტ სტურუამ კარგი რჩევა მომცა, რაც შეიძლება ბევრი ისაუბრე ამ თემაზე პრესაში, თორემ რაც უფრო წყნარად იქნები, მარტივად მოგგუდავენო. ავიღე ბანკში სესხი, უახლოესი მეგობრების დახმარებით რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა, ვინც ფინანსურად დაგვიდგა გვერდში. მართალია, ეს იყო მიზერული თანხები, მაგრამ შევკარით გარკვეული ბიუჯეტი და დავიწყეთ მუშაობა. ომში 170 დაღუპული ადამიანის ოჯახებში დავდიოდი მთელი საქართველოს მასშტაბით და თითოეული გარდაცვლილის ოჯახში 5-6 დღით ვცხოვრობდი. ემოციურად ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იყო, დათრგუნვილები ვიყავით, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტები გვეჭირა ხელში და დღის ბოლოს რომ დავსხდებოდით, ვიმეორებდით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ბოლომდე უნდა მიგვეყვანა. მთავარი აქცენტი გავაკეთეთ შინდისის გმირებზე. მოგეხსენებათ, სწორედ სოფელ შინდისში მოხდა ხელჩართული ბრძოლა რუსებსა და ქართველებს შორის, რომელიც 15-20 წუთი გაგრძელდა. ჩვენი მებრძოლები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ, სანამ ტყვია-წამალი ეყოთ. რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გადაარჩინა და 20-ზე მეტი ქართველი მებრძოლიდან, 17 გმირი ბრძოლის ველზე დაეცა. ამის შემდეგ გამოვუშვი ორი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რისი მეშვეობითაც სრულიად საქართველომ შეიტყო შინდისელი გმირების შესახებ. თამამად შემიძლია თქმა, - რომ არა ეს პროექტი, შინსის გმირები დღეს საქართველოში არავის ეცოდინებოდა. შეიძლება რომ არა მიშიკო, რომელიც იქ დაიღუპა, მეც ვერაფერი გამეგო ამის შესახებ. მოხდა ისე, რომ დღეს შინდისში არსებობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ჩვენი პროექტის მეშვეობით ბატონმა კახა კალაძემ საკუთარი თანხით ააგო და ეს დღემდე არსად უხსენებია. სხვა პოლიტიკური პარტიები ჩადიან და იქიდან ბრიფინგებს მართავენ, თუმცა, კახას ერთხელაც არ უკადრებია იქ ჩასულიყო და ეთქვა, ეს ტაძარი მე ავაშენეო. ტაძარი ისე გაიხსნა, რომ საქართველოში არავინ იცის, ის ვინ ააგებინა. ჩემთვის ქველმოქმედება ეს არის. მეტსაც გეტყვით, ყოველი წლის 11 აგვისტოს შინდისში დიდ ღონისძიებას ვმართავ. როცა კახა კალაძე თბილისს მერობაზე იყრიდა კენჭს, მიპატიჟებული მყავდა. მისგან პასუხად მივიღე, რომ შინდისში ვერ ჩამოვიდოდა, რადგან არ უნდოდა ჟურნალისტებისა და ტელევიზიების თვალწინ ისე გამოჩნილიყო, თითქოს თავის აგებულ ტაძარს პიარისთვის იყენებდა. არადა, იმ დილით უკვე ბევრ პოლიტიკური პარტიის ლიდერს ჰქონდა იმ ადგილიდან განცხადებები გაკეთებული.

GzaPress- გეთანხმებით, რომ კალაძე კარგად მოიქცა, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ფენისთვის მაინც საჭიროა იმის შეხსენება, თუ რა კეთდება.

- პიარის ნაკლებობა ნამდვილად არის ამ მთავრობის პრობლემა, თურმე ესეც საჭიროა... ასევე, შინდისში გაკეთდა გმირების მემორიალი, ჩვიდმეტივე გმირის პორტრეტული გამოსახულება ბრინჯაოში და მონუმენტს მალე გავხსნით. მაკეტი მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძემ შეასრულა. ნამუშევარი უწმინდესს წარვუდგინე და ძალიან მოეწონა. 11 წლის შემდეგ, წელს, 11 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნება 17-მეტრიანი მონუმენტი. ასევე გეგმაში მაქვს შინდისში გავაკეთო აგვისტოს მუზეუმიც. ამ ადგილიდან კილომეტრ-ნახევარში ჩვენი მტრები დგანან და კარგად ხედავენ, რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიდის შინდისში. ეს არის ძალიან კარგი ჟესტი, რომ ჩვენ გმირებს ვუშენებთ ტაძარს, მათ სახელზე ვაგებთ მონუმენტს და სახელმწიფო თავის გმირებს არ ივიწყებს. იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც იქ მშივრები დგანან და დიქტატორის ბრძანებას ასრულებენ, ეს ყველაფერი დააფიქრებს მომხდარსა და დღევანდელობაზეც. ბოლოს გაიაზრებენ, რომ ისინი იქ არ უნდა იყვნენ. ვფიქრობ, დრო გავა და ჩვენ ცხინვალსაც დავიბრუნებთ და აფხაზეთსაც, ამის იმედს წუთით არ ვკარგავ. ჩვენი შვილები და შვილთაშვილები აუცილებლად იცხოვრებენ გამთლიანებულ საქართველოში. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ამ პროექტების გარდა, ძალიან მალე, მაქსიმუმ 2023 წლამდე შინდისის ბრძოლას შევიტან სასკოლო სახელმძღვანელოებშიც, რადგან იმ გმირების სახელებს, რომლებმაც ერთ დღეში დაწერეს ისტორია, ახალი თაობა აუცილებლად უნდა იცნობდეს.

"შინდისის" სცენარზე ირაკლი სოლომანაშვილმა და ედმონდ მინაშვილმა იმუშავეს, ხოლო რეჟისორი დიმიტრი ცინცაძეა. ის ბულგარეთში, სოფიას ფესტივალზე ყოფნის დროს გაიცნეს ვლადიმერ კაჭარავამ, მინდია ესაძემ, ედმონდმა ("შინდისის" პროდიუსერები) და სწორედ იქ გადაწყდა თანამშრომლობა ქართულ პროექტზე.

როგორც ედმონდი ამბობს, მისთვის აუცილებელი პირობა იყო, ჯარისკაცების როლზე ისეთი მსახიობები დაეკავებინა, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად იქნებოდა ცნობილი. კასტინგზე გამოცხადებული 4000 მსურველიდან შეირჩა 22 მსახიობი. ფილმში ასევე დაკავებულები არიან მსახიობები: გოგა პიპინაშვილი, თამარ აბშილავა და ამერიკიდან სპეციალურად მოწვეული მსახიობი დავით ბახტაძე, ხოლო მიხეილ დვალიშვილის როლს მსახიობი ქუთაისიდან, ლევან აბულაძე ასრულებს.

- ედმონდ, საინტერესოა, თავად რატომ არ ითამაშეთ ფილმში?

- გული მწყდება, თუმცა ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა. მოლაპარაკებული ვიყავი თავდაცვის სამინისტროსთან და ყველას, ვისაც ავარჩევდით, უნდა გაევლო სამხედრო სავალდებულო სამსახური რომელიმე რეგიონის ბაზაზე. თუ ვინმე ვერ გაუძლებდა, დატოვებდა ჯარსაც და პროექტსაც გამოეთიშებოდა. მოსამზადებელი სამუშაოების დროს იმდენი საქმე მქონდა, ვერ შევძლებდი 2 კვირით წავსულიყავი ჯარში. რა უნდა მეთქვა იმ ბიჭებისთვის, თქვენ წადით და მე მერე შემოგიერთდებით-მეთქი? ეს უხერხული იქნებოდა ჩემი მხრიდან. ბევრი ჩემი მეგობარი ვერ მოხვდა ფილმში, რადგან ვერ გაიარეს კასტინგი და ნორმატივები ვერ ჩააბარეს. იფიქრებდნენ, ჩვენ უარი გვითხრა და თავად ითამაშაო, არც მათ წინაშე ვიქნებოდი მართალი.

- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი განაწყენებული კოლეგა გეყოლებათ...

- დიახ, ბევრი. მათ შორისაა ია სუხიტაშვილიც, რომელსაც ამ ფილმში გოგა პიპინაშვილის პერსონაჟის (ბადრი ხუციშვილი) მეუღლის (ხატია) როლი უნდა შეესრულებინა (ხატია რომ გარდაიცვალა, 46 წლის იყო). ია დამტკიცებული გახლდათ როლზე, მაგრამ გადაღებებზე შევიტყვეთ, რომ ორსულად იყო და ვერ გავრისკე. რთულ პირობებში გვიხდებოდა მუშაობა, 7 თვის ორსულს ჩემ გამო რამე რომ დამართოდა, მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებდი თავს. ია პროფესიონალია, არტისტი, დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა საქმეს და უარი ვუთხარით იმ პირობით, რომ შემდეგ პროექტში აუცილებლად ჩვენთან იქნებოდა. ია ჩემი მეგობარია, თეატრში სცენაზე ერთად ვართ, მაგრამ დღემდე ნაწყენია ჩემზე. მართალია არ იმჩნევს, მაგრამ ამას ვგრძნობ.

- ახლა თარიღებიც ვთქვათ, როდის იგეგმება "შინდისის" პრემიერა?

- 26 მაისს საქართველოში, კერძოდ "ამირანში" გაიმართება დახურული ჩვენება მოწვეული სტუმრებისთვის, რომელსაც ამავდროულად დაესწრება ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრი. მოვიწვევ უწმინდესს და წმინდა სინოდის წევრებს - რომ არა მათი ძალისხმევა, შეიძლება ოჯახებს ბრძოლაში დაკარგული შვილების საფლავებიც კი არ ჰქონოდათ. პატრიარქს ნანახი აქვს ის ორი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ თემაზე მოვამზადე, ისინი მისი კურთხევით გაკეთდა და დაგვლოცა. ახლა ძალიან მაინტერესებს მისი აზრი მხატვრულ ფილმზეც. მოლაპარაკებები მქონდა პრემიერ მამუკა ბახტაძესთან და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ბიჭებს ოფიციალურად მიანიჭებენ ეროვნული გმირების წოდებას.

რაც შეეხება ფილმის საზღვარგარეთ გასვლას, მალე დავიწყებთ საფესტივალო ცხოვრებას, ხოლო საქართველოს კინოთეატრებში "შინდისი" სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბრიდან გამოჩნდება ეკრანებზე. ფილმი აბსოლუტურად აპოლიტიკურია, უყურებს როგორც "ნაციონალების" წარმომადგენელი, ისე "ოცნების" და ორივე ერთნაირად იამაყებს, თუმცა, იმედია, "ნაციონალებს" ცოტა "ეტკინებათ" და შეურაცხყოფილად იგრძნობენ თავს, რომ ეს ყველაფერი მათი მმართველობის პერიოდში მოხდა. ალბათ მათთვის ეს ერთგვარი გაკვეთილი იქნება და მიხვდებიან, რომ შინდისში მომხდარი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობის შედეგი იყო.

- იმდენად ბევრი ეტაპია წინ, ჯერ არც მინდა შემდეგ პროექტზე გკითხოთ რამე...

- ორიოდე სიტყვით გეტყვით, გადავწყვიტე, მთელი ცხოვრება ვაკეთო რეალურ ფაქტებზე აგებული ისტორიული ფილმები და ისეთი, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო და მომავალ თაობას გარკვეულ ფაქტებს შემოუნახავს. ამიტომ შემდეგი პროექტი საერთაშორისო მისიებში ჩართულ ქართველებზე იქნება. დღემდე ჩვენ უკვე დავკარგეთ 33 გმირი. ეს იქნება მასშტაბური საერთაშორისო პროექტი... მანამდე კი გეტყვით, რომ წელს აგვისტოში, როცა საქართველოს კინოცენტრი "ოსკარზე" წარსადგენი ქართული ფილმების შიდაკონკურსს გამოაცხადებს, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას "შინდისით" და იმედი მაქვს, ის კომისია, ვინც გადაწყვეტს ამა თუ იმ ფილმის ბედს, ობიექტური იქნება და არჩევანს "შინდისზე" შეაჩერებს. ევროპაზე მეტად, ვფიქრობ, "შინდისს" ამერიკაში უფრო აქვს მომავალი. ეს იმდენად მასშტაბური და სტილისტურად ამერიკული პროექტია (თან, ერთი მსახიობი ამერიკის მოქალაქეა, დათო ბახტაძის სახელიც ძალიან დაგვეხმარება), რომ ვფიქრობ, ჩვენს ფილმს კონკურენციას სხვა ნამუშევარი ვერ გაუწევს.

ანა კალანდაძე