რა ეშმაკურ ხერხს მიმართეს გვანცა დარასელიამ და მისმა სამეგობრომ?
ქალურ ამბებზე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ვესაუბრეთ, რომელიც მოგეხსენებათ, საცხოვრებლად მცხეთაში გადავიდა. გავარკვიეთ, რის გამო კამათობს მეუღლესთან, ჰქონია თუ არა კრიზისული პერიოდი ცოლქმრულ ურთიერთობაში, რა ეშმაკური ხერხი მოიფიქრეს მან და მისმა მეგობრებმა, რომ ოჯახურ ცხოვრებასთან ერთად, არც მეგობრებთან ურთიერთობის დანაკლისი ჰქონოდათ... საუბარი იმით დავიწყეთ, თუ როდის გააცნობიერა გვანცამ საკუთარი მომხიბვლელობა.
- სხვათა შორის, ეგ დრო მახსოვს: "გუშინ უშნო ვიყავი, დღეს არა მიშავს" - დაახლოებით ასეთი დღე მქონდა. თან, იმ დღეს ბევრი კომპლიმენტი მივიღე. მიზეზი არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს - ერთი ჩვეულებრივი დღე იყო (მოზარდი გახლდით). უბრალოდ, მაშინ პირველად ვიგრძენი თავდაჯერებულობა, თორემ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მეუბნებოდნენ, - რა ლამაზი ხარო, თავს ლამაზად საერთოდ არ მივიჩნევდი. როცა ადამიანი საკუთარ გარეგნობას შეჩვეული ხარ, ვერ აღმოგხდება - ვაიმე, რა ლამაზი ვარო. ამბობენ, კარგია, რომ შენს თავს კომპლიმენტი უთხრაო, მაგრამ ჩემს გარეგნობაზე ასე "ჩაციკლული" არ ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ქათინაურს გეუბნებიან.
- ზრდასრულობისას გქონია პერიოდი, როცა გიფიქრია, უშნო ვარო?
- კი, როგორ არა! უიღბლო დღე ყველას აქვს, როცა ადამიანს თმა საშინლად გაქვს, მაკიაჟი არ მოგწონს, თავს ცუდად გრძნობ, არც შენი სხეულის ფორმები მოგწონს... როგორც ყველა ქალს, ასეთი შემთხვევები მეც მქონია, მაგრამ პირიქითაც ყოფილა და მერე ერთი მეორეს აბალანსებს.
- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევ?
- თავს ყოჩაღ ქალად უფრო მივიჩნევ, ვიდრე ძლიერად. იცი, რატომ? ჩემი ძლიერების გადამწყვეტი გამოცდა ჯერ არ ყოფილა, რადგან ოჯახშიც გამიმართლა ("ზურგი" ყოველთვის მყავდა) და მეუღლეშიც (და "ზურგი" ახლაც მყავს). საკუთარ თავზე დიდი ტვირთის აღების გამოცდილება არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ რამეს ვაგვარებ: ოჯახურ საქმეებს, ბავშვების აღზრდას, მაგრამ მაინც მგონია, რომ სიტყვა "სიყოჩაღე" უფრო შემეფერება, ვიდრე "ძლიერება". ძლიერი აბსოლუტურად ყველა შეიძლება იყოს: ბავშვიც, ქალიც, კაციც...
- მტკიცე ხასიათი გაქვს?
- ამაზეც ვერ ვიტყვი, რომ კი. მაინც მგონია, რომ "რბილი" ხასიათი მაქვს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ხასიათის სიმტკიცეს ვავლენ, ოღონდ - ძალიან იშვიათად.
- ყველაზე მეტად, რა საკითხზე ფიქრი გასევდიანებს?
- იმდენ რამეზე, რომ ხანდახან ფიქრებს რომ ავყვები, ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები. გარშემო ბევრი ნეგატივია. ხანდახან ისეთი ნეგატიური ამბები გესმის ადამიანს, შენ კარგად რომ ხარ, გრცხვენია. ეს ყველაზე მეტად მანგრევს. ხომ არსებობენ ძალიან გულგრილი, "ფეხებზე მკიდია" ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ, არაფერზე იდარდონ? ხანდახან ვფიქრობ, - ნეტავ, ასეთი ვიყო, რომ მშვიდი ფსიქიკით დავბერდე, გულთან ახლოს არაფერი მივიტანო-მეთქი. თან, ასეთი თვისება მაქვს: როცა რაღაცაზე ვდარდობ, ვცდილობ, სხვას არ გავაგებინო, ანუ არ მიყვარს, როცა სხვასაც "ვგრუზავ". ჰოდა, მერე ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მოქმედებს - ყურადღების გადასატანად მეც რამე უნდა მოვიფიქრო ხოლმე... პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სულელური ფიქრები ძალიან მასევდიანებს.
- ასეთ ფიქრებს როგორ უმკლავდები?
- ამ დროს უნდა წახვიდე და დაიძინო, რომ გონება გათიშო, მეტი არაფერი. რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს.
- ოჯახის შექმნის მერე, შენს სამეგობროს ხშირად ხვდები?
- კი, ასეთი სამეგობრო მყავს. თან, ეშმაკური რაღაც მოვიფიქრეთ: იმ დასახლებაში, სადაც საცხოვრებლად გადავედით, ჩვენმა ბევრმა მეგობარმა იყიდა სახლი. ასე რომ, მეგობრები მეზობლებიც გავხდით. ამიტომ მათთან ურთიერთობის დანაკლისი აბსოლუტურად არ მაქვს, რადგან ხან ერთთან ვიკრიბებით, ხან - მეორესთან, ამ მხრივ გაგვიმართლა. პრიორიტეტები ისე ლაგდება, რომ ადამიანს მაინც სახლში მიგეჩქარება - მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა ხომ არაა საჭირო? მეუღლესაც მეუღლისგან არანაკლები ყურადღება სჭირდება, როგორც მაგალითად - ბავშვებს, სამსახურს... დღის განმავლობაში ხანდახან ოთხად ვერ გაიჭრები, რომ მეგობრებიც ნახო, იმუშაო კიდეც, ბავშვებზეც იზრუნო და ყურადღება არც მეუღლეს მოაკლო. ამიტომ სამეგობროს შეკრება კვირაში ერთხელ თუ გამოგვივიდა, კარგია.
- ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი გქონია?
- კი, კრიზისული სიტუაცია ყველა ურთიერთობაშია. ეს განსაკუთრებით მაშინ დგება, როცა წყვილი რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვერ თანხმდება. ასეთი სიტუაცია ჩვენც გვქონია, თუმცა გადაგვილახავს - სხვა რაღაცები გადაწონის ხოლმე: 1-2 დღე გავიბუტებით და მერე ვრიგდებით, როგორც ყველა.
- კამათისას ძირითადად, ვინ თმობს?
- "დათმობა" რას ნიშნავს? თუ ამბობ, ვუთმობო, მაშინ აღარც უნდა ეკამათო ადამიანს. როცა ეკამათები, გინდა თუ არა, უკვე კონფლიქტია - დათმობაც აღარ გამოდის. ბოლოს, უკვე ძალიან მაგრად რომ იჩხუბებ, დათმობას აზრი აღარ აქვს (იღიმის). ამიტომ ან საერთოდ უნდა დაუთმო და "გაატარო", რაც შენთვის მიუღებელია, ან - ბოლომდე უნდა შეუტიო. სიტუაციას გააჩნია, მაგრამ ბევრჯერ დამითმია.
- ძირითადად, თქვენი კამათის საგანი რა არის?
- მაგალითად, გენდერული საკითხები.
- ანუ?
- ანუ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ მის რამე სტერეოტიპულ ხედვას არ ვეთანხმები, მაგალითად - ქალი ამას უნდა აკეთებდეს თუ არა... შეიძლება, ასეთი ტიპის კამათი მოგვსვლია.
- რას არ უნდა აკეთებდეს ქალი?
- მაგალითად, იმ საკითხზე, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს, გვიკამათია. ვიღაცის ოჯახის მაგალითს აყოლილები განვიხლავდით, უნდა დაენგრია თუ არა იმ ვიღაცას ოჯახი. ვამბობდი, - თუ არ უნდოდა, უნდა წასულიყო-მეთქი; ის ამბობდა, - ამის გამო არ უნდა წასულიყოო. მოკლედ, დაახლოებით ამ სახის კამათი გვქონდა.
- ღალატის პატიება შეგიძლია?
- ვამბობ, რომ არა-მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ, ამის გამოცდილება არ მქონია. თან, ეჭვიანი საერთოდ არ ვარ - მეუღლეს ისე ვენდობი, არც მიფიქრია, რას ვიზამდი, ასეთი რამ რომ მომხდარიყო. თუმცა, ღალატი ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია (ვისთვის არ არის?!). თან, იმ სტერეოტიპების გამო ნერვები ძალიან მეშლება, რომ რაღაცები კაცს უფრო ეპატიება, ვიდრე ქალს. ალბათ, ღალატი ადამიანურად ძალიან მეწყინებოდა, თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი და როგორც ქალი, პრინციპულად არ ვაპატიებდი...
- მეუღლისგან ყველაზე უხეში მომართვა რა გახსოვს?
- არ მახსენდება. საერთოდ, ჩემი მეუღლე ისეთი ტიპის ადამიანი არ არის, ვისაც ბილწსიტყვაობა უყვარს. ვიღაცამ წონასწორობა ძალიან უნდა დააკარგვინოს, რომ შეიგინოს ან რაღაც "ისეთი" თქვას (იცინის). ერთმანეთისთვის კარი გაგვიჯახუნებია, თორემ არც მე და არც მას უხეშად მიმართვა არ შეგვიძლია. შემიძლია ადამიანს მკვახედ ვუთხრა რაღაც, მაგრამ ვერ გავლანძღავ, ვერ გავარტყამ და ვერ შევაფურთხებ (იცინის)... კამათი შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ ის კამათი არ დაგავიწყდება, როცა შეურაცხყოფას გაყენებს ადამიანი. ასე რომ, არ გვქონია შემთხვევა, ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა მიგვეყენებინოს.
- როგორ ახერხებ, რომ სხვა ცნობილი ადამიანებისგან განსხვავებით, შენ შესახებ ჭორები არ ვრცელდება?
- ჭორები საიდან მოდის? ლაპარაკობენ მასზე, ვისაც ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა აქვს ან თვითონ არის ცოტათი პროვოკაციული, გამორჩეულად "ხმამაღალი" იმიჯი აქვს. საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანები როგორ აღმიქვამენ. მსიამოვნებს, როცა ვიღაცას არ უნდება, ჩემს სიტყვას ან საქციელს სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს. ასეთი ვარ: მირჩევნია, მშვიდად, წყნარად ვიყო, ვიდრე პროვოკაციული კარიერა და ცხოვრება მქონდეს.
- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?
- კი (იცინის). ალბათ, ეს ყველას უგრძნია, ვისაც ოჯახი ჰყავს. როცა ისე იღლები, რომ ფეხის განძრევის თავიც არ გაქვს, მაგრამ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ამ დროს შვილიც გეძახის, - "დეე", მეუღლე გთხოვს, პერანგი გამიუთოვეო... თან, სამსახურში გაგვიანდება... ასეთ დროს სასოწარკვეთილი ხარ, აბა, რა ხარ?! არის სასოწარკვეთის ეპიზოდები, მაგრამ ეს კომიკურ ჟანრში განიხილება. ვიცი, რომ საქართველოში ბევრ ქალს ოჯახში სერიოზულად უჭირს, ძალადობის მსხვერპლია. ამ შემთხვევაში, ჩემი ხუმრობა ცოტათი უადგილოა. უბრალოდ, გააჩნია, სასოწარკვეთა ვისთვის რა არის. იმედია, ჩემს ნათქვამს ხუმრობად მიიჩნევენ, მაგრამ - თქვენს შეკითხვაზე პასუხი დადებითია: კი, სასოწარკვეთის ერთი ეპიზოდი მაინც ყველას აქვს ცხოვრებაში...
ეთო ყორღანაშვილი