"დედაჩემსაც სულ ეჩქარება, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იცლის" - გზაპრესი

"დედაჩემსაც სულ ეჩქარება, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იცლის"

8 წლის ელენე მახარაძე ცნობილი მშობლების - მომღერალ მარიამ როინიშვილისა და მსახიობ გიორგი მახარაძის შვილი გახლავთ. ელენე რომ მღერის, საზოგადოებისთვის ცნობილია, ახლახან კი მესამეკლასელი გოგონა სერიალ "იდეალურ დედაში" მსახიობის ამპლუაშიც გამოჩნდა - მთავარი გმირის ერთ-ერთი შვილის როლს ასრულებს. ახალბედა მსახიობს ბებიის, ცნობილი მომღერლის - ქალბატონი თამრიკო ჭოხონელიძის მეშვეობით დავუკავშირდით და ვესაუბრეთ...

- თავდაპირველად, სერიალის შესახებ არაფერი ვიცოდი. მამიკომ მითხრა, - რაღაც კასტინგზე უნდა წაგიყვანოო. - კი ბატონო, ძალიან მინდა, რომ სერიალში გადამიღონ-მეთქი, - ვუთხარი და დავპირდი, რომ წავყვებოდი. როცა მივედით, რაღაცები მკითხეს. შემდეგ, მეორე თუ მესამე დღეს დამირეკეს - როლზე დაგამტკიცესო. ვაიმე, ძალიან გამიხარდა! სერიალი ტელევიზორში რომ გავიდა, საერთოდ გავგიჟდი, ისე გამიხარდა, რადგან არ ველოდი, თუ ასეთი მაგარი იქნებოდა. ძალიან მომწონს.

GzaPress

- გადაღების პირველ დღეს ნერვიულობდი? - კი, რადგან სერიალში პირველად ვმონაწილეობდი. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ძალიან ვრცელი ტექსტი მქონდა. ვნერვიულობდი, მაგრამ მგონი, ცოტათი გამომივიდა (იღიმის).

- შენი პერსონაჟის შესახებ მოგვიყევი - როგორი გოგოა?

- ხან როგორია, ხან - როგორი, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან ცელქია.

- გგავს?

- სიცელქეში - კი (იცინის).

- შენი პერსონაჟის ოჯახი ასეთია: დედას სულ ეჩქარება, ბავშვები სკოლაში ყოველთვის აგვიანებენ... რეალურად, ამ მხრივ, შენ როგორ სიტუაციაში ხარ ხოლმე?

- ამ მხრივ, ჩემი პერსონაჟი ცოტათი მგავს: დედაჩემსაც სულ ეჩქარება, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იცლის.

- შენი ერთი დღე როგორია, მოგვიყევი...

- დილით სკოლაში მივდივარ, მერე გადაღება მაქვს და მთელ დღეს გადასღებ მოედანზე ვატარებ. გაკვეთილებს გვიან ვამზადებ, მაგრამ მაინც ვასწრებ.

- სერიალის სხვა მსახიობებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მათი ძალიან მადლობელი ვარ - ყველაფერში მეხმარებიან. იაკოც (ვინც დედაჩემის როლს თამაშობს) მეხმარება, "მამიკოც", "ძმაც", "ბებიაც"... თითოეული მათგანი მიყვარს.

- ოჯახის წევრები შენს როლს როგორ აფასებენ? რას გეუბნებიან, როცა ეკრანზე გხედავენ?

- ეცინებათ, ძალიან მოსწონთ. ყველას მოგვწონს და სერიალს ვუყურებთ ხოლმე.

GzaPress

- პოპულარობა მოგწონს? - ძალიან მომწონს. თავიდან პოპულარობას არ ველოდი. ადრე ეკლესიაში ვმღეროდი. მიკვირდა, როცა ხალხი მცნობდა. ვფიქრობდი, - ჩემ შესახებ საიდან იციან-მეთქი? ძალიან მიხარია, რომ მიცნობენ. თან, ცოტათი მრცხვენია ხოლმე. არ ვიცი, მათ რა ვუთხრა და, - მადლობა, კარგი, კარგი-მეთქი, - ასეთ რაღაცებს ვეუბნები (იცინის).

- თავისუფალ დროს რას აკეთებ?

- ბევრ რამეს: ვთამაშობ, ეზოშიც ჩავდივარ, წიგნებს ვკითხულობ...

- პროფესია არჩეული გაქვს?

- სიმღერაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს - სულ ვმღერი... კიდევ, ცეკვაც მიყვარს, მსახიობობაც, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, რომელ პროფესიას ავირჩევ...

ეთო ყორღანაშვილი