ქოთქოთა მსახიობის რეალური ცხოვრება - გზაპრესი

ქოთქოთა მსახიობის რეალური ცხოვრება

ბედნიერი, ცხოვრებით კმაყოფილი 4 შვილის დედა, რომელიც ყველაფერს უპრობლემოდ ასწრებს - ეს მსახიობ მარი არღუთაშვილის პერსონაჟი გახლავთ სერიალში "იდეალური დედა". რა საერთო აქვს მშვიდ და ბედნიერ დიასახლისს მსახიობთან და საერთოდ, რეალობასთან, ამის შესახებ მარი თავად გვესაუბრება...

- დამირეკეს და კასტინგზე დამიბარეს. თავდაპირველად ზუსტად არ ვიცოდი, რა პროექტზე მუშაობდნენ, რა უნდა გვეთამაშა. სხვადასხვა პერსონაჟის როლზე რამდენიმე მსახიობი გოგო მოგვსინჯეს. მახსოვს, ბევრნი ვიყავით. მეორე გასაუბრებაზე სხვა სცენა წამაკითხეს. შემდეგ გავიგე, რომ როლზე დამამტკიცეს.

- როგორ ფიქრობთ, ნათიას როლისთვის თქვენ რატომ შეგარჩიეს?

- არ ვიცი. ალბათ, გარეგნობის გამო - 4 შვილის დედად წარმომიდგინეს, მაგრამ შემდეგ სცენარისტებისგან ასეთი ფრაზა გავიგონე: ნათიას პერსონაჟისთვის მთავარი ანთებული თვალები იყო, რომ ყველაფრით ბედნიერიაო. ალბათ, ამანაც იმოქმედა, ზუსტად არ ვიცი (იღიმის).

- თქვენთვის საინტერესო როლია?

- ძალიან საინტერესოა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია, თუნდაც იმით, რომ 4 შვილი ჰყავს. მე არც შვილები მყავს და არც - მეუღლე; კიდევ იმიტომ არის საინტერესო, რომ რაღაცნაირად, მშვიდი, ყველაფრით ბედნიერი პერსონაჟია, მე კი უფრო ქოთქოთა ვარ. მიხარია, რომ როლისთვის გარდასახვა მიწევს. ასეთ დროს მსახიობისთვის მთავარია რაღაც განსხვავებული იპოვოს პერსონაჟში და გაითავისოს - ეს როლი ამ მხრივაც მომეწონა.

GzaPress- ნათიასთან რა საერთო გაქვთ?

- ალბათ ის, რომ ნათიაც რაღაცნაირად კეთილი, ალალია, თავისი მეგობრები და ოჯახი ძალიან უყვარს. მეგობრებთან და საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობაში მეც ასეთი ვარ.

- თქვენ თუ გაქვთ ტრადიცია, რომ სამეგობრო ყოველდღიურად ან კვირაში ერთხელ მაინც შეიკრიბოთ?

- სამწუხაროდ, ასეთი ტრადიცია ვერ მაქვს. ჩემი რეჟიმის გამო, ხშირად კვირაში ერთხელ კი არა, შეიძლება თვეში ერთხელაც ვერ ვნახო მეგობრები. ორ თეატრში ვმუშაობ. სპექტაკლების გამო, თითქმის ყოველდღე აქეთ-იქით, ორ ქალაქს - თბილისსა და გორს შორის სიარული მიწევს. ახლა გადაღებები დამემატა. თავისუფალი დროის დეფიციტი მაქვს.

- როცა უცნობი ადამიანები გხედავენ, რას გეუბნებიან?

- ჯერ სერიალიდან არა, მაგრამ სოციალური ქსელიდან, სპექტაკლებიდან მცნობენ. ღიმილით მხვდებიან, ფოტოს გადაღებას მთხოვენ...

- ტელესერიალში პირველად თამაშობთ?

- ასეთი "მსუყე" ეკრანული როლი ჩემთვის პირველია. მანამდე არცთუ ისე "დიდტანიანი" როლები მქონდა. თეატრში მუშაობით უფრო მეტად ვიყავი დაკავებული. "იდეალური დედა" ჩემთვის პირველი ხანგრძლივი პროექტია.

- თქვენი აზრით, ნათიას სიტუაცია რამდენად რეალურია?

- ისეთი რეალურია, რომ ჩემ გარშემო ნათიას პროტოტიპიც ბევრია. უთქვამთ, - ვაიმე, ჩემი მეგობარი ზუსტად ასეთია, 4 შვილი ჰყავს, ბედნიერია და ყველაფერს ასწრებს - მეგობრებთან ყოფნასაც და საოჯახო საქმეებსაცო. ერთი ეგ არის, რომ ნათია დასაქმებული არაა, მაგრამ რაც მთავარია, თავად კომფორტულად გრძნობს თავს. მგონი, სამსახურის დაწყების მოთხოვნილება არ აქვს.

- თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ იდეალური ოჯახი?

- არ ვიცი, კლიშეები და შაბლონები არ მაქვს, თუ რა არის იდეალური, ჰარმონიული...

- ამ ეტაპზე რა გაბედნიერებთ, კომფორტს რა გიქმნით?

- ამჟამად, ჩემი საქმის კეთება მართლა ძალიან დიდ კომფორტს მიქმნის. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ სერიალზე საოცრად კარგი გუნდი მუშაობს და მათთან ურთიერთობა მაბედნიერებს. გუნდის თითოეული წევრი ყველაფერს აკეთებს, რომ მაგარი პროდუქტი გამოვიდეს.

- საკუთარი თავი სამსახურის გარეშე, მეუღლის შემოსავალზე დამოკიდებულად წარმოგიდგენიათ? შეძლებდით ოჯახის გამო თქვენს პროფესიულ საქმეზე უარის თქმას?

- საკმაოდ პატარა ასაკიდან მაქვს სამსახური. სულ ვფიქრობდი და ხისტადაც ვამტკიცებდი, რომ წარმოუდგენელი იყო, საქმეზე, კარიერაზე უარი მეთქვა, თუმცა წლების მატებასთან ერთად, უკვე ვხვდები, რომ არასდროს არაფერია გამორიცხული - არავინ ვიცით, ჩვენს ცხოვრებაში როდის რა ეტაპი დადგება. შეიძლება, ნათიას მსგავსად, არ მქონდეს სამსახური და ოჯახში ყოფნა იყოს კომფორტული. ადამიანები ასე ცხოვრობენ - მათთვის ეს დისკომფორტი არ არის, პირიქით - ბედნიერებაა.

- გქონიათ შემთხვევა, როცა უსამსახუროდ დარჩენილხართ?

- კი, მქონია. სტუდენტობამდე სამსახური მქონდა, სტუდენტობისას კი მატერიალურად ოჯახზე ვიყავი დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეს კარგი პერიოდი არ იყო: როცა გაცნობიერებული გაქვს, რომ სხვაზე ხარ დამოკიდებული, ეს ნებისმიერ ასაკში ძალიან რთულია.

- მცირე ასაკში თქვენი მუშაობა რამ განაპირობა - ამის საჭიროება იყო თუ უბრალოდ, ასე გსურდათ?

- 14 წლიდან თეატრში ვიყავი. ისე მოხდა, რომ იქ ხელფასი მალევე დამენიშნა, როგორც მსახიობს - შტატში "ჩავჯექი". დაახლოებით 18 წლიდან უკვე ხელფასი მქონდა. რა თქმა უნდა, მცირე თანხა (ახლაც მეცინება, თანხის რაოდენობას რომ ვიხსენებ) იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ ასაკში კარგი შემოსავალი მქონდა და თან საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. როცა საყვარელი საქმის კეთებაში ფულს გიხდიან, ეს მართლა დიდი ბედნიერებაა.

- სხვა საქმეზე გიფიქრიათ? თქვენს პროფესიულ არჩევანზე რამ მოახდინა გავლენა?

- გადაჭარბებულ ნათქვამად თუ არ მოგეჩვენებათ, საბავშვო ბაღის ასაკიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ მსახიობი ვიქნებოდი. სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია.

- როგორ მომწიფდა ეს აზრი, რა იცოდით მსახიობის პროფესიის შესახებ?

- რა თქმა უნდა, ბავშვობიდან მსახიობებს ტელევიზორში, თეატრში ვხედავდი და ვამბობდი, - მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი. რეალურად, ამისთვის საჭირო რა იყო და რა უნდა მეკეთებინა, ეს ყველაფერი მერე უფრო გავაცნობიერე.

- თქვენი ოჯახის წევრებს სამსახიობო სფეროსთან რაიმე კავშირი აქვთ?

- უი, არა... მყავს დედა, მამა და და. ბევრისგან გამიგონია, რომ მშობლები ყოველთვის ცდილობენ, შვილებს მსახიობის პროფესიის დაუფლება არ ურჩიონ - ამ საქმეს ჰობის დონეზე უყურებენ. ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერას, გულშემატკივრობას ყოველთვის ვგრძნობდი. მათი მხრიდან აკრძალვის მსგავსიც კი არაფერი ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიციების გამო, საკმაოდ მცირე ასაკიდან, შინ გვიან მისვლა მიწევდა.

- თქვენთვის კამერასთან მუშაობა უფრო საინტერესოა თუ თეატრში, სცენაზე?

- ეს კითხვა 2 თვის წინ რომ დაგესვათ, უპირობოდ ვიტყოდი, - თეატრში-მეთქი, რადგან იქ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება და მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი მქონდა, მაგრამ ახლა, როცა უკვე კამერასთან აქტიურად ვმუშაობ, ჩემთვის ესეც ძალიან კომფორტულია. ვერ ვიტყვი, თეატრს აჯობა-მეთქი, მაგრამ გაუთანაბრდა, ანუ ახლა კამერასთან და სცენაზე მუშაობაც ჩემთვის ერთნაირად საინტერესოა.

ეთო ყორღანაშვილი